"არ მომწონს, ნაკრების მწვრთნელს ტურებივით რომ ესევიან"
25-11-2013
"არ მომწონს, ნაკრების მწვრთნელს ტურებივით რომ ესევიან"
"ამ ფეხბურთელებისგან უკეთეს გუნდს ლუის მენოტიც ვერ ააწყობდა"

"ქეცბაიასთან კონტრაქტი 2015 წლის ოქტომბრამდეა გაფორმებული"


ესპანეთთან მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაია ქართველ ჟურნალისტებს აღარ შეხვედრია. სამაგიეროდ, გასული კვირის დასაწყისში საზოგადოებრივ მაუწყებელში მის სტუმრობას სკანდალური გაგრძელება მოჰყვა: ალექსანდრე ამისულაშვილმა განაცხადა, რომ "ასეთ კაცთან ერთად ვეღარ იმუშავებს და ნაკრებიდან მიდის", ქეცბაიას ღიად დაუპირისპირდა ზურაბ ხიზანიშვილიც... ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის მორიგი კონფლიქტი მხარდამჭერებს ნამდვილად ვერ შემატებს ისედაც დაბეჩავებულ საქართველოს ნაკრებს, თუმცა, მტყუან-მართლის გარკვევამდე ქართველი ქომაგისთვის
ყველაზე აქტუალური მაინც ერთი კითხვაა: გააგრძელებს თუ არა ნაკრებში მუშაობას თემურ ქეცბაია? სფფ-ის თავკაცმა ზვიად სიჭინავამ ჯერ კიდევ ქეცბაიას თბილისში ჩამოსვლამდე გვითხრა, რომ  ნაკრების მთავარი მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილი არც ფედერაციაში არიან და ქეცბაიასთან კითხვები მათაც აქვთ. ისაუბრეს თუ არა ნაკრების მწვრთნელმა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა ამ
თემაზე? თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ორი დღეა, სიჭინავასთან ერთად არის, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა, სამაგიეროდ, კვირის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის - რევაზ არველაძისგან შევიტყვეთ, რომ სფფ-ის ხელმძღვანელები ნაკრების თავკაცს ამ თემაზეც ელაპარაკნენ და უახლოეს დღეებში, მოლაპარაკებები ისევ განახლდება.

ოღონდ, სანამ არველაძის კომენტარს წაიკითხავდეთ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილ მინისტრთან, ნიკოლოზ რურუასთან ინტერვიუს გაეცანით. შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები 2009 წლის ნოემბერში, სწორედ ნიკოლოზ რურუას მინისტრობის დროს ჩაიბარა:  

- ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მაშინ ნიკა გილაური გახლდათ. ერთად გადავწყვიტეთ - თუ თანახმა იქნებოდა, საქართველოს ნაკრები ქეცბაიასთვის ჩაგვებარებინა. როცა საბერძნეთში შევეხმიანე, თემურმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა, თანხმობა საკმაოდ მალე გვითხრა. გაგვაცნო თავისი პირობებიც, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილეთ, რამდენიმე დღეში კი მწვრთნელი თბილისში ჩამოვიდა და კონტრაქტს მოაწერა ხელი.

- შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა პირობები წამოაყენა თემურ ქეცბაიამ?
- მხოლოდ ჩემი ჩამოსვლით არაფერი გამოვა, თუ ფეხბურთს სახელმწიფო არ დაეხმარება ფინანსურად, თუ ინფრასტრუქტურა არ განვითარდებაო. მომეწონა მისი შემართება... თუმცა, თავიდანვე ამბობდა - ვიცი, რომ ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, აუტკივარ თავს ვიტკივებ, მაგრამ შანსი მეძლევა და მინდა, ჩემს სამშობლოს გამოვადგეო...

- ზვიად სიჭინავამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში - ქეცბაია დაიბარეს სპორტის წინა მინისტრთან, უთხრეს, გადაგიხდით ამდენ ხელფასს და ნაკრები ჩაიბარეო... თქვენ შესთავაზეთ კონკრეტული თანხა თუ თავად დაასახელა?

