კრავ მაგა ანუ გაანადგურე ბოლომდე - კვირის პალიტრა

კრავ მაგა ანუ გაანადგურე ბოლომდე

რა საბრძოლო სისტემაა ორთაბრძოლების სახეობა კრავ მაგა და საქართველოში თუ არსებობს კლუბები, სადაც ამ სახეობაში ვარჯიში შეიძლება?

ლუკა ჩადუნელი, თბილისი

"კვირის პალიტრამ" კრავ მაგას სავარჯიშო დარბაზს თბილისში მიაკვლია. და  ორთაბრძოლის ამ სახეობის შესახებ ინსტრუქტორი, შოტოკან კარატე-დოს პრეზიდენტი, მეექვსე დანის მფლობელი ბესო ხუციშვილი გვესაუბრა. ბესო ხუციშვილის აღზრდილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ასევე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები კარატეში, მათ შორის - ლევან გორელაშვილი, რომელმაც იაპონიაში სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთ შეჯიბრებაზე მოიპოვა ცნობილ ბუდოკანის შენობაში, რომელსაც ორთაბრძოლების მექას უწოდებენ.

- ბატონო ბესო, საქართველოში, ძირითადად, იაპონური და ჩინური ორთაბრძოლების სისტემებია პოპულარული, კრავ მაგა სადაურია?

- კრავ მაგას სამშობლო ისრაელია. საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტები და სამხედრო ოფიცრები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არის თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი და ეფექტური სისტემა. ამ ეტაპზე კრავ მაგას სისტემის სრულყოფა მიმდინარეობს საფრანგეთის, ბელიგიის, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, ესპანეთის და ისრაელის თავდაცვის უწყებათა  სპეციალურ ქვედანაყოფებში. კრავ მაგა ნიშნავს ახლო ხელჩართულ ბრძოლას და მისი ფუძემდებელია ებრაელი იმრიხ ლიხტენფელდი.

კრავ მაგას ძირითადი მეთოდი ხელით და ფეხით დარტყმაა. უპირატესობა დგომით ბრძოლას ენიჭება, საჭიროა საშუალო ან შორი დისტანცია, უმეტესად ჩაკეტილი დგომები გამოიყენება. ხელები ისევე უნდა გეჭიროს, როგორც კრივში, წინ მდგომი ფეხის მუხლი ოდნავ შიგნით არის შებრუნებული საზარდულის დასაცავად. თავი დახრილია წინ, ნიკაპი დაწეულია და ყელს იცავს. მებრძოლი შეტევის დროსაც მაქსიმალურად ჩაკეტილია. დარტყმები სხეულის სახიფათო წერტილებისკენ არის მიმართული. საუკეთესო სამიზნედ ითვლება საზარდული, თვალები, ყელი, მზისწნული, ნიკაპი, მუხლები, საფეთქელი. გამოიყენება სარმები, გდებები, ხელებზე მტკივნეული ილეთები, ახლო ბრძოლაში - იდაყვით, მუხლით და თავით დარტყმები, კბენა და ა.შ.

- გამოდის, რომ კრავ მაგაში დაშვებულია ყველაფერი, რაც სხვა სპორტულ ორთაბრძოლებში იკრძალება?

- დიახ. იმის გამო, რომ კრავ მაგა საომარი სისტემაა და მოწინააღმდეგის განადგურებას ისახავს მიზნად, სპორტული შეჯიბრებებიც კი არ ტარდება ამ სახეობაში. როგორც კი შეჯიბრებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ყველას ეცინება და ხშირად ვამბობთ ხოლმე, კრავ მაგაში შეჯიბრება რომ ჩაეტარებინათ, გამარჯვებულს პრიზის ნაცვლად რეანიმაციის ხარჯებს აუნაზღაურებდნენ. მეორე ადგილზე გასულს პრიზად ინვალიდის ეტლს გადასცემდნენ, მესამე ადგილის პრიზი კი უფასო დასაფლავება იქნებოდა. ეს ხუმრობა სინამდვილეს შეესაბამება.

