BRAZIL 2014: წილი ნაყარია - კვირის პალიტრა

BRAZIL 2014: წილი ნაყარია

ინგლისი, იტალია, ურუგვაი - სიკვდილის ჯგუფად D ჯგუფი იქცა

სანამ ფეხბურთის ქართველი ქომაგები იმაზე "მკითხაობენ", რამდენ წელიწადში ეღირსება საქართველოს ნაკრებს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში, 2014 წლის მუნდიალის ორგანიზატორებმა 32 ნაკრები რვა ჯგუფში გაანაწილეს. შედეგი? როგორც ყოველთვის, გაუმართლა რუსეთს, უკმაყოფილო ვერც საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები იქნებიან, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები კი ქვეჯგუფში ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალის ფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ...

მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2014 წლის 12 ივნისს აიღებს.

უჰრინს ჟვანია შეცვლის

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩეხ დუშან უჰრინს შეცვლის მალხაზ ჟვანია, რომელიც აქამდე "დინამო-2"-ს წვრთნიდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ უჰრინი სამშობლოში გაემგზავრება და "პლზენს" უთავკაცებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, "დინამოს" მეპატრონის, რომან ფიფიას თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში ჟვანია "მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება", წარმატებული მუშაობის შემთხვევაში კი, მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ფიფიამ იმაზეც ილაპარაკა, რომ ზამთარში გუნდის გაახალგაზრდავებას გეგმავს: "გადავწყვიტეთ, "დინამოს" შემადგენლობა გავაახალგაზრდაოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვართ მაღალბიუჯეტიანი კლუბი, საქმისადმი ასე მიდგომა კი აზრს კარგავს. უნდა ვეცადოთ, იმ წრეში ვიყოთ, როგორშიც თამაში გვიწევს. მეტი შანსი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს და "დინამოს" აკადემიას. კლუბის გეგმები  რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი, თუმცა, ამბიცია ისევ ჩემპიონობაზე გვექნება", - თქვა "დინამოს" მფლობელმა.

A ჯგუფი

ბრაზილია

ხორვატია

მექსიკა

კამერუნი

B ჯგუფი

ესპანეთი

ჰოლანდია

ჩილე

ავსტრალია

C ჯგუფი

კოლუმბია

საბერძნეთი

კოტ დ’ივუარი

იაპონია

D ჯგუფი

ურუგვაი

კოსტა-რიკა

ინგლისი

იტალია

E ჯგუფი

შვეიცარია

ეკვადორი

საფრანგეთი

ჰონდურასი

F ჯგუფი

არგენტინა

ბოსნია

ირანი

ნიგერია

G ჯგუფი

გერმანია

პორტუგალია

განა

აშშ

H ჯგუფი

ბელგია

რუსეთი

ალჟირი

ს. კორეა