ამერიკას შეერთებული შ-ტატიშვილი - კვირის პალიტრა

ამერიკას შეერთებული შ-ტატიშვილი

საქართველომ პირველი ჩოგანი დაკარგა

"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება...

...მაგრამ ან უნდა შევეშვა ჩოგბურთის თამაშს, ან ამერიკის სახელით ვიასპარეზო..."

"საქართველოში რომ ჩამოვალ, ქართულ პასპორტსაც ავიღებ - მინდა, მეც მქონდეს ჩემი ქვეყნის პასპორტი..."

როგორც ჩანს, ქართული ჩოგბურთის მდგომარეობა ისევ USAშველოა... საქართველო კიდევ ერთხელ დატოვა უძლიერესმა ჩოგბურთელმა... რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის (წლების განმავლობაში, ბასილაშვილს სწორედ რუსები აფინანსებდნენ. - ავტ.) სახელით ასპარეზობა, გასული კვირის მიწურულს კი ანა ტატიშვილმა მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა! ბასილაშვილი ისტორიულ სამშობლოს მალევე დაუბრუნდა და ქართველ ჩოგბურთელთა შორის დღემდე საუკეთესო რეიტინგი აქვს, აი, ტატიშვილის შემთხვევა კი გაცილებით სერიოზულია: საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 104-ე საფეხურზეა, ამბობს, რომ ჩოგბურთისთვის თავის დანებებას აშშ-ის სახელით თამაში ამჯობინა... 24 წლის სპორტსმენმა სოციალური ქსელით წერილი გაავრცელა და თავისი გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა, მაგრამ მასთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. გთავაზობთ ანა ტატიშვილის პირველ ინტერვიუს გაამერიკელების შემდეგ:

- დიახ, აშშ-ის მოქალაქეობა მივიღე და ამიერიდან, საჩოგბურთო ტურნირებშიც ამ ქვეყნის სახელით გამოვალ... სულითა და გულით ქართველი ვარ და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. სირთულეების მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ქვეყანა მესახელებინა, მეამაყებოდა, როდესაც ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა. თუმცა, არჩევანი აღარ მრჩება - ან უნდა შევეშვა ჩოგბურთის თამაშს, ან ამერიკის სახელით ვიასპარეზო...

- სხვა გზა აღარ არსებობს?!

- ჩოგბურთი სპორტის ძვირად ღირებული სახეობაა. ტრავმების ასარიდებლად და მუდმივი სრულყოფისათვის ჩოგბურთელს კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი სჭირდება. როცა მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობ, თან მწვრთნელთა მთელი გუნდი უნდა გახლდეს. მე კი, მგონი, ერთადერთი ჩოგბურთელი ვიყავი პირველი ასეულის მოთამაშეთაგან, რომელსაც არათუ გუნდი, ერთი მწვრთნელიც არ დაჰყვებოდა! მწვრთნელების მაგივრობას მამა მიწევს. ამდენი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ყველანაირად მეხმარება, მაგრამ ფიზმომზადების მწვრთნელის ან სპარინგ-პარტნიორის ფუნქციას როგორ შეასრულებს, მან ხომ ჩოგბურთის თამაში არ იცის?! კარგად მახსოვს, ორი წლის წინ, Uს Oპენ-ის მეოთხე წრეში რომ გავედი, წინასამატჩო მოთელვის დროს პარტნიორიც კი არ მყავდა და მამა იძულებული იყო, კალათიდან ამოღებული ბურთები თავად გადმოეყარა ჩემთვის... რაც მთავარია, არსებული ფინანსური მდგომარეობით, მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი ვეღარ ვწვდებით იმ მოთხოვნილებებს, რაც ჩემი, როგორც ჩოგბურთელის განვითარებისთვის არის საჭირო...

- საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია არ გეხმარებოდა?

