შენგელია... დარტყმა... არის! - კვირის პალიტრა

შენგელია... დარტყმა... არის!

რა ხანია, ქართულ ფეხბურთს "მშრალი" დროება უდგას. გამარჯვებაზე აღარაფერს ვამბობთ, აღარც კი გვახსოვს, ბოლოს როდის გავიტანეთ გოლი მეტოქის კარში. არადა, ქართულ ფეხბურთს ჰყავდა ისეთი გოლეადორი, რომელიც არაფრისგან ქმნიდა საოცარი სილამაზის გოლებს და დაუვიწყარ საფეხბურთო სპექტაკლებს უჩვენებდა მილიონობით გულშემატკივარს...

1957 წლის პირველ იანვარს, ქუთაისში დაიბადა ბიჭუნა, რომელმაც მოგვიანებით ოქროს ისტორია ჩააგვირისტა ქართული ფეხბურთის ფოლიანტებში. ეს ბიჭუნა რამაზ შენგელია იყო. ქართული სამწვრთნელო სკოლის ბერმუხის, კარლო ხურციძის მიერ განსწავლული ჭაბუკი ჯერ ქუთაისის "ტორპედოში" აოცებდა სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს, შემდეგ კი იმდროინდელი ევროპული გრანდის - თბილისის "დინამოს" მაისური მოირგო და ბუნებით მოკრძალებულმა, ისეთი სითამამით დაიწყო მეტოქის კართა "დაბომბვა", ქვა ქვაზე აღარ დატოვა(!)...

დებიუტიც საოცარი გამოუვიდა საქართველოს უპირველეს გუნდში 20 წლის რამაზ შენგელიას. პირველივე მატჩში გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში და ყველას აგრძნობინა, რომ საფეხბურთო კაბადონზე მისი სახით გაბრწყინებას აპირებდა ახალი ვარსკვლავი. და დაიწყო შენგელიას "არტილერია" - გოლები თავით, ფეხით, მკერდით, მუხლით; გოლები ვარდნაში, ნახტომში, ტრიალში; გოლები ენით აუწერელი სილამაზის და ხანდახან დაუჯერებელიც(!), მეტოქის მცველთა წაღმა-უკუღმა ბორიალი და მეკარეთა უმწეოდ გაშლილი ხელები...

1978 წელს 21 წლის ჭაბუკი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (ეს საპატიო ტიტული 1981 წელსაც მიანიჭეს). იმდროინდელი პირველობა დღევანდელი რუსეთის "ურა-ურა" და "ბეი-ბეგი" არავის ეგონოს, აქ ნებისმიერი აუტსაიდერი თავს აკლავდა მინდვრის თითოეულ გოჯს და თავდამსხმელს ტკიპასავით ჰყავდა აკრული მეტოქის "ნაკაჩავები" მცველი პერსონალურ დარაჯად. უნდა გაგეძლო მათი "ყასბობისთვის", უნდა "მოგესრიალებინა" მოხდენილი ფინტით მეურვეც, მისი დამზღვევიც და თუ მათ ცელივით მოსისინე ფეხებს გადაურჩებოდი, მერე ზუსტი დარტყმით აგეღო მეტოქის კარი. რამაზ შენგელია ყველას და ყველაფერს ასწრებდა. შედეგად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის საპატიო მანტიაც მოისხა და მადლიერი გულშემატკივრის სიყვარულიც.

საუკეთესო პარტნიორებიც ჰყავდა - ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, მაჩაიძე, ჩივაძე... ფილიგრანულ პასებს უმზადებდნენ, მაგრამ ყველა მათგანს თავად შენგელია უადვილებდა საქმეს. მისნაირი უბურთოდ თამაში არავის შეეძლო, მისნაირი გახსნა და ბურთის საჭირო ადგილზე დახვედრა თითზე ჩამოსათვლელთა ხვედრი იყო მხოლოდ. ძველ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ და ყველა დამეთანხმება, რომ ვერცხლისწყალივით მოძრავ შენგელიას კარის წინ ბადალი არ ჰყავდა. დასწრებაზე თამაში უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს და არანაკლებ რთულია მერე კარისკენ ბურთის შემოტრიალებით დარტყმა. ყველაფერი წამის მეათედებში ხდება, გაელვებასავით და მხოლოდ მერე იწყება დიდი სიხარული, გოლის გატანის მერე მაღლა ახტომით და გაქნეული მუშტით. რამდენი ამისთანა სიხარული გვაჩუქა შენგელიამ, სათვალავიც კი აგვერია უკვე...

