"წითელი ბარონის" საბედისწერო ჩაფხუტი
06-01-2014
"წითელი ბარონის" საბედისწერო ჩაფხუტი
"შუმი" ამ (კ)ომიდანაც გამოვა?

"ექიმებს შუმახერი ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას"


ისევე, როგორც ახალ წელს, მიხაელ შუმახერი დაბადების დღესაც კომაში შეხვდა. ლეგენდარულ გერმანელ ავტომრბოლელს 3 იანვარს 45 წელი შეუსრულდა, ოღონდ... "წითელმა ბარონმა" (შუმახერის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) იუბილე გრენობლის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა! ბედის ირონიით, "ფორმულა 1"-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, რომელიც ტრიუმფალური კარიერის განმავლობაში არაერთი ურთულესი მოსახვევიდან "გამომძვრალა", სიკვდილის არა სარბოლო, არამედ სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ
ებრძვის... "შუმი" 29 დეკემბერს, საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. გერმანელმა პილოტმა კლდესთან შეჯახებისას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დამცავი ჩაფხუტი ორად გაიპო...

თავის ტვინზე ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, ექიმებს შუმახერი ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას. მედიკოსთა
თქმით, სახელგანთქმული ავტომრბოლელის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა ჯერაც კრიტიკულია. დაბეჯითებით არც იმის თქმა შეიძლება, როდის გამოიყვანენ მიხაელს ხელოვნურად შექმნილი კომატოზური მდგომარეობიდან. პროფესორ კელერის თქმით, მსგავსი ტრავმის დროს, ხელოვნური კომიდან გამოყვანა 2-3 კვირაშია რეკომენდებული. თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გახდეს საჭირო, სანამ პაციენტი თვალების გახელას და გარშემომყოფებთან კონტაქტს შეძლებს. ოღონდ, თუ ტვინი სერიოზულად არის დაზიანებული, არც ის არის გამორიცხული, დაშავებული ბოლომდე ვერც გამოფხიზლდეს და ხელოვნურიდან ნამდვილ კომაში გადავიდეს...

გასული კვირის მიწურულს, შუმახერის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა, მედიკოსთა თქმით, გერმანელი პილოტის ტვინის მარცხენა წილში დარჩენილმა ჰემატომამ, შესაძლოა, სხეულის ცალი მხარის დამბლა გამოიწვიოს და თუ ასე მოხდა, მიხაელი ვეღარც ლაპარაკს შეძლებს. თუმცა, წარმატებული სარეაბილიტაციო პროცესის შედეგად, ამ პრობლემების აღმოფხვრაც შესაძლებელია...

მიხაელ შუმახერს ჩაფხუტი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოუხდია. თუმცა, როგორც ჩანს, "ფორმულა 1"-ის უამრავი რეკორდის ავტორს სარბოლო ჩაფხუტებში უფრო უმართლებდა. "წითელ ბარონს" არაერთი ბრძოლა მოუგია და იმედი დავიტოვოთ, ამ (კ)ომიდანაც გამარჯვებული გამოვა! იმედია, ლეგენდარული მრბოლელის სიცოცხლე 45 წლის ასაკში არ დასრულდება და საბედისწერო, სათხილამურო ჩაფხუტის მსგავასად, მისი ცხოვრებაც მხოლოდ ორად გაიყოფა - კომამდე და კომიდან გამოსვლის შემდეგ...
kexiani
10 იანვარი 2014 00:43
უშიშარი და უძლიერესი ფორმულა-1 ამ სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილშიც გაიმარჯვეს,უფალი არ გაწირავს.
JimUK
09 იანვარი 2014 15:25
გფარავდეს ღმერთი და შენი მფარველ-ანგელოზები მიხაელ შუმახერო, მშვენიერო და ძლიერო ადამიანო!!! არ აქვს მნიშვნელობა რა კარმა-ბედის გამო, შენი პერსონალური, ოჯახის, კლანის, ჯიშის, ქვეყნის, თუ უფრო მეტად გამჩენი ჩვენ გვსჯის ყველას ერთად თუ ცალკეულად აღებულ ადამიანს თვით კაცობრიობის ცოდვების გამო, რომელსაც ხშირად ცალკე აღებული პიროვნება არ იმსახურებს (ცუნამი, მიწისძვრები, და სხვა კატაკლიზმები მეტი არაფერი არ არის ვიდრე ჩვენი უგნური მიდგომა ერთმანეთისადმი და თავად ამ კოპწია, მშვენიერი პლანეტისადმი...), და ამ შემთხვევაშიც მე პირადად მსურს მჯერავდეს, რომ მ. შუმახერი ამ ცოდვილი სამყაროს მსხვერპლია, რომელიც ჯერ ვერ იღვიძებს თუ არ აპირებს გამოღვიძებას, და რომელიც ვერ აცნობიერებს, თუ რატომ წაგვართმევს ხოლმე უფალი ღმერთი ხშირად ყველაზე ლამაზს და მშვენიერს?... ალბათ დიადი ჩვენ გვსჯის!... მიხაელის სხვა სიცოცხლეების არ ვიცით, და იმედია წარსულ სიცოცხლეთა - კარმის გამო არ დასჯილა -:), მაგრამ ამ სიცოცხლეში დიდი და გამოჩენილი პიროვნებაა, და სულ ცოტა ავტო-რბოლის მეფეა ეს ადამიანი (ვფიქრობ, რომ ბევრი კეთილი საქმეებიც უნდა ქონდეს გაკეთებული მის სიცოცხლეში, და თუ ვინმემ იცის კონკრეტული ფაქტები შეახსენეთ ღმერთს, ალაბათ გუგულ-საძიებელში იქნება მისი მეცენატობის ამბები). ჩვენ ყველა გლოცავთ და ვლოცულობთ შენზე მეგობარო, როგორც ერთ-ერთი ჩვენთაგანი, და შენ ახლა ყველაზე მეტად გჭირდება ეს უკანასკნელი - ცვენი სუფთა გულების ლოცვა! დარწმუნეული ვარ დიადი გაიგონებს და დაგიცავს, და თუ საპატიებელია?! იმასაც გაპატიებს! იცოცხლე დიდხანს და ჯანმრთელ მდგომარეობაში!!! თუნდაც იყოს ეს სუფთა ენერგიის და გულის გზავნილი მთლიანად საქრთველოსი, და უფრო მეტიც ამ პატარა პლანეტის ვედრება - თავად ყველა ჩვენთაგანის და ჩვენი დიდი ღმერთისთვის გასაგონი, რომ გადაგარჩინოს და გამოგიყვანოს სამშვიდობოზო! ჩემი ნება, რომ იყოს, ჩემი სიცოცხლის ერთ ჯანმრთელ დღეს გაჩუქებდი დღესვე. გეხვევით ჯიგარო თბილი გულით და სულით, ჯ.ლ.მ.

რედაქტორის რჩევით