"მე მოგიყვებით დავით ყიფიანზე" - კვირის პალიტრა

"მე მოგიყვებით დავით ყიფიანზე"

"ბიჭებო, ზიკო პირს დააღებდა, მარადონა, ალბათ, ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისვლოდა ის პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა..."

პოპულარულმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თავის ბლოგზე წერილი მიუძღვნა ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანს. წერილი რამდენიმე თვის წინ არის დაწერილი, თუმცა, როდესაც დავით ყიფიანზეა ლაპარაკი, სიტყვა "ძველი" უადგილოდ მეჩვენება... უტკინის წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

თქვენ არ გინახავთ ყიფიანი არათუ ფეხბურთელობისას, არამედ საერთოდ. ამიტომ მე მოგიყვებით მასზე. მქონდა ბედნიერება, მისი ფეხბურთელობის ეპოქაში მეცხოვრა, შემდეგ კი პირადადაც გავიცანი.

1981 წელი დავითისთვის საუკეთესო წელი იყო - თასების მფლობელთა თასი, დიდი ტურნირი. 82-ში ის არ აიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს. ახლა ზუსტად ოთხჯერ ასაკოვანი ვარ, ვიდრე მაშინ. ამ ხნის განმავლობაში ენით აუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე, მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემთვის ახლაც აუხსნელია.

მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, ვთქვა^თ, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ.

ზოგჯერ ამბობენ, ისე თამაშობს, როგორც სუნთქავსო. ეს ფუჭი სიტყვებია. მე ვიტყოდი, თამაშობს, როგორც დადის-მეთქი. მოძრაობაში არის რაღაც უნიკალური, მარტო შენთვის დამახასიათებელი. ყიფიანი შეიძლება პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს. შეიძლება სიმელოტის გამო შეარქვეს კიდევაც პროფესორი. არ იყო ის პროფესორი. პროფესორი კარიერაა, თანამდებობა, ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ბევრია.

სულაც არ ვამბობ, რომ მას სხვა მეტსახელი მოუხდებოდა, ან რა საჭიროა მეტსახელი - ყიფიანი განა ნიშნავს კიდევ სხვას?

მეტჯერ ის აღარ მინახავს. იმ დღიდან ზუსტად 13 წლის მერე, როცა 1981 წლის 13 მაისის გმირი, საბჭოთა ნაკრებში მე-13 ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია 13 დეკემბერს ახალთახალი მანქანით გადაიჩეხა, მითხრეს, რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი - ის თურმე იძებნება, სადღაც კვიპროსშია და როგორც კი იქაურობას დატოვებს, ინტერპოლი დააპატიმრებს, იმიტომ, რომ კანონიერი ქურდია.

ასეთი მონაჩმახის მართლაც სჯეროდათ. რეალობა პარალელებს ეძებდა მაშინდელი "ბოევიკების" ეპიზოდებთან და აბა, ვისთვის მიემგვანებინათ ყიფიანი? აბა, მზვერავისთვის ხომ არა! ამის მერე ""შინიკი"" ჩაიბარა. დიახ, ინტერპოლისგან დასამალავად უკეთეს ადგილს "ვერ მონახავ". მე არ შევმცდარვარ - მითი ცხოვრობდა მითის ცხოვრებით, ყიფიანი რჩებოდა ყიფიანად.

ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით, მგონი, ვლადიკავკაზში. ვუყურებდი, როგორ მეფობდა სუფრასთან. ერთ რამეს იტყოდა და ყველა გაისუსებოდა. ჰყვება ანეკდოტად: "რა მოგაქვთ? ოქრო! ბარგი შეამოწმეს და მხოლოდ სამი წიგნი ნახეს. ხუმრობთ, ახალგაზრდავ? როგორ გეკადრებათ, შეიძლება ვინმესთვის ეს მაკულატურაა, ჩემთვის კი ოქროა". ხუმრობა - ისე რა, მაგრამ ამჩნევს თანამეინახეთა სკეპტიკურ ღიმილს და აყოლებს: "ბიჭებო, სინამდვილეში ანგორის ბეწვეული მოგვქონდა და ყურადღების გაფანტვა მინდოდა"...

დარასელია 30 წლის წინ დაიღუპა. დავით ყიფიანიც ავარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, წამებით ადრე, გული გაუჩერდა. გუშინ კი მე და ჩემი მეგობრები "საფეხბურთო კლუბში": დიმა სავინი, ვანია ხმელნიცკი, მიხაილ მელნიკოვი ჩვენი სერიალის მორიგ ფილმს ვაკეთებდით დიდ გუნდ "თბილისის" "დინამოზე". მე უნდა წამეყვანა და ვერ შევძელი, არადა, მასალა ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი გადაცემა გამოდიოდა. გული დამწყდა. დღეს გამეორებას ვუყურე: თბილისის ""დინამოზე"" სიუჟეტი ასრულებს გადაცემას და გულწრფელად გეუბნებით, ბედნიერებაა, რომ მე არ წამიყვანია გადაცემა. უბრალოდ, ამის მერე ვეღარ ვილაპარაკებდი. კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი, როგორი იყო ყიფიანი...

ბიჭებო, ზიკო პირს დააღებდა, მარადონა, ალბათ, ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისვლოდა ის პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა...

ყიფიანი კი იქ, უბრალოდ, არ იყო. ეს ახლა ძალიან იოლი წარმოსადგენია, ის ხომ არც ახლა არის, აღარ არის...