ცხადად ახდენილი ოცნება ცხადაიასთვის - კვირის პალიტრა

ცხადად ახდენილი ოცნება ცხადაიასთვის

ქართულ სპორტში წიწილებს დეკემბრის მიწურულს ითვლიან ხოლმე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები ამჯერადაც გამოავლინა. 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია აღიარეს, რომელმაც განვლილ წელს "ოქროს დიდი პრიზი" მოიგო, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო დაისაკუთრა, მსოფლიოზე კი მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ისიც, მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების გამო. ვიდრე ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, დანარჩენ ნომინანტებსაც გაგაცნობთ:

ფედერაციებს შორის საუკეთესოდ რაგბის კავშირი აღიარეს. ქართველმა მორაგბეებმა შარშან ევროპის ერთა თასი მოიგეს და წინა წლების მსგასად, 2009-შიც თავდაუზოგავად და რაც მთავარია, შედეგიანად იბრძოდნენ. წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დასახელდა, რომელიც შარშან არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ დამარცხებულა და A დივიზიონში აღზევდა. ბუნებრივია, საუკეთესო მწვრთნელადაც კალათბურთელთა სერბი თავკაცი - იგორ კოკოშკოვი აღიარეს.

ამის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე თავგამოჩენილი შვიდი ათლეტი დასახელდა. როგორც გახსოვთ, წინა წლებში ათ ლაურეატს ასახელებდნენ ხოლმე, მაგრამ რაკი 2009-ში განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიგვიღწევია, დეპარტამენტმა არჩევანი მხოლოდ შვიდ სპორტსმენზე შეაჩერა. ტრიუმფატორ ცხადაიაზე უკვე ვთქვით, დანარჩენი ექვსიდან კი მოჭიდავე მხოლოდ ორია - გიორგი გორშელიძე (თავისუფალი სტილი) და ძიუდოისტი პაატა მერებაშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა 20 და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის. მოჭიდავეებზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ წინა წლებში ნომინანტთა შორის თითქმის სულ ისინი ჭარბობდნენ, მაგრამ გასული წელი საჭიდაო სახეობებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს დაჯილდოების ცერემონიალსაც დაეტყო. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ლაურეატები გახდნენ: ტყვიის სროლაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს სუპერთასის მფლობელი ნინო სალუქვაძე (საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა მსოფლიოს სუპერთასი მერვედ(!) მოიგო, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები -  ძალოსანი ალბერტ კუზილოვი და მოკრივე კობა ფხაკაძე; ასევე ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი ლაშა სალუქვაძე.

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენ მანუჩარ ცხადაიასთან. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ხობელი მოჭიდავე საუკეთესოდ დაასახელეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაშიც.

- მანუჩარ, აღიარებას გილოცავთ! რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახალეს?

- საოცარი გრძნობა იყო. იმ წუთებში კი არა, ხანდახან ახლაც კი არ მჯერა, ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდებოდა. ეს დაფასება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება სტიმულად...

- გულწრფელად თქვით, როცა დაჯილდოების ცერემონიალზე მიგიწვიეს, გამარჯვების იმედი ხომ გქონდათ?

- იმედი როგორ არ მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. ძლიერი კონკურენტები მყავდა და წარმატების შანსი ყველას ჰქონდა. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, თავი სიზმარში მეგონა. მანუჩარ, ნუთუ ეს შენს თავს ხდება-მეთქი, - ვფიქრობდი... არ ვიცი, რას უნდა შევადარო გრძნობა, რომელიც შენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებისას გეუფლება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა...

- შეიძლება ითქვას, რომ წარმატებაც და აღიარებაც ერთბაშად "დაგატყდათ" თავს - განვლილი სეზონის დაწყებამდე ხომ ფაქტობრივად არავინ გიცნობდათ... როგორ უძლებთ ამდენ ემოციას?

- გამარჯვებები იყოს და გავუძლებთ როგორმე (იცინის). ისე კი, ყველანაირი წარმატება ადამიანმა სწორად უნდა აღიქვა, გაითავისო, რომ მერე დათვური სამსახური არ გაგიწიოს. მოკლედ, პოპულარობას ვუძლებ, ვუმკლავდები და შევეცდები, დიდხანს თუ ვერ შევინარჩუნებ ამ სახელს, ის მაინც მოვახერხო, ბევრმა თქვას - მანუჩარ ცხადაიას პირველობა თავში არ ავარდნიაო... აღიარება ხომ დიდ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. ჩემი აზრით, გამარჯვების მიღწევაზე რთული, მისი შენარჩუნებაა და როგორ გავართმევ თავს ამ ამოცანას, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს...

- 2009 წელს სამივე სინჯის მედალი მოიგეთ - ოქროს დიდ პრიზზე" ოქრო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი, ევროპის პირველობაზე კი ბრინჯაო. სეზონის დასაწყისში, ასეთ მონაგარზე, ალბათ, ვერც იოცნებებდით...

- ამგვარ შედეგებზე მართლა თუ ვიოცნებებდი, თორემ ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი 2009 წელი ასე იღბლიანი თუ გამოდგებოდა ჩემთვის. მით უმეტეს, თავიდან არც ისე კარგად დავიწყე - საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდი. საბედნიეროდ, მერე წამოვიდა და წამოვიდა მედლები...

- და წლის მთავარი იმედგაცრუებაც - დანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ოქრო მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დაკარგე...

- გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი და ალბათ, მთელი ცხოვრების გულისტკივილად გამყვება ის მარცხი. მარტო რომ ვრჩები, დღემდე ის წუთები მახსენდება, როცა აზერბაიჯანელ მანსუროვთან შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წამით ადრე ტყუილუბრალოდ გამაფრთხილეს...

- ფარიდ მანსუროვი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია და უძლიერესი ფალავანიც, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხე, ის შეხვედრა კი ძალით წაგაგებინეს...

- მსაჯების გადაწყვეტილება მთელმა დარბაზმა გააპროტესტა, მაგრამ... მანსუროვს ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოსთვის მატჩში მოვუგე. სხვათა შორის, ღირსეული სპორტსმენია, - ფინალის შემდეგ მოვიდა და მანუგეშა, გული არ გაიტეხო, ყველაფერი წინ გაქვსო, ქართულად დამელაპარაკა...

- წინ მართლაც ბევრი გამარჯვება გაქვს და იმედია, მანსუროვთან მარცხით გამოწვეულ იმედგაცრუებას მალე დაივიწყებ. ამაში სამშობლოში მოპოვებული აღიარებაც უნდა დაგეხმაროს...

- რა თქმა უნდა. ვგრძნობ, უფრო თავდაჯერებული გავხდი, რაც აუცილებლად წამადგება მომავალ ტურნირებზე...

- ახალ წელს მშობლიურ ხობში შეხვდი. ხობელები როგორ შეხვდნენ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენს?

- ისე, როგორც ხობელებს შეეფერებათ... მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას მადლობა დაფასებისა და თანადგომისთვის. ასეთი ბედნიერი ახალი წელი აქამდე არასდროს მქონია. საქართველოს სახელის გატანა და საქართველოში საუკეთესოდ დასახელება - ამაზე დიდი პატივი რა უნდა იყოს...