წლის მთავარი სპორტული მოვლენები - კვირის პალიტრა

წლის მთავარი სპორტული მოვლენები

ქეცბაიას წელი

2013 წელს ქართულ სპორტშიც ბევრი საინტერესო რამ მოხდა. თუმცა, სანამ სხვა სახეობებში მომხდარ წლის მთავარ მოვლენებს გავიხსენებდეთ, საფეხბურთო ნაკრებსა და მის თავკაცზე ვთქვათ. საქართველოს ნაკრებს ვარსკვლავები არც წელს მოუწყვეტია, მისგან არც გამორჩეული თამაში გვახსოვს, მაგრამ... მაინც ყველა ნაკრებზე რომ ლაპარაკობს, დიდწილად სწორედ თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებების, გამონათქვამებისა თუ იდუმალებით მოცული ხელფასის დამსახურებაა!

საქართველოს ნაკრების თამაშის განხილვას აქ არ შევუდგებით. ქეცბაიას სამწყსოს თამაშიცა და შედეგიც ყველამ ვნახეთ. და რადგან ყველაზე მეტს სწორედაც რომ გემოვნებაზე დაობენ, თავად გადაწყვიტეთ, შეიძლებოდა თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი ფეხბურთის ჩვენება, მოსაწონია თუ არა ხუთგუნდიან ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილი და მწვრთნელის მიერ აღებული გეზი...

თემურ ქეცბაია ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც ნაკრების თავკაცის ყველაზე ხმაურიანი გამონათქვამების გახსენებას დავჯერდებით. ფეხბურთელებთან როგორი ურთიერთობა აქვს, ეს ქეცბაიამ და მისმა შეგირდებმა უკეთ იციან, აი, ნაკრების მწვრთნელი ქართველ ჟურნალისტებს რომ არ სწყალობს, ძველი ამბავია. სიმართლესთან ყველაზე ახლოს კი რევაზ არველაძის ნათქვამი უნდა იყოს: "თემური თქვენს ზარებს რომ არ პასუხობს, ალბათ, იმის ბრალია, რომ უცხოელები არ უსვამენ ისეთ მწვავე შეკითხვებს, როგორსაც ქართველი ჟურნალისტები"...

ახლა კი თავად ქეცბაიას მოვუსმინოთ: "როცა ნაკრები ჩავიბარე, ათი მეტრის სიღრმეზე იყო დამარხული. ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეოთხე ადგილზე გავიდა!"

როცა ჩაიბარეთ, დღევანდელის მსგავსად, საქართველოს მაშინდელი ნაკრებიც ასეულს მიღმა იყო. ასე რომ, "მიწის ზედაპირამდე" ჯერაც ბევრი გვიკლია...

..."ჩემამდე ორმა ცნობილმა მწვრთნელმა იმუშავა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ერთი მეექვსე ადგილზე გავიდა, მეორე - მეხუთეზე... თქვე კაი ხალხო, მე მეოთხეზე გავიყვანე, ე.ი. ძალიან მაგარი ვყოფილვარ! თქვენ გინდათ, იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენს კითხვას აქედან იმაშობით"...

არაფერსაც არ "იმასვშვობით", ბატონო თემურ, არც პიროვნულად გერჩით ვინმე და ეჭვი არც გვეპარება, ძალიან მაგარი რომ ხართ... მაგრამ, თუ მაინცდამაინც ჯგუფში დაკავებულ ადგილზეა ლაპარაკი, ვითომ დიდი განსხვავებაა, ექვსგუნდიან ჯგუფში გახვალ მეხუთე ადგილზე თუ ხუთგუნდიანში მეოთხეზე?!

"ქართულ ფეხბურთში ყველა კაი ბიჭის როლს თამაშობს - მოვა გიჟი ქეცბაია, ყველას სალაპარაკოს იტყვის, ჩვენ კი წავიდეთ, ვჭამოთ, ვსვათ და ვიქეიფოთო. ამ ჭამა-სმას გადააყოლეს ფეხბურთი".

"ჭამა-სმის" გარდა, ქართული ფეხბურთი ბევრ სხვა რამესაც გადააყოლეს. "გიჟები" კი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს შორისაც გამოჩნდნენ და... თუ ყველასი არა, თავიანთი სალაპარაკო ნამდვილად თქვეს!

"იმას ვერ მივაღწიეთ, რომ ფეხბურთელებს გაეგოთ, რას ნიშნავს ეროვნული ნაკრები... როცა ნაკრების თამაში მოდის, ყველა მაშინ ისვენებს, მაშინ ახსენდებათ თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი, ყელის ტკივილი, ოჯახური პრობლემები".

ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის "გმირებს"! გამოდით და თქვით, ვინ არიდებს თავს ნაკრებში თამაშს, რატომ ალანძღვინებთ თავს უმიზეზოდ? ტყუილუბრალოდ რატომ ალაპარაკებთ ხალხს, რომ ფეხბურთელებთან კონფლიქტი თქვენი ხასიათისა და ემოციურობის ბრალია, ნაკრებში კი მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო მუშაობთ?!

ვიცით, რომ "ახალ მესებს ვერ დაბადავთ", იმაშიც გეთანხმებით, რომ "შემტევი ფეხბურთი სუპერმარკეტში არ იყიდება", მაგრამ თუ არც "მესების" პატრონები ხართ და არც "სუპერმარკეტში" წასასვლელი ფულის, რისთვის და რის იმედად რჩებით ნაკრების სათავეში კიდევ ორი წლით?!

უზადო ქართულით ლაპარაკზე არა, მაგრამ საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს თანამემამულე ჟურნალისტებთან ურთიერთობა ხომ მაინც ევალება? კი ბატონო, ქართველი ჟურნალისტები "ფეხბურთის გაგებაში არ არიან" და ინტერვიუს მიცემაც მხოლოდ კვიპროსელი ან უკრაინელი კორესპონდენტებისთვის ღირს, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, თუ შიგადაშიგ მათი ქართველი კოლეგების დასმულ "არაკომპეტენტურ" შეკითხვებსაც გასცემდით პასუხს!

წლის ნაკრები

წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მიგვაჩნია. მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძის დანიშვნის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტებს "მეორე სუნთქვა" გაეხსნათ და წლის ორივე მთავარი ტურნირი მოიგეს: აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, 3-3 ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კი ინდივიდუალური ტურნირიდანაც წამოიღეს. ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდნენ, გუნდური პირველობის ფინალში კი უზნაძის შეგირდებმა რუსეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს! მანამდე საქართველოს ნაკრები დიუსელდორფის პრესტიჟულ ტურნირზეც გაჩემპიონდა და ხანგრძლივი ნავსი პარიზის "დიდ სლემზეც" გატეხა - საფრანგეთის დედაქალაქიდან ოქროს მედალი ვალერი ლიპარტელიანმა წამოიღო... "უზნაძის მალამომ" ქართველ ძიუდოისტებს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც არგო. კონტინენტის პირველობის მსგავსად, ჩვენებს ბადალი არც წლის მთავარ ტურნირზე ჰყავდათ: გუნდური პირველობის ფინალში ამჯერადაც რუსებს ვძლიეთ, ოღონდ, გაცილებით დრამატულ ბრძოლაში (0:2 ჩამორჩენის შემდეგ, ქართველებმა დარჩენილი სამივე ორთაბრძოლა მოიგეს, მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა კი სულაც მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინს აჯობა. - ავტ.) - 3:2! ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედლები პირად თანრიგშიც მოიგეს.

P. S. სასიხარულოა, რომ უფროს ძიუდოისტებს არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩამორჩა და სლოვენიაში გამართული გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა კი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი პირად შეჯიბრებაშიც მოიგო!

წლის გამარჯვება

ქართველი მორაგბეებისთვის 2013 წელიც წარმატებული აღმოჩნდა. მილტონ ჰეიგის სამწყსომ ვეროპის "ერთა თასი" ზედიზედ მესამედ, სულ კი მეექვსედ მოიგო და დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც, რომელიც ჩვენსა და რუმინელებს შორის თამაშდება. წელსვე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ზედიზედ მეორედ დაიმსახურა ფრანგული "მონპელიეს" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ. "გორგოძილას" სარაგბო ჟურნალ "მიდი ოლიმპიკის" მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო, "სარაგბო ოსკარად" წოდებული პრიზი გადაეცა, რომელიც ქართველმა გოლიათმა საფრანგეთის ტოპ-14-სა და "ჰაინეკენის თასზე" ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშით დაიმსახურა. თუმცა, "წლის" (და ამავე დროს - ისტორიული. - ავტ.) გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს გაგვახარეს: კანადის ნაკრების დამარცხებისა და აშშ-თან ბოლო წამებზე წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 16:15 მოუგო სამოას ნაკრებს! ქართველმა მორაგბეებმა პირველად დაამარცხეს პირველი დონის ნაკრები. მოუგეს გუნდს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მერვე საფეხურზეა და მეხუთეზე მყოფ ფრანგებს მხოლოდ ორი სარეიტინგო ქულით ჩამორჩება. ალალად აჯობეს ნაკრებს, რომელსაც რამდენჯერმე დაუმარცხებია უელსი, არგენტინა, იტალია, მოუგია ავსტრალიის, საფრანგეთის, შოტლანდიის, ირლანდიის ეროვნული გუნდებისთვის!

...და სწორედ ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ თქვა IRB-ის (რაგბის საერთაშორისო საბჭო) განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა სიტყვები, რომლის გაგონებასაც წლებია ველით: "დროა, საქართველოს ნაკრები სხვა, უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩავრთოთ!"

ტრადიცია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტრადიცია არ დაარღვია და ზედიზედ მეორედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. ლიდერების - ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე გუნდმა 2013 წლის ევრობასკეტის საწყისი მატჩები შთამბეჭდავად ჩაატარა, თუმცა, ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ მოახერხა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა პოლონეთი გაანადგურეს (84:67), ხორვატიასთან (76:77) და მასპინძელ სლოვენიასთან (68:72) კი ტოლ-სწორად იომეს და მხოლოდ უკანასკნელ წამებზე დამარცხდნენ. ქართველმა კალათბურთელებმა ყველაზე ცუდად უშუალო კონკურენტ ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშეს (79:95) და ესპანელებთან ბოლო ტურის მატჩს აზრი დაუკარგეს.

გაცილება

2013 წელს ორი კაპიტნის გამოსათხოვარი მატჩიც ვნახეთ: კახა კალაძე - ფეხბურთიდან, ირაკლი აბუსერიძე კი საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს... კარიერის საუკეთესო წლები კალაძემ "მილანში" გაატარა და ბოლოჯერაც ამ კლუბთან ითამაშა. "მილანი"-"კალაძის მეგობრების" მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა: შეხვედრის მობერებულ-მოსუქებული მონაწილეებისა და შესაბამისი ტემპის მიუხედავად, შოუ მაინც გამოვიდა - ქართულ-უცხოური ვარსკვლავთცვენით, თბილისური სტადიონისთვის უჩვეულოდ სავსე ტრიბუნებით, სევდიანი, ლამაზი დასასრულითა და ულამაზესი ფეიერვერკით...

არანაკლებ ემოციური გამოდგა ირაკლი აბუსერიძის გაცილებაც. ბორჯღალოსანთა ყოფილი კაპიტანი ნაკრებიდან 2013 წლის 9 მარტს, ესპანელ "ლეონესთან" ("ლომები". - ავტ.) მატჩის შემდეგ გააცილეს. 13-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში, "აბუმ" ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი - 85 მატჩი ჩაატარა და გუნდს 39-ჯერ უკაპიტნა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. უთამაშია სამ მსოფლიო თასზე და "ერთა თასის" 12 გათამაშებაში... იმ დღეს ირაკლი აბუსერიძე ნაკრების მაისურით უკანასკნელად ვნახეთ მატჩის შემდგომ, დერეფანში. ეჭვგარეშეა, ეს ყველაზე ემოციური დერეფანი იყო მის კარიერაში. ისიც ნიშანდობლივია, რომ ბოლოჯერ კაპიტანმა სწორედ ლომების დერეფანში გაიარა!

წლის სკანდალები

ქართული სპორტისთვის არც გასულ წელს ჩაუვლია სკანდალების გარეშე. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძისა და ფედერაციის ყოფილი თანამშრომლების კონფლიქტი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხმაურიანი არჩევნები, ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების გამოძევება ცუკუბას უნივერსიტეტიდან, სადაც შეკრებას გადიოდნენ იაპონელებთან ერთად და ა.შ. თუმცა, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მაინც ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუს მოჰყვა: საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ინტერვიუში თქვა, რომ თემურ ქეცბაია ნაკრების ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს... დედას აგინებს! მართალია, ვეტერანი მცველისთვის მხარი ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს არ აუბამს, მაგრამ კონფლიქტი სერიალივით, ურთიერთბრალდების რეჟიმში გაგრძელდა.

იმედი

ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატებაზე უკვე ვთქვით. გაგვახარა საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმაც, რომელმაც ევროპის ჩემპიონი გახდა. თუმცა, ამ სახეობებში წარმატებას ისედაც მიჩვეული ვართ. აი, გამარჯვებებს დანატრებული ქართული ფეხბურთის იშვიათი გამონათებები კი ორმაგად გვახარებს. კარგია, რომ ბოლო წლების ტრადიცია ასაკობრივმა საფეხბურთო ნაკრებებმა არც 2013 წელს დაარღვიეს - ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური ქართველმა 17-წლამდელებმაც მოიპოვეს და მათზე ორი წლით უფროსებმაც!