ყველა ის უხეში ილეთი, რომელიც ნებისმიერი სახის შეჯიბრებაზე იკრძალება, კრავ მაგას დროს აუცილებელია. კრავ მაგა ითვალისწინებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით შეტევის და მისგან დაცვის ტექნიკის სწავლებასაც. ზოგადად, კრავ მაგას საფუძვლებია: საბაზო ტექნიკა, ილეთების ერთ სისტემაში თავმოყრა და ახალი ილეთების შესწავლა, ფიზიკური ვარჯიში, ფსიქოლოგიური მომზადების მეთოდები და ტექნიკური პრინციპები. აქედან ჩამოყალიბდა ექვსი მიმართულების სასწავლო დანაყოფი: თავდაცვა მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისთვის, ხელჩართული ბრძოლა ჯარისკაცებისთვის, ხელჩართული ბრძოლა პოლიციელებისთვის, სპეციალური ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პროფესიონალების, პირადი მცველების, ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების და სხვათა გაწვრთნას ითვალისწინებს.

- ბავშვები და ქალებიც სწავლობენ?

- დიახ. კრავ მაგა სამხედრო გამოყენებითი სისტემაა და საკმაოდ მარტივია. მისი შესწავლა მოკლე დროში შეიძლება. პირველივე მეცადინეობაზე შესაძლებელია ისეთი ილეთების შესწავლა, რომელთაც მებრძოლი რეალურ სიტუაციაში გამოიყენებს. ტექნიკის შესწავლასა და დაუფლებას იმდენი ძალისხმევა არ სჭირდება, რამდენიც ტრადიციული აღმოსავლური ორთაბრძოლების სისტემების შესწავლას. ამიტომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ სახეობაში ვარჯიშობს, ვერასოდეს მიაღწევს ჩინური და იაპონური ორთაბრძოლების ოსტატთა დონეს. თუმცა, კრავ მაგას ტექნიკურ არსენალში გაერთიანებულია კარატეს, ძიუდოს, ჯიუჯიცუს, აიკიდოს, კრივის საუკეთესო ილეთები. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის სპორტი, ეს არის თავდაცვის რეალური სისტემა.

- თქვენ ვისთან დაეუფლეთ ამ საბრძოლო ხელოვნებას?

- კრავ მაგას თანამედროვე ოსტატ გაბი მიხაელთან, იგივე გიორგი მიხელაშვილთან, რომელიც 8 წლამდე საქართველოში იზრდებოდა და დღესაც შესანიშნავი ქართულით ლაპარაკობენ ისიც და მისი ისრაელში დაბადებული შვილებიც. დღეს გაბი მიხაელი ისრაელის კარატეს გუნდის მწვრთნელია, ასევე გახლავთ შეფ-ინსტრუქტორი კრავ მაგაში, ავარჯიშებს პოლიციურ ქვედანაყოფებს და მსოფლიოს თავდაცვის და უსაფრთხოების ორგანიზაციის მთავარი ინსტრუქტორია. თავდაპირველად ეს საბრძოლო სისტემა ჩაკეტილი იყო და მხოლოდ ისრაელის მოსადის სამსახურებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მოგვიანებით სწავლების შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე სამი წელია, მე ვავარჯიშებ მსურველებს საქართველოში. ეს არ არის ორთაბრძოლის ხელოვნება რჩეულებისთვის, ეს არის ნებისმიერი ადამიანის თავდაცვის სისტემა. გაბი მიხაელი დროდადრო ჩამოდის საქართველოში და სემინარებს მართავს ამ სახეობით დაინტერესებულთათვის. მიგვაჩნია, რომ ისეთი მუდმივად საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორიც საქართველოა, კრავ მაგას ცოდნა საჭირო და აუცილებელია, თუმცა, ამით ჯერ ძალოვანი და თავდაცვის სამსახურებიც კი არ დაინტერესებულან.