"შედეგს თუ არ ჩავთვლით, ღირსეულად ვიასპარეზე"
03-03-2014
"შედეგს თუ არ ჩავთვლით, ღირსეულად   ვიასპარეზე"
"დაკავებული ადგილით არა, მაგრამ ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ"

უკეთ, ვიდრე ვანკუვერში! არ გამოვიდა. ელენე გედევანიშვილმა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო, თუმცა თავისი გამოსვლით მაინც კმაყოფილია და მიაჩნია, რომ მათ, ვისაც ერთხელაც კი არ შეუდგამს ფეხი ყინულზე, მისი განსჯის უფლება არ აქვთ. არადა, ოლიმპიადაზე ქართველთა მთავარ იმედს არც კრიტიკოსები მოჰკლებია - ჯერ სოჭში გამგზავრებას, განსაკუთრებით კი, თავისუფალი პროგრამისას დაცემას გადააყოლეს, ქართველები ხომ ჩვენებურს ფეხის დაცდენას ყინულზეც კი არ ვპატიობთ!
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქართველ მოციგურავეს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, "კვირის პალიტრას" კი სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუზე:


- რას იტყვის ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ - სოჭში გამგზავრება მართებული  გადაწყვეტილება იყო?
- დიახ. შედეგს თუ არ ჩავთვლით, ღირსეულად ვიასპარეზე და ჩემს გამოსვლას მეც და მწვრთნელიც დადებითად
ვაფასებთ. განსაკუთრებით - მოკლე პროგრამაში. თუმცა, არ დაგიმალავთ - მოკლე პროგრამის შემდეგ ქულებით და ადგილით ძალიან გულგატეხილი ვიყავი...

- ფიქრობ, რომ მსაჯებს უფრო მაღალი ქულების დაწერა მართებდათ?

- გოგონებმა, რომლებმაც ჩემამდე იასპარეზეს, სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მე კი მათთან შედარებით "სუფთად" ვისრიალე!

- მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე-19 ადგილი დაიკავე. არადა, ვანკუვერში მეთოთხმეტე იყავი, ტურინში - სულაც მეათე...

- სოჭის ოლიმპიადაზე უძლიერესმა გოგონებმა მოიყარეს თავი, ახალი კონკურენტებიც დაგვემატნენ. საერთოდ, ფიგურული სრიალი ძალიან გართულდა... შარშანდელი სეზონი რთული იყო ჩემთვის. მით უმეტეს, ზაფხულში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ამ პირობებში ოლიმპიადაზე გამოსვლა ადვილი ნამდვილად არ იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ დაკავებული ადგილით კი არა, ჩემი გამოსვლით ვარ კმაყოფილი! მაქსიმუმი თუ არა, საუკეთესო თვისებები ხომ მაინც გამოვავლინე?!

- "ელენეს უშეცდომოდაც რომ ესრიალა, წარმატების შანსი მაინც არ ჰქონდა, რადგან კონკურენტებს გაცილებით რთული პროგრამა ჰქონდათ..." - ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- ყველას თავისი აზრი აქვს. ასე რომ, თავის მართლებას არ ვაპირებ. მხოლოდ პროგრამის სირთულე ხომ არ არის საქმე?! მთავარია, როგორ შეასრულებ... ისიც წავიკითხე, სხვები სამ-ნახევარ ბრუნს აკეთებენ, ელენე კი მხოლოდ ორ-ნახევარსო. სამ-ნახევარი ბრუნის შესრულება ერთადერთ გოგონას შეუძლია მსოფლიოში, მე კი სამსაც თავისუფლად ვაკეთებ და მგონი, ეს სოჭშიც ყველამ ნახა...

- რას ეტყვი იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ქართული დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წასულიყო?
- არაფერს... მიმაჩნია, რომ იმ ხალხს, ვისაც ერთხელაც არ ჩაუცვამს საციგურაო ფეხსაცმელი, არ აქვს სპორტსმენის განსჯის უფლება! სპორტსმენები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ანდა, რა დამტკიცდებოდა სოჭში ჩვენი წაუსვლელობით?! ვფიქრობ, ოლიმპიადაზე წასვლით უფრო ბევრი რამ დავამტკიცეთ...

- როცა შენ და იასონ აბრამაშვილს ფეხი დაგიცდათ, საქართველოში ბევრმა ისიც კი იკითხა - სოჭში წასაქცევად წავიდნენო?! ასეთ შეფასებებს თუ აქცევ ყურადღებას?

- ისე გამოდის, თითქოს ჩვენი წაფორხილება ჩემზე და იასონზე მეტად ეწყინა ვინმეს! დასანანია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბევრს ჯერაც არ ესმის, რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ოლიმპიადა... ოლიმპიადაზე გასართობად კი არა, იმისთვის წავედით, ჩვენი დროშა აგვეფრიალებინა, ჩვენი ქვეყნისთვის გვებრძოლა...

- მოკლე პროგრამა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ შეასრულე. თუმცა, ისე ჩანდა, თითქოს ნახტომს გაუბედავად ასრულებდი, ბოლომდე არ რისკავდი... ვცდები?
- არ ვიცი, რისკში რას გულისხმობთ - ნახტომები სუფთად შევასრულე და საკმაოდ კარგი შეფასებაც მივიღე... მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ ახტები - მთავარია, სწორად დაეშვები თუ არა! მით უმეტეს, სხვა მოციგურავეებისგან განსხვავებული ნახტომები მაქვს!

- დაცემის შემდეგ წამოდგომა და ასპარეზობის გაგრძელება ძნელი არ არის?
- ძალიან ძნელია... მაგრამ ციგურაობა იმიტომაც არის რთული და საინტერესო, რომ დაზღვეული არაფრისგან ხარ. მით უმეტეს, ისედაც რთული იყო სრიალი ისეთ ემოციურ მუსიკაზე, რაც ჩემს ნომერს ახლდა. თუ დააკვირდით, სხვა გოგონებმა გაცილებით წყნარ მელოდიაზე ისრიალეს, მე კი არ მიყვარს მუსიკა, რომლის დროსაც ადამიანს შეიძლება ჩაეძინოს. ამიტომ ყოველთვის "ცოცხალ", დინამიკურ მუსიკას ვარჩევ!

- სოჭის ოლიმპიადიდან ყველაზე ემოციურად რა გახსენდება?

- ოლიმპიადაზე გამოსვლა დიდი ფსიქოლოგიური სტრესია სპორტსმენისთვის: გარდა იმისა, რომ იქ მოსახვედრად მთელი კარიერის განმავლობაში იბრძვი, პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე არ გეკისრება, შენს ქვეყანას წარმოადგენ... იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ჩვენს გამგზავრებას ახლდა, ეს ყველაფერი უფრო განვიცადე.

- რუსი მოციგურავის ადელინა სოტნიკოვას გამარჯვებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბევრი ამბობს, რომ ოლიმპიური ოქრო კორეელ იუნა კიმს უფრო ეკუთვნოდა...

- ამაზე სოჭშიც ბევრი ლაპარაკობდა... არ ვამბობ, რომ სოტნიკოვამ გამარჯვება არ დაიმსახურა, მაგრამ კიმს რომ უმაღლესი დონის პროგრამა და შესრულება ჰქონდა, ფაქტია! თუმცა, მსაჯებმა გამარჯვება ადელინას მიანიჭეს და მე რაღა უნდა დავამატო?! ისე კი, ჩემი ფავორიტი ყოველთვის იტალიელი კაროლინა კოსტნერია. სხვათა შორის, ვანკუვერში კაროლინამ ჩემზე უარესი შედეგი აჩვენა - მე-16 ადგილი აიღო, სოჭში კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 27 წლის არის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

- მართალია, რომ ელენე გედევანიშვილი წყვილებში აპირებს გადასვლას?
- მართლაც ვთქვი, წყვილებში გამოსვლაც უნდა მოვსინჯო-მეთქი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთეულებში გამოსვლას თავს ვანებებ და სხვაგან გადავდივარ?! სპორტულ წყვილებშიც იგივე ილეთებია, რაც ერთეულებში და ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. თანაც, ისეთი აღნაგობა მაქვს, მეწყვილეს ჩემი ხელში აყვანა არ გაუჭირდება (იცინის).

- როგორ ფიქრობ, სოჭის "აისბერგ არენაში" დაცემა საბედისწერო ხომ არ აღმოჩნდება შენი კარიერისთვის?

- არ მგონია! ახალგაზრდა ვარ, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ! 13 წელიწადია, ერთი შეჯიბრებაც კი არ გამომიტოვებია და ძალიან გადავიღალე ფიზიკურადაც, ემოციურადაც... ამიტომ სეზონის პირველ ნახევარში ტურნირებზე არ გავალ. მინდა, ცოტა დავისვენო და კარიერა ახალი ენერგიით, უფრო რთული პროგრამებით გავაგრძელო!
vep1963
10 მარტი 2014 18:44
ეს რა უბედურებაა სპორტსმენი ამბობდეს შედეგს თუ არ ჩავთვლით ღირსეულად ვიასპარეზეო ვაი ჩვენს პატრონს.რასჰქვია შვილო ღირსეულად ასპარეზობა?მაშ შედეგს რაღა მნიშვნელობა ჰქონია .თუ ტეკსტში რაიმე შეცდომა არაა გაპარული და ტუ ასე ფიქრობ მაშინ სასწრაფოთ უნდა დაანებო სპორტს თავი.ვიცი ეს მწარეა მაგრამ ეს ასეა.
f
05 მარტი 2014 09:09
გაიჟღერა თუ არ გაუხეთქა გული პუტინს. თურმე ძალიან მუსიკალურად ჟღერს რუსულად. პირდაპირ დაატკბო ხალხი გვარის გაჟღერებით.
ოკ
04 მარტი 2014 22:27
ან რისთვის მიდიოდი, შვილო, იქ, არ რით იქებ თავს აქ... ამაზე ამბობენ, ნამუსიც კარგი საქონელიაო

რედაქტორის რჩევით