"საქართველოს ჩემპიონატს ბრაზილიის მეოთხე ლიგასაც ვერ შევადარებ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ჩემპიონატს ბრაზილიის მეოთხე ლიგასაც ვერ შევადარებ"

ქართველი მწვრთნელი, რომელიც ბრაზილიელებს ფეხბურთზე ლექციებს უკითხავდა

სადაურსა სად წაიყვანო, ქართველებზეა ზედგამოჭრილი. ჩვენებური უცხო ქვეყანაში გადახვეწილიც ბევრი გვინახავს და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ ადგილზე წარმატებით მომუშავეც, მაგრამ გოჩა ალადაშვილის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია: ცხრა წლის განმავლობაში საფეხბურთო ლექციებს უკითხავდა - არც მეტი, არც ნაკლები... ბრაზილიელებს, ამ ქვეყნის ქალთა ნაკრებთან ერთად კი სულაც მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა! 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ქართველი სპეციალისტი ახლა თბილისშია და სპორტის აკადემიაში სამუშაოდ ემზადება. თუ გაინტერესებთ, რატომ არ უყვართ ბრაზილიაში პელე, საიდან გაჩნდა იქ "ევროპული ქალაქები" და როგორ ემზადებიან 2014 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის, გოჩა ალადაშვილთან ინტერვიუ წაიკითხეთ:

- ბრაზილიაში როგორ აღმოჩნდით?

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად ვმუშაობდი, 1993 წელს კი უფროსი ნოდარ ახალკაცის რეკომენდაციით მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში აღმოვჩნდი. მომდევნო წელს ასპირანტურაში ჩავაბარე და დისერტაცია დავიცავი ფეხბურთის თემაზე. ასპირანტურაში ჩემთან ერთად ბრაზილიელებიც იყვნენ და სწავლის დასრულების შემდეგ თავიანთ სამშობლოში მიმიწვიეს. ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღე, ხუთი საათის განმავლობაში ვსწავლობდი პორტუგალიურ ენას. ნახევარი წლის შემდეგ კი კურიტიბის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე.

- პორტუგალიური ენა ექვს თვეში ისწავლეთ?!

- როცა მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია...  ცხრა წლის განმავლობაში, კურიტიბის უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე ლექციებს ვკითხულობდი ფეხბურთისა და სპორტის საფუძვლებში. პარალელურად ვავარჯიშებდი უნივერსიტეტის მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს და ფუტსალის გუნდს. საუნივერსიტეტო გუნდებს შორის რამდენჯერმე გავხდი პარანის შტატის ჩემპიონი, 2001 წელს კი ბრაზილიის ქალთა ნაკრებში მწვრთნელ-კოორდინატორად მიმიწვიეს. იმავე წელს პეკინში გამართულ მსოფლიო უნივერსიადაზე მსოფლიო ჩემპიონები გავხდით!

- ბრაზილიის ნაკრები ქართველმა გააჩემპიონა?!

- ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ბრაზილიელები დღემდე მეუბნებიან - ერთადერთი უცხოელი ხარ, ვინც მსოფლიო უნივერსიადა მოიგოო. მერე პროფესიულ კლუბში მუშაობა გადავწყვიტე და 2007-2008 წლებში ჯერ სეარის შტატის უმაღლესი ლიგის კლუბ "ფორტალეზაში" ფიზმომზადების მწვრთნელად ვიმუშავე, მერე კი ვიყავი ცნობილი მწვრთნელის - მარსელო ვილარის გუნდშიც, რომელსაც ბევრგან, მათ შორის "პალმეირასშიც" უმუშავია, ამჟამად კი "ბოტაფაგო პარაიბას" თავკაცია. შემდეგი სამი წელი "ატლეტიკო პარანაენსეს" წარმომადგენელი ვიყავი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. სწორედ მაშინ ჩავიყვანეთ რუსთავის "ოლიმპში" რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი. გეხსომებათ - აკინო და ფრაგა მაშინ ყველასგან გამოირჩეოდნენ და იმ სეზონში რუსთაველები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ! სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ის პროექტი აღარ გაგრძელდა, თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო ბრაზილიური მხარის ბრალი...

- სამაგიეროდ, "ატლეტიკო" მინსკის "დინამოს" დაუმეგობრდა...

- დიახ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტი მინსკში გაგრძელდა, ბელორუსში ფეხბურთელებიც ჩავიყვანეთ... არნემის "ვიტესთანაც" უნდა გვეთანამშრომლა, მერაბ ჟორდანიას შევუთანხმდით კიდეც, მაგრამ მერე "ატლეტიკო პარანაენსეს" პრეზიდენტი შეიცვალა და ჰოლანდიელებთან ურთიერთობა აღარ გამოვიდა.

- ბრაზილიიდან ზაფხულში წამოხვედით. დროებით?

- ხან ბრაზილიაში ვარ, ხან - საქართველოში. "ატლეტიკოს" პრეზიდენტს უნდოდა, მუშაობა მის კლუბში გამეგრძელებინა, მაგრამ... ბრაზილია ჩემი მეორე სამშობლო გახდა, ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ, თუმცა, ემიგრაციაში 20 წლის განმავლობაში ყოფნა ადვილი არ არის. თანაც, ბატონმა ლევან ყიფიანმა მთხოვა, ვიმუშაო სპორტის უნივერსიტეტში, იქ, სადაც პროფესიონალად ჩამოვყალიბდი... ბრაზილიაში ბევრი მეგობარი მყავს. სხვა რომ არაფერი, ცხრა წლის განმავლობაში ჩემს ლექციებს 15 ათასმა სტუდენტმა მოუსმინა! სხვათა შორის, რადგან ფეხბურთელობისას ამის დრო არ აქვთ, ბრაზილიელი მოთამაშეები სწავლას კარიერის დასრულების შემდეგ იწყებენ!

- როგორც ვიცი, სამხრეთ ამერიკის ამ უდიდესი ქვეყნის შტატების უმეტესობა ნანახი გაქვთ...

- შიდა უნივერსიადების დროს თითქმის მთელი ბრაზილია მოვიარე. სულ 27 შტატია და მათგან 18-ში ნამყოფი ვარ! რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის ელჩი გავიცანი და ეს რომ ვუთხარი, გადაირია - 18 შტატში მეც კი არ ვყოფილვარო... ფეხბურთი მართლაც ფანატიკურად უყვართ, მეოთხე ლიგის მატჩს 60-70 ათასი მაყურებელი რომ დაესწრება, რაღაზეა ლაპარაკი?! ბრაზილიის ჩრდილოეთში სტადიონის ბილეთებიც იაფი ღირს (1-2 რეალი) და მაყურებელიც ბევრია, სამხრეთში კი - შედარებით ნაკლები. იცით, რატომ უწოდებენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს "ბრაზილიის ევროპას"? XIX საუკუნის დასაწყისში ბრაზილიის მთავრობამ ევროპელებს შესთავაზა - ბრაზილიაში თქვენი კულტურა ჩამოიტანეთ, მიწას კი უფასოდ მიიღებთო...

სწორედ ამის გამო ცხოვრობენ ბრაზილიის სამხრეთში უმეტესად ევროპელთა შთამომავლები.

- მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნახევარ წელზე ნაკლები დარჩა. მზად არის ბრაზილია მუნდიალის მისაღებად? ამას წინათ ბლატერმა განაცხადა, ბრაზილიელებს სხვებზე მეტი დრო მივეცით, მაგრამ გრაფიკს მაინც ჩამორჩებიანო...

- მუნდიალის ორგანიზატორები კი ამბობენ, ყველაფერს ვასწრებთო... სტადიონები, ფაქტობრივად, მზად არის. თუმცა, ბლატერის სიტყვებზე მეტი უკმაყოფილება პელეს ნათქვამს მოჰყვა - იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ამდენი ადამიანი შიმშილობს, ღირს კი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში ამდენი ფულის დახარჯვაო?! ბრაზილიაში მართლაც ბევრი ღარიბია, განსაკუთრებით - ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც დიდი სიცხეა, მაგრამ როცა 200-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზეა ლაპარაკი, დანარჩენებმა რა დააშავეს, რატომ უნდა თქვან უარი მუნდიალის მასპინძლობაზე? ბრაზილიაში ფეხბურთი ისე უყვართ, შიმშილს გაუძლებენ, უფეხბურთობას კი - ვერა. არადა ფეხბურთის ფანატიკოსი ბევრი ბრაზილიელი ვიცი, ბილეთში 10 რეალის, ანუ 5 დოლარის გადახდაც რომ  არ შეუძლია!

- მეგონა, ბრაზილიაში პელე ყველას უყვარდა...

- მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. განსაკუთრებით შტატების ფედერაციების პრეზიდენტებს აღიზიანებთ მისი იდეები... თანაც, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ქალიშვილი, რომლის მამობასაც პელე უარყოფდა, მართლაც მისი შვილია! ბრაზილიელები ემოციური ხალხია და ბევრი ამის გამოც გაუნაწყენდა - ისეთი რა გაუჭირდა, შვილზე უარს რომ ამბობსო?! არადა, როგორც ამბობენ, პელე მილიარდერი ჯერ კიდევ 1976 წელს გახდა! გარინჩას გამოც ადანაშაულებენ - ისე გარდაიცვალა სიღარიბეში, პელეს არც გახსენებია, დაკრძალვის თანხაც თანაგუნდელებმა შეუგროვესო... ბევრი, ვისაც თავად უნახავს გარინჩას თამაში, ამბობს, რომ "მანე" პელეზე მაგარი ფეხბურთელი იყო!

- ევროპული ფეხბურთის მსგავსი თანხა არც ბრაზილიის ჩემპიონატში ტრიალებს, მაგრამ... რაც გაქვს, ის მაინც ხომ უნდა გამოიყენო რაციონალურად?! ქართული ფეხბურთის მდგომარეობა კი წლიდან წლამდე უარესდება...

- დიახ, ფულს სწორად უნდა გამოყენება! შესაძლოა, კონკურენტზე ნაკლები ბიუჯეტი გქონდეს, მაგრამ სწორი მენეჯმენტით და სელექციით უკეთესი გუნდი ჩამოაყალიბო. არადა, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს ამჟამინდელ ჩემპიონატს ბრაზილიის მეოთხე ლიგასაც კი ვერ შევადარებ! ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. საქართველოში ტალანტებს რა დალევს, მაგრამ როცა საქმეში მწვრთნელთა კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა ერევა... ანდა, 20 ბავშვს რომ მხოლოდ 2 ბურთი ექნება სავარჯიშოდ, რაც უნდა კვალიფიციური მწვრთნელი იყოს, რას ასწავლის?! ბევრი ნიჭიერი მოზარდი იმის გამოც იკარგება, რომ მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ფეხბურთში ავარჯიშონ, ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან და ა.შ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ბავშვების 80%-ს კომპიუტერმა სხვა რამის ინტერესი დაუკარგა! წინათ მთელ დღეს ეზოში ვატარებდით, ვთამაშობდით, ახლანდელი ბავშვები კი... ზოგიერთს სპორტისკენ ვერც გაახედებ, დანარჩენებს კი, ვარჯიში დასრულებული არ არის, უკვე კომპიუტერში ან ტელეფონში აქვთ თავი ჩარგული...