"მწვრთნელს არ უთქვამს, რომ მე და თარგამაძე რეჟიმს ვარღვევთ" (ექსკლუზივი)
"მწვრთნელს არ უთქვამს, რომ მე და თარგამაძე რეჟიმს ვარღვევთ" (ექსკლუზივი)
"ბევრი ფეხბურთელი ვიცი, კარიერა გართობას რომ გადააყოლა. მათ შეცდომას არ გავიმეორებ"

"არ გამიგონია, ქეცბაიას რომელიმე ფეხბურთელისთვის შეეგინებინოს!"


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისევ ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ეროვნული გუნდისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს მხოლოდ ნაკრებზე სალაპარაკოდ არ შევხმიანებივართ. რამდენიმე დღის წინ უკრაინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა თქვა, რომ "ოქრიაშვილი და თარგამაძე ნაკრებიდან არ დაბრუნებულან და ერთი თვეა, არ უნახავს", მოგვიანებით, "ჩვენება" შეცვალა და დააზუსტა: დაბრუნდნენ, მაგრამ ტრავმირებული არიანო... თავად
თორნიკე ოქრიაშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ილიჩევეცთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს... ვითარებაში გასარკვევად 21 წლის ფეხბურთელს უკრაინაში დავუკავშირდით.


- ნიკოლაი პავლოვს ჯერ კიდევ ზაფხულში ვუთხარი, რომ "ილიჩევეციდან" წასვლა მსურდა. წლის ბოლომდე ჩვენთან ითამაშე და მერე გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა დარჩენაო... სანამ ტრავმას მივიღებდი, ვთამაშობდი კიდეც,
მაგრამ ბოლო 6 მატჩში, საიდანაც "ილიჩევეცმა" მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ, დანარჩენი კი წააგო, ტრავმის გამო აღარ მითამაშია... სწორედ იმ პერიოდში დაიბეჭდა პავლოვის ინტერვიუ, ქართველები ნაკრებში წავიდნენ და ერთი თვეა, აღარ გამოჩენილანო...

- სინამდვილეში ასე არ ყოფილა?

- არ ვიცი, რა დავუშავეთ ჟურნალისტს, რომელმაც ის ინტერვიუ გამოაქვეყნა, მაგრამ ასეთი რამ ადრეც გაუკეთებია... მერე, მისი "ნაშრომი" ქართულმა პრესამაც აიტაცა და... არადა, ნიკოლაი პავლოვს ჩვენზე დიდი ამაგი აქვს, მასთან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს და არც დამიჯერებია, რომ ასეთ რამეს იტყოდა. შევჩივლე: პეტროვიჩ, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს, საქართველოში ჩვენზე რას იფიქრებენ-მეთქი?! თავადაც არ ვიცოდი, ასე თუ იყოო და ჟურნალისტებს უთხრა, ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეთ, კლუბს ორივე ფეხბურთელი დაუბრუნდა, ოღონდ ტრავმირებული არიანო...

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერე, "ილიჩევეცთან" კონტრაქტი გაწყდა, თავისუფალი ვარო...

- "ილიჩევეცში" ჩემი იჯარის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა და კლუბს მშვიდად, უკონფლიქტოდ დავშორდი. პირიქით, მწვრთნელმა ისიც კი მითხრა, შესაძლოა, დონეცკელებმა (თორნიკეს სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის. - ავტ.) შენი მარიუპოლში დაბრუნება ისევ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენი კლუბისთვის უკვე გადაზრდილი ხარ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა აქ აღარ დაბრუნდე და უკეთეს გუნდში მოხვდეო. მარიუპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ნაკრებშიც აქ თამაშის დროს მოვხვდი. ასე რომ, "ილიჩევეცისა" და ნიკოლაი პავლოვის ძალიან მადლიერი ვარ.

- რას გულისხმობდა მწვრთნელი, როცა თქვა, ოქრიაშვილი და თარგამაძე მოედანს მიღმა ისე არ იქცევიან, სპორტსმენს რომ შეეფერებაო?
- ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღის აღსანიშნავად მთელი გუნდი წავედით ღამის კლუბში. თუმცა, მეორე დღეს უკრაინელი ფეხბურთელებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მწვრთნელმა მხოლოდ მე და დათოს გვისაყვედურა, 23.00 სთ-ის შემდეგ გარეთ გასვლა გეკრძალებათ და კლუბში რატომ წახვედითო? თავის მართლებასა და დანარჩენების "ჩაშვებას" ხომ არ დავიწყებდით? არ გავამხილეთ, კლუბში მთელი გუნდი რომ იყო, ბოდიში მოვიხადეთ და შევპირდით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. სამწუხაროდ, მომდევნო მატჩი წავაგეთ და გაბრაზებულმა პეტროვიჩმა ფეხბურთელები გააფრთხილა, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, ქართველ ფეხბურთელებს დავსჯი და მომავალ მატჩში არ ვათამაშებო, თუმცა, მაინც მათამაშა... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ამბავმა პრესაში მწვრთნელისგან კი არა, რომელიღაც ფეხბურთელისგან გაჟონა.

