ყინვა და ბელგიელი მოწაფე
01-02-2014
ყინვა და ბელგიელი მოწაფე
"შავ ეშმაკებს" შავი დღე ვაყარეთ

საქართველო 35:0 ბელგია


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იოლად მოიგო წლის პირველი მატჩი. ანგარიშითაც კარგად ჩანს: ბორჯღალოსნებმა შავი დღე აყარეს "შავ ეშმაკებს" (ბელგიის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) და თოვლ-ყინვაშიც ისეთივე გაკვეთილი ჩაუტარეს, მზიან ამინდში რომ არ დაამადლიდნენ. ბელგიელები მთელი მატჩის განმავლობაში "მოწაფეებივით" შეჰყურებდნენ ქართველ "მასწავლებლებს" და ალბათ, თავადაც უკვირდათ - შარშანდელ მატჩში ამათ ბოლო წუთებამდე როგორ გავუძალიანდითო?!

გეხსომებათ, "ერთა თასის" დებიუტანტ ბელგიის ნაკრებს პირველად შარშან, ბრიუსელში
ვეთამაშეთ და მეტოქის შეუფასებლობა კინაღამ ძვირად დაგვიჯდა: მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10:3 მოგვიგეს, მოგვიანებით კი სულაც ათქულიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ. თანაც, ბელგიელებმა ემოციური ქართველების ჩხუბში ჩათრევაც სცადეს... საბედნიეროდ, დამხვდურთა "ეშმაკობამ" არ გაჭრა, ქართველმა მორაგბეებმა გონს მოსვლა მოახერხეს და მამუკა გორგოძის წინამძღოლობით ბრიუსელიდან გამარჯვებაც წამოიღეს - 17:13. ასე
რომ, რა გასაკვირია, მილტონ ჰეიგის სამწყსო რევანშის შანსს მოუთმენლად რომ ელოდა და იყარა კიდეც ჯავრი...

ოღონდ, ამ მატჩში გამარჯვება ჩვენს გუნდს მხოლოდ ბელგიელთათვის საკუთარი ადგილის მისაჩენად არ სჭირდებოდა. სწორედ თებერვლის პირველ დღეს განახლდა "ერთა თასის" 2013/2014 წლების სეზონი, რომელიც, ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიც არის. პირველი წრის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის სათავეშია, ოღონდ უშუალო კონკურენტ რუმინეთს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს და თუ უპირატესობის შენარჩუნება სურს, არ უნდა წაიფორხილოს. ამის გამო ბორჯღალოსნებს ბელგიასთან მატჩში პრემიალური ქულა (რომელიც გუნდს მატჩში ოთხი ან მეტი ლელოს გატანისთვის ეძლევა. - ავტ.) სჭირდებოდათ და ამოცანა საწყის 30 წუთში შეასრულეს - მიქაუტაძემ, შარიქაძემ და კვირიკაშვილმა (ორჯერ) მატჩს ნახევარ საათში დაუკარგეს ინტრიგა!

ავჭალის ორიათასიანი სტადიონის ბილეთები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა და მაყურებელს არც უნანია, -4 გრადუსი ყინვის მიუხედავად, ტრიბუნები რომ შეავსო. ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა და საქართველოს ნაკრები შესვენებაზე 25-ქულიანი უპირატესობით გავიდა. სხვათა შორის, მეკოს შაბათს მხოლოდ ლელოების გატანისას უმართლებდა, გარდასახვების უმეტესობა კი მისთვის უჩვეულოდ - არაზუსტად შეასრულა. თავად განსაჯეთ, ხუთი შესაძლებლობიდან (მეექვსე გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა. - ავტ.), ბორჯღალოსანთა მთავარმა მექულემ მხოლოდ ერთხელ გარდასახა ზუსტად! თუმცა, რაც მთავარია, მერაბ კვირიკაშვილს გადამწყვეტ მომენტებში არ ღალატობს ხოლმე სიზუსტე, ბელგიასთან აცილებულ დარტყმებს კი მხოლოდ ანგარიშის გაბევრება შეეძლო...

ავჭალის დათოვლილ-ატალახებულ სტადიონზე სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ, 35:0 გაიმარჯვეს. 8 თებერვალს ბორჯღალოსნები პორტუგალიაში ითამაშებენ, 22-ში "დინამო არენას" რუსეთის ნაკრები ესტუმრება და ეჭვი არაა, თბილისს ისეთივე "კმაყოფილი" დატოვებს, ქართველმა მორაგბეებმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რომ მიაჩვიეს...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით