"იმ ნაკრების დაშლა დანაშაული იყო"
24-03-2014
"იმ ნაკრების დაშლა დანაშაული იყო"
1995 წლის 29 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში 0:2 დამარცხდა გერმანიასთან. ევროპულ ფეხბურთში ახალფეხშედგმულ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან თამაშის შესაძლებლობა პირველად მიეცა და რა გასაკვირია, ეროვნულ სტადიონზე ქართული ფეხბურთისთვის სარეკორდო 110 ათასი მაყურებელი რომ შეიკრიბა! ჩვენდა სამწუხაროდ, სენსაცია არ შედგა. უძლიერესმა გერმანულმა მანქანამ (ერთი წლის თავზე, გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. - ავტ.) თბილისიდან დაგეგმილი სამი ქულა წაიღო.

სამაგიეროდ, მასპინძლებს დაუტოვა იმედი, რომ ქართველთა უნიჭიერესი თაობა ხმაურიან სიტყვას მალე
იტყოდა. მას შემდეგ, თითქმის ორი ათეული წელი გავიდა, ქართველი ქომაგი კი ჯერ კიდევ ელის... გერმანიის ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მეტოქეა. მეტიც, თბილისში პირველი შეხვედრიდან ზუსტად მეოცე წლისთავზე - 2015 წლის 29 მარტს უნდა დავუხვდეთ. მანამდე კი ბუნდესგუნდთან ისტორიული მატჩის გახსენება ჩვენი ნაკრების მაშინდელ კაპიტანს
- კახა ცხადაძეს ვთხოვეთ. ცხადაძე ბაქოს "ინტერის" მწვრთნელია, თუმცა, ამჯერად მხოლოდ ნაკრებზე ველაპარაკეთ:


- გერმანიას მაშინ უძლიერესი ნაკრები ჰყავდა. აკი გახდნენ კიდეც მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონები! ჩვენ კი... შესარჩევ მატჩებში მონაწილეობა ახალი დაწყებული გვქონდა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს მაინც დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ეგ კი არა, ანგარიში 0:1 იყო, შოთა არველაძე მეკარესთან პირისპირ რომ დარჩა... ის გოლი რომ გაეტანა, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, სტადიონზე მისული 110 ათასი ქომაგი შინ გაწბილებული არ დაბრუნებულა! 

- კოლერი, ბაბელი, მიოლერი, როიტერი, ბასლერი, კლინსმანი - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... მაგრამ გერმანიის იმ ნაკრებიდან, ქართულ დაცვას ყველაზე მეტი თავსატეხი, ალბათ, მაინც დუბლის ავტორმა იურგენ კლინსმანმა გაუჩინა...
- კლინსმანის შეჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და ორივე გოლი მან გაგვიტანა. კლინსმანის უკან მიოლერი თამაშობდა, მარჯვენა მცველი როიტერი გახლდათ, რომელიც იმდენს მოძრაობდა, დღევანდელი ფეხბურთელები მასთან რას მოვლენ?! კოლერი, როიტერი, ბაბელი, აილსტი, ბასლერი... ვარსკვლავური გუნდი იყო და დღემდე ვამაყობ, მათთან თავი რომ არ შეგვირცხვენია...

- გრანდებთან სწორად თამაშს გამოცდილება სჭირდება., საქართველოს ნაკრები კი ახალი ჩამოყალიბებული იყო და როგორც ჩანს, ასეთ მეტოქეებთან სათამაშოდ არც ფეხბურთელები და არც მწვრთნელები არ იყავით მზად...

- ახლა რომ ვფიქრობ, არავინ იყო მზად... იმ შესარჩევში უელსს ორივე მატჩი მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთიც დავამარცხეთ, მაგრამ სტაბილურობა გვაკლდა. ნაკრებში ძალიან ნიჭიერი, ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ესეც იყო - გუნდის თამაში ინდივიდუალიზმზე გახლდათ აწყობილი, არ ჩანდა დალაგებული თამაში, სქემა, რომელსაც მექანიკურად უნდა ასრულებდე... ორი შესარჩევი ციკლის შემდეგ, პოტენციალითაც და გამოცდილებითაც, საქართველოს ნაკრები უკვე მზად იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ... ქართული ფეხბურთის "ბოსებმა" სწორედ ამ დროს შეცვალეს ნაკრების მწვრთნელი - დავით ყიფიანის ნაცვლად, დანიშნეს ვლადიმერ გუცაევი, რომელსაც, მგონი, მწვრთნელობისა არც ახლა გაეგება ბევრი რამ და მაშინ, მით უმეტეს... 

- რატომ მოხდა ასე?

- ეს გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ... ერთი ვიცი - იმ ნაკრების დაშლა დანაშაული იყო და ამის გამო პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს! ორი შესარჩევი სწორედ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ სასურველ კალათში მოვხვედრილიყავით და მეტოქეებად საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ლატვია და სხვა ისეთი გუნდები შეგვხვედროდა, რომლებთან ბრძოლაც თავისუფლად შეიძლებოდა...

- როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს მწვრთნელის შეცვლა შეცდომა იყო თუ შეგნებული ნაბიჯი?
- ერთი ვიცი, რომ ავტორიტეტულ ფეხბურთელებს, ვისაც სიტყვა გვეთქმოდა, ვისაც ნაკრებისთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდოდა, ალმაცერად გვიყურებდნენ. ამის გამო ფეხბურთის ფედერაციასთან სულ პრობლემები მქონდა... უნდოდათ, ცოტა დაეხარჯათ, დიდი შემოსავალი ჰქონოდათ, შედეგზე კი არავინ ფიქრობდა. კარგად მახსოვს, მესამე შესარჩევი ქვეჯგუფის კენჭისყრა რომ დასრულდა, იმის ნაცვლად, გახარებოდათ, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი გვაქვსო, ფედერაციის წარმომადგენლები ლამის ტიროდნენ, ეს რა დაგვემართა, არც ინგლისი შეგვხვდა, არც იტალია და ცოტა ფული შემოგვივაო... ფინალურ ეტაპზე რომ გასულიყვნენ, ხომ ბევრად მეტს აიღებდნენ?! მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობდა... ვიმეორებ, იმ ნაკრების დაშლა, იმ შემადგენლობის არგამოყენება დანაშაული იყო!

- მაშინდელ საქართველოს ნაკრებში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ ყველაზე კაშკაშა მაინც გიორგი ქინქლაძე იყო... რატომ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, მისგან რომ ელოდნენ?

- მაგ თემაზე ლაპარაკის დამთავრება ერთი სიტყვით შეიძლება: ზარმაცი იყო და იმიტომ!
მასზე ნიჭიერი ფეხბურთელი არასდროს მინახავს, მაგრამ არც ქინქლაძესავით ზარმაცი კაცი შემხვედრია ოდესმე! პიროვნულადაც ასეა, დღემდე ასეთი ხასიათი აქვს... არადა, მესის არ შევადარებ, მაგრამ მე რაც მინახავს, გიო ქინქლაძე ყველაზე მაგარი იყო!
უზომოდ მწყდება გული, ბოლომდე რომ ვერ გაიხსნა...

- რამდენიმე თვე "მანჩესტერ სიტიშიც" ხომ ითამაშეთ ერთად?
- სანამ "აიაქსში" წავიდოდა, ერთად ნახევარი სეზონი ვითამაშეთ. თუმცა, მაშინ უკვე აღარ იყო ძველი გიო, უკვე ეზარებოდა ვარჯიში... ნიჭი არ იკარგება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს სულ სჭირდება ვარჯიში, განვითარება, ძველი კონდიციები რომ შეინარჩუნოს, ქინქლაძე კი... ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ნიჭი აღარ იყო საკმარისი - ფეხბურთელს სირბილიც ხომ უნდა შეეძლოს?! "გამონათებები" მერეც ჰქონდა, თამაშში ერთხელ მაინც გაიბრწყინებდა ხოლმე, მაგრამ ძველებურად ვეღარ თამაშობდა... მანჩესტერში ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, კლუბის სიყვარულს თაობიდან თაობას გადასცემენ... თავადაც ბევრჯერ მინახავს, მანჩესტერელები გიოზე ჭკუას როგორ კარგავდნენ, უზომოდ პოპულარული იყო... მაშინ პატარა ბიჭი იყო და ეგონა, სულ ასე იქნებოდა...

- მომავალ შესარჩევ ციკლზეც ვთქვათ - შეუძლია საქართველოს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა?

- ევროპული ნაკრებების საშუალო დონე ძალიან გაიზარდა - მოძრაობის, სწორი თამაშის ხარჯზე... ამ ფონზე, შედეგს ის გუნდები აღწევენ, ვისაც სხვაზე მეტი ვარსკვლავი, მეტი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავთ. ამიტომაც ჩვენი და მეტოქე გუნდების შესაძლებლობები რეალურად უნდა შევაფასოთ. საქართველოს ნაკრებში ნამდვილად არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნიჭიც აქვთ და თავდადებული, სწორი თამაშის ხარჯზე შედეგიანი ფეხბურთის თამაშიც შეუძლიათ.

- და მაინც, ფეხბურთელები თუ მწვრთნელი - რაშია დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- თემურ ქეცბაიას კარგად ვიცნობ, ორივენი იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ერთად ბევრი პრობლემა რომ გამოგვივლია, ვარჯიშის შემდეგ, სათლებით რომ ვუსხამდით ერთმანეთს წყალს. ამიტომაც ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული რამ არის... კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ის ზომიერი და საფუძვლიანი უნდა იყოს, მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევა კი დაუშვებელია. როგორც კი მწვრთნელი იმაზე დაიწყებს ფიქრს, სწორად იქცევა თუ არა, დამთავრებულია მისი საქმე! ამიტომაც  უკეთესი იქნება, თუ ნაკრებსა და მის თავკაცს ყველანი გვერდით დავუდგებით.

- გიორგი ნემსაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის "თხოვნის" შემდეგ დატოვა...
- იმ დროს მეც გიორგისთან ერთად ვიყავი. სააკაშვილმა დაურეკა დავით კირკიტაძეს და უთხრა, ტელეფონი ნემსაძეს მიაწოდეო. იმ ზარის შემდეგ ოთახში შემობრუნებულ გიორგის აღარაფერი უთქვამს, საღამოს კი გავიგე, რომ გადადგა!

- როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი ქვეყანაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი წყვეტს, ვინ უნდა იყოს სფფ-ის ხელმძღვანელი, სადაც ფეხბურთის ფედერაციას მწვრთნელის არჩევასაც კი არ ეკითხებიან და მხოლოდ კონტრაქტის ხელმომწერის ფუნქცია აქვს?
- მიიჩნევდნენ, რომ რადგან ფულს თავად ხარჯავდნენ, უნდა გაეკონტროლებინათ კიდეც, ისეთი პრეზიდენტი სჭირდებოდათ, ვისაც ენდობოდნენ და დანიშნეს კიდეც უმცროსი ნოდარ ახალკაცი... თუ გახსოვთ, ახალკაცს ვუთხარი კიდეც პირდაპირ ეთერში, დანიშნული პრეზიდენტი ხარ-მეთქი. ფეხბურთს კომპეტენტური ხალხი უნდა მართავდეს!
giorgi
27 მარტი 2014 11:58
ძლივს მოვისმინე კვალიფიციური და სათანადო პასუხები კითხვებზე, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და ძაან კარგი მწვრთნელია. აი ეს არის ზუსტი ანალიზი ბევრი საკითხის რაც იქნა ნასაუბრევი
grisha
26 მარტი 2014 22:41
ვეთანხმები გიგას. ერთი სპორტული არხი რა გაგვიხდა. შორს ნუ წავალთ თურქულ არხებს რომ გადართავ კეთილი შურით მშურს. რამდენი სპორტული არხები და რა დონეზე აქვთ სპორტი აყვანილი.
gaiozi
24 მარტი 2014 18:28
ბატონო კახა, მე მგონია, ძალიან გაგიგრძელდათ გარეთ ყოფნა, დროა ის კარგი ბიჭები, ეხლა უკვე დიდი კაცები დაბრუნდეთ და მიხედოთ ქართულ ფეხბურთს. როგორ? ეს უკვე თქვენი მოსაფიქრებელია ყველასი ერთად, თორემ ვისაც არ ეზარება ყველა ამ სფეროშDი ტრიალებ, მითუმეტეს ეხლა მეტი გამოჩნდებიან ფულის სუნი იყნოსეს.

რედაქტორის რჩევით