რევიშვილის მალტური კარდიოგრამა - კვირის პალიტრა

რევიშვილის მალტური კარდიოგრამა

საქართველოს ნაკრების მეკარე მალტაში ითამაშებს

"საქართველოში რომ ითამაშო, ელემენტარული პირობები მაინც ხომ უნდა იყოს?"

2009 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები მალტაში 0:2 დამარცხდა და ორივე გოლი მაიკლ მიფსუდმა გაგვიტანა. სწორედ მაშინ დავწერე, მალტელებმა მიგვამიფსუდეს და გამოგვიშვეს-მეთქი... იმ სამარცხვინო მარცხიდან თითქმის ხუთი წელიწადია გასული და ისე დაგვიდგა საქმე, ეროვნული ნაკრების მეკარეს საქართველოში თამაშს მალტურ კლუბში წასვლა ურჩევნია! დიახ, 26 წლის ნუკრი რევიშვილი ზაფხულამდე მალტის "ვალეტის" კარს დაიცავს. გორის "დილას" ყოფილ გოლკიპერთან ერთად, კუნძულის 21-გზის ჩემპიონი კლუბის მაისურით ირაკლი მაისურაძე და ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელი თავდამსხმელი - აბაიომი ოვონიკოკოც ითამაშებენ. ნუკრი რევიშვილს ვალეტაში შევეხმიანეთ:

- რამდენიმე დღის წინ, "ვალეტას" პრეზიდენტმა ვიქტორ სკირიჰამ თქვა, კლუბში სამი ქართველია სინჯებზეო... საქართველოს ნაკრების მეკარეს მალტურ კლუბში სინჯის გარეშე არ იღებენ?

- როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა სკირიჰას ნათქვამი არასწორად გადათარგმნეს, თორემ რა სინჯებზეა ლაპარაკი, კონტრაქტი ჩამოსვლისთანავე გავაფორმე. უბრალოდ, რამდენიმე დღე განაცხადში შეყვანას დასჭირდა. სინჯებზე ნამდვილად არსად წავიდოდი და მალტაში, მით უმეტეს! რაღა დროს ჩემი სინჯებია, სადაცაა, კარიერა უნდა დავასრულო (იცინის).

- ჩანს, კარიერის დასრულებაზე მართლა ფიქრობ, ისეთი ჩემპიონატი შეგირჩევია.

- მინდოდა, ზაფხულამდე სადმე მეთამაშა, მაგრამ ნახევარწლიან კონტრაქტზე კლუბის დათანხმება არ გინდა?! რუსეთისკენ არც გამიხედავს - თუ მეკარე ტრავმირებული არ ჰყავს, ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე კიდევ ერთ გოლკიპერს რომელი ჭკუათამყოფელი დაიმატებს? შესაძლოა, თავდამსხმელი დაიმატონ რამდენიმე მატჩით, მაგრამ მეკარის საქმე სხვაგვარად არის... ტირასპოლის "შერიფი" მთავაზობდა სამწლიან კონტრაქტს, მაგრამ ამდენი ხნით მოლდავეთში წასვლა არ მინდა!

- აზერბაიჯანული კლუბებიც ხომ გიწვევდნენ, ნახევარწლიან კონტრაქტზე არც ერთი მათგანი არ იყო ყაბულს?

- აზერბაიჯანელებმაც სამწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს... მერე მალტური "ვალეტის" ვარიანტი გამოჩნდა და გორის "დილაში" დარჩენას, მაისის ბოლომდე მალტაში თამაში ვამჯობინე. აქაური პირველობის დონე საქართველოს ჩემპიონატს ვერ სჯობს, მაგრამ მაინც მალტა ვარჩიე. ხუთი თვე როგორმე გავძლებ, ფორმას შევინარჩუნებ და ზაფხულში რუსეთის რომელიმე კლუბში გადავალ. არა მგონია, ქვეყანა დაიქცეს, ზაფხულამდე "ვალეტაში" თუ ვითამაშებ.

- უბედურება ის არის, საქართველოს ჩემპიონატში თამაშს მალტაზე წასვლა რომ სჯობსო, შენი სიტყვებია...

- არ არის ასე? საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მალტაში სათამაშოდ რატომ უნდა მიდიოდეს?

- ჩვენც მაგას ვკითხულობთ...

- ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ უპირველესად ოჯახზე ვფიქრობ! საქართველოში რომ ითამაშო, ელემენტარული პირობები მაინც ხომ უნდა იყოს? თბილისის "დინამოში" გიორგი ლორიაა. სხვა ქართულ კლუბებში? - მიზერული ხელფასი, არასტაბილური ვითარება, ბუნდოვანი მომავალი...

- ახალ კლუბში მაინც თუ დაგხვდა მოსაწონი პირობები?

