პა-სპორტი - ნინო სალუქვაძე
14-04-2014
პა-სპორტი - ნინო სალუქვაძე
- დაახასიათეთ საკუთარი თავი ერთი სიტყვით:
- ორი სიტყვით ვიტყვი: შრომისმოყვარე და სამართლიანი.

- ტყვიის მსროლელი რომ არა, ვინ იქნებოდით?
- შესაძლოა, კარგი არქიტექტორი ან დიზაინერი, რადგან მეხერხებოდა ხატვა, ხაზვა, ქარგვა... თანაც, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი... ძალიან მიყვარს ცხოველები და ამ განხრითაც სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- უამრავი ჯილდოდან, რომელია ყველაზე ძვირფასი?

- 300-ზე მეტი მედლის მფლობელი ვარ, ყველა მათგანი მძიმე ბრძოლაში მოვიგე... ყველაზე დასამახსოვრებელი კი პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.

-
უცნაური თვისება თუ გაქვთ?

- უცნაური? არა მგონია... მაქსიმალისტი და რადიკალური ვარ საკუთარი თავის და სხვების მიმართ! ვერ ვაპატიებ ღალატსა და ინტრიგებს...

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...

- ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევ - "სამოსელი პირველი". მიყვარს გასულ საუკუნეში გადაღებული ქართულ და იტალიური
ფილმები.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ...
- "რამ-ტა-რი-რო" ფილმიდან "უძინართა მზე".

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ყველაზე მეტად ჭურის თავზე გაშლილი სუფრა მიყვარს: დედიკოს გამომცხვარი ხაჭაპური, ბებოს ამოყვანილი ყველი, მისი გამომცხვარი მჭადი, ბაბუას დაყენებული იმერული ღვინო...

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გიჭამიათ...

- ძაღლის ხორცი, რომელიც კორეაში "შემოგვაპარეს"... :))

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ...

- "კაკოი უჟას" - ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, რომ ეს ფრაზა ჩემს უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს :)

- სროლის გარდა რა გიყვართ?

- ცხოველები. არ გაგეცინოთ და პენსიაში გასვლის შემდეგ, სიამოვნებით ვიმუშავებდი ზოოპარკში! :))

- საყვარელი სპორტსმენი...
- ვიქტორ სანეევი - მისი შრომისმოყვარეობა და თავდადება სამაგალითოა ჩემთვის...

- ქვეყანა (საქართველოს გარდა), სადაც იცხოვრებდით...
- მომწონს გერმანია, ავსტრალია... იდეალური იქნებოდა საქართველოსთან ამ ქვეყნების "ჰიბრიდი" - მათი პუნქტუალობისა და შრომისმოყვარეობის ნაზავი ჩვენს ადამიანობასა და ტრადიციებთან.

- სასროლეთის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ნინო სალუქვაძის ნახვა?

- შინ! შინ ყოფნას მონატრებული ვარ...

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე...
- ჩემი იარაღის კონსტრუქტორი ვლადიმირ რაზარიონოვი - უზომოდ პატიოსანი, სამართლიანი და შრომისმოყვარე კაცი, რომელსაც ყველგან თეთრი სვანური ქუდი ეხურა! ყოველდღიურად მაოცებს ჩემი მასწავლებლის, მამის სიბრძნე და ადამიანობა...

- სანადიროდ არასდროს ყოფილხართ. რატომ?
- ცხოველს ტყვიას ვერ ვესვრი!

- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხართ...
- სვაროვსკის პაწაწინა ფიგურა, რომელიც, თილისმასავით ყველგან თან დამაქვს.

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...
- რა სიხშირით გაქვთ კონცერტები და ფესტივალებიო... :) წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთან მივიდა ინტერვიუზე...

- კარიერის ყველაზე ემოციური მომენტი...

- პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა... როცა გამოაცხადეს, ნინო სალუქვაძემ მედალი აიღოო, ჩემში ყველა ემოციამ ერთბაშად იფეთქა... სიხარულის ნაცვლად, ცრემლი ჩემი სამშობლოს გასაჭირის გამო, უმწეობის განცდის გამო მდიოდა... რით დავხმარებოდი ჩემს ხალხს? მხოლოდ ის შემეძლო, მცირედი სიხარული მომეტანა მისთვის...

- როდის იყავით ყველაზე ამაყი?

- როცა 2008 წლის ოლიმპიადიდან დაბრუნებულს ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას მეუბნებოდა... არადა, თავად მიმაჩნდა, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია მათთვის...

- დაასრულეთ ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაძლიერდება და მომავალი თაობა მშვიდ, დალაგებულ ქვეყანაში იცხოვრებს!
Maia
12 მაისი 2014 18:37
გაიხარე და მადლობთ იმ სიხარულის წუთებისათვის როცა ვამაყობდი რომ მეც და თქვენც ქართველები ვართ, უხსნიდი ხალხს საიდან მოვდიოდით და ძლიერი ქქართველი ქალი არ უნდა გაკვირვრბოდა ვინმეს, ჩვენ ხომ თამარის ქვეყნიდან ვარტ.გვიმრავლოს თქვენნაირი ქართველები!კიდევ ერტხელ-ჯიში,ჯიში!
01527
14 აპრილი 2014 21:57
ყველაზე ,,საშიში'' და თავმდაბალი ქალი.გაიხარე.

რედაქტორის რჩევით