- სამწუხაროდ, ჩემი ქვეყნისგან საჭირო მხარდაჭერა არ მქონია... 2010-2012 წლებში, ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ოლიმპიურმა კომიტეტმა გამიწია მცირე დახმარება - ეს იყო და ეს! მესმის, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ უყურადღებობის მიზეზი მაინც გულგრილობა მგონია. ის კი არა, ხშირად, დამცირებასაც კი ვგრძნობდი ქვეყნის სპორტული ხელმძღვანელებისგან! გგონიათ, უცებ გავიღვიძე და ამერიკელი გავხდი?! ეს გადაწყვეტილება დღეს ხომ არ მიმიღია, ყველამ, მათ შორის - ფედერაციამაც იცოდა, რა სიტუაციაშიც ვიყავი. შარშან, როცა ყავარჯნებით ვიყავი ჩამოსული საქართველოში და რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასაც შევხვდი. ყველაფერი ავუხსენი და ვუთხარი, რა სჭირდება ჩემს საჩოგბურთო კარიერას. იქნებ ერთი მწვრთნელის ხარჯები მაინც ამინაზღაუროთ-მეთქი... ცხადია, იმაზეც ველაპარაკე, რომ თუ საქართველო ვერ დამეხმარებოდა, სხვა გზებით მომიწევდა პრობლემებისგან თავის დაღწევა. სამწუხაროდ, არათუ დამეხმარნენ, ერთხელაც არ დამკავშირებიან... წლებია, ყურადღებას მხოლოდ ლალი ზერეკიძის და სეოკ-ის გენერალური მდივნის - ემზარ ზენაიშვილისგან ვგრძნობ...

- საქართველოში ყოფნისას, ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისგან რა პასუხი მოისმინეთ?

- არანაირი პასუხი არ მიმიღია! ისიც კი არავის უთქვამს, რომ დაფინანსების საშუალება არ აქვთ... თუნდაც ასე იყოს, ჩემი გადაწყვეტილება მით უმეტეს არ უნდა გაუკვირდეთ! სპონტანურ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებ, ამ ყველაფერზე ნაფიქრიც მაქვს და ნალაპარაკებიც. იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი, თორემ, სულით და გულით, ვარ და მუდამ ვიქნები ქართველი! წლებია აშშ-ში ვცხოვრობ, ამერიკული პასპორტის აღება ათი წლის წინაც შემეძლო, ჩემი გადაბირება ყაზახებსაც სურდათ, მაგრამ ყოველთვის კატეგორიულ უარზე ვიყავი, ახლა კი... იძულებული გავხდი! მით უმეტეს, სეზონი ტრავმით დავიწყე – ისევ გამიწყდა ფეხის მყესი და ერთ თვეზე მეტია ვერ ვვარჯიშობ... მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მექნება ყველანაირად უკეთესი პირობები, რაც ჩემს საჩოგბურთო კარიერაზეც აისახება...

- ამერიკელებისგან გარანტია რომ არ გქონდეს, ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდი?!

- რა თქმა უნდა: დაფინანსებაც მექნება და ყველანაირი პირობაც. მით უმეტეს, აშშ-ის ნაკრების საწვრთნელი ბაზა ზუსტად ჩემი სახლის წინ (წლებია, ტატიშვილები ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში ცხოვრობენ. - ავტ.) არის... ვიმეორებ - აშშ-ის სახელით გამოსვლაზე ბავშვობიდან მქონდა შემოთავაზებები. მეც და ჩემი ოჯახიც მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს თავიდან აგვერიდებინა, თუმცა, დადგა დრო, როცა ამდენ ხარჯს ვეღარ გავწვდით და ასეთი ნაბიჯის გადადგმა მომიხდა...

- გასაგებია, რომ სპორტსმენის კარიერა საკმაოდ ხანმოკლეა, მაგრამ წინათ, ქართველ სპორტსმენებს გაცილებით უარესი პირობები ჰქონდათ, სამშობლო კი მაინც არ მიუტოვებიათ... სხვებმა თუ გაუძლეს, ანამ რატომ ვერ შეძლო იგივე?!

- ჩოგბურთელებიდან ვის გულისხმობთ?

- თუნდაც ლეილა მესხს, ირაკლი ლაბაძეს, მაკა ჩახნაშვილს...

- არ ვიცი, ვინ რას გაუძლო, მაგრამ სხვის პირობებთან შედარება არ მინდა, გადაწყვეტილება ჩემი პირობებიდან გამომდინარე მივიღე... არც სპონსორი მყავს და არც არავინ მაფინანსებს. 300 ან თუნდაც 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ყოფნა რომ მაკმაყოფილებდეს, ასეთ რეიტინგს, როგორმე თბილისში ცხოვრებით და ვარჯიშითაც შევინარჩუნებდი! მაგრამ ოთხი წლიდან ამ სპორტში ვარ, მთელი ცხოვრება ჩოგბურთს მივუძღვენი, ბევრი რამ დავიკელი და მინდა, შრომა დამიფასდეს, წინ წავიდე, დასახულ მიზანს მივაღწიო! ძნელია, როცა წინსვლა გინდა, მაგრამ არანაირ მხარდაჭერას არ გრძნობ და 24 წლის ასაკში ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული... თანაც, შარშან მყესი გავიწყვიტე და სამი თვით ჩამოვშორდი ჩოგბურთს, ახლაც იგივე ტრავმა მაქვს და ერთი თვეა უქმად ვარ... სამშობლოსგან ხელშეწყობა რომ მქონოდა, ამერიკულ პასპორტს მაინც ავიღებდი, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა მექნებოდა და საქართველოს სახელით თამაშს გავაგრძელებდი! თუმცა, საქართველოში რომ ჩამოვალ, განაცხადს მაინც გავაკეთებ და ქართულ პასპორტსაც ავიღებ - მინდა, მეც მქონდეს ჩემი ქვეყნის პასპორტი...

- ქართული პასპორტიც გექნება, მაგრამ აშშ-ის სახელით ითამაშებ?!

- რა თქმა უნდა. აშშ-ის სახელით თუ არ ვითამაშე, ამერიკელები რატომ დამეხმარებიან?!

- უშუალოდ სპორტულ მხარეზეც ვთქვათ - მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში შენზე წინ 11 ამერიკელი მეჩოგნეა...

- შეკრებებზე მათთან ერთად ვივარჯიშებ, მოტივაციაც მექნება, რომ დავეწიო და გავუსწრო, მათზე უკეთესი შედეგი ვაჩვენო... თუმცა, ჩემი პირადი მიზნებიც მაქვს და მათ მისაღწევად თავს არ დავზოგავ! იცოდეთ, რომ სულით ქართველი ვრჩები და ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება...

- ოღონდ, ამერიკული დროშის ქვეშ! დარწმუნებული იყავი, რომ ქართველი ქომაგისთვის საკმაოდ მძიმე სანახავია მოღიმარი ანა ტატიშვილი აშშ-ის დროშით ხელში... იმედია, გადაწყვეტილება ტყუილად არ მიგიღია და ის შენს კარიერაზე დადებითად აისახება...

- მეც ამის იმედი მაქვს... რაც შეეხება დროშას, საჭირო დახმარება რომც მქონოდა, აშშ-ის დროშის ფოტოს მაინც დავდებდი - საქართველოს სახელით ასპარეზობას გავაგრძელებდი, მაგრამ ამერიკული პასპორტიც ხომ მექნებოდა?! თუმცა, როცა ვერანაირ ყურადღებას ვერ ვგრძნობ, კრიტიკა არასამართლიანი მგონია... იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ ქართული სპორტის მესვეურები და გულიანად მოეკიდონ მომავალ თაობებს. ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვეუბნები წლების განმავლობაში ქომაგობისთვის. იმედი მაქვს, მათი სითბო მომავალშიც არ მომაკლდება. ძალიან მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო. ჩემი სამშობლო საქართველოა და ყოველთვის ქართველი ვიქნები!

- ახლა ტრავმა გაქვს, მაგრამ ბოლოს, მაიამის ტურნირზე პირველივე მატჩი წააგე 43 (!) წლის იაპონელ კიმიკო დატე-კრუმთან...

- იაპონელი 43 წლის კი არის, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაშია, ჩემ შემდეგ, ინდიან-უელსის წლევანდელ გამარჯვებულ ფლავია პენეტას მოუგო... მაიამის ტურნირის წინ მძიმედ ვიავადმყოფე და ვარჯიში დატე-კრუმთან მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე განვაახლე და რა გასაკვირია, 17 ორმაგი შეცდომა რომ დავუშვი... მეორე დღეს კი ვარჯიშისას დავეცი და მყესები გამიწყდა იმავე ფეხზე, რომელზეც შარშან! თუმცა, ექიმი მეუბნება, რომ "როლან გაროსის" სტარტამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ...