"გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო..."
31-03-2014
"გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო..."
"ჩაწყობა" არასდროს მიკადრია - არც რომელიმე ნაკრებში, არც კლუბში!"

"მიმაჩნია, რომ ასეთ დროს მწვრთნელი გუნდში აღარ უნდა დარჩეს - მოთამაშეების გაშვებას, სჯობს, შენ წახვიდე..."


გაზეთის წინა ნომერში კახა ცხადაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თქვა, რომ 1998 წელს ნაკრების დაშლა დანაშაული იყო: "ორი შესარჩევი ციკლის შემდეგ, პოტენციალითაც და გამოცდილებითაც, საქართველოს ნაკრები უკვე მზად იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ... ქართული ფეხბურთის "ბოსებმა" სწორედ მაშინ შეცვალეს ნაკრების მწვრთნელი - დავით ყიფიანის ნაცვლად
დანიშნეს ვლადიმერ გუცაევი, რომელსაც, მგონი, მწვრთნელობისა არც ახლა გაეგება ბევრი რამ და მაშინ - მით უმეტეს..." ცხადაძის ინტერვიუს ვლადიმერ გუცაევი გამოეხმაურა და რედაქციაში გვესტუმრა. ვეტერანი ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს და ბუნებრივია, მომავალ არჩევნებზეც ილაპარაკა.


- ცხადაძემ სხვა დროსაც თქვა ტელევიზიით - ის ნაკრები
გუცაევმა დაშალაო. მაშინ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ რადგან კიდევ გაიმეორა, უპასუხოდ ვეღარ დავტოვებდი... რა გამოდის - ცხადაძეს რომ ნიჭი აკლდა, ვოვა გუცაევის ბრალია?! გადახედეთ იმ წლების სტატისტიკას და ნახავთ, ვინ რას აკეთებდა: ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 1998 წლის თებერვალში დამნიშნეს. სწორედ მაშინ მოვიგეთ მალტის ტურნირი - მგონი, ერთადერთი თასი საქართველოს ნაკრების ისტორიაში... ცხადაძეს მალტაში ტრავმის გამო არ უთამაშია. მაისში, ტუნისთან და რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრებში შეუცვლელად ვათამაშე, მერე კი ისევ ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად, დაასრულა კიდეც კარიერა... "მანჩესტერ სიტიში" 1998-2000 წლებში კი ირიცხებოდა, მაგრამ უმეტესად, ტრავმირებული იყო, სამ სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა... გამოდის, როცა მე ვიყავი ნაკრების მწვრთნელი, ცხადაძეს ან ტრავმა ჰქონდა, ან - სარეაბილიტაციო პერიოდი. თუმცა, როცა არაფერი უჭირდა, ყოველთვის ვიძახებდი. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, ნაკრები გუცაევმა დაშალა...

- ცხადაძეს არ უთქვამს, რომ ნაკრები თქვენ დაშალეთ - ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც უკვე გამოცდილი იყვნენ და ამ დროს ყიფიანის შეცვლა იყო შეცდომაო...
- მაშინ მე ვიყავი მწვრთნელი და გამოდის, ნაკრებიც მე დამიშლია... არადა, როცა ფეხბურთელებთან უთანხმოება მომივიდა, თავად წავედი. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს მწვრთნელი გუნდში აღარ უნდა დარჩეს - მოთამაშეების გაშვებას, სჯობს, შენ წახვიდე... ნორვეგიასთან მატჩამდე სამი დღით ადრე ვთქვი - შედეგის მიუხედავად, პოსტს ვტოვებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი! ჩემს ნაცვლად დაინიშნა ბოსკამპი, რომლის თავკაცობით ნაკრებმა ხუთიდან ოთხი მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ. ცხადაძე ნაკრებში აღარც ბოსკამპს მიუწვევია, არც ყიფიანი-ძოძუაშვილის დუეტს, არც ჩივაძეს და რატომ აქვს პრეტენზია მაინცდამაინც ჩემთან?! რომ ამბობს - მწვრთნელობის არც ახლა გაეგება რამე და მით უმეტეს, მაშინო... მწვრთნელობა რომ მნდომებოდა, გავაგრძელებდი კიდეც!

- და რატომ არ გააგრძელეთ?
- მაქსიმალისტი ვარ და როცა მივხვდი, რომ ჩემგან ძლიერი მწვრთნელი არ დადგებოდა, აზერბაიჯანში, პაკისტანში ან ავღანეთში კი არ წავედი სამუშაოდ, სხვა საქმეს მოვკიდე ხელი... კახას ხომ არ დაავიწყდა, როგორ გადავიდა ვლადიკავკაზის "ალანიადან" "მანჩესტერ სიტიში"? კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, "ალანიას" ცხადაძის გაშვება ხელს არ აძლევდა და გაზაევი გათავისუფლების ფურცელს არ აძლევდა. ჩემი და გაზაევის მეგობრობის ამბავი ცხადაძემაც იცოდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე მოსკოვში დამირეკა: მიშველე, გავრილიჩ, ზეგ ვადა იწურება, გაზაევი კი არ მიშვებსო... გათავისუფლების ფურცელი მეორე დღესვე მიიღო და ინგლისურ კლუბში სამი წელი გაატარა, "ალანიამ" კი 1,5 მილიონი იზარალა... ასე რომ, მადლობას თუ არ მეტყვის, ტყუილს მაინც მოეშვას... სხვათა შორის, სწორედ ჩემი მწვრთნელობისას იყო საქართველოს ნაკრები რეიტინგში ყველაზე ზემოთ - 42-ე ადგილზე! ესეც არაფერია?!

- სხვა ამბებიც გავიხსენოთ: მაგალითად, 1998 წელს რუსეთის ნაკრებთან თბილისში გამართული ამხანაგური მატჩი...
- რუსების მაშინდელ დამრიგებელ იგნატიევთან ვმეგობრობდი, რუსები თბილისშიც ჩემი თხოვნით ჩამოვიდნენ. ამიტომ ჩემი "კეთილისმსურველები" ამტკიცებდნენ - ფრე წინასწარ იყო დაგეგმილიო. არადა, მართლა დაძაბული მატჩი იყო და მსაჯმა ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა კიდეც... "ჩაწყობა" არასდროს მიკადრია - არც რომელიმე ნაკრებში, არც კლუბში! მეტიც, ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობისას თასის ფინალის წინ რომ გავიგე, ფეხბურთელები რაღაცას აპირებდნენ, კლუბის ხელმძღვანელებს ვუთხარი - არ მინდა ამ ფარსში მონაწილეობა, გუნდიდან მივდივარ-მეთქი და იმ მატჩზე აღარც მივსულვარ! არსებობს გარიგებული მატჩი მოწმეების გარეშე? თუ შედეგი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რამდენიმე ფეხბურთელს მაინც ხომ უნდა შევთანხმდებოდი, მათ გარეშე როგორ "ჩავაწყობდი"?!

- ზაზა ჯანაშიამ მითხრა - იგორ ჩუგაინოვს 20 ლიტრ ღვინოს ვიყავი შეპირებული, მაგრამ როცა თვითმფრინავში ბოცები ავიტანეთ, სალონი ღვინის ბოთლებით იყო სავსეო...

- რუსები რომ ყველგან ლოთობენ, ვინმესთვის ახალი ამბავია?! მეც ვიყავი ნაკრებში და ვიცი, რაც ხდებოდა - თამაშის შემდეგ ისე თვრებოდნენ, სასტუმროში სასმელი აღარ რჩებოდა...

- თქვენ შემდეგ ნაკრები ჩააბარეს იოჰან ბოსკამპს, რომელმაც ამ პოსტზე ცოტა ხანს გაძლო, წარუმატებლობის მიზეზად კი ქართული მენტალიტეტი დაასახელა... ეთანხმებით მას?
- მწვრთნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ფეხბურთელებიც უნდა აჰყვნენ... სანამ მომყვებოდნენ, ხუთიდან სამი მატჩი მოვიგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ. მერე სიტუაცია აირია და ეს შედეგსაც დაეტყო. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გავაგებინე მოთამაშეებს, რას ვითხოვდი მათგან... როცა ვეუბნებოდი, რომ რეჟიმის დაცვა აუცილებელია, რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც კი მითხრა, კომუნისტური მეთოდები გაქვსო... კი, მაგრამ თუ ამბობ, რომ რეჟიმის დარღვევა თამაშში ხელს არ გიშლის, მაშინ მოიგე და აღარაფერს ვიტყვი!

- ბოსკამპმა ზაზა ჯანაშიაზე თქვა, ასე მითხრეს - ჯანაშია მოსკოვიდან უკვე წამოვიდა თავისი ავტომანქანით (?!) და შეკრებაზე მალე ჩამოვაო...

- როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ნაკრებში ჩამოსვლის პრობლემა ჯანაშიას მაშინაც ჰქონდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელს ამის გამო ვუსაყვედურე კიდეც, მაგრამ იცით, რა მითხრა სიომინმა? - რა ვქნა, ვოვა, არ უნდა ნაკრებში წამოსვლა და ხომ არ გამოვაგდებო?!

უმეტესობას ძალიან უნდოდა ნაკრებში თამაში, მათ შორის - ცხადაძესაც, მაგრამ ისეთებიც გამოერეოდნენ ხოლმე, ფეხს რომ ითრევდნენ. ასე რომ, მხოლოდ ქეცბაიას არ აქვს ეს პრობლემა...

- ისე, ქეცბაია არ იყო, რომ თქვა - გუცაევის ნაკრებში აღარ ვითამაშებო?!
- იმ "კონფლიქტზეც" გეტყვით: ალბანეთთან მატჩის პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ, თანაც, ქეცბაია ვერ თამაშობდა ისე, როგორც სჩვეოდა და მეორე ტაიმში შევცვალე. გამარჯვების მომტანი გოლი შეცვლაზე შესულმა აჩიკო არველაძემ გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ქეცბაიამ მაისური ტრიბუნაზე ისროლა და - გუცაევის გუნდში აღარ ვითამაშებო! გუნდს გოლი ვერ გააქვს და თავდამსხმელს ვცვლი - რა არის ამაში გასაბრაზებელი?! როცა თემური ნაკრების მწვრთნელი გახდა და თავად აღმოჩნდა ასეთი ფაქტების წინაშე, ალბათ, მიხვდა, რომ მაშინ არასწორად მოიქცა...

- რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა ასეთ დროს?

- მე რაც გავაკეთე, გითხარით - დავიხურე ქუდი და წამოვედი! უკვე ვატყობდი ფეხბურთელებს, რომ გუნდში ზედმეტი ვიყავი... შესაძლოა, თემური ფიქრობს, რომ გამოასწორებს სიტუაციას, მაგრამ ერთს ვიტყვი - ფეხბურთელი არასდროს უნდა ჩაერიოს მწვრთნელის საქმეში! რამე არ მოგწონს? მიდი და პირადად უთხარი, საჯაროდ ამის თქმა და განხილვა არ შეიძლება... თუმცა, ამ შემთხვევაში ფედერაციის უსუსურობაც თავის ცუდ საქმეს აკეთებს. ფედერაციამ, ფაქტობრივად, მარტო დატოვა ქეცბაია! გინახავთ მის გვერდით ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელი? მათგან ნაკრების მწვრთნელის ქება ან კრიტიკა თუ მოგისმენიათ?! ყველგან მხოლოდ ქეცბაია ლაპარაკობს... ნეიტრალური პოზიცია რომ უჭირავთ, ამიტომაც არის "კარგად" ჩვენი ფეხბურთის საქმე. ფეხბურთს არ უყვარს გვერდიდან ყურება და ლოდინი!

- ამიტომაც გადაწყვიტეთ, ისევ იბრძოლოთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის?

- მჯერა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება ქართული ფეხბურთისთვის... რეზო არველაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვერ დავეთანხმები - გარიგებული მატჩები ყველგან არისო, რომ ამბობს, მართალია, მაგრამ იქ ებრძვიან ამას და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თუ კლუბი დასაჯეს! ჩვენთან კი... გუნდი, რომელსაც გზის ფულიც კი არ აქვს, მეორე ქალაქში სათამაშოდ რომ წავიდეს, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს! ამას ჰქვია ბრძოლა?!

- თქვენ გარიგებული მატჩებით "სახელგანთქმულ" რუსეთის პირველ ლიგაშიც გიმუშავიათ. იქ როგორ ებრძვიან, ან ებრძვიან კი საერთოდ ამ სენს?
- მერედა, რუსებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი?! ან რაში გვაინტერესებს, რა ხდება რუსეთში? თასის ფინალი რომ ვახსენე, სწორედ იმ პერიოდში შეგვკრიბა მერაბ ჟორდანიამ - მოვილაპარაკოთ, როგორ ვებრძოლოთ ჩაწყობილ მატჩებსო. მაშინ ვთქვი: ყველგან ასეა - ვინც დასაჭერია, იჭერენ და მერე დანარჩენები აღარ რისკავენ-მეთქი. თუმცა, ქართული მენტალიტეტი ჩაერია საქმეში - ჩვენ ხომ არ დავაჭერინებთ ხალხს, ცოდოები არიანო (?!). მწვრთნელი არ არის ცოდო, ან გუნდის მფლობელი, ვინც ფულს ხარჯავს და გამარჯვების იმედი აქვს? მისი კლუბის ზოგიერთი მოთამაშე კი ამ დროს თამაშის მოგების ნაცვლად იმაზე ფიქრობს, როგორ "დასვას" კუთხურების და აუტების საჭირო რაოდენობა...

- როგორ ფიქრობთ, გაქვთ არჩევნებში გამარჯვების შანსი?
- მომეცით შესაძლებლობა და თუ საქმეს ვერ გავაკეთებ, თვითონ წავალ, ისევე, როგორც ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან წავედი - სიჭინავა კი არ ვარ, ბოლო წუთამდე რომ ჩავებღაუჭო სკამს... მის ადგილას თავმოყვარე კაცი აქამდე ხუთჯერ მაინც გადადგებოდა! ქართულ ფეხბურთში კლუბებიც და ნაკრებიც ერთ ადგილს ტკეპნიან, ფედერაციის წარმომადგენლები კი ურცხვად ტყუიან - სწორ გზაზე ვდგავართო...

- სფფ-ის პრეზიდენტობის სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გქონდათ...
- მაშინ გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო... შემეძლო, არჩევნებში მაინც მიმეღო მონაწილეობა, მე რას მიზამდნენ?! მაგრამ ალბათ, მუშაობის შესაძლებლობას არ მომცემდნენ, მათ კი, ვინც ხმას მომცემდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ... მიღირს კი ამის ფასად ფედერაციის პრეზიდენტობა?!

- მომდევნო არჩევნებისას რა მოხდა?
- 2007 წელს, როცა პრეზიდენტობის სურვილი გამოვთქვი, მეც და გიორგი ნემსაძეც "ნაციონალურ მოძრაობაში" ვიყავით. მაშინ მითხრეს - გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტიიდან ნემსაძე უნდა იყოსო და რაღას ვიზამდი?! მესამედ? თბილისის აეროპორტის კაფეში დამიბარა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და იქ წარმიდგინა ზვიად სიჭინავა - გაიცანი, ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, მასზე გვაქვს "სტავკაო"... თავად სიჭინავამაც მითხრა - არ ინერვიულო, პრეზიდენტი რომ გავხდები, კარგ ადგილას დაგნიშნავო, მაგრამ "გადამაგდო"... რომც შემოეთავაზებინათ, მაინც არ დავთანხმდებოდი - სიჭინავა პრეზიდენტი იყოს და მე - ვიცე-პრეზიდენტი?! თავმოყვარეობაც მაქვს და საკუთარი თავის ფასიც ვიცი! უგულავამაც კი მითხრა - გენერალურ მდივნად იყავი უმცროს ნოდარ ახალკაცთანო, მაგრამ ახალკაცისთანა კაცთან გენსეკად წავიდოდი?!
gulgatexili
12 ივნისი 2014 21:58
რატომ შესძულდათ,მავანთ ასე ქართული ფეხბურთი,რა დააშავა ძველმა თაობამ
GIORGI
16 მაისი 2014 17:14
რა უნდა გელაპარაკოთ ესეიგი ეგ თქვენი ვოვა პრეზიდენტის ადგილას რო დაედოთ დათანხმდებოდა და რახან მოადგილეობა შესთავაზეს როგორ იკადრებდა, ესეიგი ჩაწყობის არც თუ ისე წინააღმდეგი გამოდის როგორც ვხვდები ეს პირღია ხალხი "ეჰჰ ვოვა ვოვა" და ეგეთები შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყო მარა როგორც ადამიანი რტერვიუდანაც ეტყობა რაც არის იმაზე კი არ ჩივის იმ დროს ჩაწყობით სვავდნენ სფფს პრეზიდენტის სკამზეო მე რატო არ დამნიშნესო იმას წუწუნებს ეს რატო უნდ ააირჩიო თუ დებილი არ ხარ
jaba
08 აპრილი 2014 21:46
ეეეჰ ვოვაჯან... აფსუს... სადღაა შენი ბრწყინვალე ამალა? დათო და რამაზი, ვიტალი და თენგო, შოთა და ნუკრი, საშა, ნოდარი, ოთარი?... რა დრო იყო დიდებული ქებული... ეეჰ.........

რედაქტორის რჩევით