რა უთხრა ეუსებიომ ხურცილავას... - კვირის პალიტრა

რა უთხრა ეუსებიომ ხურცილავას...

"ეუსებიომ ხურცილავას უთხრა: არც შენ ხარ რუსი და არც მე პორტუგალიელი,  ორივენი ბედკრული სამეგრელოს შვილები ვართო"

"იმ წლებში "შავი პანტერა" მხოლოდ პელეს ჩამოუვარდებოდა"

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი მურთაზ ხურცილავა 5 იანვარს 71 წლის გახდა. თუმცა, უამრავი თბილი სიტყვის გარდა, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა იუბილეზე სამწუხარო ამბავიც მოისმინა - სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელი ეუსებიო... მურთაზ ხურცილავას ორჯერ უთამაშია "შავი პანტერის" (ეუსებიოს ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) წინააღმდეგ. ამიტომ ინტერვიუ სახელგანთქმულ პორტუგალიელზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- მის წინააღმდეგ პირველად 1966 წელს, ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, როცა მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიელებთან 1:2 დავმარცხდით. ეუსებიო იმ მუნდიალის გამორჩეული მოთამაშე იყო და "შავი პანტერაც" მაშინ შეარქვეს. მიმაჩნია, რომ იმ წლებში პორტუგალიელი თავდამსხმელი მხოლოდ "ფეხბურთის მეფეს"

- პელეს თუ ჩამოუვარდებოდა. მაღალი დონის ფეხბურთელისთვის საჭირო ყველა თვისება ჰქონდა: სისწრაფე, ტექნიკა, საფეხბურთო აზროვნება, ზუსტი დარტყმა... მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული.

- ალბათ, პორტუგალიელებთან წაგებული მატჩი არც ის კარგად გახსენდებათ...

- ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ვიცოდი, რომ პერსონალურად უნდა მეთამაშა ეუსებიოს წინააღმდეგ და მატჩს მოუთმენლად ველოდი. თუმცა, თამაშის დღეს ნიკოლაი მოროზოვმა გადაწყვეტილება შეცვალა, თავით სხვა მცველებზე უკეთ თამაშობო და ტანმაღალი ტორესის მეურვეობა დამავალა. ამგვარად, "შავი პანტერის" წინააღმდეგ პერსონალურად აღარ მითამაშია, მაგრამ მოგვიანებით, მაინც გავრცელდა ანეკდოტად: ეუსებიომ ხურცილავას უთხრა: არც შენ ხარ რუსი და არც მე პორტუგალიელი (ეუსებიო და სილვა ფერეირა წარმოშობით მოზამბიკიდან გახლდათ. - ავტ.), ორივენი ბედკრული სამეგრელოს შვილები ვართო (იცინის).

- მატჩის წინა დღით ნანახი სიზმარი მართლაც აგიხდათ?

- დიახ. თამაშის დღეს ჟორა სიჭინავას ვუთხარი, გუშინ სიზმარში ვნახე, საჯარიმოში ხელით ვითამაშე-მეთქი... მართლაც, ტორესთან ორთაბრძოლისას ბურთი ხელზე მომხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა! ტორესი ყოფილი კალათბურთელი, თითქმის ორი მეტრი სიმაღლის თავდამსხმელი გახლდათ, მაგრამ რამდენჯერმე მაინც დავჯაბნე თავით თამაშში! ის პენალტი კი ისე განვიცადე, მეორე ტაიმში მოედნისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, ქართველმა ფეხბურთელებმა და ლევ იაშინმა ძლივს დამაწყნარეს... ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა მესამე ადგილისთვის მატჩს არასერიოზულად მიუდგა და რამდენიმე სათადარიგო ფეხბურთელი ათამაშა, რადგან მეოთხე ადგილი იმ დროს ბრინჯაოს მედლის ტოლფასად მიიჩნეოდა. მეორედ ეუსებიოს წინააღმდეგ მოსკოვში, ლევ იაშინის გაცილების მატჩში ვითამაშე.

