დავით ბატონიშვილი: "თუ ოქროს მოპოვების რეალური შანსი მექნებოდა, წავიდოდი სოჭში"
27-01-2014
დავით ბატონიშვილი: "თუ ოქროს მოპოვების რეალური შანსი მექნებოდა, წავიდოდი სოჭში"
"ყველაფერი მიყვარს, რასაც ძრავი აქვს"

"ჩემი ბოლო რბოლის შემდეგ 15 წელიწადი გავიდა"

მარტის ბოლოს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "ფორმულა ალფაში" წრიული რბოლის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირი შვიდ ეტაპად გაიმართება და ადგილობრივი და უცხოელი მრბოლელების გარდა, ჩემპიონატში საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას! დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს სისწრაფის სიყვარულიც ტრადიციად მოსდგამს (დავითის მამა - პრინცი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ ავტორბოლის სხვადასხვა კლასში. - ავტ.) და წლების წინ
რბოლებში თავადაც მონაწილეობდა. საქართველოში გამართულ ასპარეზობაში მისი მონაწილეობა კი მამის სურვილს უკავშირდება...


- საქართველოს ტრეკზე დავით ბატონიშვილს პირველად ვნახავთ. რბოლაში მონაწილეობა მხოლოდ მამის სურვილის გამო გადაწყვიტეთ?

- მამას ძალიან უნდოდა, საქართველოში მეასპარეზა... თუმცა, ამას მხოლოდ მისი სურვილის განხორციელებას ნუ დავარქმევთ - სამშობლოში გამოსვლა ჩემი, როგორც
ყოფილი ავტომრბოლელის სურვილიც არის. ტურნირიც და ტრეკიც ძალიან საინტერესოა. რაც მთავარია, იქ ასპარეზობა ნებისმიერ პერსპექტიულ პილოტს შეუძლია, რადგან არც გადასახადია დიდი და ტრეკიც სრულად შეესაბამება  FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) სტანდარტებს.

- სურვილი ერთია, მაგრამ... როგორ ფიქრობთ, გაქვთ გამარჯვების შანსი?
- არა, ჩემპიონატის მოგების შანსი ნამდვილად არ მაქვს. რბოლაში ვმონაწილეობ მხოლოდ როგორც მოყვარული. თანაც, ცოტა პრაქტიკასაც გავივლი იმ შემთხვევისათვის, თუ დრო მექნება და 2015 წლის სეზონში ვიასპარეზებ. საქართველოში არაერთი ძლიერი პილოტია, ჩემპიონობისთვის უცხოელი მრბოლელებიც იბრძოლებენ. ასე რომ, ძალიან კარგი იქნება, თუ რბოლას ბოლომდე შევრჩები (იცინის).

- მოგვიყევით თქვენი სარბოლო კარიერის შესახებ. როგორც ვიცი, ავტოსპორტში საკმაოდ ახალგაზრდამ მოსინჯეთ ძალა...
- 12 წლის ვიყავი, როცა იუნიორთა შორის ავტოკროსში მივიღე მონაწილეობა. კარგად მახსოვს: Mini Cooper-ით ვასპარეზობდი და მეორე ადგილზე გავედი... მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოტოკროსის სხვადასხვა კატეგორიაში გამოვდიოდი. იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე როგორც სპორტის, ისე მაღალ დონეზე ასპარეზობის კუთხით. ესპანეთში გამართულ ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატშიც ვიყავი მონაწილეთა შორის, მაგრამ ძრავის პრობლემამ რბოლაში ჩართვის შესაძლებლობა არ მომცა. 18 წლისამ ანტონიო ძანინის (ევროპის რალის გამარჯვებული და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი. - ავტ.) გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის რალის ჩემპიონატშიც ვიასპარეზე. იმავე სეზონში ესპანეთის "ფორმულა რენოშიც" მოვსინჯე ძალა...

- ბოლოს როდის იჯექით ბოლიდის საჭესთან? მრავალწლიანი პაუზის შემდეგ არ გაგიჭირდებათ ტურნირში მონაწილეობა?

- ჩემი ბოლო რბოლის შემდეგ 15 წელიწადი გავიდა, რაც საკმაოდ დიდი დროა. თანაც, "ფორმულა" ჩემი "სპეციალობა" არ არის და ადაპტაციის გარდა ბევრი ვარჯიშიც მჭირდება. თუმცა, ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება.

- თქვენი რბოლის სანახავად სტუმრები ესპანეთიდანაც ხომ არ ჩამოვლენ?
- შესაძლოა, ოჯახის წევრები და მეგობრები მესტუმრონ.

- მხოლოდ ავტოსპორტი გიყვართ თუ ზოგადად, ავტომანქანებიც? ყოველდღიურად რომელი ავტომანქანით დადის დავით ბაგრატიონი?
- ყველაფერი მიყვარს, რასაც ძრავა აქვს - ავტომანქანა, მოტოციკლი... განსაკუთრებით რალის მანქანები მომწონს, ჩემი ფავორიტი ავტომობილი კი  Lancia Stratos გახლავთ. საქართველოში უმეტესად ოთხივე წამყვანთვლიანი ავტომანქანებით დავდივარ.

- ცნობილია, რომ მამათქვენი გიორგი ბაგრატიონი სწორედ Lანცია შტრატოს-ით ასპარეზობდა. მოგვიყევით მისი გამარჯვებების შესახებ...
- დიახ, მთავარ გამარჯვებებს მამამ Lancia Stratos HF-ით მიაღწია. მონაწილეობდა მოტოკროსში, რბოლაში, რალიში. იყო ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა კლასში, ორჯერ, ფორმულა-1-შიც სცადა ბედი და ა.შ. მისი ყველა ტიტულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

- ქართული ხასიათი, პირველობის სურვილი გამოსადეგი თვისებებია სპორტის ამ სახეობაში თუ პირიქით?

- მომავალში ნებისმიერ კატეგორიაში შეიძლება ვნახოთ ქართველი ჩემპიონი. ნიჭი, მონდომება, თავდაუზოგავი შრომის უნარი ყველა ქართველშია!

- ვინ არიან თქვენი საყვარელი პილოტები?
- ჰენრი ტოივონენი, იუჰა კაკუნენი, ჟილ ვილნევი, მიხაელ შუმახერი...

- რა არის მთავარი ავტოსპორტში გამარჯვებისთვის?
- ბევრი რამ: ნიჭი, დაუღალავი შრომა, ბევრი ვარჯიში და გამარჯვების მომტანი მანქანა!

- ავტოსპორტის გარდა სპორტის რომელი სახეობა გიყვართ?
- ფეხბურთი, ჩოგბურთი და ბევრი სხვა. ყველაზე ხშირად ვესწრები საფეხბურთო მატჩებს, როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს.

- როგორ ფიქრობთ, რბოლაში მონაწილეობის შემდეგ კრიტიკოსი მეტი გეყოლებათ თუ მხარდამჭერი. როგორ შეაფასებს ხალხი თქვენს ნაბიჯს?

- ვინ იცის?! რბოლაში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ მიყვარს სპორტის ეს სახეობა, და არა იმისთვის, რომ მეგობრები ან მტრები შევიძინო! შესაძლოა, სპორტულ ასპარეზობაში ჩემი მონაწილეობა ვინმეს აწუხებს კიდეც, მაგრამ ყველა ადამიანი თავისუფალია და შეუძლია ის იფიქროს, რაც სურს. დაინტერესებული ხალხი კი ტრეკზე იმისთვის მოდის, რომ რბოლას უყუროს და ისიამოვნოს...

- რას ფიქრობთ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობაზე?
- თუ ზამთრის რომელიმე სახეობის სპორტსმენი ვიქნებოდი და მედლის, მით უმეტეს - ოქროს მოპოვების რეალური შანსი მექნებოდა, წავიდოდი სოჭში, რათა ყველასთვის მომესმენინებინა საქართველოს ჰიმნი და ქართული დროშა ყველაზე მაღლა მოფრიალე მენახა... რატომაც არა?
glexovichi
28 იანვარი 2014 16:45
რაო, რა მინდაო, ჰაააააააააააა. არაფერი არ უნდა გლეხო. კატაობა მოუნდა მხოლოდ დიდ მეფესა, მაშშშშშშშშშშშშშ.

რედაქტორის რჩევით