"პოლიტიკაში მოსვლას არ ვნანობ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში მოსვლას არ ვნანობ"

"შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა, მაგრამ სამშობლოში დარჩენა ვარჩიე"

"არ მიმაჩნია, რომ ნიჭი და შესაძლებლობები გავფლანგე... მეტის გაკეთების შესაძლებლობა ტრავმებმა არ მომცა"

"პარლამენტს ვადის ამოწურვის შემდეგ დავტოვებ!"

"ქართულ ფესვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძიუდოშიც და საზოგადად, ქართულ სპორტში. სწორედაც რომ ქართულმა გენმა გამამარჯვებინა!"

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ახლა პარლამენტის წევრია. თვითონ ამბობს, რომ სპორტშიც და პოლიტიკაშიც, მუდამ სამშობლოს სამსახურში იქნება, მაგრამ... პოლიტიკა ხომ „ბინძური“ საქმეა და იმ საყოველთაო სიყვარულის შემდეგ, რასაც ათენური ტრიუმფის შემდეგ ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა, ზვიადაურმა კრიტიკას, ლანძღვას, მტრობასაც გაუგო გემო... მეტიც, პოლიტიკამ ბიძაშვილებიც კი დააპირისპირა ერთმანეთს და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს (ილიას ილიადისი) ზურა ჯერაც არ შერიგებია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისიც კი თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო... ილიას ილიადისი კი ამბობს, რომ პოლიტიკა ვერასოდეს დადგება ბიძაშვილობაზე მაღლა, რომ ზურა მისთვის არასდროს იქნება „მკვდარი“ და როცა შეხვდება, ძველებურად გადაეხვევა... თუმცა, როგორც ჩანს, მის ბიძაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, რაკიღა ამ თემაზე ლაპარაკს ისევ არიდებს თავს... ზურაბ ზვიადაურმა სხვა კითხვებსაც ლაკონიურად უპასუხა, მაგრამ იმდენად იშვიათი რესპონდენტია, მასთან ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე რას იტყვით?

- საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიში საუკეთესო გუნდია.... მინდა, ამირან პაპინაშვილს და ავთანდილ ჭრიკიშვილს წარმატება მივულოცო. ავთო თავის წონაში უდაო ლიდერია და ეს ევროპის ამ ჩემპიონატზეც დაამტკიცა. თუ ასე გააგრძელებს, ძალიან დიდ წარმატებს მიაღწევს.

- ორი წელიწადია, ტატამზე აღარ გასულხართ... როგორია ცხოვრება ძიუდოს გარეშე?

- ოც წელიწადზე მეტია, ძიუდოში ვარ და რა გასაკვირია, აქტიური სპორტის გარეშე რომ გამიჭირდება. თუმცა, ვცდილობ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ხშირად ვივარჯიშო.

- ათენის ოლიმპიადის შემდეგ გმირად იქეცით, ყველასგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობდით, პოლიტიკაში გადაბარგების შემდეგ კი კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გახდით. ამ ყველაფერთან შეგუება არ გაგიჭირდათ? ხომ არ ნანობთ, პოლიტიკოსობა რომ გადაწყვიტეთ?

- ამ ნაბიჯის გადადგმისას ყველაფერი მქონდა გაცნობიერებული და შესაბამისად, წინააღმდეგობებსაც ველოდი. მთავარია, ჩემი ქვეყნის სამსახურში ჩავდექი! ამიტომაც პოლიტიკაში მოსვლას ნამდვილად არ ვნანობ.

- მაგრამ მოგვიანებით აღიარეთ, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო, პარლამენტის დატოვებასაც კი აპირებდით. გადაიფიქრეთ?

- გადაწყვეტილება არ შემიცვლია. მაშინ ვთქვი, რომ პარლამენტს ვადის ამოწურვის შემდეგ დავტოვებ!

- ათენური ტრიუმფის შემდეგ ღირებული წარმატებისთვის აღარ მიგიღწევიათ. ეს მხოლოდ ტრავმების ბრალია?

- ოლიმპიადის შემდეგ შვიდი ოპერაცია გავიკეთე და, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ტურნირების გამოტოვებაც მომიხდა. სხვათა შორის, 2008 წლის ოლიმპიადაზე წასვლის კარგი შანსი მქონდა, მაგრამ მაშინაც მხრის ტრავმამ შემიშალა ხელი.

- გამოდის, ქართული ხასიათი, ჩვენი მენტალიტეტი არაფერ შუაშია? წარმატებას მიაღწევს თუ არა, ქართველების უმეტესობა მოტივაციას კარგავს.

- ქართული ხასიათი ნამდვილად არაფერ შუაშია. ჩემზე მეტად ვის უნდოდა, აქტიურ სპორტში რომ დავრჩენილიყავი?! სამწუხაროდ, ტრავმებმა შემიშალა ხელი. ისე, ხასიათისა რა გითხრათ, აი, ქართულ ფესვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძიუდოშიც და საზოგადად, ქართულ სპორტში. სწორედაც რომ ქართულმა გენმა გამამარჯვებინა!

- თუმცაღა, თავადაც არაერთხელ გითქვამთ, ფეთქებადი ხასიათი მაქვსო.

- ფეთქებადი ხასიათი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საქმეში ხელი არ შემიშალოს.

- არა მხოლოდ ძიუდოში, ქართველები ჭორების გავრცელებაშიც ჩემპიონები ვართ. მაგრამ ჭორიც რომ იყოს, მაინც არასასიამოვნო მოსასმენია, რომ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ლოთია, ნარკომანი, ყველგან ვისკის ბოთლით ხელში ხედავენ და ა.შ., თანაც, კვამლი ხომ უცეცხლოდ არ ჩნდება?!

- რომელ სფეროშიც უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას, ჭორებს ვერ გადაურჩება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ გავრცელებული ხმები, უმეტესწილად, საფუძველს მოკლებულია! ჩემზეც უამრავი უსაფუძვლო ჭორი გავრცელდა.

- ბევრი ამბობს, რომ თქვენნაირი მონაცემების მქონე ძიუდოისტი არც გვყოლია. გიორგი ქინქლაძესაც კი გადარებენ, ფანტასტიკური ნიჭი მასავით გაფლანგაო. ეთანხმებით?

- არ მიმაჩნია, რომ ნიჭი და შესაძლებლობები გავფლანგე. ვიმეორებ - მეტის გაკეთების შესაძლებლობა ტრავმებმა არ მომცა.

- ილეთების ამოუწურავი მარაგი გქონდათ, თქვენსავით არავის შეეძლო რამდენიმე ილეთის "გადაბმა". მართლაც თქვით, როგორ უნდა "შემისწავლონ", როცა თავადაც არ ვიცი, როდის რა ილეთს გავაკეთებო?

- არ მახსოვს... შესაძლოა, მართლაც ვთქვი... საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს.

- მწვრთნელობის პერიოდს როგორ გაიხსენებდით? ნიჭი აშკარად გქონდათ... სხვა რომ არაფერი, ისე განაწყობდით ტატამზე მყოფ შეგირდს, მეტოქეები პროტესტსაც კი გამოთქვამდნენ, უსამართლობაა, ორნი გვეჭიდავებიანო...

- მწვრთნელობის პერიოდი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ვამაყობდი ჩემი შეგირდებით და მაქსიმალურად ვცდილობდი, მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა.

- ვიცი, რომ მტკივნეული თემაა თქვენთვის, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, თქვენს ბიძაშვილზე, ჯარჯი ზვიადაურზე ისევ ნაწყენი ხართ?

- ეს ძალიან პირადი საკითხია, საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს.

- ჯარჯი დარწმუნებულია, გაუგებრობა მოხდა და როცა შევხვდებით, მე და ზურა ძველებურად გადავეხვევით ერთმანეთსო. თქვენ კი ამბობთ, ჯარჯი ზვიადაური ჩემთვის "მკვდარიაო".

- ეს მისი აზრია... ამ საკითხზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ.

- ფაქტია, რომ პოლიტიკა ბიძაშვილობაზე მაღლა დადგა...

- უკომენტაროდ...

- უკრაინაში გაზრდილმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს. იქნებ მართლაც შეიცვალოს ტენდენცია და წარმატებული ქართველები ფესვებს დაუბრუნდნენ?

- გიორგი უძლიერესი სპორტსმენია და ძალიან გამიხარდება, თუ სამშობლოში დაბრუნდება. ისე კი, საქართველოში ძიუდო ძალიან განვითარდა და კარგი იქნება, თუ გიორგის მსგავსად, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სხვა ქვეყნების სახელით მოასპარეზე სხვა სპორტსმენებიც გადაწყვეტენ.

- ახლაა თქვენთვის "მკვდარი", თორემ თავის დროზე ჯარჯი ზვიადაურის წასვლა ძალიან მტკივნეული იქნებოდა თქვენთვის. ისე, თქვენი გადაბირების მსურველებიც ხომ საკმაოდ იყვნენ?

- დიახ, შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა, მაგრამ სამშობლოში დარჩენა ვარჩიე.

- ორი წლის წინ ახმეტაში თქვენი სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს... დღეს რა ხდება თქვენს რაიონში, მოდის ნიჭიერი თაობა? კიდევ ვნახავთ ახალ ზვიადაურებს?

- მაშინ დარბაზისთვის სახელი არ შეუცვლიათ. "ნაციონალებმა" მხოლოდ აბრა ჩამოხსნეს, რომელიც მათი წასვლის შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. ახალ თაობას რაც შეეხება, მიხარია, რომ ახმეტას არც ახლა აკლია ნიჭიერი ახალგაზრდები.

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

- მიფიქრია იმაზე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხვაგვარად მოქცევა სჯობდა, მაგრამ მთლიანობაში, არაფერს შევცვლიდი!

- არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ყოფნით კარგავთ ხალხის სიყვარულსა და სახელს, რომელიც ათენის ოლიმპიადამ მოგიტანათ?

- პოლიტიკაშიც და სპორტშიც ყოველთვის ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები!

- დეპუტატობის შემდეგ რას აპირებს ზურაბ ზვიადაური?

- ვერ გეტყვით, ჯერჯერობით, არ გადამიწყვეტია.