ფეხბურთელები, რომლებმაც მემუარები უნდა დაწერონ - კვირის პალიტრა

ფეხბურთელები, რომლებმაც მემუარები უნდა დაწერონ

ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული ნაშრომი ("მე ვფიქრობ, შესაბამისად, ვთამაშობ") უკვე ინგლისურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გენიალური იტალიელი ნახევარმცველის მემუარებში უამრავ საინტერესო ამბავს წაიკითხავთ, თუმცა, "იუვენტუსის" ვეტერანი ვარსკვლავის გარდა, არაერთი ისეთი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება, ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნი აუცილებლად რომ უნდა გამოსცენ! გთავაზობთ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთა მემუარებიც, ჩვენი აზრით, დაბეჭდვის დღიდანვე გახდებოდა ბესტსელერი!

კამერუნელი ბენუა ასუ-ეკოტო! შესაძლოა, "ქუინზ პარკის" მცველის შესახებ არც არაფერი გსმენიათ, მაგრამ გვერწმუნეთ - მისი ავტობიოგრაფია ნამდვილად დაგაინტერესებდათ! მართალია, უკვე მერვე წელიწადია, პრემიერლიგაში თამაშობს, მაგრამ The Guardian-თან ინტერვიუში გამოტყდა - არასდროს მსმენია, ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს რომ უკბინაო. ეგ კი არა, თურმე, არც პაულინიოს სახელი გაუგია ოდესმე... თუმცა, რა გვიკვირს, როცა ბენუა დღემდე შმარტ-ით დადის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ძვირად ღირებული ავტომანქანა ჰყავს, მობილურ ტელეფონში მხოლოდ ორი ფეხბურთელის ნომერი აქვს ჩაწერილი და ხშირად მატჩის დაწყებამდე ისიც კი არ იცის ხოლმე, ვის ეთამაშება მისი გუნდი!

"დანიის პრინცი: ბენდტნერის საძმო" - ჩინებული სათაური იქნებოდა ნიკლას ბენდტნერის ავტობიოგრაფიისთვის, თუმცა... ლონდონის "არსენალის" დანიელი თავდამსხმელის ფანები აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, უშედეგოდ ელიან... არადა, ვის არ აინტერესებს, რის საფუძველზეა 26 წლის აყლაყუდა (ბენდტნერის სიმაღლე 194 სანტიმეტრია. - ავტ.) ფორვარდი ასე თავდაჯერებული, რატომ დაშორდა ბარონესა კაროლინ ფლემინგს შვილის გაჩენიდან თვე-ნახევარში, ანდა, მთვრალი რატომ აუხირდა უდანაშაულო ტაქსის მძღოლს? პრინციპში, დანიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებსაც ხშირად ეჩხუბება და ტაქსისტი რა სახსენებელია?!

ჯერ ყველაფერი წინ აქვს კრიშტიანუ რონალდუსაც. არადა, ეჭვიც არ არის, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელის მემუარები ისეთივე სისწრაფით გაიყიდებოდა, როგორც რონის მაისურები იყიდება! ხუმრობა ხომ არ არის, იყო პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი და უძლიერესი სპორტსმენი, გყავდეს ულამაზესი საცოლე და უამრავი თაყვანისმცემელი როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორისაც?! სხვათა შორის, უმრავლესობას ძალიან აინტერესებს, მართლაც ისვამს თუ არა რონალდუ ფრჩხილზე ლაქს, როდის იქორწინებს ირინა შეიკთან და როდემდე დარჩება ესპანეთის დედაქალაქში? როგორი იქნებოდა წიგნის სათაური? ალბათ, ასეთი: "ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე შენი"!

მარიო ბალოტელიზე იმდენი იწერება, რომ იქნებ მემუარების გამოცემას არც ჰქონდეს აზრი, მაგრამ სუპერმარიოს თავგადასავლებს რა გამოლევს?! იტალიის ნაკრების ფორვარდის რომანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველაზე უკეთ ხომ თავად ბალომ იცის, მართლაც აქვს თუ არა ალერგია ბალახზე, როგორ გააჩინოს ხანძარი სახლის სააბაზანოში(?!), მოახერხოს სავარჯიშო წინსაფრის უკუღმა ჩაცმა ან ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დარტსის ისრების სროლა(?!). შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ 23 წლის ასაკში მემუარების დაწერა ნაადრევია, მაგრამ ჩვენ ხომ ბალოტელიზე ვლაპარაკობთ?! მით უმეტეს, როცა კეტი პრაისმა (ბრიტანელი მომღერალი და ტელეწამყვანი. - ავტ.) უკვე ოთხი ავტობიოგრაფიული ნაშრომი დაბეჭდა, უსამართლობაა, "სუპერმარიოს" ერთი მემუარიც არ ჰქონდეს...

სტადიონს მიღმა პეპე ნამდვილი ჯენტლმენია, მაგრამ საკმარისია, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა მოედანზე შეაბიჯოს, რომ მაშინვე მსოფლიოში ყველაზე "ბრაზიან" კაცად იქცევა ხოლმე! ასე რომ, საინტერესო წასაკითხი იქნებოდა, თუ რას ფიქრობდა პორტუგალიელი, როცა წაქცეულ ხავიერ კასკეროს ზურგში წიხლი ჩააზილა, ხუან-ანხელ ალბინს მუშტით სახე "გაულამაზა", ან ლეო მესის ხელზე ფეხი დაადგა?! სხვათა შორის, პეპემ ექვსჯერ სცადა ავტობიოგრაფიის წერა დაეწყო, თუმცა, ყველა ასეთი მცდელობა MაცBოოკ Pრო-ს კედელზე მინარცხებით დამთავრდა...