"ლელომ" 80 წლის იუბილე იზეიმა - კვირის პალიტრა

"ლელომ" 80 წლის იუბილე იზეიმა

"ლელოს" იუბილე სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით: ლამაზი და ემოციური საღამო ბევრი სტუმრით, მილოცვითა და საჩუქრით... საქართველოს პირველი სპორტული გაზეთის არსებობის 80-წლიან ისტორიაში რამდენჯერმე შეიცვალა გამოცემის სახელი, კოლექტივი, ფასი, ქვეყანაც კი...

ოღონდ "ლელოს" არასოდეს შეუცვლია პროფილი და ისევე, როგორც ჯერ კიდევ 1934 წელს, დღესაც ქართული სპორტის სამსახურშია. 80 წლის "ლელო" ნამდვილად არ არის სამუზეუმო ექსპონატი. მეტიც, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე თანამედროვე გაზეთია ინტერნეტ-ვერსიით, პროფესიონალთა გუნდით, მრავალრიცხოვანი მკითხველით...

იუბილეს, რომლის პარტნიორიც "სილქნეტი" გახლდათ, კულტურის ცენტრმა "მუზამ" უმასპინძლა და ეს სიმბოლურიც არის, რაკიღა, ათწლეულების განმავლობაში სწორედ ქართული სპორტის დიდი გამარჯვებები იყო "ლელოს" ჟურნალისტთა მუზა... გაიხსენეს კიდეც ისინი. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ევროპის მასშტაბითაც კი ერთ-ერთი უძველესი გაზეთი წარსულზე მეტ ყურადღებას მომავალს უთმობს: კულტურის ცენტრის ეზოში გაშლილ ტატამზე სტუმრებს თავიანთი ოსტატობა უჩვენეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა და კარატისტებმა, მსურველებს ძალის მოსინჯვა შეეძლოთ მშვილდოსნობაში, პენალტების დარტყმასა თუ საკალათბურთო ფარის "დაბომბვაში", ყველაზე გულადებმა კი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის პირისპირ ჭადრაკის დაფასთან დადგომაც გაბედეს...

დარბაზში გადანაცვლების შემდეგ, 11-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს კიდევ ერთხელ წამოუდგნენ ფეხზე - ნონა გაფრინდაშვილი ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა! "პალიტრამედიის" სპორტულ ვებგვერდზე (www.sportall.ge) თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა გამოკითხვა "ლელოს" არსებობის პერიოდში საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენის გამოსავლენად. გაზეთისა და ვებგვერდის მკითხველების (გამოკითხვაში 20 ათასზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. - ავტ.) რჩეულები ნონა გაფრინდაშვილი და დავით ყიფიანი გახდნენ!

"ლელოს" და sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენიც გამოავლინეს - მამუკა გორგოძე! "ლელოელებმა" სტუმრებს გაზეთის ისტორიის ამსახველი წიგნი (ავტორი თენგიზ გაჩეჩილაძე), გაზეთისა და "ლელო week"-ის ახალი ნომრები დაახვედრეს, მერე კი თავად დაიწყეს მილოცვებისა და საჩუქრების მიღება: თენგიზ გაჩეჩილაძე, რომელიც თითქმის სამოცი წელიწადია "ლელოში" მუშაობს, 1985 წლიდან კი მთავარი რედაქტორია, დაჯილდოვდა სეოკ-ის სპეციალური ოლიმპიური მედლით, ასევე, მიხეილ კაკაბაძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ჯილდოებით, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისგან კი ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიაც მიიღო. ბატონი თენგიზი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 75 წლის გახდა, "პალიტრამედიას" ხელმძღვანელობისგან უზარმაზარი ტელევიზორით დაჯილდოვდა.