ანთიმოზის თასიც ჩვენია, "ერთა თასიც" და ჯილებთან თამაშის უფლებაც
17-03-2014
ანთიმოზის თასიც ჩვენია, "ერთა თასიც" და ჯილებთან თამაშის უფლებაც
ბორჯღალოსნებმა "ერთა თასის" წლევანდელი გათამაშების უკანასკნელ მატჩში რუმინელებს უმასპინძლეს. ამ თამაშში ბევრი რამ წყდებოდა, თუმცა უმთავრესი მაინც ის იყო, ვინ გახდებოდა "ერთა თასის" წლევანდელი გამარჯვებული. რუმინელებს აგერ უკვე მეოთხე წელია, ჩვენთან აღარ მოუგიათ და ბუნებრივი იყო, ამ "ტრადიციის" დარღვევისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ, თავის მხრივ, "ბორჯღალოსნებსაც" კიდევ ერთხელ მოუწევდათ იმის დამტკიცება, რომ დროა, უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშის უფლება მოგვცენ, ვიდრე რუმინეთის ნაკრებია. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ცოტა მძიმედ დაიწყეს შეხვედრა, რაც ანგარიშშიც
გამოიხატა და რუმინელები დაწინაურდნენ, თუმცა ქართველებმა მალევე გაათანაბრეს. მატჩის გარდამტეხი მომენტი ოცდამეოთხე წუთი გამოდგა, როცა მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა ხელდახელ თამაშით მარჯვნივ გადაიტანეს, ზირაქიშვილსაც ერთ მეტოქესთან გამკლავება აღარ გასჭირვებია და მატჩის პირველი და, როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი, ლელოც დადო.

მეორე ტაიმი კი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.
"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეებს, შეიძლება ითქვას, ხელი არ გაანძრევინეს და გაიმარჯვეს კიდეც ანგარიშით 22-9. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-რუმინეთის მატჩს ამდენი მაყურებელი არასოდეს დასწრებია, იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება და გულშემატკივარს მხოლოდ რუსეთთან თამაშის დროს არ გაუჩნდება სტადიონზე მისვლის სურვილი.

მატჩს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცეს. საპატიო სტუმართა შორის სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილიც იყო.
ქართველებსა და რუმინელებს შორის ტრადიციულად "ანთიმოზ ივერიელის" თასი თამაშდება, რომელიც წელსაც ჩვენთან დარჩება. ამ მოგებით "ბორჯღალოსნებმა" საშემოდგომო ტესტებზე ირლანდიასთან სტუმრობის უფლება მოიპოვეს, აგრეთვე 2015 წლის ლონდონის მსოფლიოს ჩემპიონატზე სასურველ C-ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგის ნაკრებებთან ერთად, აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებული ეყოლებათ.

რედაქტორის რჩევით