1981 წელს, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს ლამის მარტომ მოუგო. პირველი გოლი კი საოცარი სილამაზისა გაუტანა მეტოქეს, გახსოვთ? - მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულს, კარისკენ ლამის ზურგით მდგარმა თავი დაუხვედრა და შორეულ ცხრიანში ისე ჩაუხუჭუჭა მეკარეს, პირდაღებული და გაოცებული გააშეშა კარგა ხანს. "ფეიენოორდს"" რა დამართა როტერდამში, ისიც გვახსოვს: ფინალში გამსვლელი მატჩი იყო და მასპინძლებმა უკადრებელი იკადრეს გამარჯვებისთვის. ერთხანს წკიპზეც იყო მატჩის ბედი, მაგრამ მეორე ტაიმში შენგელიამ ისეთი ცეცხლი დაანთო ჰოლანდიელთა ნახევარზე, ვერაფრით ჩააქრეს - ვერც უხეშობით და ვერც მსაჯის უნამუსობით: ორი გოლი გაიტანა (არ ჩაუთვალეს?!), ერთხელ 100%-იანი პენალტი ეკუთვნოდა, არ დანიშნეს(?!)... ყველაფერი რომ ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდა, მერე გამოტყდნენ - ეს ვინ ყოფილა, ვერაფრით გავაჩერეთ, ძრავი ხომ არ უდგას მკერდშიო(!).

გოლებით "დაასაჩუქრა" თითქმის ყველა ის გუნდი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია - "ლივერპული", "ნაპოლი", "ვესტჰემი", "ჰერტა", "ბასტია"... მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები... გაწბილებული მცველები და გოლკიპერები... გაოგნებული მწვრთნელები...

მაგარი იყო რამაზ შენგელია, ძალიან მაგარი!.. მისი თაობის ბიჭებს აქვთ ნათქვამი, - თამაშის შემდეგ რამაზის მაისური ფერს იცვლიდა ოფლისგან და ყველაზე უფრო გასაწური იყოო...

ასეთი იყო ზუსტად - დაუღალავი, უღალატო, სულის და გულის გამღები საქმისთვის და ხალხისთვის (რაც ასე აკლიათ დღევანდელ ქართველ "ვარსკვლავებს""). სად იყო მაშინ ექვსნიშნა ხელფასები და პრემიები, ან ასე გახსნილი საზღვრები და ტრანსფერების ცვენა. დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანში  იხვეწებიან ქართველი ფეხბურთელები გასინჯვას(?!), მაშინ კი რამაზ შენგელიას ევროპის წამყვანი ქვეყნების გრანდები ეხვეწებოდნენ, ოღონდ კი მათთან გადასვლაზე თანხმობა ეთქვა. ვინ გაუშვებდა, თორემ...

სამაგიეროდ, რამაზ შენგელიას ერგო ყველაზე დიდი პრემია - ხალხის გულწრფელი სიყვარული! დღესაც ჟრუანტელი გვივლის, როცა გვახსენდება დიდი "დინამოს" დროინდელი დაუვიწყარი წამი - ყიფიანის ფილიგრანული გადაცემა, ათლეტურ მცველებთან ჭიდილში შენგელიას გაელვება, თვალშეუვლები სისწრაფის დარტყმა... არის!.. არის!.. არის!.. და ტაბლოზე ოქროსფრად აკიაფებული გოლის ავტორი - რამაზ შენგელია!..

"კვირის პალიტრა" მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად ულოცავს ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს დაბადების დღეს! ბედნიერ შობა-ახალ წელს და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ, ბატონო რამაზ!