"ირინა შეიკი გავიცანი თუ არა, მაშინვე ცეკვაზე გადავედით" - კვირის პალიტრა

"ირინა შეიკი გავიცანი თუ არა, მაშინვე ცეკვაზე გადავედით"

"ამ კადრების გავრცელება დიდად სასიამოვნო არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ მე როგორმე ავიტან"

"წახვიდე თუ არა ოლიმპიადაზე? - ამ კითხვის დასმაც კი გაუგებარია ჩემთვის!"

"ალბათ, რონალდუმაც ნახა ირინა შეიკთან ცეკვის კადრები, რადგან ისეთი გაცოფებული იყო, მეტოქეს დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო..."

იცოდით, რომ ირაკლი ფირცხალავა გიორგი ქინქლაძის ნათლიმამაა? წარმოშობით ქართველი რუსი მომღერალი ფეხბურთს თავადაც ხშირად თამაშობს, ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონი ავარჯიშებდა, მის მეგობრებს შორის არაერთი ქართველი სპორტსმენია, კონცერტებისგან თავისუფალ დროს კი ქართულ მუსიკაზე ირინა შეიკთან საცეკვაოდ და ირაკლი ლაბაძესთან ჩოგბურთის სათამაშოდაც იცლის! თუმცა, ბოლო დროს, ყველაზე ხშირად, ირაკლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ახსენებენ - სწორედ ირაკლი ფირცხალავამ უძღვნა რუს ოლიმპიელებს "ჰიმნი", ოლიმპიური ჩირაღდანიც აღმართა, ამ დღეებში კი, სოჭში რამდენიმე კონცერტს გამართავს:

- სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო ოლიმპიადის გახსნას ვერ დავესწარი. თუმცა 18 თებერვალს სოჭში მაინც ჩავალ და რამდენიმე კონცერტს ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქშიც გავმართავ.

იქამდე ოლიმპიური ჩირაღდნის ტარებაც შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის დიდი პატივია!

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ხართ დაბადებული და გაზრდილი, საქართველოში ეს ბევრს მაინც არ ესიამოვნა...

- ამ საკითხის პოლიტიზებას ბევრი ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში, სპორტი და მუსიკა აპოლიტიკურია. ყველაფერი, რაც სპორტსა და მუსიკასთან არის დაკავშირებული, პატივისცემას იმსახურებს და პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს!

- როგორ ფიქრობთ, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება სწორი გადაწყვეტილება იყო?

- ესეც ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, ქულები სპორტული ან მუსიკალური ღონისძიებების პოლიტიზების ხარჯზე დაიწერონ. სპორტსმენს არც ისე ბევრჯერ ეძლევა ოლიმპიადაზე მონაწილეობის შესაძლებლობა. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადისთვის ოთხი წელი ემზადებოდნენ. ამიტომაც პირველად სწორედ მათთვის უნდა ეკითხათ, არიან კი მზად ოლიმპიადაზე არწასასვლელად?! დარწმუნებული ვარ, პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა! ეს სპორტია, აბსოლუტურად სხვა ცხოვრება და არაფერ შუაშია პოლიტიკასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან. წახვიდე თუ არა ოლიმპიადაზე? - ამ კითხვის დასმაც კი გაუგებარია ჩემთვის! მთავარია, ქართველი და რუსი ხალხი არ აჰყვეს ასეთ პროვოკაციებს.

- პოლიტიკაზე აღარ ვილაპარაკოთ... ბევრი ამბობს, რომ სოჭი მოუმზადებელი შეხვდა ოლიმპიურ თამაშებს.

- ოლიმპიურ სოფელში რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც იქ მყოფი მეგობრები მეუბნებიან, სოჭში ოლიმპიადის შესაფერისი, სადღესასწაულო განწყობაა და არც პრობლემები აწუხებთ. სასტუმროების პრობლემა კი მხოლოდ სოჭში არ არის. არათუ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში, თბილისშიც ხშირია შემთხვევა, როცა მაღალი დონის სასტუმროების ყველა ნომერი დაკავებულია.

- სპორტის ზამთრის სახეობებიდან გიყვართ რომელიმე?

