"ნაკრებში გოლები რომ გამქონდა, მაშინაც ნალჩიკში არ ვთამაშობდი?!" - კვირის პალიტრა

"ნაკრებში გოლები რომ გამქონდა, მაშინაც ნალჩიკში არ ვთამაშობდი?!"

"მთავარი პრობლემა? ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობს, მაგრამ გოლი ვერ გააქვს!"

როცა მათამაშებდა, სულ გოლები გამქონდა და მეტი რა უნდა გამეკეთებინა?!

დიდი ხანია, დავით სირაძე საქართველოს ნაკრებში აღარ გამოჩენილა. არადა, ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას დანიშვნის პირველ წელს, როცა ნაკრებს ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, სწორედ სირაძე გახლდათ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი... 32 წლის თავდამსხმელს ახლა არც კლუბში ულხინს: იანვრის დასაწყისში რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარმა ნალჩიკის "სპარტაკმა", რომლის ღირსებასაც დავით სირაძის გარდა, გუჯა რუხაიაც იცავს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და დაზუსტებით ჯერაც უცნობია, ჩაამთავრებს თუ არა სეზონს. დავით სირაძეს ნალჩიკში შევეხმიანეთ და კლუბის გარდა, საქართველოს ნაკრებზეც ველაპარაკეთ.

- გუნდს ყაბარდო-ბალყარეთის მთავრობა აფინანსებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გადადგა, "სპარტაკი" უპატრონოდ დარჩა. შოკირებული ვიყავით, როცა სპორტის მინისტრმა გამოგვიცხადა, დიდი მადლობა, მაგრამ გუნდი გაკოტრდა და დავალიანების გადახდა არ შეგვიძლიაო... მას მერე, რაც გულშემატკივრებმა ლამის აქციები მოაწყვეს - 80-წლიანი ისტორიის მქონე კლუბის ერთი ხელის მოსმით გაკოტრება როგორ შეიძლებაო, რამდენიმე სპონსორი გამოჩნდა. გვპირდებიან, რომ კლუბი ჩემპიონატს ჩაამთავრებს, მაგრამ საბოლოო პასუხს რამდენიმე დღეში მივიღებთ. ამჟამად კი მხოლოდ ის ვიცით, რომ კონტრაქტის ბოლომდე, ანუ მაისამდე, მეც და გუჯა რუხაიასაც გუნდში გვტოვებენ.

- მოთამაშეებს დავალიანებასაც გაუსტუმრებენ?

- დათმობაზე წავედით და დავალიანების ნახევრის მიღებაზე დავთანხმდით. დაგვპირდნენ, ეტაპობრივად გაგისტუმრებთო. ცუდი ის არის, რომ შეკრება უკვე ყველა კლუბმა დაიწყო, ჩვენ კი ჯერაც გაურკვევლობაში ვართ. მხოლოდ ნალჩიკში ვარჯიშით რა გამოვა?!

- რუსულ ფეხბურთში დიდი ფული კი ჩაიდო, მაგრამ, როგორც ჩანს, პირველი დივიზიონის კლუბებს მაინც უჭირთ.

- პირველ დივიზიონში ფინანსური პრობლემა მართლაც ბევრ კლუბს აქვს. ხშირად სამი-ოთხი თვის დაგვიანებითაც კი გასცემენ ხელფასს. ბოლო წლებში პირველი ლიგის კლუბებში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კონტრაქტები იყო და შესაძლოა, ფინანსური პრობლემები ამის ბრალიცაა. კლუბების მეპატრონეები არც მალავენ, უწინდელივით ხელფასს ნუღარ ელითო!

- იმედია, "სპარტაკი" არ დაიშლება, მაგრამ თუ ფინანსები ვერ გამოინახა, რას აპირებ?

- როცა გავიგეთ, რომ გუნდი დაშლის პირას იყო, ყველამ დაიწყო ახალი ვარიანტების ძებნა. შემოთავაზებები მეც მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მირჩევნია, სეზონი ნალჩიკში ჩავამთავრო. ასე მოულოდნელად წასვლაც ძნელია და ახალი კლუბის მოძებნაც.

- ამ სეზონში შედეგიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნი. ეს რას დავაბრალოთ?

- თავდამსხმელად, ძირითადად, ნაკრებში მათამაშებდნენ ხოლმე, თორემ კლუბში გამოკვეთილი ფორვარდი არასდროს ვყოფილვარ, არც 10-15 გოლი გამიტანია სეზონში. უმეტესად მესამე ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციებს ვასრულებ ხოლმე და 3-4 ბურთი მაინც გამაქვს. ასე რომ, ვერ დაგეთანხმებით, თითქოს გოლების გატანას მოვუკელი (იცინის). მერე რა, რომ 32 წლის ვარ? ჯერჯერობით, არც ჯანმრთელობას ვუჩივი და არც გამძლეობას!

- გახსოვს კი, რომელ პოზიციაზე თამაშობდი ნაკრებში? დიდი ხანია, ეროვნულ გუნდში აღარ გამოჩენილხარ.

- ნაკრებიდან ასე უსიტყვოდ ჩამოშორებამ ძალიან მატკინა გული. არადა, ნაკრებში ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის ვაკეთებდი, შედეგიც მქონდა. ქეცბაიასთან ნაჩხუბარი რომ ვყოფილიყავი ან გამოძახება არ დამემსახურებინა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ... თემურის დანიშვნის შემდეგ ოთხი ბურთი გავიტანე, როცა მათამაშებდა, სულ გოლები გამქონდა და მეტი რა უნდა გამეკეთებინა?! თავადაც ფეხბურთელი იყო და არ ეწყინებოდა, ასე რომ მოჰქცეოდნენ? ხმა არავის ამოუღია, ჟურნალისტებს მაინც ხომ უნდა ეკითხათ მიზეზი?

- ყენია, გოგუა ან სირაძე მადრიდის "რეალში" თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთო?!

- რა შუაშია "რეალში" თამაში? გამოდის, ამიტომ არ მიწვევდნენ, რუსეთის პირველ ლიგაში რომ ვთამაშობ? ნაკრებში გოლები რომ გამქონდა, კლუბში ბომბარდირი ვიყავი თუ მაშინ ნალჩიკის "სპარტაკში" არ ვთამაშობდი?! კლუბში რომ არ ათამაშებენ, ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს იწვევენ ხოლმე, მე კი სულ ვთამაშობ და ფორმაშიც ვარ. ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველ სეზონში ოთხი გოლი შევაგდე, ბოლო შესარჩევში კი ნაკრებმა მხოლოდ სამი ბურთი გაიტანა! ჩემი კლუბი პრემიერ-ლიგიდან რომ გავარდა, ამის გამო თუ არ მიძახებს, მითხრას... როცა შევხვდები, ნაკრების მწვრთნელს პირადადაც ვეტყვი, რატომ ვარ ნაწყენი, ტელეფონით ხომ არ დავუწყებ ახსნას? ნაკრებში უგულოდ არასდროს მითამაშია, არც ჩამოსვლაზე მითქვამს უარი, მაგრამ როგორც გავიგე, სხვაგვარად ფიქრობს...

- რას გულისხმობ?

- თემურს პოლონეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ უთქვამს, სირაძემ კლუბში თამაში მოიმიზეზა, ნაკრებში არ ჩამოვიდა და არც "სპარტაკში" უთამაშიაო! არადა, ფედერაციას ვაცნობე, სანქტ-პეტერბურგში ოფიციალური მატჩი მაქვს და ამხანაგურ შეხვედრაზე ვერ ჩამოვალ-მეთქი. ეს ამბავი ქეცბაიამდე თუ არ მიიტანეს, არ ვიცი... როგორც ჩანს, ჩემს თამაშებს არც ადევნებდა თვალს, თორემ "ზენიტთან" მაშინ მთელი მატჩი ვითამაშე! ხორვატიასთან თამაშის დროს კი თურმე მწვრთნელისთვის მითქვამს, გამომცვალე, აღარ შემიძლია-მეთქი... ძლივს ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, საგოლე პასი გავაკეთე და ასეთ რამეს როგორ ვეტყოდი?! იმის ღირსი მაინც არა ვარ, არგამოძახების მიზეზი მითხრან? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გოლები რომ გამქონდა, იმიტომ აღარ მიძახებს... ამის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავ, რომ კიდევ მექნება საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი!

- რა არის დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?

- ქეცბაია რომ დაინიშნა, ვინც იმსახურებდა, ყველა ფეხბურთელი გამოიძახა და ერთხანს შედეგიც ჰქონდა. მერე კონფლიქტების თუ მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო გუნდს ისეთი ფეხბურთელები ჩამოშორდნენ, აშკარად დააკლდნენ ნაკრებს. მთავარი პრობლემა? ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობს, მაგრამ გოლი ვერ გააქვს! ქეცბაია მკაცრი მწვრთნელია და დისციპლინას მოედანზეც ითხოვს. შესაძლოა, ეს ზოგიერთ ფეხბურთელს არ მოსწონდეს, მაგრამ მწვრთნელი მათ სურვილზე ხომ არ ივლის?! როცა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ეს მოედანზეც იგრძნობა.

- დავუშვათ, წავიდა ქეცბაია... როგორ ფიქრობ, მისი შემცვლელი ამ კონტინგენტით უკეთესად ითამაშებს?

- წინასწარ არავინ იცის, სხვა მწვრთნელს უკეთესი შედეგი ექნება თუ უარესი. თავად ამბობს, კიდევ ორი წლით ვრჩებიო და ვნახოთ, იქნებ მოახდინოს სასწაული და მართლაც მიიყვანოს "საქმე ბოლომდე".

- ხომ იცი, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ბევრი იტყვის, რაღა დროს სირაძის ნაკრებია, 32 წლის არის და ნალჩიკში თამაშობსო.

- ნაკრებში რომ ვთამაშობდი და გოლები გამქონდა, მაშინ კარგი ვიყავი,  ახლა კი "რაღა დროს სირაძეა"?! რა უნდა ვთქვა, ყველას თავისი აზრი აქვს... დამსახურებული ფეხბურთელები ისე გაუშვეს ნაკრებიდან, მიზეზიც არ აუხსნიათ. ქეცბაიას ერთი სიტყვა ეთქვა, გუნდის გაახალგაზრდავებას ვიწყებთო და ვერ გავუგებდი?! ხელს ჩამოვართმევდი, წამოვიდოდი და აღარ დაიწყებოდა ინტერვიუებითა და სატელევიზიო ეთერით სიტყვა-პასუხი. ყველას გვეცოდინებოდა, რომ ნაკრებს ასეთი სტრატეგია აქვს და გაუგებარ სიტუაციაში აღარ ვიქნებოდით. მინდა, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო. ვისურვებდი, საქართველოს ჩემპიონატის დონე ისე ამაღლებულიყოს, უკეთესი პირობების გამო რუსეთში გადახვეწილი ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ეროვნული ჩემპიონატი გაეძლიერებინოთ და კარიერაც სამშობლოში დაესრულებინოთ!