- ანუ, "ილიჩევეცის" მწვრთნელს თქვენზე ასეთი რამ არ უთქვამს?

- მწვრთნელს ნამდვილად არ უთქვამს, რომ მე და "თაგვი" (დავით თარგამაძის მეტსახელია. - ავტ.) "ვგულაობთ", არ ვვარჯიშობთ და ა.შ. თავად დაგვიდასტურა - ჟურნალისტისთვის ასეთი არაფერი მითქვამსო.... სხვათა შორის, ცოტა ხანში, როცა "ილიჩევეცის" ერთ-ერთი ფეხბურთელი მესამედ გამოიჭირეს ღამის კლუბში, მწვრთნელმა 25 ათასი დოლარით დააჯარიმა და ჟურნალისტებს ეს მაშინაც რომელიღაც მოთამაშემ შეატყობინა! ჩვენს კლუბში რეჟიმის დარღვევისთვის იმხელა ჯარიმებია, ვინ გაბედავს სადმე წასვლას?

- გამოდის, რეჟიმის დარღვევას ტყუილად გაბრალებენ?

- დისციპლინის დარღვევისთვის დაწესებული დიდი ჯარიმების გამო, მგონი, "ილიჩევეცი" ერთადერთი კლუბია უკრაინაში, რომლის მოთამაშეებიც არ "გულაობენ"... თანაც, რაც უნდა დააშავონ, პეტროვიჩი ყოველთვის ფეხბურთელებს იცავს და ასეთ რამეს არ იტყოდა.

- როცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ხედავენ, ბევრი ფიქრობს, რომ შენ და თარგამაძე ფეხბურთზე მეტ დროს გართობას უთმობთ.
- ზოგიერთი სპორტსმენი მხოლოდ ტრენაჟორებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. facebook-ით ასეთი ფოტოების გავრცელება მეც შემიძლია,  მაგრამ ამით რა შეიცვლება? ბევრი ჩემზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვიცი, კარიერა გართობას რომ გადააყოლა. მათ შეცდომას არ გავიმეორებ, მაგრამ მომქანცველი სეზონის დროს ხომ შეიძლება, თვეში ან ორ თვეში ერთხელ განტვირთვის უფლება თავს ჩვენც მივცეთ? ხელფასს თავდაუზოგავი შრომით რომ გამოიმუშავებ, ხანდახან მეგობრებთან ერთად ზომიერი განტვირთვა არ შეიძლება? ზედმეტი არც ტრენაჟორზე ვარჯიშია სასარგებლო. თავადაც ხომ ვგრძნობ, რამდენი ვარჯიში სჭირდება ჩემს ორგანიზმს?

- ნაკრებზე გადავიდეთ... რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- თემურ ქეცბაიასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს პატივს ვცემთ და მწვრთნელთან პირფერობა არ მჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს სწორედ მან მოგვცა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ერთგვარი ნაზავი უნდა იყოს. თუ გუნდში არ არიან ვეტერანები, რომლებიც მაგალითს მისცემენ ახალბედა მოთამაშეებს, ერთიანი გუნდის ნაცვლად, პატარა დაჯგუფებები ყალიბდება. ნაკრებში გამოცდილი, ავტორიტეტული ფეხბურთელებიც უნდა იყვნენ. ისეთები, როგორიც ხიზანიშვილი, კობიაშვილი, იაშვილი არიან. მაგრამ მწვრთნელმა ნაკრების გაახალგაზრდავება გადაწყვიტა...

- მხოლოდ ახალგაზრდები ხომ არა ხართ? ნაკრებში ახლაც არიან გამოცდილი ფეხბურთელები...
- თუ გუნდი ერთ ოჯახად არ არის შეკრული, ფეხბურთელები ერთმანეთის ცხოვრებით არ ცხოვრობენ, ძლიერი გუნდი ვერ შეიკვრება.

- საქართველოს ნაკრები არ არის ერთიანი გუნდი?

