ხუთი ლელო და მეოთხე თასი
24-02-2014
ხუთი ლელო და მეოთხე თასი
საქართველო 36:10 რუსეთი

რუსთა რბევა დავით ზირაქაშვილმა დაიწყო


- "მოვიგეთ, მილტონ!"
- "გაგიჭირდებოდათ..."
პირველ წუთებზე ცოტათი მართლა გაუჭირდათ, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა: მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ხუთი ლელო გაუტანა რუს "დათვებს", პრემიალური ქულაც გაიფორმა და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურიც!


ქართულ-რუსულ რკენაში სატურნირო ცხრილი ბოლოსღა გვახსენდება ხოლმე. ამჯერად კი ჩრდილოელთა ძლევა სწორედაც რომ ცხრილში პირველობისთვის გვჭირდებოდა. მოვიგეთ კიდეც და გაისად "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ახლა წლევანდელი "ერთა თასის" ბოლო ტურში შინ უნდა ვაჯობოთ რუმინეთის ნაკრებს და ჩვენთვის სასურველ ჩ-ჯგუფში დავიბევოთ ადგილი ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასა და აფრიკის უძლიერეს გუნდთან ერთად. საქართველოს ნაკრებს არასოდეს უთამაშია "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ. თუმცა, ზელანდიელებთან ერთად მოხვედრა მხოლოდ ამის გამო არ გვსურს: საქართველო-რუმინეთს შორის წაგებული
გაცილებით თანაბარძალოვან D-ჯგუფში აღმოჩნდება საფრანგეთთან, ირლანდიასთან, იტალიასა და კანადასთან ერთად!

და რუსები? შარშან "რუსული არმიის დღე" - 23 თებერვალი ჩავამწარეთ, ამჯერად კი დღესასწაულამდე არც მივუშვით - წინადღითვე შევახსენეთ, რომ რუსი მორაგბე ქართველს ვერასოდეს აჯობებს! გნებავთ, მეტისმეტად ემოციურ ნათქვამად ჩათვალეთ, მაგრამ ფაქტებიცა და უკანასკნელი ოცწლეულის ტრადიციაც რომ იმავეს ამბობს? "ბორჯღალოსნებისა" და რუსი "დათვების" ჭიდილი ყველგან ჩვენი გამარჯვებით მთავრდება და რაღა ამ წონის მატჩში, IღB-ს (რაგბის საერთაშორისო საბჭო) პრეზიდენტ ბერნარ ლაპასეს თვალწინ გაგვიწყრებოდა ღმერთი?!

ლაპასესი რა გითხრათ, მაგრამ ერთი კი ნამდვილია - გადაჭედილი "დინამო არენას" სტუმართაგან (რუსების ჩათვლით!), გამარჯვებულის ვინაობა ყველამ წინასწარ იცოდა! მაშინაც კი, მე-12 წუთზე რუსებმა კვირიკაშვილის დარტყმულს რომ დაუფარეს და ბურთი ზედ ლელოს ხაზთან, მწიფე მსხალივით ჩაუვარდათ ხელში. ეგ კი არა, კუშნარიოვი მოულოდნელი სიხარულით გამოწვეულ თავზარსაც კი გაუმკლავდა და გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0:7!
რაკიღა წითელი კვართები თავად ეცვათ, მასპინძლები რუსულმა ლელომ გაახელა და ცხადი იყო, "დათვზე ნადირობის სეზონი" მალე დაიწყებოდა! მართლაც, ჩრდილოელებმა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაძლეს, მერე კი ჰეიგის გუნდმა თამაში დაალაგა და მატჩის წინ წამოსული თქორი რუსებისთვის ლელოების წვიმად იქცა.

ანგარიში კვირიკაშვილის საჯარიმოთი შევამცირეთ, მომხდურთა რბევა კი 28-ე წუთზე დავით ზირაქაშვილმა დაიწყო. მეკომ გარდასახა და მასპინძლები 10:7 დაწინაურდნენ. შერკინებაში ისედაც ვჩაგრავდით და რადგან ხელდახელ ბურთაობაც აღარ დავანებეთ, რუსებმა მაღალი ბურთების გადაკიდებით  სცადეს ფონს გასვლა, თუმცა... ეს ის შემთხვევაა, რუსებს კინგსლი ჯონსი ("დათვების" უელსელი თავკაცი. - ავტ.) კი არა, ინდიანა ჯონსიც რომ ვერ უშველით!
ზირაქას შემდეგ კიდევ ოთხი ლელო გავიტანეთ, თუმცა, მასპინძელთა განწყობის და მატჩის სურათის საჩვენებლად მამუკა გორგოძის ლელოა ზედგამოჭრილი: "გულივერამ" ბურთი შვიდიოდე მეტოქესთან ერთად დაამიწა!  

და კიდევ: სტადიონზე მისულმა ქომაგმა ქართულ დროშასთან ერთად უკრაინული ალამიც იახლა და სოლიდარობა გამოუცხადა კიევის მაიდანზე თავისუფლებისთვის მებრძოლთ!
ისინი მაიდანზე იბრძვიან, ჩვენ - მოედანზე. უფრო სწორად, არა მხოლოდ ვიბრძვით, სულ ვიმარჯვებთ და ასეც იქნება, სანამ ქართველსა და რუსს ოვალური ბურთი აქვთ გასაყოფი. რუსებისა და ბერნარ ლაპასეს თვალწინ ასეთ გამარჯვებას სხვა ფასი აქვს. მით უფრო, როცა ქართულ-უკრაინული დროშების გარდა, გადაჭედილ ტრიბუნებზე წარწერაც ფრიალებს - "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა!"
ლაპასე? ის დროა, ლაპასემ სიტყვა საქმედ აქციოს და ქართულ რაგბის უფრო ომახიანად შეაწიოს თავისი წონიანი სიტყვა. დროა, ლაპასემ თავადაც გვიპასოს!
გიორგი
25 თებერვალი 2014 17:32
კარგი თამაში იყო. მაგრამ ჯერ საქართველოს ნაკრები არ არის იმ დონეზე,რომ ექვსი ერის ნაკრებებს დაეჭიდოს და არც მატერიალურად არ არის ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე,რომ ექვსი ერის გათამაშებაში დაუშვან !
koba
25 თებერვალი 2014 17:03
ვენაცვალე ჩვენ ბიჭებს მაგრები არიან მოიცა ეხლა გადაგცვიყვანონ 6 ერთან იმათაც სათანადო მეტოქეობას გავუწევთ
zviad
24 თებერვალი 2014 20:05
აი თქვენ გენაცვალეთ!! უკეთესად რომ ვერ დაიწერებოდა

რედაქტორის რჩევით