- საფეხბურთო დონით ვერ გვჯობნიან, მაგრამ საქართველოზე მეტი ანაზღაურება ნამდვილად არის. სახლი და ავტომანქანა გამომიყვეს, "ვალეტას" ბაზაც ნორმალური აქვს. მალტა ძალიან ლამაზია და ჩემს არჩევანზე ამანაც იმოქმედა. კლიმატიც ძალიან კარგია. მაგალითად, ახლა +20 გრადუსამდე სითბოა. თუმცა, მაინც ხელოვნურსაფრიან მინდორზე ვვარჯიშობთ...

- ასეთ კლიმატში ხელოვნურ საფარზე რატომ თამაშობენ?

- მეც ეგ ვიკითხე, ისეთი რა გაგიჭირდათ, ხელოვნური მოედნები რომ გაქვთ-მეთქი? როგორც აღმოჩნდა, ზაფხულში ისე ცხელა, განსაკუთრებულად თუ არ მოუარე, ბალახი ვერ ძლებს. არანაკლებ ცხელი კლიმატია დუბაიშიც, მაგრამ არაბეთში კარგად უვლიან და იდეალური მოედნები აქვთ. მალტაში კი, ალბათ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ... როგორც მითხრეს, ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას სერიოზული გეგმები აქვს, საუკეთესო ბაზის აშენებასაც აპირებენ. უნდათ, მალტურმა ფეხბურთმა უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, მაგრამ ერთი-ორი კლუბის გაძლიერებით ჩემპიონატის დონე რომ ვერ მოიმატებს, ქართული მაგალითითაც კარგად ვიცით. მინიმუმ, 5-6 ძლიერი კლუბია საჭირო, კონკურენცია რომ არსებობდეს.

- როგორ ფიქრობ, მალტაზე უფრო ადვილად მოხვდები უცხოური კლუბების თვალთახედვაში, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში?

- იტალიასთან ახლოს არის, მაგრამ არა მგონია, რომელიმე ქვეყნის სკაუტები განსაკუთრებულად აკვირდებოდნენ მალტის ჩემპიონატს. უბრალოდ, მინდა, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ზაფხულში უკეთეს გუნდში რომ გადავიდე.

- რას გეუბნებიან, თამაში უახლოეს ტურში მოგიწევს?

- ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 1-ელ თებერვალს. - ავტ.) ტურის ცენტრალური მატჩია - "ვალეტა"-"ბირკირკარა". ვარჯიშებზე ისე ეტყობა, ჩემი დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში უნდა შედგეს. მალტის ჩემპიონატში 12 კლუბია, რომლებიც სამ წრედ თამაშობენ, შემდეგ კი ექვსეულებად იყოფიან. დონე? ვფიქრობ, საშუალო ქართული კლუბი მალტაში უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი!

- ოდესმე წარმოიდგენდი, რომ 26 წლისას მალტის კლუბში მოგიწევდა თამაში?

- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე! მალტაზე საფეხბურთო ბუმი არ შეინიშნება, თუმცა, "ვალეტის" ხელმძღვანელობას სერიოზული გეგმები აქვსო და ვნახოთ.

- კლუბში რას ამბობენ, მერაბ ჟორდანია "ვალეტის" ყიდვას მართლაც აპირებს?

- კლუბის პრეზიდენტის ნათქვამს თუ ვერწმუნებით, ჯერჯერობით, "ვალეტა" არავის უყიდია. ვიცი, რომ მწვრთნელად "ვიტესის" სარეზერვო გუნდის ყოფილი თავკაცი დაინიშნა. ტექნიკური დირექტორიც შეცვალეს, მერაბი კი ჯერ არ გამოჩენილა.

- როგორ ფიქრობ, როგორი იქნება მომდევნო თვეები შენს კარიერაში? წინ გადადგმული ნაბიჯიო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთგვარ ტრამპლინად მაინც არ გამოგადგება?

- ტრამპლინი? არა მგონია... კარდიოგრამაზე ზედა და ქვედა ნიშნულებს შორის რომ სწორი ხაზია, ალბათ, იმას ემგვანება. შევეცდები, ზაფხულიდან ეს ხაზი მაღლა წავიდეს!

- დასასრულ, რამდენიმე სიტყვა ნაკრებზეც ვთქვათ: რა სჭირს საქართველოს მთავარ გუნდს?

- მგონი, პრობლემები მხოლოდ ერთი მიზეზის, ან ერთი ადამიანის ბრალი არ არის: ეროვნული ჩემპიონატი ძალიან სუსტია, კონკურენცია დაბალია, ძლიერ კლუბებში მხოლოდ რამდენიმე ქართველი თამაშობს და ა.შ. ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და შევეცადოთ, ნაკრებს შედეგი მოვუტანოთ. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, ერთმანეთის კბენაზე ვფიქრობთ. ინტერვიუებმაც ხომ გამოაჩინა, რომ გუნდი ერთიანი არ არის? ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. არ ვიცი, ვინ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, მაგრამ აუცილებელია, ნაკრები ერთი ორგანიზმი იყოს!