- ისეთი არ არის, როგორიც წინათ იყო... ჩვენც ვმეგობრობთ, მაგრამ არ გვაქვს ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც ჩვენს წინა თაობებს ჰქონდათ, არა ვართ ისეთივე შეკრული კოლექტივი... ფეხბურთელისგან, რომელსაც შენზე ათჯერ მეტი უნახავს და უთამაშია, მოედანზე დაყვირება ან უხეშად მომართვაც არ გეწყინება... მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულებაც არასწორია. ქეცბაიას ჩამოსვლამდე საქართველოს ნაკრებში მასზე ტიტულოვანმა მწვრთნელებმაც იმუშავეს, მაგრამ შედეგს მიაღწია რომელიმემ? მწვრთნელი ჯადოქარი ხომ არ არის, ჯოხი აიქნიოს და გუნდმა მოგებები დაიწყოს?!

- ვეტერანი ფეხბურთელისგან მკაცრად ნათქვამიც არ გეწყინებაო და... ქეცბაიას სწორედ გინებისთვის არ აკრიტიკებენ?

- ვარჯიშის დროს მწვრთნელები უკრაინაშიც იგინებიან, მაგრამ მოთამაშეებს კი არ აგინებენ? ქართველი კაცისთვის ჯერ ოჯახია მთავარი და მერე ფეხბურთი, ასე რომ, შეგინებას არავინ მოითმენდა! ვინმემ თამაშის დროს თუ გაიგონა გინება და არ გვითხრა, არ ვიცი, მაგრამ პირადად მე არ გამიგონია, ქეცბაიას რომელიმე ფეხბურთელისთვის შეეგინებინოს! ძალიან მტკივა ხოლმე გული, როცა მეუბნებიან, რატომ არ უტევთო. ჩემზე მეტად ვის უნდა, შემტევი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ? ქეცბაიაც შემტევი იყო და დაცვითი ფეხბურთი როგორ უნდა უყვარდეს? 

- შეტევა გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია?

- ყველას გვინდა შევუტიოთ, მეტოქე მოვატყუოთ, გოლი გავიტანოთ, ვცდილობთ კიდეც, მაგრამ... თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ძნელია, მარტომ მოატყუო მთელი გუნდი და ბურთი გაიტანო. ფეხბურთელები აღარ გვყავს, ბოლომდე არ იხარჯებიანო... დიახ, ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავდა, მათ დონემდე ჯერ არ ვართ, მაგრამ რაც შეგვიძლია, ვცდილობთ... ჩვენზე მეტად ვის უნდა უნდოდეს, კარგად ვითამაშოთ და ხალხს თავი დავამახსოვროთ?

- როდის ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი ისეთ ფეხბურთს, რასაც მისგან ველით? როდის აღარ იტყვიან, რომ ფეხბურთზე მეტად სხვა რაღაცებზე ფიქრობს?

- 21 წლის ვარ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, წლევანდელი ზამთარი გარდამტეხი იქნება ჩემს კარიერაში. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი. არც ფუფუნებაში გავზრდილვარ. მე და ჩემს ძმას ვარჯიში სხვადასხვა დროს გვქონდა და მამაჩემი იძულებული იყო, ვარკეთილიდან ვაკეში, "ირაოს" მოედანზე, დღეში ორჯერ ევლო. თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა ვითამაშო დიდი ფეხბურთი, მშობლებს რომ არ გავუცრუო იმედი. მინდა, ჩემი შვილიც ამაყობდეს მამით.

- ზამთარი გარდამტეხი იქნებაო... შემოთავაზებები ბევრი კლუბიდან გაქვს?
- თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვალ და სანამ ახალი კლუბი გამოჩნდება, სამშობლოში ვივარჯიშებ. ჩემი მენეჯერი ბესო ჩიხრაძე სულ მეუბნება, რომ არ ვიჩქარო... ჰოლანდიური, პორტუგალიური, რუსული კლუბები არიან დაინტერესებული. თუმცა, რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ.
მკითხველის კომენტარი (3)
saba
04 დეკემბერი 2013 16:25
რას ქვია რუსეტსჰი არ მიასუნინებენ ნებისმიერ გუნდსჰი სჰეიდზლება იტმასჰოს ოქრომ რუსულსჰი
nodari barbaqadze
02 დეკემბერი 2013 23:29
რუსულ კლუბში ვინ მიგასუნინებს...
levan
02 დეკემბერი 2013 17:06
ძალიან მაგარი ბიჭია ოქრიაშვილი და კიდევ ბევრი სხვა ჩვენს ნაკრებში !! მართალია არ გამოგვდის კარგად თამაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მთავარია ბოლომდე მიაწვეთ ბიჭებო !!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები