"საჩუქრებზე მეტად მორაგბეების მოსვლამ გამახარა"
09-12-2013
"საჩუქრებზე მეტად მორაგბეების მოსვლამ გამახარა"
"როცა გამოვჯანმრთელდები, ვარჯიშს აუცილებლად გავაგრძელებ"

ჯონი ჯიჯავაძე 14 წლის ბათუმელი მორაგბეა. ოღონდ... მოედნის ნაცვლად, ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაშია და სხვა ბავშვებთან ერთად ებრძვის ლეიკემიას! მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილი მისი წერილი გავრცელდა, ჯონის უკვე ყველა იცნობს. www.kvirispalitra.ge-ზე წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პატარა მორაგბის მოძებნაში დახმარება უამრავმა მკითხველმა გვთხოვა, საქართველოს ნაკრების მორაგბე დიმიტრი ბასილაია ედინბურგიდანაც კი შეგვეხმიანა...

რატომ მაინცდ
ამაინც მორაგბეები? ბორჯღალოსნები აქამდეც ეხმარებოდნენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ კი... "ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად გამოჯანმრთელება მინდა. მინდა, ძლიერი ვიყო, რომ საყვარელ სპორტს დავუბრუნდე... ალბათ, აქ ყოფნა დიდხანს მომიწევს და ინტერნეტში ჩართული უბრალო ტელეფონი მაინც რომ მქონდეს, დრო უფრო სწრაფად გავიდოდა. მინდა, მეწვიოს საქართველოს ნაკრების ცნობილი მორაგბე და ავტოგრაფიანი
ბურთი მაჩუქოს".

ეწვია კიდეც. თანაც, ერთი კი არა, რამდენიმე ცნობილი მორაგბე და იმასაც შეჰპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტი მივა! ჯონი ჯიჯავაძეს მორაგბეები მანამდეც ესტუმრნენ, გასული კვირის ბოლოს კი ბიჭუნა ქართველმა მორაგბეებმა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდის წარმომადგენლებმაც გაახარეს. ირაკლი მაჩხანელმა, ირაკლი აბუსერიძემ, გიორგი ბეგაძემ, შავლეგ მახარაშვილმა და გიორგი გრძელიშვილმა, რომელიც ჯონის მწვრთნელი იყო, პატარა მორაგბეს ბორჯღალოსნების ხელმოწერილი ნაკრების მაისური, ბურთი და მობილური ტელეფონი უსახსოვრეს. დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენლებმა კახაბერ ჯანაშვილმა, ეკა მიშველაძემ და რუსუდან ცხომელიძემ კი საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერი გადასცეს.

"რაც რაგბიში ვარჯიში დავიწყე, ნაკრების მოთამაშეების გაცნობა სულ მინდოდა და მათმა სტუმრობამ ძალიან გამახარა, - სიხარულს ვერ მალავდა ჯონი ჯიჯავაძე, - დიდი იმედი კი მქონდა, მაგრამ როცა წერილს ვწერდი, ოცნების ასრულების არც მჯეროდა... ახლა უფრო იმედიანად ვარ და უფრო უკეთ ვგრძნობ თავს.

...ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მორაგბეებმა არაერთი საჩუქარიც მომიტანეს, ოღონდ საჩუქრებზე მეტად ნაკრების მოთამაშეების მოსვლამ გამახარა. დამპირდნენ, რომ მთელი გუნდი მესტუმრება... რაგბიში ორი წელიწადი ვვარჯიშობდი და ძალიან მიყვარს. როცა გამოვჯანმრთელდები, ვარჯიშს აუცილებლად გავაგრძელებ და ბევრს ვიშრომებ, წარმატებული მორაგბე რომ გავხდე!"

ირაკლი აბუსერიძე: "ჯონის ამბავი გიორგი გრძელიშვილისგან შევიტყვეთ, რომელიც მისი მწვრთნელი იყო, ახლა კი "ყოჩებში" თამაშობს. ბიჭუნაზე დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენლებიც გველაპარაკნენ... მორაგბეები შეძლებისდაგვარად აქამდეც ვეხმარებოდით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და როცა შევიტყვეთ, რომ ჯონის ძალიან უნდოდა ნაკრების მოთამაშეების გაცნობა, სიამოვნებით ვესტუმრეთ. ძალიან ბედნიერი იყო... კლინიკიდან ჩვენც კმაყოფილები წამოვედით, ექიმებმა გვითხრეს, 2-3 წელიწადში ისევ ითამაშებს რაგბისო! თანაც, ჯონისაც ჩემსავით, 9 ნომრად უთამაშია და ამიერიდან ორმაგად ვუგულშემატკივრებ".

ჯონი ჯიჯავაძე იაშვილის კლინიკაში 9-თვიან სამკურნალო კურსს გადის. და ნუ დაგვავიწყდება, რომ მას და ლეიკემიით დაავადებულ სხვა ბავშვებსაც ყოველდღიურად სჭირდებათ სისხლიც და მკურნალობისთვის საჭირო თანხაც. იაშვილის კლინიკაში სისხლის ჩაბარება მსურველებს ყოველდღიურად, დილის 10-დან 14.00 საათამდე შეუძლიათ. მანამდე კი, ერთის გარდა, ჯონის ყველა ოცნება აუსრულეს. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ ცოტა ხანში ბიჭუნას მთავარი ოცნებაც ახდება!
aleksandre
10 დეკემბერი 2013 17:01
ვამაყობ რომ ასეთი სპორცმენები გვყავს თქვენი სახით!ქართველების სახეები ხართ არა მარტო ფიზიკური სიძლიერის არამედ ადამიანობის გამოც!თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო.პატარა ლომს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ilia
10 დეკემბერი 2013 14:11
გაიხარეტ...იმრავლეტ...გენაცვალეტ.
glebi
09 დეკემბერი 2013 23:51
თქვენ გენაცვალეთ მორაგბეებო!!!!!!!! ჯიგრები ხართ ქართული ჯიგარი და სისხლი გაქვთ თქვენ გენაცვალეთ!

რედაქტორის რჩევით