"არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი... ჩემთვის რუსეთი და პუტინი ერთი არ არის!"
10-03-2014
"არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი... ჩემთვის რუსეთი და პუტინი ერთი არ არის!"
"მადლობა უფალს, რომ 2008 წლის ომის დაწყებისას რუსეთის ნაკრების ფორმა არ მეცვა და ოლიმპიადაზე არ ვთამაშობდი!"

"ტყუილია, თითქოს ქართველ და რუს ხალხს ურთიერთობა უჭირს. ყველაფერში დამნაშავენი მხოლოდ პოლიტიკოსები არიან."

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და ამაში რევაზ ჩომახიძის წვლილიც არის: კონტინენტის პირველობის საგზური ჩვენმა გუნდმა სტამბოლის აუზიდან წამოიღო, 40 წლის (!) ვეტერანმა კი თურქებს შინაც და სტუმრადაც გაუტანა თითო გოლი... სიმბოლურია, ევროპის ჩემპიონატისკენ ჩვენს ნაკრებს ევროპის 2003 წლის
საუკეთესო წყალბურთელი რომ გაუძღვა, თუმცა, ჩომას სხვა ტიტულებითაც შეუძლია თავის მოწონება - რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მოგებული აქვს ოლიმპიური ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, კეთილი ნების თამაშები, მსოფლიო თასი, მსოფლიო ლიგის თამაშები... ოღონდ, "მოღალატის" იარლიყის მიწებებას ნუ იჩქარებთ - რევაზ ჩომახიძე ხომ
იმ წლებში ბრწყინავდა რუსეთის ნაკრებში, როცა საქართველოს ეროვნული გუნდი ჯერ კიდევ არ არსებობდა! მსოფლიო წყალბურთის ქართველი ვარსკვლავი აქტიურ სპორტს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა, საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარა და არც უნანია...


- საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ხანგრძლივი შრომის შედეგად მოიპოვა. კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა დიდი წარმატებაა და ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში წვლილი მეც შევიტანე...

- დიდ ტურნირებზე თამაში თქვენთვის უცხო არ არის. მეტიც, საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ხართ, ვისაც ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე უთამაშია და თანაგუნდელებისთვის ფასდაუდებელი გამოცდილების გაზიარება შეუძლია...

- მართალი ხართ. თუმცა, არ მგონია, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო... უკვე 40 წლის ვარ, წყალბურთი კი სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას ითხოვს. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხანგრძლივი, მომქანცველი ტურნირია.

- შესაძლოა, მთელი მატჩისთვის არ გეყოთ ენერგია, მაგრამ თქვენისთანა გამოცდილ მოთამაშეს სარგებლობის მოტანა დროის მოკლე მონაკვეთშიც შეუძლია...
- მთელი შეხვედრა არც თურქეთში მითამაშია, მაგრამ ვიმეორებ - ევროპის პირველობა სხვა მასშტაბის ტურნირია, გაცილებით ძლიერი მეტოქეებით, დღეგამოშვებით გასამართი მატჩებით... კი ბატონო, რამდენიმე წუთით დავეხმარები გუნდს, მაგრამ ეს დრო ხომ უნდა წავართვა ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილება იქნება?!

- ემოციური თურქი მაყურებლის წინაშე თამაში ყოველთვის რთულია. თანაც, მასპინძლებს ურიგო გუნდი არ ჰყავთ. სტამბოლურ მატჩს როგორ გაიხსენებთ?

- თურქეთის ნაკრები ამბიციური გუნდია, რომელსაც უკვე უთამაშია კონტინენტის პირველობაზე და თავს ჩვენთან დუელშიც ფავორიტად მიიჩნევდა. თუმცა, მე თავიდანვე მჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩვენ დაგვრჩებოდა და ასეც მოხდა! სხვათა შორის, თურქები მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყვნენ და ამბობდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა თურქული წყალბურთისთვის დიდი ტრაგედიაა.

- სასურველი შედეგის მიღწევაში ქართველი ქომაგებიც ხომ დაგეხმარნენ?
- ეს არ ყოფილა ჩემი პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებში, მაგრამ გასვლით შეხვედრაში ასეთი მხარდაჭერა არ მახსენდება! ქართველები მთელი შეხვედრის განმავლობაში გვამხნევებდნენ. დადებითი მუხტი კი ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე მივიღეთ - ტექნიკური ხარვეზის გამო საქართველოს და თურქეთის ჰიმნები ძალიან დაბალ ხმაზე დაუკრეს, თუმცა, ორგანიზატორთა შეცდომა ქართველმა ქომაგებმა გამოასწორეს და ჩვენი ჰიმნი ისე ომახიანად იმღერეს, მათი გაწბილების უფლება აღარ გვქონდა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ქომაგს, ვინც ასეთ შორ გზაზე წამოსვლა არ დაიზარა...

- კარიერის განმავლობაში უამრავი ბურთი გაგიტანიათ, მაგრამ 40 წლის ასაკში ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში გოლის "გემოს" გახსენება, ალბათ, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო...
- მოთამაშის კარიერა 2009 წელს დავასრულე, სანაკრებო მატჩებმა კი ახალგაზრდობაც გამახსენა და ის ემოციაც, რაც გამარჯვებას ახლავს... ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამ ბიჭების მწვრთნელი ვიყავი, ამიტომაც, მხოლოდ თანაგუნდელები არ ვართ. ერთობლივი წარმატება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა!

- თქვენ, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, მარკო ელაჩას შედეგიანი თამაშით კმაყოფილი უნდა იყოთ... საერთოდაც, ნატურალიზებულმა მოთამაშეებმა ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს...

- მე და მარკო ჯერ კიდევ ზაგრების "მლადოსტში" ვთამაშობდით ერთად. მისი პოტენციალი რომ ვიცი, ამიტომაც შევთავაზე საქართველოს ნაკრებში თამაში. შეთავაზებას ისიც და კიდევ ერთი ხორვატი - მარინო ფრანიჩევიჩიც სიამოვნებით დასთანხმდნენ. შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ლეგიონერებიდან განსაკუთრებით ელაჩა და მისი სეხნია ელეზი გამოირჩეოდნენ, ფრანიჩევიჩს და ცრეპულიას კი იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ამჯერად ვნახეთ.

- ქართველ თანაგუნდელებზე რას იტყვით? რეზო ჩომახიძეს ნიჭიერი წყალბურთელების "ამოცნობა" არ შეეშლება...

- ჩინებული ბიჭები არიან! ნიჭიერი მოთამაშეები საქართველოს არასდროს აკლდა, მაგრამ ახალგაზრდა წყალბურთელი სათანადოდ რომ განვითარდეს, ელემენტარული პირობა მაინც ხომ უნდა შეუქმნა?! სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ორი წელია, რაც დახურული აუზი ფუნქციონირებს, მანამდე ზამთარში ვარჯიშს ვერ ვახერხებდით... ამიტომაც არის დასაფასებელი არა მხოლოდ ნაკრების მოთამაშეების, არამედ ყველას შრომა, ვინც მძიმე წლებში წყალბურთი შეუნარჩუნა საქართველოს!

- ცურვა მართლაც სევასტოპოლში ისწავლეთ?

- ბებია დღემდე იქ ცხოვრობს და ზაფხულობით ხშირად ვსტუმრობდით. ცურვაც სევასტოპოლში ვისწავლე 5 წლის ასაკში.

- ყირიმში ახლა დაძაბულობაა. არ ნერვიულობთ?
- აქედან ისე ჩანს, რომ ყირიმში ახლა დაძაბული ვითარებაა. თუმცა, სევასტოპოლში მცხოვრებ ნათესავებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახება, რომ ჯერ სანერვიულო არაფერია... იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, თუმცა, მწარე გამოცდილებით ვიცით, რომ გამორიცხული არაფერია...

- საინტერესოა რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრის აზრი - უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე? საერთოდ, მართებულია სპორტისა და პოლიტიკის დაკავშირება?

- სპორტი და პოლიტიკა სწორედაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული - გააჩნია, ვინ როგორ იყენებს! ლოზუნგები: "ოლიმპიადაზე მთავარი მონაწილეობაა", "პოლიტიკა და ოლიმპიადა არაფერ კავშირშია" და ა.შ. რეალობისგან შორს არის. ბერლინის ოლიმპიადით დაწყებული, პუტინის ოლიმპიადამდე, ოლიმპიურ თამაშებს ყოველთვის იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის... უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველები? სოჭის ოლიმპიადა ნამდვილად არ ყოფილა აპოლიტიკური, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენმა მთავრობამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ასე სჭირდება და სოჭის ოლიმპიადაში სპორტსმენებმა უნდა იასპარეზონ, ქართველი სპორტსმენები ვალდებული იყვნენ, წასულიყვნენ! 

- ოდესმე გინანიათ, რუსეთის ნაკრების წევრი რომ იყავით?

- არასდროს! მეტსაც გეტყვით - იმ გუნდში თამაში ჩემთვის სასიამოვნოც იყო და საამაყოც. რუსეთს მხოლოდ აგრესორ ქვეყნად არ აღვიქვამ, მათ კულტურას კარგად ვიცნობ და ჩემთვის რუსეთი და პუტინი ერთი არ არის! ამავე დროს, ბედნიერი ვარ, რომ დროულად ვთქვი უარი რუსეთის ნაკრებში თამაშზე. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, რაზე ლაპარაკიც ახლა არ მსურს, მაგრამ როცა რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია ხდებოდა, მე უკვე უარი მქონდა ნათქვამი რუსეთის ნაკრებში თამაშზე. მადლობა უფალს, რომ 2008 წლის ომის დაწყებისას რუსეთის ნაკრების ფორმა არ მეცვა და ოლიმპიადაზე არ ვთამაშობდი! ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის...

- რუსეთის ნაკრებში თამაშისას ხომ ყველამ იცოდა, რომ რეზო ჩომახიძე ქართველია?!

- რა თქმა უნდა! მაგრამ ამის გამო რუსეთში არასდროს მიგრძნია რაიმე სახის დისკრიმინაცია. ტყუილია, თითქოს ქართველ და რუს ხალხს ურთიერთობა უჭირს. ყველაფერში დამნაშავენი მხოლოდ პოლიტიკოსები არიან. ის კი, ვინც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო, არც რუსი და არც ქართველი ხალხის აზრს არ ითვალისწინებდა! ამიტომაც ვამბობ, რომ რუსეთის და პუტინის, რუსი ხალხის და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გაიგივება შეცდომაა...

- განათლებით ეკონომისტი ხართ, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიაც გაქვთ დამთავრებული, რამდენიმე უცხო ენა იცით... განათლება, ინტელექტი სპორტსმენს აუზშიც ეხმარება?

- ინტელექტი ყველგან საჭიროა, თუმცა, დიპლომატიისგან განსხვავებით, სპორტში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ლოგიკურია. ალბათ, ამიტომაც უყვარს სპორტი ყველას... რაც შეეხება ენებს, ქართულის გარდა, ვიცი იტალიური, ინგლისური, სერბულ-ხორვატიული, ესპანური და რუსული. ნათქვამია - ადამიანმა რამდენი ენაც იცის, იმდენი ცხოვრებით იცხოვრაო! როცა ენა იცი, უფრო კარგად იცნობ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, მენტალიტეტს...

- იყო წლები, როცა ანაზღაურებას ვინ ჩივის, მზად ვიყავით, ფული თავად გადაგვეხადა, ოღონდ აუზში წყალი ჩაესხათო... მართალია?

- ბევრჯერ გადამიხდია ფული, რომ მევარჯიშა. საერთოდ, ანაზღაურება გადამწყვეტი ფაქტორი იშვიათად ყოფილა ჩემთვის. ფული იმისთვის არსებობს, რომ საინტერესოდ გამოიყენო, რაღაც კარგი გააკეთო...

- წყალბურთი, ჯაზი, იალქნიანი ნავები... კიდევ რა უყვარს რეზო ჩომახიძეს?

- ჰობი არ შემიცვლია: როცა დრო მაქვს, თბილისის ზღვაზე სიამოვნებით ვსეირნობ ჩემი პატარა, 6-მეტრიანი იახტით. ისეთი პატარაა, სახელიც კი არ დამირქმევია (იცინის). ზოგადად სპორტი მიყვარს - ფეხბურთი, ველოსპორტი. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო... ჯაზი? ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ საქართველოში ხშირად ჩამოჰყავთ მსოფლიოს საუკეთესო ჯაზმენები.
haha
12 მარტი 2014 23:31
კიდევ ერთი გამყიდველი ქართველი.ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ხალხიც და პუტინიც ერთი და იგივენი არიან.და ამ კაცისნაირები გამყიდველობას ამართლებენ ვითომც პოლიტიკოსები და ხალხი, ანაც ქვეყნებშორის ურთიერთობა პოლიტიკოსებს აბრალიან მარტო. არადა ჩვენზეა ყველაფერი უბრალო ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენს პატრიოტიზმზე. ეს უზნეო კაცი კი სიამაყით გვიყვება თუ როგორ ემსახურება ჩვენს დამღუპველს. თუ შენს კაცობას, თუ შენს მშობლებს.მიიღეთ უკრაინელებისგამ მაგალითი უკრაინელებისგან ქართველებო.
dato
12 მარტი 2014 02:13
შენი თამაში გვინდა ევროპაზე, უძლიერესი ხარ...

ficvercxli
11 მარტი 2014 17:15
კარგი ქართველი ბრძანდებით ბატონო რეზო, ვამაყობ რომ გვყავხარ ასეთი კარგი სპორცმენი და ერის შვილი ძთქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ, მაგრამ ან გეშინიათ სიმართლის თქმა რომ არ უნდა წასულიყვნენ სპორცმენები ოლიმპიადაზე ან დაგავიწყდათ 2008 წელი, ასე რომ არავის არ უნდა გაუგორდე ვინც არ უნდა იყოს ის თუნდაც კარგი რუსი

რედაქტორის რჩევით