მესაზღვრეც და მეომარიც (ექსკლუზივი)
16-12-2013
მესაზღვრეც და მეომარიც (ექსკლუზივი)
გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ ხვიჩა ქოქუაშვილს უმასპინძლა და "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" შსს-ს I ხარისხის მედლით დააჯილდოვა. ხვიჩა ქოქუაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გახლავთ და საკუთარი უწყების წარმატებული წარმომადგენელი მინისტრმა სწორედ ამიტომ დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ხვიჩას მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილსაც ავარჯიშებდა! დანარჩენს თავად მსოფლიო ჩემპიონი, 23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი იტყვის:

- სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს მე-4 სამმართველოს სწრაფი რეაგირების
ჯგუფის თანამშრომელი ვარ. სამმართველოს ხელმძღვანელობა სპორტულ კარიერაში ყველანაირად მიწყობს ხელს.

- მინისტრთან სტუმრობას როგორ გაიხსენებ?
- სასიამოვნოა, რომ მინისტრს უყურადღებოდ არც თანამშრომლების სპორტული მიღწევები რჩება. ბატონმა ალექსანდრემ "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" შსს-სI ხარისხის მედლით დამაჯილდოვა და წარმატება მისურვა. ბოლო ერთი წელიწადია, ხელმძღვანელობისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ და ორმაგად
მოტივირებული ვართ.

- ანთალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რას იტყვი?
- ჩემპიონატი WAKO-ს (კიკბოქსინგის ფედერაციების მსოფლიო ასოციაცია) ვერსიით გაიმართა. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი და ფინალში შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონს, ხორვატ მებრძოლს მოვუგე.

- როგორც ვიცი, ტიტულები არც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებამდე გაკლდა...
- 16 წელიწადია, კიკბოქსინგში ვვარჯიშობ. ვარ საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, სატელევიზიო პროექტ K-1-ის გამარჯვებული, ახლა უკვე - მსოფლიო ჩემპიონიც. ერთხელ კრივშიც ვცადე ბედი და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. 7 წლიდან დღემდე თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ. ჩემი ყველა წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა.

- რამდენიმე წლის განმავლობაში თამაზ ყარაგვეზაშვილთან საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ხომ ვარჯიშობდა? ერთადაც გივარჯიშიათ?

- დიახ, ჩვენთან სამი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. პატარა ვიყავი და ის წლები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მწვრთნელისგან ვიცი, რომ ბატონი ირაკლი ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებული მოსწავლე იყო. თუმცა, მერე ვარჯიშის გაგრძელებას განათლების მიღება ამჯობინა და კიკბოქსინგში ვარჯიში შეწყვიტა.

- რისი დამსახურებაა, კიკბოქსინგი ასე კარგად რომ არის განვითარებული დედოფლისწყაროში?
- თამაზ ყარაგვეზაშვილის! არა მხოლოდ დედოფლისწყაროში, ბატონი თამაზი ქვეყნის მასშტაბითაც კიკბოქსინგის ერთ-ერთი პიონერი იყო. საქართველოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველ ადგილს სულ ჩვენი გუნდი იღებს.

- რამდენიმე წლის წინ ირანში გამართულ ტურნირზეც ხომ გაიმარჯვე? როგორც ვიცი, მაშინ ფერეიდნელი ქართველები ძალიან გქომაგობდნენ...
- ფერეიდნელ ქართველებთან ისპაჰანში შეხვედრა ძალიან ემოციური იყო... მთელი შეჯიბრების განმავლობაში მხურვალედ გვქომაგობდნენ, ორთაბრძოლების დროს ჩემს სახელს სკანდირებდნენ და სანამ ირანელი პოლიციელები დოლს წაართმევდნენ, "ქართულს" უკრავდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით