გოლითა და გულით გამორჩეული - კვირის პალიტრა

გოლითა და გულით გამორჩეული

რამაზ შენგელიაზე ახალი რა უნდა თქვა?! თურმე, შეიძლებოდა... და ითქვა კიდეც. თბილისის "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირზე გამოცემულ წიგნში ითქვა - ახალიც და კარგად დავიწყებული ძველიც... ეგ არის მხოლოდ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გატანილი გოლის შემდეგ ხელაღმართული გოლეადორი, მისთვის შენგელიას თამაში არასოდეს იქნება "ძველი"...

რამაზ შენგელიაზე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გასულ კვირას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. წიგნის რედაქტორი ასოციაციის პრეზიდენტი და ჟურნალ "ათიანის" მთავარი რედაქტორი გიორგი გორგოძეა. მის გარდა წიგნზე იმუშავეს ლაშა გოდუაძემ (შემდგენელი), ზაზა ასანიშვილმა (არტრედაქტორი), ილია ბაბუნაშვილმა და თამაზ მიგრიაულმა... წიგნში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ არაერთ ინტერვიუს, წერილსა თუ ფოტოს ნახავთ. დანარჩენი კი... დანარჩენი თავად უნდა გენახათ - "ფეხბურთი ხომ მოყოლით არ იქნება?!" (ახალ წიგნს დავესესხებით. - ავტ.)

და მაინც, იმათგან, ვისაც ცოცხლად არ უნახავს და მხოლოდ გაცრეცილი ფოტო თუ ვიდეოკადრებით იცნობს ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელს, რამაზ შენგელიას შესახებ გამოცემული წიგნის ავტორებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით!

რამაზ შენგელია კლასიკური ცენტრფორვარდი იყო - უნიკალური საგოლე ალღოთი და საოცარი შედეგებით. თანამედროვე ცენტრალური თავდამსხმელები დაბადებულიც არ იყვნენ, რამაზს ერთიმეორეზე უკეთესი და საჭირო გოლები რომ გაჰქონდა: მხოლოდ "არარატის" ან "სპარტაკის" კი არა - "ლივერპულის", "ბაიერნის", "ნაპოლის", "ვესტ ჰემის" თუ "ჰერტას" კარში... ერთადერთი ქართველია, ვინც ორჯერ დაასახელეს საბჭოეთის საუკეთესო ფეხბურთელად! დღეს რომ მესის და რონალდუს შედეგები გვიკვირს, 21 წლის რამაზ შენგელიას ანგარიშზე უკვე 70 გოლი გახლდათ - "ტორპედოს", "დინამოს" თუ ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გატანილი...

რაც მთავარია, მხოლოდ საფეხბურთო კარიერით კი არა, სიყვარულით, ქუთაისური იუმორით, იშვიათი თავმდაბლობით გამორჩეული კაცი იყო...

დანარჩენს კი წიგნში ნახავთ. წიგნში, რომელსაც სათაურიც არ სჭირდება: "რამაზ შენგელია" და... ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მხოლოდ გარეკანის ფოტოც კმარა - რამაზივით ხომ არავის შეეძლო გოლის ჯერ გატანა, მერე კი აღნიშვნა...

დღეს ქართულ ფეხბურთს სწორედ მისნაირი ხალხი აკლია - მოედანზე გოლით, ცხოვრებაში კი - გულით გამორჩეული! ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი შენგელია! სწორედაც რომ - გოლითა და გულით გამორჩეული...

ავტორთა თქმით, წიგნის რამდენიმე ასეული ეგზემპლარი საჩუქრად დაურიგდებათ საფეხბურთო სკოლებს. არსიც ხომ ეგ არის - უპირველესად სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორი წინაპრები ჰყავდათ და ვისი გზა უნდა გააგრძელონ...

ჰოდა, როცა წაიკითხავ, ვინ იყო რამაზ შენგელია, ისიც გახსოვდეს, რომ ფეხბურთი არც "მოყოლით იქნება" და არც წაკითხვით. რომ "ძველი" შენგელიას შემდეგ, ახალს - სწორედ შენ გელია-ნ!

P.S. წიგნის პრეზენტაციაზე რამაზ შენგელია თანაგუნდელებმა, ოჯახის წევრებმა და ჟურნალისტებმა გაიხსენეს. მერე კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გასული წელიც შეაჯამა: ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილს მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია გადაეცა; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიით (2013 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო პუბლიკაციებისთვის) ვაჟა სიმონიშვილი ("ლელო") და რატი შელეგია ("კვირის პალიტრა") დაჯილდოვდნენ; სპორტულ კომენტატორ ბიძინა ბარათაშვილს (GMG) კოტე მახარაძის სახელობის, ლევან ჯანეზაშვილს კი (ჟურნალ "ათიანში" ახალგაზრდულ თემატიკაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის) - ნუგზარ შატაიძის სახელობის პრემიები გადაეცათ...