"წლევანდელზე ნაკლებ წელს არც გაისად ველი!"
30-12-2013
"წლევანდელზე ნაკლებ წელს არც გაისად ველი!"
"რუსებთან მაინც განსაკუთრებული მოტივაციით ვჭიდაობთ"

"ზაიზენბახერი მართლაც ცდილობდა, ქართულ სტილს გადავჩვეოდით და კარგია, რომ ვერ მოასწრო!"

"ტელეფონი იმდენ დროს გაკარგვინებს, ვეღარაფრისთვის მოიცლი. ამიტომაც უკვე ექვსი თვეა, მობილურ ტელეფონს აღარ ვიყენებ"

"ფინალში ჭიდაობამ ნახევარფინალის დასრულებიდან ათ(?!) წუთში მომიწია, დაღლილობისგან ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი"


შარშანდლის მსგავსად, 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენის ვინაობაც წინასწარ იყო ცნობილი. ძიუდოისტებმა ბოლოდროინდელი ტრადიცია არ დაარღვიეს და პირველობა არც წელს დათმეს. ოღონდ, თუ 2012-ში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა გაიბრწყინა, გასულმა სეზონმა
მთლიანად საქართველოს ნაკრების ტრიუმფით ჩაიარა და წლის საუკეთესო გუნდის ტიტულიც ალალად დაიმსახურა. შეგახსენებთ, ირაკლი უზნაძის შეგირდები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და ინდივიდუალური მედლებიც საკმარისად მოიხვეჭეს. თუმცა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირად ჩათვლაშიც ისახელა თავი - სხვა პრესტიჟულ ტურნირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამის დასტურად ევროპის ჩემპიონობა და
მსოფლიო პირველობის ვერცხლიც კმარა! 22 წლის ძიუდოისტი წლის საუკეთესო სპორტსმენად ჯერ ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული კვირის ბოლოს კი სპორტის სამინისტრომაც აღიარა. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი "კვირის პალიტრის" სტუმარია:


- ამ აღიარებით ძალიან ბედნიერი ვარ! საკუთარ ქვეყანაში ამდენ უძლიერეს სპორტსმენში გამორჩევა ჩემთვის დიდი პატივია. როცა შრომა გიფასდება, მოტივაციაც გემატება, მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება! ვერ შეგპირდებით, რომ გაისად კიდევ უფრო მაგრად ვიჭიდავებ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, ყოველი მომდევნო წელი ამაზე უკეთესი იყოს!

- შარშან წლის საუკეთესო სპორტსმენად 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი დაასახელეს, წელს - 22 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი... სპორტი ასე ძალიან "გაახალგაზრდავდა"?
- გაახალგაზრდავებისა რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ წარმატებას პატარა ასაკიდანვე მივაღწიეთ. 2010-ში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული დავიმსახურე, თუმცა, მერე ჩავარდნა მქონდა. უფრო სწორად, უფროსებში გადასვლის შემდეგ ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა.

- ახალგაზრდულ ასაკში მოპოვებულ წარმატებას შენარჩუნებაც უნდა. პოპულარობა ხომ არ შეგცვლის?
- როგორიც ხარ, ისეთი უნდა დარჩე. თუ არა და, მხოლოდ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალო, უფრო შრომისმოყვარე და მონდომებული გახდე.

- მწვრთნელი სულ გვაკონტროლებს, რეჟიმს ხომ არ ვარღვევთ, დროზე თუ ვიძინებთ, ტელეფონები თუ გამოვრთეთო - მობილურ ტელეფონს ისევ არ ატარებ?
- არ მჭირდება. უფრო სწორად, ტელეფონი იმდენ დროს გაკარგვინებს, ვეღარაფრისთვის მოიცლი. ამიტომაც უკვე ექვსი თვეა, მობილურ ტელეფონს აღარ ვიყენებ.

- ნაკრების თავკაცი ვახსენეთ. რა არის ირაკლი უზნაძის წარმატებული მუშაობის საიდუმლო?
- ყველანაირად გვიწყობს ხელს. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, შეკრული გუნდი ვართ და რაც მთავარია, მწვრთნელიც და ძიუდოისტებიც ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ.

- პიტერ ზაიზენბახერის დროს კი პირიქით იყო, არა?
- ავსტრიელი დიდი სპორტსმენი იყო, კარგი ვარჯიშებიც ჰქონდა, მაგრამ... დასვენება და სწორი მიდგომა არ იცოდა, რობოტებივით გვიყურებდა: რაც გინდა, გააკეთე, თუ გსურს, ღამე ნუ დაიძინებ, მთავარია, დილით ვარჯიშზე მოხვიდეო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, დაღლილი იყავი თუ ტრავმირებული, მაინც უნდა გევარჯიშა!

- ხშირად ამბობდით, ზაიზენბახერი ცდილობს, ქართული ჭიდაობა დაგვავიწყოსო. საბედნიეროდ, ავსტრიელმა მწვრთნელმა ვერ მოასწრო ამის გაკეთება. ეროვნული ჭიდაობა ჩვენი ძიუდოისტებისთვის მუდამ იყო ერთ-ერთი კოზირი. მით უმეტეს, წესების შეცვლის შემდეგ, როცა ძიუდო კიდევ უფრო მიუახლოვდა ქართულ ჭიდაობას.

- ქართული ჭიდაობის ილეთები ძალიან გვეხმარება. უმეტესად სწორედ ამით გავდივართ ფონს, თუმცა, პიტერის გაკვეთილებიც გამოგვადგა. როცა ორივე სტილს ფლობ, არჩევანის მეტი საშუალება გაქვს. რაც გვასწავლა, ზაიზენბახერს ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ, მაგრამ მართლაც ცდილობდა ქართულ სტილს გადავჩვეოდით და კარგია, რომ ვერ მოასწრო!

- მსოფლიო ჩემპიონობა პირად ჩათვლაშიც შეგეძლო. რა დაგაკლდა ფინალში გამარჯვებამდე?

- ენერგია აღარ შემრჩა. მსოფლიო ჩემპიონატი ახალი სისტემით ჩატარდა, დღეში მხოლოდ თითო წონის წარმომადგენლები ჭიდაობდნენ და ორთაბრძოლები მოკლე შუალედებით იმართებოდა. ფინალში ჭიდაობამ ნახევარფინალის დასრულებიდან ათ(?!) წუთში მომიწია, დაღლილობისგან ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი.

- რა გასაკვირია, ნახევარფინალში ხომ მომქანცველი ორთაბრძოლა გადაიტანე ივან ნიფონტოვთან.

- ტატამზე დაღლილობას არც ერთი არ ვიმჩნევდით, მაგრამ მთელი ენერგია იმ შეხვედრას შევალიეთ. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ნიფონტოვი ძლივს სუნთქავდა, ვეღარ დგებოდა და ბრინჯაოს მედლისთვის საჭიდაოდ არც გასულა. როგორც გითხარით, ფინალში საჭიდაოდ ათიოდე წუთში მიხმეს და ძალის აღდგენა ვეღარ მოვასწარი. არადა, დასვენებისთვის 15-20 წუთით მეტი რომ მქონოდა, ან ლუსიენ პიეტრის მეორე-მესამე წრეში რომ შევხვედროდი, აუცილებლად დავამარცხებდი. აკი მოვუგე კიდეც ორი დღის შემდეგ გუნდურ პირველობაზე.

- 2013 წელს არაერთი გამარჯვება მოიპოვე. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
- რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში! ასეთი სიხარული არც ერთი პირადი ორთაბრძოლის დროს არ განმიცდია. მით უმეტეს, 0:2 ვაგებდით და გამარჯვება მაინც მოვახერხეთ. რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, რუსებთან მაინც განსაკუთრებული მოტივაციით ვჭიდაობთ.

- 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ? დამარცხების უფლება ხომ აღარ გქონდათ.
- ასეთ დროს ნერვიულობა დამღუპველია. არადა, როგორი საქმეა, როცა შენი წაგება მთელი გუნდის დამარცხებას ნიშნავს? თუმცა, ისე ვიყავით შემართული, ჩვენი მაინც გავიტანეთ!

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, თავად თუ დავუშვებ ტაქტიკურ შეცდომას, თორემ დღეს ჩემს წონაში კონკურენტი არ მყავსო. ზედმეტი თავდაჯერებულობა დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევს?

- ამას მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარე არ ვამბობ. ჩემს წონაში თითქმის ყველა ძლიერ ძიუდოისტთან მიჭიდავია, ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით და... მართლაც, რა უნდა მოხდეს, რომელიმესთან რომ წავაგო?! სულ ფორმაში ვერ იქნები, მაგრამ 2013 წელი რომ გავიხსენოთ, მხოლოდ რამდენიმე წაგება მაქვს. არადა, ყველა დიდ ტურნირებზე ვიჭიდავე და უმედლოდ ერთხელაც არ დავრჩენილვარ!

- დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც იჭიდავე თურქული "გალათასარაის" შემადგენლობაში. ქართული კლუბის შექმნას რატომ აღარ დაადგა საშველი?
- როგორც გვითხრეს, 2014 წლიდან ქართული კლუბიც გვექნება და აღარ მოგვიწევს უცხოური კლუბების სახელით ჭიდაობა!

- იანვრის ბოლოს ტიუმენში ახალი ტურნირის პრემიერა იგეგმება - ევროპა აზიის წინააღმდეგ! ევროპის ნაკრებში სამი ქართველი მიგიწვიეს: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი!
- ევროპის ნაკრებში პირველ ნომრებად მიგვიწვიეს, რაც უდიდესი პატივი და ქართული ძიუდოს კიდევ ერთხელ აღიარებაა! დარწმუნებული ვარ, საქართველოს იქაც ვასახელებთ! აზიელებთან იანვრის ბოლოს ვიჭიდავებთ, თებერვლიდან კი ტრადიციული ტურნირები დაიწყება - პარიზის "დიდი სლემი", დიუსელდორფის ტურნირი და ა.შ. წლევანდელზე ნაკლებ წელს არც გაისად ველი!
qizikeli
02 იანვარი 2014 08:43
გენაცვალე ავთოოოო,წელს უფრო უკეთესი შედეგები გვინდააა!!!ლაშაც წელს ალბათ ძველებურ ფორმაში დაგვიბრუნდება,დიდი გამარჯევებები გველის წინ,დიდიიიი
fefe
31 დეკემბერი 2013 10:51
გაიხარე და გამრავლდი! გისურვებ წარმატებებს, რომ მრავალჯერ გაგვახარო ქართველები! ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ!

რედაქტორის რჩევით