"ქართველი მოთხილამურეები აქ ნება-ნება სასრიალოდ ხომ არ ჩამოსულან?!"
"ქართველი მოთხილამურეები აქ ნება-ნება სასრიალოდ ხომ არ ჩამოსულან?!"
"პირსახოცების გამოცვლას ვინ ჩივის(?!), დამლაგებელს ნაგვის გადაყრაზეც კი ხვეწნა სჭირდება"

"რატომ გვეგონა, რომ გედევანიშვილი ვანკუვერზე  უკეთ ისრიალებდა, როცა მის მეტოქეებს უფრო რთული პროგრამა ჰქონდათ?!"


სოჭის ოლიმპიადას "პალიტრამედიიდან" თენგიზ გაჩეჩილაძე აშუქებს. გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორის თქმით, ფინიშის მოახლოებასთან ერთად ოლიმპიადა "ეშხში შევიდა" და თანდათან პრობლემების უმეტესობაც მოგვარდა. თუმცა, სოჭის სასტუმროებსა თუ ოლიმპიურ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მეტად, ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებული ამბები გვაინტერესებს. ვეტერან ჟურნალისტთან (თენგიზ გაჩეჩილაძისთვის ეს ზედიზედ მეთორმეტე ოლიმპიური თამაშებია. -
ავტ.) ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ:


- ბევრმა გააკრიტიკა ქართველი მოთხილამურეები, ფინიშამდეც ვერ მიაღწიესო. კი მაგრამ, აქ ნება-ნება სასრიალოდ, სიამოვნების მისაღებად ხომ არ ჩამოსულან?! თუ აუჩქარებლად ჩასრიალდება, სტარტიდან ფინიშამდე დამწყები მოთხილამურეც მიაღწევს, მაგრამ სპორტულ შეჯიბრებაში ხომ მთავარი გამარჯვებაა? ამიტომაც, თუ გინდა, კონკურენტებს წამის მეათედით მაინც აჯობო,
უნდა გარისკო და იმაზე სწრაფად დაეშვა, ვიდრე ვარჯიშებისას...

მერე კიდევ, მხოლოდ ქართველი ხომ არ დაცემულა? რამდენიმე სპორტსმენი დაშავდა, ზოგიერთი მძIიმედაც კი. იმ დღეს სლალომს 28 სპორტსმენი გამოეთიშა და ნახევარზე მეტი ტრავმირებული იყო! სპორტსმენისთვის მთავარი ფინიშამდე მისვლა კი არა, გამარჯვებისთვის ბრძოლაა! ჩვენების შეცდომებიც სწორედ გამარჯვებისთვის აუცილებელი რისკის ბრალი იყო, რომელმაც, სამწუხაროდ, არ გაამართლა...

- ელენე გედევანიშვილის გამოსვლაზე რას იტყვით?

- ალბათ, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ფედერაციის ხელმძღვანელები და სპეციალისტები იმაზეც ილაპარაკებენ, სწორად წარიმართა თუ არა მზადების პროცესი, როგორ იმუშავეს მწვრთნელებმა და ა.შ. ფაქტია, ახალი მწვრთნელი ჰყავდათ მოთხილამურეებსაც და ელენესაც, შედეგი კი უარესი მივიღეთ! რატომ გვქონდა წარმატების იმედი იმ დროს, როცა სხვები სამ-ნახევარ ბრუნს ასრულებდნენ, ელენე კი მხოლოდ ორ-ნახევარს? რატომ გვეგონა, რომ გედევანიშვილი იმაზე უკეთ ისრიალებდა, ვიდრე ვანკუვერში, როცა მის მეტოქეებს უფრო რთული პროგრამა ჰქონდათ?!

- თითქოს ელენე გაუბედავად ასრულებდა ნახტომებს, არ რისკავდა...

- ვარჯიშის დროს თუ დაეცემი, არაფერია, მაგრამ შეჯიბრება სხვა საქმეა - რთული ილეთების შესრულებისას წაქცევის საშიშროება ყოველთვის არის. ალბათ, აქაც დაცემის შიშთან გვქონდა საქმე...

- როგორც ჩანს, ქართველი მოციგურავე ძალიან არის იმედგაცრუებული. კომენტარზეც უარი გვითხრა...
- ელენემ თავიდანვე თქვა, პოლიტიკურ თემაზე არავის დაველაპარაკებიო. არადა, სოჭის აეროპორტშივე ძალიან ბევრი ჟურნალისტი დახვდა - რუსებიც, უცხოელებიც... შეჯიბრების დაწყებამდე მით უმეტეს არ ისურვა კომენტარის გაკეთება. სამწუხაროდ, არც ასპარეზობის დასრულების შემდეგ... სოჭში ისეთი სიმკაცრეა, საშვზე მითითებულის გარდა, სხვა სექტორში ვერაფრით მოხვდები. თუ სპეციალურად დანიშნული პრესკონფერენცია არ გაიმართა, სპორტსმენთანაც არ მიგიშვებენ. ამიტომაც მკითხველი ნუ გაგვინაწყენდება, თუ ქართველი სპორტსმენის კომენტარი ვერ შევთავაზეთ...

- რუსი მოციგურავის, ადელინა სოტნიკოვას გამარჯვება ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა... სოჭში რას ამბობენ?

- სპეციალისტების უმეტესობა ამბობს, რომ სოტნიკოვამ ძალიან კარგად ისრიალა და კორეელ იუნა კიმს მასზე უკეთესი არაფერი გაუკეთებია. თუმცა, მსაჯების შეცვლისთვის ორგანიზატორებს  ნამდვილად აკრიტიკებენ, რუსი და უკრაინელი საეჭვოდ დანიშნესო.

- სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორები ვანკუვერში დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის გახსენებასაც ხომ გეგმავდნენ?

- ნოდარი მისი დაღუპვის დღეს - 12 თებერვალს გაიხსენეს. ზამთრის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ საბჭოს სხდომა სიმბოლურად სწორედ 12 თებერვალს დანიშნა და ის ქართველი მოციგავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა. სხდომაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბაკურიანში ნოდარის სახელობის ბაზა აშენდება...

- ოლიმპიადა გამოცოცხლდაო, თქვით, რას გულისხმობდით?

- საწყის დღეებში ოლიმპიადა თითქოს ჩამკვდარი იყო, პრობლემაც უამრავი... თუმცა, თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა და სოჭი ახლა უკვე ოლიმპიური რიტმით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დღემდე გრძელდება, ყველგან ხელსაწყოიანი მუშები არიან... ისე, თამაშები ორი-სამი კვირით გვიან რომ დაწყებულიყო, ამდენი პრობლემა არ შეიქმნებოდა. დილით, ოთახიდან გასვლის წინ, სტუმრები სპეციალურად გამოყოფილ ფურცელზე წერენ, რა პრობლემაა მოსაგვარებელი მათ ოთახში. თუმცა, ხშირად იმდენი პრობლემა გროვდება, ერთი ფურცელი არ კმარა ხოლმე...

- ინტერნეტი ისევ შეფერხებით მუშაობს?

- შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, სასურველამდე ჯერაც ბევრი აკლია. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება ოთახებში არსებული ტელევიზორებით სარგებლობა! ცალკე თემაა სიძვირე - ორგანიზატორებს რომ ჰკითხოთ, ძვირი მხოლოდ ის ღირს, რაც მოთხოვნადიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, სტუმრების კვების ხარჯზე სურთ გამდიდრება... ერთიცაა, ოლიმპიურ სოფელში და სპორტულ ბაზებში პრობლემებს არ უჩივიან, აი, სასტუმროს ახალ კორპუსებში ჯერაც ძალიან ბევრი პრობლემაა და ძნელი სათქმელია, იმუშავებს თუ არა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ... სასტუმროს ნომრების სიძვირის მიუხედავად, მომსახურე პერსონალის ყურადღებით ნამდვილად არა ვართ განებივრებული - პირსახოცების გამოცვლას ვინ ჩივის(?!), დამლაგებელს ნაგვის გადაყრაზეც კი ხვეწნა სჭირდება.
bb
11 მარტი 2014 16:50
ბატონი მიქაელ სააკიანი არ ბალეშიკობდა და მაგიტო ვერ ისრიალა კარგად :-D
sano
27 თებერვალი 2014 10:59
რაღა დროს ელენეა,მისმა წარმატებების ასაკმა ჩაიარა
ელგუჯა
25 თებერვალი 2014 12:30
ყინულზე და თოვლზე კოტრიალი თუ გინდოდათ რაღა სოჭში მიდიოდით, ახლოს ვერ მოძებნეთ საამისო ადგილი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები