ახალი წლიდან ახალი იმედებით - კვირის პალიტრა

ახალი წლიდან ახალი იმედებით

გამარჯვება, სკანდალი, იმედგაცრუება - სხვა სფეროების მსგავსად, გასულ წელს ქართულ სპორტშიც უამრავი რამ მოხდა. ძიუდოისტებმა წელი აშკარად "ჩააგდეს", სამაგიეროდ, გაგვახარეს კალათბურთელებმა და მორაგბეებმა. ფეხბურთი კი... თითო-ოროლა გამონათების იმედად დარჩენილი სპორტის ეს სახეობა ქომაგში გასულ წელსაც წარუმატებლობასთან ასოცირდებოდა, თუმცა, სიახლეები ქართულ ფეხბურთშიცაა და მომავალს მაინც იმედიანად შევცქერით. მანამდე კი - განვლილზე ვთქვათ.

წლის წადი-მოდი

"წლის წასვლა" (ყოველ შემთხვევაში, ქართული ფეხბურთისთვის) ნამდვილად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის თანამდებობიდან "გადადგომა" გახლდათ. "ახალკაც-ჯუნიორს" იმდენი უყიჟინეს, - წადი, წააადიო, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პოსტი კი არა, ქვეყანაც კი მიატოვა და "მშობლიურ" გერმანიას მიაშურა. ეგაა, წასვლის მიზეზი გამოუვიდა ცოტა არ იყოს აბსურდული - საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში არასახარბიელო შედეგი აჩვენა და უფლება არ მაქვს, თანამდებობაზე დავრჩეო(?!). თითქოს, წინა შესარჩევ ციკლებში ვბდღვნიდით ყველაფერს... მაგრამ, უმცროსი ახალკაცისაც უნდა გვესმოდეს - რაღაც ხომ უნდა ეთქვა წასვლისას. აბა, იმას ხომ არ გაამხელდა, ჩემი ჩამოლაბორანტების ამბავი ზემოთ გადაწყდაო?

რაც შეეხება მოსვლას, ნოდარ ახალკაცის ადგილი ზუგდიდის "ბაიას" პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დაიკავა. დელეგატებს "არჩევანის" გაკეთება არ გასჭირვებიათ, რაკი ყრილობაზე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს წამლადაც ვერ იპოვიდით. ამიტომაც, სფფ-ის ახალი თავკაცის მისამართით ხშირად გაიგებთ, - არჩეული კი არა, დანიშნულიაო. თავად სიჭინავას თუ დავუჯერებთ, - წელიწად-ნახევარში ჩემი მუშაობის შედეგი თუ ვერ დაინახეთ, გადავდგებიო... ასე რომ, ვნახოთ...

KvirisPalitra.Geრა "ბაია" - ქეცბაია!

როგორც უკვე ვთქვით, ზვიად სიჭინავამ სახელი ზუგდიდის "ბაიაში" მუშაობით გაითქვა. მაგრამ როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ ერთი კლუბის ამარა ვერ დარჩები. ამიტომაც, სიჭინავამ "ბაია" მიატოვა და... ქეცბაია მოიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ოფიციალურად 1-ელი იანვრიდან ჩაიბარებს. თუმცა, არაოფიციალურად თემური უკვე შეუდგა მუშაობას.

ქეცბაიას წინამორბედი, ექტორ რაულ კუპერი საქართველოდან სკანდალურად არა, მაგრამ ვადაზე ადრე კი წავიდა და საკლუბო ფეხბურთს, ანუ იმ საქმეს დაუბრუნდა, რაც ნამდვილად იცის. აი, საქართველოს ნაკრებში არგენტინელის მიერ გატარებულ წელიწადსა და სამ თვეს კი, წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თავად განსაჯეთ: კუპერის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა, წააგო 11 შეხვედრა, 4 ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ(!) მოიგო. ჭაღარა არგენტინელის სახელს უკავშირდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ დამყარებული ანტირეკორდიც - 15-მატჩიანი მოუგებელი სერია. ამ შედეგის გათვალისწინებით, ქეცბაიას ნამდვილად შეუძლია ქომაგის იმედების გამართლება, რაკი კუპერზე უარესი მაჩვენებლის მიღწევას გვარიანი მოხერხება სჭირდება...

KvirisPalitra.Geწლის აღმოჩენა

წლიდან წლამდე, ქართული ფეხბურთი სულ უფრო უახლოვდება უფსკრულის ფსკერს, თუმცა, თითო-ოროლა გამონათება მაინც გვაქვს ხოლმე. ამის ნათელი მაგალითი მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა. ქართველი ვუნდერკინდი "სახალხო გუნდის" შემადგენლობაში 16 წლის ასაკში გამოჩნდა. ცოტა ხანში კი, რუსეთის პრემიერლიგის რეკორდსმენიც გახდა: ჯანო ყველაზე ახალგაზრდა (17 წლისა ის-ის იყო გახდა, როცა მოსკოვის "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა) ფეხბურთელია, ვისაც რუსეთის ჩემპიონატში გოლი გაუტანია. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ბევრს ეცადნენ, ანანიძეს რუსეთის მოქალაქეობა მიეღო, მაგრამ უნიჭიერეს ნახევარმცველს მხოლოდ საქართველოს სახელით სურს თამაში და ეს არაერთხელ დაამტკიცა. 17 წლის ფეხბურთელი, რომლის გადაბირების სურვილი უკვე არაერთმა ევროგრანდმა გამოთქვა, კიდევ ერთი უნიკალური მიღწევით იწონებს თავს: ჯანო ანანიძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვისი დებიუტიც ჯერ ეროვნულ ნაკრებში შედგა, მერე ახალგაზრდულში და ბოლოს - 19 წლამდე ნაკრებში...

KvirisPalitra.Ge50 წელი

2009 წელს ქართულ რაგბის 50 წელი შეუსრულდა. ლამაზი თარიღი ჯიგრიანად მობურთალმა ჩვენმა მორაგბეებმა ლამაზად აღნიშნეს და ევროპის ერთა თასზე ლიდერობა არავის დაუთმეს. ბორჯღალოსანთა კრებული ქვეჯგუფის ლიდერია და 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე მოხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც. ჩვენმა მორაგბეებმა ტრადიციას არც გასულ წელს უღალატეს და ბოლო ხანს მოძლიერებული რუსეთის ნაკრები კიდევ ერთხელ, ამჯერად "ნეიტრალური" მარიუპოლიდან გაისტუმრეს კუდამოძუებული. მხოლოდ ამ წელს კი არა, "წლის ყველაზე ვაჟკაცური გუნდის" ნომინაცია ბოლო წლებში სულ ქართველ მორაგბეებს ეკუთვნით. ნოემბრის საიუბილეო დღეებში ბორჯღალოსნებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. პოლონეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების დამარცხების შემდეგ, ტიმ ლეინის სამწყსომ არგენტინის A ნაკრები ისტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 24:22 მოუგო. არადა, სამხრეთამერიკელი "იაგუარები" ყველაზე ძლიერი გუნდია მათ შორის, თბილისში რომ უთამაშიათ...

წლის სკანდალი

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, ქართული ძიუდოსთვის განვლილი წელი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. კონფლიქტები, სკანდალი, უმედლოდ ჩამთავრებული ტურნირები... ბოლო წლებში ლამის ყველაზე წარმატებული სახეობა 2009-ში მხოლოდ ასეთი "ფაქტებით" დაგვამახსოვრდა. ჯერ იყო და, სპორტსმენები დაერივნენ ერთმანეთს, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების თავკაცის - შოთა ხაბარელის დაპირისპირებაც დაემატა. შედეგად, არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელი ხაბარელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ნაკრები ამირან ტოტიკაშვილს ჩააბარეს. შეიცვალნენ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროც კი ვერ მოიპოვეს, მსოფლიო ჩემპიონატი კი ჩვენებმა სულაც უმედლოდ ჩაამთავრეს.

მაღლA და მაღლA

ძიუდოსგან განსხვავებით, განვლილი წელი ქართული კალათბურთისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონში დაწინაურება მოახერხა და მომავალი წლის აგვისტოდან, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. სერბი იგორ კოკოშკოვის მიერ დამოძღვრილმა კალათბურთელებმა შესარჩევ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ფლეი-ოფში კი ბელორუსიის ნაკრებს გადაეყარნენ და ორი მატჩის ჯამში "თეთრ რუსებს" გამარჯვების შანსიც კი არ დაუტოვეს. საქართველოს ნაკრები თავის ქვეჯგუფში ყველაზე შედეგიანი გუნდი გახლდათ, ჩვენი გუნდის ფორვარდი - ვიქტორ სანიკიძე კი B დივიზიონში საუკეთესო იყო მოხსნების რაოდენობის მიხედვით.

წლის "მებრძოლი სულები"

განვლილი წელი, განსაკუთრებით კი მისი მიწურული გამორჩეული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვისაც. პირველად სწორედ 2009 წლის ნოემბრის ბაშოზე მოხდა აღსანიშნავი მოვლენა: სუმოს ელიტურ დივიზიონში სამმა ქართველმა იჭიდავა და სუპერტურნირი სამივე მათგანმა დადებითი ბალანსით დაასრულა. ჩვენებურთაგან, სხვებზე შთამბეჭდავად ელიტის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იჭიდავა. 22 წლის გოლიათმა ბაშოზე 12:3 ბალანსი აჩვენა, მხოლოდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ჩამორჩა და "მებრძოლი სულის" პრიზი მიიღო. საცა სამართალია, ასეთი ჯილდო დანარჩენ ქართველებსაც ეკუთვნოდათ - კოკაიმ (ლევან ცაგურია) და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ბეწვის ხიდზე გაიარეს და ელიტაში დარჩენა უკანასკნელ ტურშიღა გაინაღდეს. კოკაისაც და გაგამარუსაც ბოლო ოთხივე ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროებოდათ, რაც ორივემ წარმატებით მოახერხა და ბაშო 8:7 ბალანსით დაასრულა.