- ვუთხარით, რომ ფედერაციას ბევრი ფული არ აქვს და დავუსახელეთ თანხა, რისი გადახდაც შეგვეძლო. მარტო არ ვარ, სამწვრთნელო შტაბში სხვებიც არიან და დაგთანხმდებით მინიმალურ თანხაზე, რაც ჩემი გუნდისთვის არის საჭირო. ამაზე ნაკლებად კი საქმე არ გამოვაო... ზუსტად არ მახსოვს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც სხვა გუნდებში უხდიდნენ, მართლაც მინიმუმზე დაგვთანხმდა...

- გულშემატკივართა უმეტესობა ფიქრობს, რომ მილიონების გადახდას მწვრთნელისთვის, რომლის მუშაობას შედეგი არ მოაქვს, სჯობს, ეს თანხა ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ...
- სპორტის მინისტრი აღარ ვარ და არც არავის ვიცავ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დილეტანტური შეფასებაა. არ მომწონს, ნაკრების მწვრთნელს ტურებივით რომ ესევიან... ჩემი აზრით, თემურმა რაც შეეძლო, გააკეთა, საქართველოს ნაკრები ახლა იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე წინა მწვრთნელების ხელმძღვანელობით თამაშობდა. მწვრთნელის შეცვლით უარეს შედეგს მივიღებთ, თემურს მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს. ლუის მენოტი ცოცხალი რომ იყოს, ამ ფეხბურთელებისგან უკეთეს გუნდს ვერც ის ააწყობდა. ძლიერი გუნდის შესაკრებად საჭიროა, ქვეყანაში ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე იყოს! მხოლოდ ფინტებით და სისწრაფით თანამედროვე ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევ, ამიტომ, თუ შედეგი გვინდა, ქეცბაიას შეცვლაზე კი არა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ! სწორი სისტემით უნდა დავიწყოთ ბავშვების წვრთნა, კვება, განათლება და ა.შ. ის თანხა კი, რასაც ნაკრების მწვრთნელს ვუხდით, ბავშვთა ფეხბურთს ნამდვილად არ ეყოფა, გაცილებით მეტია საჭირო! ასე რომ, ეს მხოლოდ დემაგოგიაა!

- კარგი, შედეგს თავი დავანებოთ, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ ნაკრების მწვრთნელს ფეხბურთელებთან ურთიერთობაც უჭირს?

- ამის მოგვარება ფედერაციას შეუძლია... თემურ ქეცბაია ემოციური, ფიცხი კაცია, მაგრამ უზრდელი არ არის! ყოველ შემთხვევაში, მე მისგან გინება არ გამიგია და არც მჯერა, რაც მის შესახებ მესმის...

- მაშ, რა ხდება? რამდენიმე ფეხბურთელს პირი აქვს შეკრული და ცრუობენ?
- ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ვერ აიტანეს მწვრთნელი, რომელიც ეუბნება - დამემორჩილეთ და დისციპლინა დაიცავითო! ეს არის და ეს... ვიმეორებ, ჩემი აზრით, თემურ ქეცბაია ნაკრების სათავეში უნდა დარჩეს...

ახლა კი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივან რევაზ არველაძეს მოვუსმინოთ:

- ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ნაკრების მწვრთნელთან კითხვები ფედერაციასაც აქვს... თემურ ქეცბაიას კითხვები უკვე დაუსვით?
- დიახ, ვილაპარაკეთ და საუბარი კიდევ გაგრძელდება... პრესის მეშვეობით გამართული ბოლოდროინდელი პოლემიკა კი, რომელიც უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს! ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია ძალიან მკაცრი იქნება. ამ ეტაპზე ეს ვინმეს ნაკრებიდან მოკვეთას ან მოხსნას არ გულისხმობს, მაგრამ ვიმეორებ - მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის ასეთი ურთიერთობა მიუღებელია. საქართველოს ნაკრები არც ფედერაციის არის, არც მწვრთნელების ან ფეხბურთელების. ჩვენი ფეხბურთი აქამდე ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა მოიტანეს, ასეთი ნაბიჯები კი მათთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ძალიან შეურაცხმყოფელია...

- დავაზუსტოთ: თემურ ქეცბაიას კონტრაქტის გაგრძელებაზეც ესაუბრეთ?
- კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, რადგან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია 2015 წლის ოქტომბრამდე...

- მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2011 წელს ხელშეკრულება 2+2  სისტემით გაფორმდა და განახლებას მიმდინარე წლის ბოლოს საჭიროებს...
- არ არის მართალი. 2011 წელს გაფორმებულ კონტრაქტს არანაირი ოფცია არ აქვს და მის ამოწურვამდე დაახლოებით ორი წელიწადი კიდევ არის დარჩენილი. უბრალოდ, რადგან საქართველოს ნაკრები ცუდ შედეგს აჩვენებდა, ეს თემა აქტუალური გახდა. ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება ამა თუ იმ ოფციის გამოყენებას - ლაპარაკია მოქმედ კონტრაქტზე, რომელსაც ორი წლის წინ ხელი ორმა მხარემ მოაწერა! ასეთი საკითხების მოსაგვარებლად ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ: თემურ ქეცბაია ან დარჩება და გააგრძელებს მუშაობას არსებული კონტრაქტის მიხედვით, ან...

- არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე, ფედერაცია შეცდა, როცა კონტრაქტში არ ჩაწერა, რას ითხოვს ნაკრების მწვრთნელისგან?
- შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის... ალბათ, დამეთანხმებით, რომ 2011 წელს, როცა კონტრაქტს ვაგრძელებდით, ნაკრებს გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა. ამიტომაც ახლანდელი კონტრაქტი ალოგიკური ნამდვილად არ არის. ასეთ მძიმე ქვეჯგუფში, მით უმეტეს, როცა მეორე ადგილზე გასვლაც კი არ იძლევა გასვლის გარანტიას, მხოლოდ ორწლიან კონტრაქტზე არც ერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა. თუმცა, დღეს სხვა რეალობაა. კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა, ნაკრების თამაშის ხარისხიც და შედეგიც უკეთესი ყოფილიყო. თუმცა, ყველაზე მეტად გულს ბოლო დღეების გაუთავებელი კინკლაობა მტკენს. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ჟურნალისტებსაც ვთხოვო, ცეცხლზე ნავთს ნუღარ დაასხამენ, ყოველდღე ახალი დეტალების გამომზეურება დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს...
გივი
08 მარტი 2014 03:48
არ აქვს მაგხელა ხელფასი მეკარეების მწვრთნელს ნაკრებში.. მიუხედავათ იმისა რო კარგი სახელი აქვს და როგორც ამბობენ კარგი მწვრთნელიც არის.andra buta-s
vaxo
28 ნოემბერი 2013 21:50
მძიმე კაცთან ინტერვიუში თვითონ რურუამ განაცხადა რომ ჩვენი მთავრობის დროს ნაკლი ის იყო რომ ბევრი მინისტრი იმ საქმეს აკეთებდა რაზეც თვითონ პასუხს არ აგებდა!! რურუა აგებს თვითონ პასუხს? ქეცბაიას,კუპერის და ტოპმიოლერის ჩამოყვანაზე ხო ვიცი ეს საქმე ამათ დონეზე წყდებოდა ან ნამგალაურის და ვარძელაშვილის ნაირ არაპროფესიონალებს რა უფლება ქონდათ ნაკრების მწვრთნელის შერჩევაში მონაწილეობა მიეღოთ მაგრამ ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს!მერე იძახიან ფედერაცისს საქმეებში არ ვერეოდითო!! ისე შეარჩიეს ნაკრების ზემოთ ჩამოთვლილი სამი მწვრთნელი როგორც თანსაცმელს არჩევენ შოპინგის დროს არანაირი აზროვნება !!
andra buta-s
27 ნოემბერი 2013 18:31