- მაშინდელი და ამჟამინდელი ფეხბურთი ძალიან განსხვავდება?

- წინათ ყველა გუნდში იყო რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ, დღეს კი... გულშემატკივარი კონკრეტული ფეხბურთელების სანახავად მიდიოდა სტადიონზე. როგორც თეატრში მიდიან კარგი მსახიობების სანახავად, ასეა ფეხბურთშიც - მაყურებელი სტადიონზე მოთამაშემ უნდა მიიყვანოს! ასეთ ვითარებაში კი ვინ მოვა?! წინათ ფეხბურთი უფრო სანახაობრივი იყო, რადგან გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ. ჩვენს დროს მთავარი პრობლემა ბილეთის შოვნა იყო. ხალხი რიგში ათენებდა, მესხის, მეტრეველის, იამანიძის, დათუნაშვილის, ბარქაიას, კოტრიკაძის, ჩოხელის, სიჭინავას თამაში რომ ენახა.

- მაშინ სტადიონზე მაყურებლის დატევა იყო პრობლემა, ახლა - მოყვანა...

- ვერც მოიყვან, სანამ ფეხბურთი არ გექნება! თავად მოთამაშეებისთვისაც დამთრგუნველია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში. გულშემატკივარი სტიმულს გაძლევს, სხვანაირად გადიხარ სათამაშოდ... თუმცა, გამორჩეული მოთამაშეების პრობლემა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში არ არის. ამდენი წელიწადია, სულ ერთი და იგივე გვარები არ გვესმის?! მესი-რონალდუ, მესი-რონალდუ...

- აღარ არიან საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელები?

- ამ კითხვას ჩემზე უკეთ სტადიონების ცარიელი ტრიბუნები პასუხობენ! მოთამაშეთა ოჯახის წევრებისა და ნათესავების მეტს რომ ვერავის ნახავ ტრიბუნაზე, რაღაზეა ლაპარაკი?! წინათ ყველაფერი ქუჩის ფეხბურთით იწყებოდა. "დინამოში" ისე მოვხვდი, მწვრთნელი არც მენახა და არც ვიცოდი, რას ნიშნავდა (იცინის). ახლა უამრავი საფეხბურთო სკოლაა გახსნილი, მაგრამ 10 წლის ბავშვს მეტოქის მოტყუებას რომ აუკრძალავ და "ერთი შეხებით თამაშს" მოსთხოვ, რა გაიზრდება მისგან? ბავშვთა მწვრთნელების მხრივაც ცუდი მდგომარეობაა. მწვრთნელს ჯერ პირობა უნდა შეუქმნა და მერე მოსთხოვო. თუ სახელმწიფო არ დაეხმარა ფეხბურთს, დღეს რაც გვაქვს, მალე ისიც აღარ გვექნება! არადა, საქართველოში ფეხბურთი ძველებურად უყვართ. ნაკრები რომელიმე ძლიერ გუნდთან 0:0 ითამაშებს და მომდევნო მატჩში ტრიბუნები თითქმის ბოლომდე ივსება ხოლმე...

- ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელების დაპირისპირებაზე რას იტყვით?

- ფეხბურთელის საქმე თამაშია და არა მწვრთნელის სიტყვებზე გამოკიდება. ნაკრებში შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ქეცბაიასთვის ხომ არა?! მოედანზე გადი და დაამტკიცე, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ხარ! ყველა ქართველს ძირითადში თამაში უნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში 11-ზე მეტი ადგილი რომ არ არის?! ქეცბაია ემოციური კაცია და, ბუნებრივია, განიცდის, როცა მისი შეგირდები შეცდომას უშვებენ, ან საგოლე ეპიზოდს ვერ იყენებენ, მაგრამ არა მგონია, ფეხბურთელებს აგინებდეს. ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალეთ და კარგად ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცობა რთული საქმეა.

- "დინამოში" 15 წელიწადი ვითამაშე და არ მახსოვს, რომელიმე ფეხბურთელს ფულზე დაეწუწუნოსო. მართალია?

- რაც იმ 15 წლის განმავლობაში ამიღია, ახლანდელი ფეხბურთელები ერთ კვირაში იღებენ, მაგრამ თანაგუნდელებისგან ერთხელაც არ გამიგია, ვინმეს ფული ეხსენებინოს. მხოლოდ გულშემატკივრებზე ვლაპარაკობდით - ტრიბუნები გადაჭედილი იქნება და ქომაგები არ გავაწბილოთო. ის რა ხელფასი იყო, მაგრამ ხალხისგან უზომო სიყვარულს ვგრძნობდით და ამით ვიყავით კმაყოფილი...

- ახლა მთავარი ფული გახდა. ისეთი მოთამაშეც ბევრია, მთავარია, მსუყე ხელფასი აიღონ და სულაც არ ანაღვლებთ, ითამაშებენ თუ არა...

- უნდა ჰქონდეთ კიდეც ფეხბურთელებს კარგი პირობები. აბა, ის არის კარგი, ქართული კლუბების უმეტესობა სულს რომ ღაფავს?! მაგრამ თუ მხოლოდ ხელფასი გაკმაყოფილებს, დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებ! ფეხბურთელობა თუ გინდა, თვეობითა და წლობით უნდა მოემზადო, უარი ბევრ რაღაცაზე თქვა... ეროვნული პირველობის მატჩებს ხშირად ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ ფეხბურთელების უმეტესობა ყოველწლიურად განიცდის რეგრესს. არადა, პირიქით უნდა იყოს...

- თუ ფეხბურთელები არა გვყავს, ქეცბაიას რაღას ვერჩით?

- მხოლოდ ქეცბაიას კი არა, სფფ-ის პრეზიდენტის კრიტიკაც მოდად იქცა. არადა, რაც ზვიად სიჭინავამ გააკეთა, იმდენი არც ერთ მის წინამორბედს არ გაუკეთებია. ქართული გუნდები ცუდად რომ თამაშობენ, ფედერაციის პრეზიდენტის ბრალია?! კლუბების უმეტესობა კერძოა და პატრონი ყველას ჰყავს, თავის მოვალეობას კი სიჭინავა ხუთიანზე ასრულებს!

- ზვიად სიჭინავა არჩეული არ არის, დანიშნულიაო, ამბობენ მისი ოპონენტები.

- რას ჰქვია დანიშნული?! ზვიად სიჭინავას არც ვიცნობდი, მაგრამ როცა ზუგდიდში მისი გაკეთებული საფეხბურთო სკოლა ვნახე, დაუფიქრებლად მივეცი ხმა. რატომ ვართ დაუნახავები, რატომ არ გვიყვარს საქმის გამკეთებელი ხალხი?! სიჭინავა ფედერაციაში რომ მოვიდა, 18 მილიონი ვალი დაახვედრეს, აგური აგურზე არ იყო დადებული. დღეს კი... მოდით და ნახეთ, რამდენი გააკეთა ამ კაცმა. ფეხბურთი არ ესმისო, არც ჟოაო აველანჟი ყოფილა ფეხბურთელი, მაგრამ არ იყო ფიფას წარმატებული პრეზიდენტი?! ნუთუ ასე სასწრაფოა სიჭინავას გადადგომა? არჩევნების დროს რატომ არავინ ამბობდა, არასწორად არის არჩეულიო? ძალიანაც სწორად აირჩიეს, იქ არ ვიყავი?!

- დეპუტატობაზე რატომ თქვით უარი?

- ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ და არც დეპუტატობაა ჩემი თვითმიზანი. ხალხს ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა უყვარს, არ მინდა ვინმემ და მით უმეტეს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იფიქროს, თითქოს მის გვერდით დეპუტატის მანდატის ხელში ჩასაგდებად ვიდექი.