"ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვამ, ცრემლი უნდა მოგადგეს!"
07-04-2014
"ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვამ, ცრემლი უნდა მოგადგეს!"
"მილიონზე ნაკლები საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს"

"თუ ფეხბურთელი ფეხების მოფრთხილებაზე ფიქრობს, ქეცბაია და ბოსკამპი კი არა, ანჩელოტიც ვერ გაამარჯვებინებს"

"ფეხგახვრეტილ ქართველს რომელი ჭკუათმყოფელი გერმანელი აიყვანდა?!"


ბედის ირონიაა, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ევროპული და რუსული კლუბების გარდა, სირიაში, ირანსა და ვიეტნამშიც კი უთამაშია, გადამთიელებმა საკუთარ სამშობლოში გახვიეს შარში! საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი მამუკა წერეთელი აფრიკელი თაღლითების მსხვერპლი გახდა და პატიმრობას მხოლოდ საპროცესო გარიგების წყალობით დააღწია თავი. ვეტერან ფეხბურთელს ამ
უსიამოვნო ამბის მოყოლაც ვთხოვეთ და უფრო ძველი ამბებიც გავიხსენეთ:


- თბილისში მყოფმა ერთმა აფრიკელმა მენეჯერმა მთხოვა, თანხის ჩარიცხვას ველით, მაგრამ აფრიკელებისთვის ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნა ჭირს, შენი ანგარიშით გვასარგებლე და უპატივცემულოდ არ დაგტოვებთო. თუ ყველა საბუთი წესრიგშია, რა პრობლემაა-მეთქი. გამოვიტანე და მივეცი ფული, მაგრამ ისე
გავიდა რამდენიმე კვირა, საბუთი ვერაფრით მოვატანინე... რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ანგარიშზე თანხას ჰაკერული გზით გადმორიცხავდნენ?! არადა, ჩემსავით თურმე ბევრი გაუცურებიათ. იმ დღიდან თვეზე მეტი იყო გასული, თურქეთში პარტნიორებთან შესახვედრად მივდიოდი და... სარფის საბაჟოზე დამაკავეს!

- ოდესმე წარმოიდგენდი, ციხეში რომ მოხვდებოდი?

- სპორტსმენი ვიყავი და უეცრად ასეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდი... პროკურატურის თანამშრომლებიც მაშინვე მიხვდნენ, თაღლითობის მსხვერპლი რომ ვიყავი და პირიქით, მამშვიდებდნენ, არ ინერვიულო, ყველაფერი მალე გაირკვევაო... თუმცა, კანონი კანონია - ჯერ წინასწარი დაკავების საკანში მომათავსეს, მერე - გლდანის ციხეში, მოგვიანებით კი საპროცესო გარიგებით გამათავისუფლეს. სასამართლო ერთ თვეში გაიმართება...

- რამდენიმე ქვეყანაში გითამაშია, ალბათ, კავშირები დღემდე გაქვს, მაგრამ მენეჯერობას ხომ თავისებური ალღო სჭირდება?
- რვა ქვეყანაში მითამაშია, პარტნიორებიც თითქმის ყველგან მყავს, აფრიკელი ფეხბურთელები გამიყიდია ვიეტნამში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, ირანში... აფრიკის ქვეყნებიდან ეროვნული ნაკრების მოთამაშე უფასოდ მოგყავს! აბა, ქართველ ფეხბურთელებს რას მიეკარები? მილიონზე ნაკლები საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს.

- 21 წლისას ეროვნულ ნაკრებში უკვე ათი მატჩი გქონდა ნათამაშები... მერე რა მოხდა, რატომ ვეღარ გააგრძელა მამუკა წერეთელმა პროგრესი?
- ვლადიკავკაზის "ალანიაში" სამი სეზონი ვითამაშე, პატარა ბიჭი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველებს შორის დამასახელეს... უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდაც ვიყავი მზად და 21 წლისამ გავაფორმე კიდეც ოთხწლიანი კონტრაქტი მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან", მაგრამ... სწორედ იმ დროს დამჭრეს ფეხში!

- მაშინ ბევრი ვერსია დასახელდა... რეალურად, რა მოხდა 2001 წლის იმ საღამოს?

- მიუნხენგლადბახში გამგზავრების წინა საღამოს სახლის სადარბაზოში რამდენიმე ნიღბიანი მძარცველი დამხვდა... მტერი არასდროს მყოლია და ვუთხარი კიდეც, ვიღაცაში გეშლებით-მეთქი. არ გვეშლებიო... ფულიც მივეცი, მობილურიც, მაგრამ ერთ მომენტში ზურგით კედელს მივეჯახე და ინსტინქტურად, უკან წავიღე ხელი. როგორც ჩანს, შეშინდნენ, იარაღს იღებსო და ერთ-ერთმა სამჯერ მესროლა... არადა, ცეცხლსასროლი იარაღი კი არა, დანაც არასდროს მიტარებია! ტყვია ფეხში მომხვდა და, ფაქტობრივად, ჩემი კარიერაც იქვე დასრულდა. ეს იგივეა, მხატვარს რომ ხელები მოაჭრა.

- "გლადბახში" ვეღარ წახვედი, მაგრამ კარიერა ხომ არ დაგისრულებია?!

- ფეხგახვრეტილ ქართველს რომელი ჭკუათმყოფელი გერმანელი აიყვანდა?! მერე, ბელგიაში წავედი, ქართულ კლუბებშიც ვიყავი, კვიპროსზე, ირანში, სირიაში, მაგრამ ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი. ეს ინერციით თამაში უფრო იყო, ფეხის ტკივილს გაჭირვებით ვუძლებდი და 27 წლისამ დავასრულე კიდეც კარიერა. ბოლო წლებში ეგზოტიკური ქვეყნები ახალი "ათვისებული" რომ მქონდა, გოჩა ჯამარაული შემხვდა, სად დაიკარგეო? ვიეტნამში ვიყავი-მეთქი. ვიეტნამში რა გინდოდა, რემბო ხარო (იცინის)?
ბუნდესლიგაში თამაში რომ დამცლოდა? ვინ იცის, როგორ წავიდოდა ჩემი კარიერა...

- ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში გქონდა. მანამდე ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი... ნაადრევმა წარმატებამ დათვური სამსახური ხომ არ გაგიწია?

- და ხომ არ ავმჩატდი? ისეთი მწვრთნელის ხელში ვიყავი, ამის შესაძლებლობას არ მომცემდა! ისეთ ოჯახში, ისეთ მწვრთნელებთან ვიზრდებოდი, ცხვირაწეული ვერ ვივლიდი... პირიქით, სულ მინდოდა, უფრო მეტი გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. ისეთი შემთხვევებიც იყო, "ალანიას" გადამწყვეტი მატჩები ელოდა და ნაკრებში მიწვევა დაუმალავთ ჩემთვის, ან გაზაევს უთქვამს, მჭირდები და ვერ წახვალო, მაგრამ რამდენჯერმე მაინც გამოვიპარე, რადგან სამშობლო, ქართველის დაკრული ტაში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ჩემთვის!

- ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ვლადიმერ გუცაევის მწვრთნელობისას გქონდა...
- უკრაინასთან ამხანაგური მატჩისას გიორგი ნემსაძე შევცვალე... მერე, თბილისში ალბანეთს 1:0 მოვუგეთ და იგლი ტარეს წინააღმდეგ მომიწია თამაშმა. ტარე მაშინ რომის "ლაციოში" თამაშობდა, მაგრამ "ალანიაში" ფიზიკურად ისე ვიყავი მომზადებული, არ გამჭირვებია... ერთადერთი, ვისაც ვერაფერი მოვუხერხე, ნორვეგიელი ტორე ანდრე ფლო იყო! ხომ გახსოვთ, რამსიმაღლე იყო? ტექნიკაც ჰქონდა, თავით ჩინებულად თამაშობდა... თბილისში 4:1 მოგვიგეს და ორი ბურთი ფლომ გაგვიტანა. ნორვეგიაში კი ფეხი არ გავანძრევინე, იმ მატჩს "გლადბახის" სკაუტები ესწრებოდნენ და ყველაფერი ვიკადრე, რომ გამეჩერებინა (იცინის). ისიც ვუთხარი, გაჩერდი, თორემ დაგამტვრევ-მეთქი. ბოლოს გატყდა, ოღონდ ფეხი არ მომტეხო და აღარ გავინძრევიო. 

- მერე ბოსკამპის დრო მოვიდა. როგორ ფიქრობ, რატომ დაგვიწუნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მენტალიტეტი?

- გარკვეულწილად, მართალიც იყო: ნაკრებში რომ გამოგიძახებენ, ყველაფერი უნდა გადადო, ტრავმის რისკიც რომ იყოს, მაინც უნდა წახვიდე. სანამ ასეთი განწყობა არ იქნება, წარმატებას ვერ მივაღწევთ! თუ ფეხბურთელი ფეხების მოფრთხილებაზე ფიქრობს, ქეცბაია და ბოსკამპი კი არა, ანჩელოტიც ვერ გაამარჯვებინებს. ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვამ, ცრემლი უნდა მოგადგეს!

მენტალიტეტი უნდა გამოვისწოროთ, ხვალინდელ დღეზე მეტი ვიფიქროთ, ვიდრე წარსულზე. 33 წლის წინ მოვიგეთ თასების თასი და დღემდე ამაზე ვლაპარაკობთ, ამასობაში კი ყველა მეზობელმა ქვეყანამ გაგვასწრო.

- სამი წლის წინ თქვი, თემურ ქეცბაიას ახლა სარმა კი არა, თანადგომა სჭირდებაო. ახლაც იმავეს ფიქრობ?

- იმავე აზრზე ვარ! თემური ძალიან თავმოყვარე და პრინციპული კაცია, როცა იგრძნობს, რომ ხალხს აღარ უნდა, თვითონ წავა. მაგრამ მჯერა, მანამდე მაინც იტყვის თავის სიტყვას! ნაკრებს უკეთესობაც ხომ ეტყობა? ქეცბაიამ გუნდში დისციპლინა დაამყარა, ფეხბურთელებმა უკვე იციან, რომ ტრავმას ვეღარ მოიგონებენ.
ნაკრების მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო, თემურს სტადიონზე რომ შევხვდი. თემო, რატომ ჩამოხვედი, ხომ იცი, საქართველოს ნაკრებში მუშაობა რაც არის-მეთქი? თავი ჩაღუნა და არაფერი მიპასუხა... ნეტავ მისნაირად ბევრს უყვარდეს თავისი ქვეყანა... თბილისში საბერძნეთს ვეთამაშებოდით. ქეცბაიას ძალიან აწუხებდა ფეხი, მაგრამ არ დაიშალა, მატჩის წინ ჩემ თვალწინ ამოაღებინა ექიმს მუხლიდან სითხე, ფეხმტკივანმა ითამაშა და გოლიც გაიტანა! თუ წავაგებდით, თვალცრემლიანი ჯუჯღუნებდა, ხალხი უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავს, სტადიონზე მოდის და ტაშს გვიკრავს, ჩვენ კი წავაგეთო.

ფიცხი ხასიათი აქვს, მაგრამ ქართველების უმეტესობა ასეთი არ არის?! ჩვენებურს ერთ შეცდომასაც არ ვაპატიებთ. არადა, ქართველები ისე ცოტანი ვართ, პირიქით უნდა იყოს.

- როგორც თავად თამაშობდა, ქეცბაია თავის ფეხბურთელებსაც იმავეს სთხოვს. სამწუხაროდ, ყველა შეგირდის აყოლიება მაინც ვერ მოახერხა.
- ყველა თანაგუნდელის აყოლიებას ვერც ფეხბურთელობისას ახერხებდა... რატომ? უდისციპლინობის გარდა, ერთიანობაც გვაკლდა, რადგან ნაკრებში ხშირად იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სკაუტების "ეშხით", 1-2 მატჩზე იწვევდნენ. არადა, ფეხბურთი ძალიან მგრძნობიარე სპორტია, თუ რამე დააკელი, წარმატების მიღწევა ძნელია.

- დღევანდელ საქართველოს ნაკრებს რა სჭირდება ყველაზე მეტად?
- როდესმე გინახავთ საქართველოს ნაკრები, რომლის მწვრთნელსაც თავდამსხმელებისა და გამთამაშებლების არჩევანი არ ჰქონოდა? ჩემს დროს არველაძეები, ჯანაშია, დემეტრაძე, ქეცბაია იყვნენ თავდასხმაში, ჯამარაული, ქინქლაძე, ნემსაძე, ცქიტიშვილი - ნახევარდაცვაში. ახლა? კი ბატონო, ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, მაგრამ ხომ გვეტყვის, ჯერ საფეხბურთო ანაბანა და დისციპლინა აითვისეთ, ფეხბურთისადმი მიდგომა გამოასწორეთ და შედეგი მერე მომთხოვეთო, წაიღებს კუთვნილ ფულს და წავა.

როგორ ფიქრობთ, თემურ ქეცბაიას ფული აკლია თუ სახელი? კვიპროსზე თავისი პატარა სამყარო აქვს, იქაურებს უზომოდ უყვართ. არადა, კვიპროსელების ხასიათი ხომ ვიცი, იშვიათად, უცხოელი ასე შეიყვარონ. ქეცბაიას სამშობლოზე რომ არ სტკიოდეს გული, რატომ აიტკივებდა თავს აქ ჩამოსვლით, თავს რატომ გაალანძღვინებდა ვინმეს?! ერთმა კვიპროსელმა მკითხა, ქეცბაია ნამდვილად თქვენთან დაიბადაო? რა თქმა უნდა-მეთქი. ჰოდა, მეორედ ჩვენთან დაიბადაო.
terasini
08 აპრილი 2014 08:35
შენ გაიხარე მამუკა---კაი კაცი ხარ
milano
08 აპრილი 2014 02:18
თბილისში ფლომ დაგახია ბურთი თავზე და ნორვეგიაში დორტმუნდის აგენტები რაგამც გესწრებოდა ფეხი არგააქანებიე ხო?ასეტი მეტრაკე იყავიტ სუყველა არველაადზეებიდზნ დაწყებუ;ი შენიტ დამტავრებული.ქეცბას გარდა
zviadi
08 აპრილი 2014 02:10
100 პროცენტით ვეთანხმები ამ კაცს,რაც თქვა ყველაფერი სიმართლეაა

რედაქტორის რჩევით