- მხოლოდ ჰოკეი - ყველაზე დინამიკურია და ყველაზე მეტად ჰგავს ფეხბურთს (იცინის). თანაც, რუსეთის ნაკრებში საშა ოვეჩკინი და ჩემი სხვა მეგობრებიც თამაშობენ. იმედია, სოჭში ჰოკეიზე დასწრებასაც მოვახერხებ... რაც შეეხება სხვა სახეობებს, ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს. კიდევ, ჩოგბურთი და როცა ვახერხებ, ირაკლი ლაბაძეს ვეთამაშები ხოლმე. ბოლო წლებია, სერფინგმაც გამიტაცა და ტალღებზე მსოფლიოს სხვადასხვა სანაპიროსთან მისრიალია.

- ძიუდოშიც ხომ ვარჯიშობდით ოლიმპიადის პრიზიორ დიმიტრი ნოსოვის ხელმძღვანელობით?

- ძიუდო სპორტის ინტელექტუალური სახეობაა, საჭიდაო სახეობების "ჭადრაკია", დრო რომ მქონდეს, ახლაც სიამოვნებით ვივარჯიშებდი. ვარჯიშებს ხშირად ვაცდენდი, მაგრამ დაკარგულს მაინც სწრაფად ვინაზღაურებდი და ნოსოვი სულ მაქებდა, ქართველებს ჭიდაობა სისხლში გაქვთო!

- ქართველი ძიუდოისტებიდან იცნობთ ვინმეს?

- დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს. წლების წინ აეროპორტში გავიცანი და რამდენჯერმე სხვა დროსაც შევხვდი. ზურა ჩვენი ლეგენდაა, ჩვენი სიამაყე!

- ბავშვობაში სპორტულ ინტერნატში მართლა სწავლობდით?

- მხოლოდ ერთი წელი. მერე, სანამ ბავშვთა სკოლების დაფინანსებას შეწყვეტდნენ, მოსკოვის "ლოკომოტივის" 1977-წლიანების გუნდში თავდამსხმელი ვიყავი. დღეს, ეს წარმოუდგენლად ჟღერს, რუსულ ფეხბურთში ხომ უამრავი ფული იხარჯება, მაგრამ... მაშინ ასეც ხდებოდა. მოკლედ, ჩვენი გუნდი დაიშალა და მეც მუსიკაზე გადავერთე!

- ცნობილია, რომ ქართველ ფეხბურთელებს შორის ბევრი მეგობარი გყავთ...

- ახლაც ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და ვთამაშობთ... გიორგი ქინქლაძე ჩემი უფროსი შვილის ნათლიაა, ვმეგობრობ კახა ცხადაძესთან, ზაზა ჯანაშიასთან, დავით მუჯირთან, ლადო ბურდულთან, გოგიტა გოგუასთან, მალხაზ ასათიანთან, გოგა გახოკიძესა და სხვებთან. თითქმის ყველასთან, ვისაც რუსეთში უთამაშია. ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა კახა კალაძესთან, რომელსაც მილანშიც კი ვესტუმრე. დიდი ხანია აღარ მინახავს, მაგრამ როცა მოსკოვში ცხოვრობდა, ვმეგობრობდი გიორგი დემეტრაძესთან. ძალიან მიხარია, ძმები არველაძეები რომ გავიცანი - ქინქლაძის შემდეგ, ყველაზე მეტად მათი თამაში მომწონდა... თბილისში, ერთ-ერთ დაბადების დღეზე, თემურ ქეცბაიაც გავიცანი...

- შედარებით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებსაც იცნობთ?

- ჯერ კიდევ კიევის "არსენალში" თამაშობდა, სანდრო კობახიძის თამაშს რომ დავესწარი და ჩემი სტუმრობა ფეხბედნიერი გამოდგა - ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ჭკვიანი და კრეატიული მოთამაშეა ჯანო ანანიძე! საცოდაობაა, ასეთი ნიჭიერი მოთამაშე მოედანზე ცოტა დროს ატარებდეს. მიხარია, რომ ჯანოს უკვე აქვს სათამაშო პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი მისთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება. ანანიძე "სპარტაკიდან" აქამდეც უნდა წასულიყო. თუ სათამაშო პრაქტიკა ექნება, ჯანო "განწირულია" ვარსკვლავობისთვის! თუმცა, რუსეთის ჩემპიონატი არ გამოადგება - აქ დაცვითი და ძალისმიერი სტილის გუნდებია და ბევრი უხარისხო მოედანი, სადაც სრულად ვერ გამოავლენს თავის ტექნიკას. ანანიძის ადგილას სათამაშოდ რომელიმე სამხრეთულ ჩემპიონატში წავიდოდი, სადაც მისნაირი მოთამაშეები ბოლომდე იხსნებიან... ინტერნეტის მეშვეობით ვეხმიანებით ერთმანეთს მე და ჭანტურია. ამას წინათ, ირინა შეიკთან ერთად გადაღებულ ჩემს ფოტოს გაუკეთა კომენტარი და ირინასთან ფოტოს გადაღებაში დახმარების სანაცვლოდ, "ვიტესის" ყველა ფეხბურთელის მაისურს შემპირდა (იცინის).

- სად არის გადაღებული ვიდეო, თქვენ და კრიშტიანუ რონალდუს საცოლე ირინა შეიკი ქართულ მუსიკაზე რომ ცეკვავთ?

- ირინა საერთო, ქართველ მეგობართან გავიცანი. ეს კადრები ირინას მეგობარმა მოსკოვის ქართულ რესტორანში გადაიღო და "ინსტაგრამით" გაავრცელა. არ ვიცი, შესაძლოა, წინასწარ გააფრთხილა კიდეც, მაგრამ თავად ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი, რადგან მიმაჩნია, რომ არაკორექტულია ირინასთან მიმართებაში. სხვათა შორის, ამ კადრების გავრცელება დიდად სასიამოვნო არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ მე როგორმე ავიტან (იცინის).

- ირინას კარგად იცნობთ?

- არა, გავიცანი თუ არა, მაშინვე ცეკვაზე გადავედით (იცინის). ალბათ, რონალდუმაც ნახა ის კადრები, რადგან ისეთი გაცოფებული იყო, მეტოქეს დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო... თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა პროვოკაცია - მართალია, "ბარსელონას" "რეალზე" მეტად ვქომაგობ, მაგრამ კრიშტიანუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ასე გამოვიდა (იცინის).

- შემთხვევით, რონალდუსაც ხომ არ იცნობთ?

- არა, მე არა, მაგრამ ჩემი ქართველი მეგობარი მთელ ოჯახთან მეგობრობს...

- როცა ქართველები და რუსები თამაშობენ, ვის ქომაგობთ?

- ბოლოს, ასეთ მატჩს, 11 წლის წინ, თბილისში დავესწარი. მაშინ, საქართველოს ნაკრებს ვქომაგობდი და მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 გავიმარჯვეთ... როგორც გითხარით, თბილისის "დინამოს" ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვგულშემატკივრობდი. "დინამოს" ახლაც ვქომაგობ საქართველოს ნაკრებთან ერთად. თუმცა, როცა ქართველებს არ ეთამაშებიან, ბუნებრივია, რუსეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობ...

- 22 თებერვალს თბილისში ითამაშებენ რუსი მორაგბეები, რომლებსაც 20 წელიწადია, ბორჯღალოსნები არ დაუმარცხებიათ. რუსეთში ამაზე როგორი რეაქცია აქვთ?

- საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში რაგბი პოპულარულობით ვერ დაიკვეხნის. ასეთი წარმატება რომ არა, ალბათ, არც საქართველოში იქნებოდა პოპულარული. არ ვიცი, როგორ აღწევენ ჩვენი მორაგბეები ასეთ წარმატებას, მაგრამ, იქნებ დროა, სარაგბო ნაკრების მწვრთნელს საფეხბურთო ნაკრებიც ჩავაბაროთ?! იქნებ მან მაინც უშველოს რამე, თორემ რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ხდება, ძალიან ცუდი საყურებელია...

- ბოლოს როდის იყავით თბილისში?

-  შარშან გაზაფხულზე, უეფას ფუტსალის თასის მატჩებს დავესწარი. სააღდგომოდ წელსაც ვაპირებ ჩამოსვლას. ფუტსალი დიდად არ მიყვარს, რადგან ფეხბურთისა და ხელბურთის ერთგვარი ნაზავია. თუმცა, როცა ქართული გუნდი ევროპის ოთხ საუკეთესოს შორის ხვდება, ეს, რა თქმა უნდა, მოვლენაა... სამწუხაროდ, ტურნირის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, "იბერია სტარმა" შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა, თორემ გაცილებით უკეთ ითამაშებდა!