ჩვენებურის გმირობა
07-04-2014
ჩვენებურის გმირობა
ოლეგ ბლოხინი: ჯაბა კანკავას ძეგლი უნდა დავუდგათ

მსოფლიო სპორტული პრესა მოიარა ჩვენებურის გმირობის ამბავმა: საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოს" კაპიტანი ოლეგ გუსევი სიკვდილისგან იხსნა, როცა ორთაბრძოლისას მას თავში "დნიპროს" მეკარე დენის ბოიკოს ფეხი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დავარდა.


ეს ამბავი კვირას, დნეპროპეტროვსკში, ადგილობრივი "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შეხვედრისას მოხდა. სტუმართა შეტევისას მეკარე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დაეუფლა, მუხლი კი უნებლიეთ მასთან ერთად ამხტარ ოლეგ გუსევს მოარტყა თავში. მადლობა ღმერთს,
იმ ეპიზოდში, შეტაკების ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ჯაბა კანკავა იმყოფებოდა.

"ლელო" ჯაბა კანკავას ესაუბრა:
- ტანში ახლაც მზარავს, საშინელებას გადავრჩით. ჩვენი მეკარე და სტუმარი ფეხბურთელი ერთმანეთს რომ შეეჯახნენ, იქვე, 3-4 მეტრში ვიყავი. დავინახე, რომ ოლეგ გუსევს თავში ბოიკოს ფეხი მოხვდა და მოწყვეტით დავარდა. მაშინვე მივხვდი, რომ
რაღაც სერიოზული მოხდა. აღარ შევყოვნებულვარ და პირდაპირ გავქანდი...
სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში ყოფნის გამოცდილება მაქვს. გახსოვთ საქართველო-ლიტვის მატჩი, როცა ჩვენი თავდამსხმელი დავით სირაძე გონებადაკარგული დაეცა? მაშინაც შემთხვევის ადგილას ვიყავი და კარგად ვხედავდი, როგორ ეჭირა ლევან მჭედლიძეს სირაძის ენა. ახლაც თითქმის იგივე მოხდა. ამიტომაც არ დავბნეულვარ, გუსევი დავარდა თუ არა, მყის მისკენ გავქანდი და პირის დამუწვის საშუალება არ მივეცი.
ექიმი არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ასეთი შოკის დროს ადამიანი ენას ვერ იმორჩილებს და შეიძლება გაიგუდოს. ამიტომაც მთელი ძალით ვწვდი ჯერ ნიკაპს და შემდეგ ენას.

ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. დავინახე, რომ ადამიანი ჩემ გვერდით ასეთ მდგომარეობაში იყო და, აბა, რა გული მომითმენდა, გუსევისთვის შორიდან მეყურებინა?!

- ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ხელის თითებს დასცქერი.

- ძალიან მტკიოდა. გუსევს პირის დამუწვის საშუალებას არ ვაძლევდი, ის კი ჩემს თითებს ყბებით მთელი ძალით აწვებოდა. ასე რამდენიმე წამს გაგრძელდა, იქამდე, ვიდრე გუსევი ამოისუნთქავდა. იმ რამდენიმე წამს კი თითებს, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობდი.

კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი, იზიარებს აზრს, რომ ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი გადაარჩინა."ოლეგი იწვა, გარშემო კი პანიკა იყო. დროზე რომ არ მიშველებოდნენ "დნიპროს" ფეხბურთელები, ყველაფერი შეიძლება უბედურებით დასრულებულიყო.
ჯაბა კანკავას ძეგლი უნდა დავუდგათ - მან გუსევი გადაარჩინა!" - ამბობს ბლოხინი.
@
11 აპრილი 2014 16:38
იმრავლოს თქვენისთანებმა! ვამაყობ თქვენით!
damiri
09 აპრილი 2014 23:02
maladec kankava

რედაქტორის რჩევით