ბუტა შე მართლა საცოდავო,პელეს დროინდელი მწვრთნელების ხელფასები არ მიწერია მე,ქეცბაიას თანამედროვეებისაა მხოლოდ,ყველაზე ძველი 2010 წლისაა ბიჯო.საქმეც მაგაშია გრიფით საიდომლო რომ ადევს ამ ინფორმაციას დღემდე და ზუსტად ბიჯო.არა თუ ხელფასის ოდენობა,ხანგძლივობასაც არავინ ამხელდა აქამდე.ყველას 2
+2 ეგონა,ამ დროს პირდაპირ 4 წლიანი ქონია.ჩემი ვარაუდი თუ,რამდენს იღებს ეს კაცი,ემყარება ბიჯო ერთადერთ ოფიციალურ დოკემენტს რაც საჯარო გახდა და არავის უცდია მისი უარყოფა,რამდენს თხოვდა ფედერაცია სახელმწიფოს ფულს ამ კაცის ერთი თვის ხელფასისი გადასახდელად,რაც შეეხება მათემატიკას,ჩეხეთის და ხორვატიის მწვრთნელებს 170 000 ევრომდე ქონდათ ხელფასი ჩემი ჩამოთვლილი სხვა ევროპელი მწვრთნელებიდან ყველაზე მეტი 600 000 ბლოხინს ქონდა ევრო 2012-ს დროს,ახლანდელს,ფომენკოს მასზე ბევრად ნაკლები ექნება მერწმუნე.800 000 იღბდნენ ევროებში დუნგა და მარადონა.გაამრავლე ახლა ეს 1.3-ზე და მერე რამდენჯერ და რამდენით მეტი აქვს ხელფასი ქეცბაიას იანგარიშე თუ გიშვებს მაგდენზე შენი მათმატიკა ბიჯო თუ ვერა დაიხმარე კალკულატორი ბიჯო..რაც შეეხება სხვის ჯიბეში ფულის თვლას ბიჯო,არასდროს ვიკითხავ რამდენი აქვს ხელფასი უჰრინს დინამოში,გეგუჩაძეს ზესტაფონში იმიტომ რომ,ეს კერძო კლუბებია და კოკაია თუ ფიფია სად და რამდენს დახარჯავს საკუთარ ფულს მართლაც არ არის ჩემი საქმე,მაგრამ როცა ფიზიკურად ვშრომობ კვირაში 6 დღე და მარტო საკუტარი ხელფასიდან ყოველთვიურად 250 ლარს ვიხდი ბიუჯეტში,მაქვს უფლება ვიკითხო ის თანხა სად მიდის.მითუმეტეს როცა,ვფიქრობ რომ,არასწორად იხარჯება,რას იტყვი ბიჯო არ მაქვს ამის უფლება?.ხიზანიშვილის ინტერვიუ გაიხსენე ბიჯო,იქ ზუსტად მაგას ამბობს რომ,არც თანაშემწე ყავს მაგას და არც ფიზ მომზადების მწვრთნელიო,აი იმ ფულიუდან გადახდა რომ,არ უნდა იმიტომ არ ყავს სწორედ,გაანძრიე ცოტა თავი,აბუსერიძეა მგონი ნაკრებში მეკარეების მწვრთნელი და ჰა-ჰა მაქსიმუმი 5 000 დოლარი ქონდეს ჯამაგირი,კიდე ყავს ალბათ ერთი ვინმე მსგავსი ანაზრაურებით და იანგარიშე რამდენი გაუდის თვეში მას ხარჯი იმ თანხიდან ხელფასებისთვის.ერთი გულახდილად მინდა გკითხო ბიჯო,ევროპაში ვის სანახავად დადის მივლინებაში?ფეხბურთელი ჩვენი იქ არავინაა,ახლა მაგი აზერბაიჯანში,უკრაინაში და რუსეთში დადის ვინმეს სანახავად(არ მსმენია არსად მსგავსი)და ამ ქვეყნებს უძახი სენ ევროპაში მივლინებებს არ ვიც.სხვა მხრივ,ესპანეთის და საფრანგეთის თამაშის შესასწავლად ევროპაში მივლინებებში ხშირი სიარულის საჭიროებასაც ვერ ვხედავ მაინდამაინც სიმართლე გითხრა ბიჯო.პოლიტიკას რაც შეეხება რა გითხრა ბიჯო,წინა ხელისუფლების დროს ფედერაციის არჩევნები გვქონდა კამფეტი!!!ისიც მაგარია სიჭინავამ რომ,თქვა არც დამინიშნავს ქეცბაია მე მწვრთნელად არც ხელფასი შეთანხმებულა ჩემთანო და ასე შემდეგ.რურუამ გადაწყვიტა მაგ საქმეო,შენ ალბათ ეს გგონია სწორი მიდგომა,რა გითხრა ბიჯო შენ თუ გგონია რურუამ მართლა არ ახსოვს რა ხელფასის ოდენობა განუსაზღვრა ქეცბაიას ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად,მე არ მგონია.

რედაქტორის რჩევით