"აქ არსად იგრძნობა ოლიმპიური სული" - კვირის პალიტრა

"აქ არსად იგრძნობა ოლიმპიური სული"

"ჩვენს ოთახში ისეთი სიბინძურე დაგვხვდა, ძლივს გავაწმენდინეთ. როგორც ჩანს, ჩვენამდე ბომჟებს ჰქონდათ ოკუპირებული..."

სოჭის ოლიმპიადამ კარგა ხნის წინ დაკარგა მხოლოდ სპორტული ღონისძიების სტატუსი. პოლიტიკაზე აქ არაფერს ვიტყვით, მაგრამ იმაზე ნამდვილად არავინ (ორგანიზატორების გარდა. - ავტ.) დაობს, რომ ამ უდიდეს სპორტულ ფორუმს სოჭი მოუმზადებელი შეხვდა. მთელი მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები მოიარა ფოტოებმა, სადაც აღბეჭდილია ზღვისპირა ქალაქის დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა და სასტუმროები, თავღია საკანალიზაციო ჭები, ოლიმპიური სოფლის "საერთო" ტუალეტები, კარის სახელურის, ფარდების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, მაგრამ რაც მთავარია, პუტინის ფოტოთი დამშვენებული ოთახები და ა.შ. გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, რუსეთის პრეზიდენტის ფოტო არც ერთ ოთახში არ შეხვედრია, სააბაზანო ოთახის კარის სახელურსაც "მხოლოდ" სამჯერ დასჭირდა შეკეთება და მისი სააკრედიტაციო ბარათიც ორიგინალურია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონ თენგიზს ჯერ ყველაფერი წინ აქვს! თენგიზ გაჩეჩილაძე ოლიმპიურ თამაშებს მეთორმეტედ(!) აშუქებს და სოჭის ოლიმპიადის ავკარგიანობის შესაფასებლად მასზე უკეთეს რესპონდენტს ნამდვილად ვერ ვიპოვიდით.

- ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს მეთორმეტედ დაესწარით. კმაყოფილი ხართ?

- მასპინძლები გახსნის ცერემონიალით წინდაწინ იწონებდნენ თავს - ასეთი შთამბეჭდავი გახსნა ოლიმპიადების ისტორიას არ ახსოვსო! ცერემონიალის კულმინაცია ფიფქებისგან ოლიმპიური სიმბოლოს გაკეთება უნდა ყოფილიყო, მაგრამ... ხუთის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი რგოლი გაიხსნა!  დღეს შევიტყვეთ, რომ ტელევიზიით უჩვენებიათ ძველი, რეპეტიციის დროს გადაღებული კადრები, სადაც ხუთივე რგოლი იშლება, მაგრამ სტადიონზე მყოფებსაც ხომ ვერ მოგვატყუებდნენ? სხვა წვრილ-წვრილი ხარვეზებიც იყო, მაგრამ ტელემაყურებელი ამას ვერ შეამჩნევდა. სხვათა შორის, უცხოელი სტუმრები ნამგლის, უროს და სხვა საბჭოთა სიმბოლიკის ამდენჯერ ჩვენებითაც ძალიან გაკვირვებული დარჩნენ...

- ყველა აღნიშნავს, რომ სოჭი ოლიმპიადას მოუმზადებელი შეხვდა. რეალურად რა ხდება ოლიმპიურ სოფელში?

- არ ვიცი, საიდან მოიყვანეს ეს ვოლონტიორები, ანუ მოხალისეები, რომლებსაც ოლიმპიადის სტუმრების დახმარება ევალებათ, მაგრამ ფაქტია, რომ უზრდელები არიან და არც არაფერი იციან - ავტობუსის გაჩერებაც კი ვერ მიმასწავლეს... რაც შეეხება სასტუმროს, ერთი შეხედვით, თითქოს მოაგვარეს პრობლემები, მაგრამ ისე "ხარისხიანად" არის გაკეთებული, შეეხები თუ არა, ხელში შეგრჩება! ამის გამო რამდენიმე სტუმარი უკვე აღმოჩნდა სააბაზანო ოთახში გამოკეტილი. ჯერჯერობით, მათი ბედი არ გამიზიარებია, მაგრამ ჩემი სააბაზანოს კარის სახელურს უკვე მესამედ ცვლიან...

- სპორტსმენებიც ასეთივე დღეში არიან?

- მეორე ოლიმპიური სოფელი, სადაც ქართველი მოთხილამურეებიც არიან დაბინავებული, მთაში, აქედან ორმოცი წუთის სავალზეა. ველაპარაკე ჩვენებს და როგორც მითხრეს, საცხოვრებლადაც და სასრიალოდაც იდეალური პირობებია. უნიკალური სათხილამურო ტრასებია, მსგავსი სხვაგან არსად გვინახავსო!

- თოვლი ნამდვილია თუ ხელოვნური?

- როგორც მითხრეს, ხელოვნური ჭარბობს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა - ბუნებრივ თოვლსაც იყენებენ და ხელოვნურსაც, რომელსაც სპეციალური დანადგარებით ამზადებენ... სხვათა შორის, ქართველებს ოლიმპიადის ყველა სტუმარი ძალიან თბილად გვხვდება. აქაური ქართველიც ბევრია და მათგანაც დიდ ყურადღებას ვგრძნობთ.

- უცხოელები ამბობენ, რომ სასტუმროს ონკანებში ჟანგიანი წყალი მოდის...

- სადაც მე ვარ, იქ წყლის პრობლემა ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, პირველად რომ შევედით ჩვენთვის გამოყოფილ ოთახში, ისეთი სიბინძურე დაგვხვდა, ძლივს გავაწმენდინეთ და გავანიავეთ. როგორც ჩანს, ჩვენამდე ბომჟებს ჰქონდათ ოკუპირებული...

- პუტინის სურათები მართლა ყველა ოთახშია?

- პირადად მე ჯერ არსად არ მინახავს!

- არც მაწანწალა ძაღლები?

- აქამდე არც ოლიმპიურ სოფელში და არც ქუჩაში ერთი ძაღლიც არ მინახავს, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 8 თებერვალს. -ავტ.) კი ერთბაშად სამი გვესტუმრა. ისე, უსაფრთხოების ზომები ისეა გამკაცრებული, ქალაქში ძაღლს კი არა, უცხო ადამიანს და მანქანას ვერ მოჰკრავ თვალს! იზოლირებული ზონაა, სადაც სპორტსმენების, სპორტთან დაკავშირებული ხალხის და ჟურნალისტების გარდა ვერავის ნახავ! როგორც ამბობენ, ოლიმპიადაზე 3 ათასამდე სპორტსმენია ჩამოსული, სამართალდამცავი კი გაცილებით მეტია. ავტობუსი რომ იცლება, მძღოლებიც კი გულდასმით ამოწმებენ სალონს, საეჭვო ხომ არაფერი დატოვესო. თუმცა, პანიკა ან დაძაბულობა ნამდვილად არ იგრძნობა. სხვათა შორის, ეს პირველი ოლიმპიადა იყო, როცა სტადიონზე შესვლისას არ გაგვჩხრიკეს. თუმცა, ეს იმის გამო, რომ მანამდე, პრესცენტრში შესვლისას შეგვამოწმეს...

- ინტერნეტი ისევ შეფერხებით მუშაობს?

- ინტერნეტი უფასოა, მაგრამ რად გინდა, თუ ვერ გამოიყენე? ასეთ ინტერნეტს სჯობს, ფასიანი იყოს და მუშაობდეს... ტელევიზორს ჩართავ და - ღფყფკ ყტლჯცნეგტყ!  ტრანსპორტზე აუგს ვერ ვიტყვი, კვებაც ძალიან კარგია და დიდი არჩევანიც არის, მაგრამ უსაშველოდ ძვირია...

- ყველაზე მეტად რით განსხვავდება სოჭის ოლიმპიადა წინამორბედებისგან?

- უპასუხისმგებლობით! აქ არსად იგრძნობა ოლიმპიური სული, რაც ამ უდიდეს სპორტულ ფორუმს უნდა ახლდეს თან. ქუჩები ჩამკვდარია, ვერსად ნახავთ ოლიმპიურსიმბოლიკიან ადამიანებს და ა.შ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ნაძალადევი ვალდებულება იყო და ხარისხიანად ისიც ვერ შესრულდა... ასე რომ, სხვების მსგავსად, სოჭის ოლიმპიადით ჯერჯერობით მეც უკმაყოფილო ვარ.