ქართველი ტორერო სან დიეგოდან - კვირის პალიტრა

ქართველი ტორერო სან დიეგოდან

რაც უნდა ძლიერი მოთამაშე იყო,  თუ კარგად არ სწავლობ, თამაშის უფლებას არ მოგცემენ!

დუდა სანაძისთვის წელი კარგად დაიწყო. NCAA-ს (აშშ-ის კოლეჯების ლიგა) უმაღლესი დივიზიონის კლუბ "სან დიეგო ტორეროსის" და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 21 წლის უკანახაზელი თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და პირად სტატისტიკასაც ლამის ყოველ მატჩში აუმჯობესებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი სნაიპერის, გია სანაძის ვაჟმა ამერიკულ კარიერაში ყველაზე მეტი - 22 ქულა "ლოიოლასთან" შეხვედრაში მიითვალა, მომდევნო ტურში, "სანტა კლარასთან" მატჩში კი სულაც 25 ქულას მოუყარა თავი! დუდა სანაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მოთამაშეთაგან, საქართველოს ნაკრების მომავლად რომ მიიჩნევიან და უმცროსმა სანაძემ ეს გასულ ზაფხულს, ევრობასკეტზეც დაამტკიცა, როცა ესპანეთის ნაკრებს შვიდი ქულა ჩაუგდო. სან დიეგოს ქართველ "ტორეროსთან" საუბარი მისთვის სარეკორდო ბოლო მატჩებით დავიწყეთ:

- მწვრთნელის მიერ სათამაშო ტაქტიკის შეცვლამ აშკარად გაამართლა, თანაგუნდელებიც მეტად მენდობიან და ხშირ შემთხვევაში შეტევა "ჩემზეა აწყობილი". ამის დამსახურებაა, გაცილებით შედეგიანად რომ ვთამაშობ. რეკორდებს რაც შეეხება, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მთავარი გამარჯვებაა, თორემ თუ ვერ იგებ, შენი ქულები არავის აინტერესებს! ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯები.

- აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში ასე შედეგიანად თამაში ევროპელებისთვის ადვილი არ არის. იოლად მიეჩვიე?

- თანაგუნდელები სულ მაგულიანებენ - უფრო აგრესიული იყავიო და ვცდილობ, არ გავაწბილო (იცინის). "სან დიეგოს" ჰყავს ჩინებული გამთამაშებელი, რომელიც პასებით მამარაგებს, მე კი ჩემს საქმეს ვასრულებ. ოღონდ, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ჯერ არა ვარ - მეტი შემიძლია!

- კოლეჯების ლიგიდან NBA-ს დრაფტამდე ერთი ნაბიჯია. როდის ვნახავთ დუდა სანაძეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში?

- ამ ლიგიდან მართლაც ბევრი კალათბურთელი მიდის  NBA-ში, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. თანაც, სტუდენტურ ლიგაში თამაში კიდევ სამი წლის განმავლობაში შემიძლია და NBA-ზე ჯერ არ ვფიქრობ.

- მოთამაშეთა კლასს თუ არ ჩავთვლით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისგან NCAA სპეციფიკით დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. ასეა?

- სტუდენტურ ლიგაში ბევრს მოძრაობენ და ძალიან სწრაფად თამაშობენ. კალათბურთელთა უმეტესობა ათლეტურია, რაც მათთან თამაშს განსაკუთრებულად ართულებს. ლიგასთან კი არა, თავდაპირველად, ქვეყანასთან შეგუებაც გამიჭირდა, მაგრამ მალევე მივეჩვიე. საკვების გარდა, ყველაზე მეტად საათობრივ ცვლილებასთან შეგუება გამიჭირდა - სან დიეგოს და საქართველოს შორის დროში სხვაობა ხომ ზუსტად 12 საათია!

- აშშ-ში გამგზავრებამდე, საქართველოს ჩემპიონატში გქონდა ნათამაშები. ამის გამო პროფესიონალ მოთამაშედ ითვლები და შარშან ამის გამო არ მოგცეს კოლეჯების ლიგაში თამაშის უფლება. უთამაშებლად ყოფნა არ გაგიჭირდა?

- მოუთმენლად ველოდი, როდის მომცემდნენ თამაშის უფლებას. ბოლოს, უკვე აღარ შემეძლო კალათბურთის სათადარიგოთა სკამიდან ყურება... თუმცა ის თვეები ნაყოფიერად გამოვიყენე და ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობდი.

- მართალია, რომ სტუდენტურ ლიგაში გაუნათლებელი მოთამაშეები არ სჭირდებათ?

- თუ კარგად არ სწავლობ, რაც უნდა ძლიერი მოთამაშე იყო, სანამ ნიშნებს არ გამოასწორებ, თამაშის უფლებას არ მოგცემენ! მე რაც შემეხება, სან დიეგოს უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ. რაკი თამაშის უფლებას მაძლევენ, ე.ი. კოლეჯის ხელმძღვანელობა ჩემი სწავლითაც კმაყოფილია (იცინის).

- სხვადასხვა ქალაქში კი ცხოვრობთ, მაგრამ მაინც გკითხავ: ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას ნახვას თუ ახერხებ?

- ერთმანეთთან საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებს და მათ ნახვას ვერ ვახერხებ, მაგრამ კონტაქტი სულ გვაქვს.

- კოლეჯების ლიგაში ბევრი არ იქნება ისეთი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონატზე რომ უთამაშია... ამერიკის "დაპყრობაში" ევრობასკეტზე მიღებული გამოცდილებაც ხომ გეხმარება?

- რა თქმა უნდა. სწორედ სლოვენიაში მივიღე ძალიან ფასეული გამოცდილება, რომელიც პროგრესში აუცილებლად დამეხმარება. ვწუხვარ, რომ არ გაგვიმართლა და ჯგუფიდან ვერ გავედით, მაგრამ ამის შანსი კიდევ გვექნება!

- ესპანელებთან შეხვედრა განსაკუთრებულად გეხსომება - ევრობასკეტზე ყველაზე დიდხანს სწორედ იმ მატჩში ითამაშე და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს 7 ქულაც ჩაუგდე!

- ესპანეთის ნაკრებთან მატჩზე ფიქრი ერთი წლით ადრე დავიწყე, რადგან ძალიან მინდოდა მათ წინააღმდეგ თამაში! დიდი მადლობა იგორ კოკოშკოვს, თამაშის შესაძლებლობა რომ მომცა!

- იმ მატჩში თავის გამოჩენის შანსი სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებსაც ჰქონდათ. არ სჯობდა, მხოლოდ ბოლო ტურში კი არა, მწვრთნელი სხვა შეხვედრებშიც ასე მოქცეულიყო?

- მწვრთნელია და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებს. მე კი მოთამაშე ვარ და ის უნდა შევასრულო, რასაც დამავალებენ!

თუნდაც 5 წამით შევიდე მოედანზე, თამაშში სულს და გულს ჩავდებ და ბოლომდე დავიხარჯები - ეს ხომ საქართველოს ნაკრებია!

- "სან დიეგოში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშობ. ფეხბურთში ეს გამთამაშებლების ნომერია...

- ყველაზე მეტად #7 მინდოდა, მაგრამ აშშ-ში ნომრებზე გარკვეული შეზღუდვებია და შვიდიანი არ შემხვდა... 10 ნომერი კი ჩემი საყვარელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის "ხათრით" ავიღე - აშშ-ის ნაკრებში ხომ კობი სწორედ ამ ნომრით თამაშობდა, თანაც, რაღაცნაირად "ევროპული" ნომერიც არის (იცინის).

- როგორ აგებინებ ხოლმე ამერიკელებს, ჯორჯიის შტატიდან კი არა, საქართველოდან რომ ხარ?

- ჰო, ახსნა ნამდვილად მჭირდება ხოლმე, ბევრმა არც იცის, საქართველო სად არის (იცინის). ვეუბნები, რომ ევროპაშია და თუ მაინც ვერ გავაგებინე, ფაჩულიას ვახსენებ ხოლმე. ზაზას აქ ყველა იცნობს.