ქართველებისთვის ნაადრევი ი(ა)პონია
02-12-2013
ქართველებისთვის ნაადრევი ი(ა)პონია
გასულ უქმეებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოში, ძიგორო კანოს სახელობის პრესტიჟულ ტურნირზე იჭიდავა. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას გამართული ორთაბრძოლების შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, შაბათს კი მხოლოდ ერთ მედალს დავჯერდით - იაპონიიდან ბრინჯაო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) წამოიღო. ტოკიოს "დიდ სლემზე" ჭიდაობა ქართველებს ტრადიციულად უჭირთ. უმჯობესი იქნებოდა, ამჯერად სულაც უმედლოდ დავრჩენილიყავით, ოღონდ...

ქართველები არ გახვეულიყვნენ უსიამოვნო ისტორიაში...
საქმე ის არის, რომ იაპონიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს დაგეგმილზე ადრე მოუხდათ ამომავალი
მზის ქვეყნის დატოვება. მიზეზი? ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და უნივერსიტეტის შინაგანაწესის დარღვევა... ცუკუბას უნივერსიტეტის (სადაც ჩვენი გუნდები შეკრების დროს ცხოვრობდნენ) ხელმძღვანელობა იმან გააბრაზა, რომ ქართველი ახალგაზრდები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ფოიეში ისე იქცეოდნენ, როგორც სასტუმროში მოიქცეოდნენ - ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, უსმენდნენ მუსიკას და ა.შ. ამას ისიც დაემატა, რომ
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, შემთხვევით დერეფანში, კარის წინ დადგმული ცეცხლმაქრი აამოქმედა... მასპინძელთა თქმით, ქართველებს ქუჩაშიც "გამოუჩენიათ" თავი=: ველოსიპედით დასაშვებზე სწრაფად მოძრაობდნენ და მოხუცი ქალბატონის რისხვაც დაიმსახურეს...

შედეგად, ცუკუბას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ქართულ გუნდებს საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა! და რადგან იაპონელებთან ერთად ვარჯიში, ანუ ის საქმე აღარ გამოსდიოდათ, რისთვისაც ამხელა გზა გაიარეს, ნაკრები გუნდების ხელმძღვანელებმა შეკრების ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტეს და საქართველოში დაბრუნდნენ. თუმცა, თავისი შეგირდების მსგავსად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირაკლი ცირეკიძისთვისაც გაუგებარია, რატომ დაისაჯნენ ქართველი ახალგაზრდები ასე მკაცრად: "როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში ბავშვები საერთოდ უუფლებონი ყოფილან. თავადაც თქვეს, უფროსებს რომ ელაპარაკათ ხმამაღლა, პრობლემა არ იქნებოდაო. ხმამაღალი ლაპარაკისთვის ბავშვებს ჩვენც მივეცით შენიშვნა და მას შემდეგ ნომრებიდან აღარც გამოსულან. ბიჭების თქმით, სრულიად დაუცველი ცეცხლმაქრი ერთ-ერთ კართან იდგა და ოთახიდან ყოველი გამოსვლისას ფეხებში ედებოდათ. თურმე, ბალონიდან სპეციალური ფხვნილი იმ დროს გამოიფრქვა, როცა ერთ-ერთმა ძიუდოისტმა მისი უსაფრთხო ადგილას გადატანა დააპირა.

რაც შეეხება ქუჩის "ინციდენტებს", ბავშვები ველოსიპედებით მხოლოდ ერთხელ გავიდნენ ქუჩაში, შუქნიშანთან გაჩერებული ხუთი უცხოელის დანახვისას მოხუცი ქალი შეშინებულა და პოლიციისთვის მიუმართავს - ეს იყო და ეს. ამ ყველაფერს იაპონიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც დაგიდასტურებენ", - ამბობს ირაკლი ცირეკიძე.    
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით