"წითელი ბარონის" საბედისწერო ჩაფხუტი - კვირის პალიტრა

"წითელი ბარონის" საბედისწერო ჩაფხუტი

"შუმი" ამ (კ)ომიდანაც გამოვა?

"ექიმებს შუმახერი ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას"

ისევე, როგორც ახალ წელს, მიხაელ შუმახერი დაბადების დღესაც კომაში შეხვდა. ლეგენდარულ გერმანელ ავტომრბოლელს 3 იანვარს 45 წელი შეუსრულდა, ოღონდ... "წითელმა ბარონმა" (შუმახერის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) იუბილე გრენობლის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა! ბედის ირონიით, "ფორმულა 1"-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, რომელიც ტრიუმფალური კარიერის განმავლობაში არაერთი ურთულესი მოსახვევიდან "გამომძვრალა", სიკვდილის არა სარბოლო, არამედ სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ებრძვის... "შუმი" 29 დეკემბერს, საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. გერმანელმა პილოტმა კლდესთან შეჯახებისას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დამცავი ჩაფხუტი ორად გაიპო...

თავის ტვინზე ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, ექიმებს შუმახერი ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას. მედიკოსთა თქმით, სახელგანთქმული ავტომრბოლელის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა ჯერაც კრიტიკულია. დაბეჯითებით არც იმის თქმა შეიძლება, როდის გამოიყვანენ მიხაელს ხელოვნურად შექმნილი კომატოზური მდგომარეობიდან. პროფესორ კელერის თქმით, მსგავსი ტრავმის დროს, ხელოვნური კომიდან გამოყვანა 2-3 კვირაშია რეკომენდებული. თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გახდეს საჭირო, სანამ პაციენტი თვალების გახელას და გარშემომყოფებთან კონტაქტს შეძლებს. ოღონდ, თუ ტვინი სერიოზულად არის დაზიანებული, არც ის არის გამორიცხული, დაშავებული ბოლომდე ვერც გამოფხიზლდეს და ხელოვნურიდან ნამდვილ კომაში გადავიდეს...

გასული კვირის მიწურულს, შუმახერის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა, მედიკოსთა თქმით, გერმანელი პილოტის ტვინის მარცხენა წილში დარჩენილმა ჰემატომამ, შესაძლოა, სხეულის ცალი მხარის დამბლა გამოიწვიოს და თუ ასე მოხდა, მიხაელი ვეღარც ლაპარაკს შეძლებს. თუმცა, წარმატებული სარეაბილიტაციო პროცესის შედეგად, ამ პრობლემების აღმოფხვრაც შესაძლებელია...

მიხაელ შუმახერს ჩაფხუტი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოუხდია. თუმცა, როგორც ჩანს, "ფორმულა 1"-ის უამრავი რეკორდის ავტორს სარბოლო ჩაფხუტებში უფრო უმართლებდა. "წითელ ბარონს" არაერთი ბრძოლა მოუგია და იმედი დავიტოვოთ, ამ (კ)ომიდანაც გამარჯვებული გამოვა! იმედია, ლეგენდარული მრბოლელის სიცოცხლე 45 წლის ასაკში არ დასრულდება და საბედისწერო, სათხილამურო ჩაფხუტის მსგავასად, მისი ცხოვრებაც მხოლოდ ორად გაიყოფა - კომამდე და კომიდან გამოსვლის შემდეგ...