შავი პანტ-ერის დასასრული
13-01-2014
შავი პანტ-ერის დასასრული
ფეხბურთს შავი მარგალიტი მოაკლდა

ფეხბურთისთვის წელი ცუდად დაიწყო - 71 წლის ასაკში ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელი ეუსებიო გარდაიცვალა

"შავი პანტერა", "შავი მარგალიტი", "მეფე"... სამივე ეს მეტსახელი ეუსებიო და სილვა ფერეირას ეკუთვნის. ეს მაშინ, როცა "ფეხბურთის მეფე" პელეც კი მხოლოდ ერთი (თუმცა კი - ყველაფრის მთქმელი) თიკუნით კმაყოფილდება! ეუსებიო არ ყოფილა პელეს დარი თავდამსხმელი, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ ბევრით არც ჩამორჩებოდა ორიოდე წლით უფროს ბრაზილიელს. ყოველ შემთხვევაში, იმ წლებში პელეს შემდეგ მეორე
ნამდვილად იყო!


სხვათა შორის, ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს ბავშვობაში სწორედ "პელეს" ეძახდნენ! 11 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ლოურენსუ-მარკიშის ქუჩებში ძველი წინდებითა და გაზეთებით გაკეთებული "ბურთის" დევნას შეეშვა და ტყავის ბურთს გაუგო გემო, პატარა ეუსებიომ და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო გუნდი შექმნეს. გუნდს  Oს Bრასილეიროს
-ს (პორტ. "ბრაზილიელები" - ავტ.) ეძახდნენ, ბიჭუნები კი იმ წლების სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელების სახელებით თამაშობდნენ. 1958 წლის მუნდიალის შემდეგ ეუსებიოს "პელე" უწოდეს...
მოგვიანებით ეუსებიო ლისაბონის "სპორტინგის" ფარმ-კლუბში აღმოჩნდა, მომდევნო 15 წელი კი "სპორტინგის" მოსისხლე მტრის, ლისაბონის "ბენფიკას" მაისურით ითამაშა!

ეუსებიო და სილვა ფერეირამ თავისი ერა შექმნა ლისაბონის "ბენფიკაშიც" (301 მატჩში 317 (!) ბურთი გაიტანა), პორტუგალიის ნაკრებშიც (64 მატჩში 41 გოლი) და მსოფლიო ფეხბურთშიც...
15 სეზონის განმავლობაში "ბენფიკასთან" ერთად 11-ჯერ მოიპოვა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული, 5-ჯერ აღმართა ქვეყნის თასი, 7-ჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია!  გარდა ამისა, ზედიზედ ორჯერ (1961-1962 წლებში) ეუსებიომ ჩემპიონთა თასი მოიგო, სამჯერ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც დაისაკუთრა.
1965 წელს პორტუგალიელმა "ოქროს ბურთიც" მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინა - ინგლისში გამართულ მუნდიალზე "შავი პანტერა" 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, პორტუგალიის ნაკრებმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში...

წლების განმავლობაში ეუსებიოს ეკუთვნოდა ნაკრების რეკორდიც: 41 გოლი 64 მატჩში! რამდენიმე წელია, რაც ლეგენდარული ფორვარდის მიღწევა პედრო პაულეტამ და კრიშტიანუ რონალდუმ (47-47 ბურთი) გააუმჯობესეს. ასეა, როცა კარიერას დაასრულებს, თურმე, პანტერასაც შეიძლება გაასწრო...
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ "შავი მარგალიტის" კიდევ ერთხელ "საპოვნელად" მაყურებელი ყველანაირ ამინდში მიდიოდა სტადიონზე და მოზამბიკში დაბადებულ "პანტერასაც" არასოდეს გაუწბილებია ქომაგი, მეტსახელს ამართლებდა, ავაზასავით უსხლტებოდა მოწინააღმდეგეს და მეკარეების მიმართაც ველურ კატასავით დაუნდობელი იყო... 

მარგალიტების მოძებნა მსოფლიო ფეხბურთში ახლაც შეიძლება, ოღონდ, "შავ მარგალიტს" ხიბლიც სხვანაირი ჰქონდა და ბრწყინვალებაც...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით