"ჩირიკას" კრედო: "მეტოქესაც უნდა აჯობო, მსაჯებსაც და მაყურებელსაც!"
12-05-2014
"ჩირიკას" კრედო: "მეტოქესაც უნდა აჯობო, მსაჯებსაც და მაყურებელსაც!"
ბოლო თვეებია, სულ ავთანდილ ჭრიკიშვილზე გვიწევს წერა... 23 წლის ძიუდოისტი სხვა გზას არც გვიტოვებს: 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა წელს უკვე მესამე ტურნირი მოიგო! პარიზის "დიდ სლემზე" და თბლისის "გრან-პრიზე" გაჩემპიონების შემდეგ, "ჩირიკამ" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატიც ტრიუმფით დაასრულა. ნაკრების ლიდერმა კონტინენტის პირადი პირველობის ფინალში კისრულით ისე დაანარცხა ფრანგთა ჯილა ლოის პიეტრი, ტურნირის ორგანიზატორებმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გდებად აღიარეს! ისიც სათქმელია, რომ ევრო-პირველობის ხუთ საუკეთესო
იპონს შორის ჭრიკიშვილის მეორე ილეთიც მოხვდა. გუნდური ტურნირის ნახევარფინალში უზნაძის შეგირდებმა მასპინძელ ფრანგებს აჯობეს, ფინალში კი ისევ რუსები დაიბრიყვეს და ზედიზედ მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები... ავთანდილ ჭრიკიშვილი წონის უპირობო ლიდერია და უშუალო კონკურენტ პიეტრის 800(!) სარეიტინგო ქულით  უსწრებს, თუმცა, მონპელიეში "ჩირიკა" აშკარად არ იყო საუკეთესო
ფორმაში...

- ასპარეზობის წინადღეს მოვიწამლე, შეუძლოდ ვიყავი და არც ჭამა შემეძლო... საწყისი სამი ორთაბრძოლაც მშიერმა ვიჭიდავე და სისუსტისგან ფეხები მეკეცებოდა, კინაღამ წავიქეცი... ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის შემდეგ გავიფიქრე - ბოლომდე რა იჭიდავებს-მეთქი, მაგრამ თავს შევახსენე, რომ აუცილებლად ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი, წაგების უფლება არ მივეცი!

- ცივსისხლიანობით, მგონი, ირაკლი ცირეკიძესაც კი არ ჩამორჩები...  ბავშვობიდან ასეთი ხარ, თუ მშვიდი ხასიათი თავდაჯერების შედეგია?
- ცელქი ბავშვი ვიყავი და სულ ვჩხუბობდი, მაგრამ ემოციების მოთოკვა პატარა ასაკიდან შემეძლო. შესაძლოა, არ შემეტყოს, თორემ რასაკვირველია, მეც ვბრაზდები ხოლმე. ოღონდ, ეს სპორტსმენებს არ ეხება, ძირითადად, მსაჯები მაბრაზებენ...

- მსაჯებზე გაბრაზების საბაბი ევროპის ამ ჩემპიონატზეც საკმარისად გქონდა... არადა, როგორ გინდა, სიმშვიდე შეინარჩუნო, ორ აშკარა ვაზარის რომ გაგიუქმებენ?!
- ძალიან გავბრაზდი, მაგრამ წინასწარ ვიყავი შეგუებული, ასეთი მსაჯობა რომ იქნებოდა. აღელვება არ შეიძლებოდა, ორთაბრძოლა ჭკვიანურად უნდა მიმეყვანა ბოლომდე, ტაქტიკურად მეჭიდავა... მწვრთნელებმაც დამარიგეს - მსაჯს საერთოდ არ შეხედო - თუ ილეთს არ აფასებენ, ე.ი. არ უნდათ რომ შეაფასონ და პროტესტს აზრი არ აქვსო... ისე კი, ძიუდოში ასეთი არაობიექტური მსაჯობა იშვიათად მინახავს...

- არადა, პირიქით - პიეტრი გაბრაზდა, ხელიც კი არ ჩამოგართვა...
- ცოტა უხეშად ვეჭიდავებოდი და ალბათ, ამიტომ... მაგრამ ეს სპორტია, მეტოქეს ხომ არ მოეფერები?! ბალეტი რომ იყოს, კი ბატონო, მაგრამ დასაშვებ ფარგლებში, სპორტში ძალისმიერი ბრძოლაც შეიძლება. მახრჩობელა ილეთის დროს, პიეტრის კიმონო მიეჭირა ცხვირზე, ალბათ, ცოტათი ეტკინა კიდეც, მაგრამ იმაზე უფრო გაბრაზდა, რომ თავის სამშობლოში წელს უკვე მესამედ მოვუგე - ჯერ პარიზის ტურნირზე, მერე კი, ზედიზედ ორჯერ ევროპაზე... თანაც, მისი წაგებით მთელი გუნდიც დამარცხდა...  ხელი სწორედ ამიტომ არ ჩამომართვა...

- პიეტრისთან რომ მიხვედი, ტედი რინერიც მის გვერდით იჯდა... რინერს აშკარად ეტყობა, რომ თანაგუნდელივით უჟმური არ არის და კარგი ხასიათის პატრონია...

- "დიდი ტედი" ძალიან მეგობრული და უშუალო ადამიანია. რომ მივედი, სიცილით მანიშნა პიეტრიზე - რატომ მოუგეო... ადამ ოქრუაშვილიც დიდ პატივს სცემს და ამბობს, ჩემი მთავარი კონკურენტიაო...

- წლებია, რინერს აღარ წაუგია, მაგრამ საქმეს ისე ეტყობა, ნავსს სწორედ ოქრუაშვილი გატეხს...
- მეც ასე ვფიქრობ. რინერიც ხომ ადამიანია, წაუქცეველი ფალავანი კი არ არსებობს... ვფიქრობ, ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში, ოქრუაშვილის და რინერის მატჩი სხვაგვარად წარიმართებოდა. ტედის დამარცხება არარეალური სულაც არ არის და იმედია, ადამი ამას მალე დაამტკიცებს...

- ირაკლი უზნაძემ თქვა, რომ გუნდური ტურნირის დროს, ჩვენი ნაკრების მეტოქეები დათრგუნვილები გამოდიან ქართველებთან საჭიდაოდ... ეს რისი დამსახურებაა?
- უპირველესად, ჩვენი ერთიანობის! გუნდის ყველა წევრი ერთ მუშტად ვართ შეკრული. ერთმანეთისთვის ყველაფერზე წამსვლელები ვართ, ერთის წაგება მთელი გუნდის მარცხია და რომელიმე ჩვენგანის გამარჯვება - მთელი ნაკრების წარმატება! საჭიდაოდ გასვლამდე, ქართველები სულ ვიცინით, მხიარულად და თავისუფლად ვართ, მეტოქე გუნდის ძიუდოისტები კი ისეთი სერიოზული სახით დგანან და წინასწარ ისე ნერვიულობენ, ხმასაც ვერ იღებენ ხოლმე... ტატამზე რომ გავდივართ, მთელი გუნდი სამჯერ დავიძახებთ ხოლმე: დიდება უფალს! დიდება უფალს! დიდება უფალს! ამის შემდეგ, ვიღამ უნდა მოგვიგოს?!

- ზედიზედ სამი წელიწადია, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსებს უგებთ. თანამემამულე მორაგბეებისა არ იყოს, უკვე რუს ძიუდოისტებსაც შეეყარათ "ქართული კომპლექსი"?
- ეთნიკურად რუსი ძიუდოისტები უფრო სხვანაირები არიან. მაგრამ რუსეთის ნაკრებში უმეტესობა ჩრდილოკავკასიელია და მათთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. კვარცხლბეკზე რომ ვიდექით, თავად ხუმრობდნენ - დავიღალეთ ამდენი წაგებით და მეორე ადგილით, ფინალში სულ საქართველოს ვხვდებით და სულ ვაგებთო... არც ჩვენ დავაკელით - თუ დაიღალეთ, აგერ, კვარცხლბეკზე ჩამოსხედითო (იცინის).

- მონპელიეს დარბაზში ქომაგობა არც ტრიბუნებიდან გაკლდათ. მათ შორის, მამუკა გორგოძის და სხვა ქართველი მორაგბეების მხრიდან...

- იმხელა ხმა ჰქონიათ, მასპინძლების შეძახილებიც კი გადაფარეს! ფინალში გამარჯვების შემდეგ, ჩვენს მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. ისე, მონპელიეში ისე უყვართ გორგოძე, მგონი, ნახევარი დარბაზი მორაგბეების მხარეს უფრო ხშირად იყურებოდა, ვიდრე ტატამისკენ (იცინის).

- დარბაზი ახსენე და... როგორც ვიცი, უცხოელები არც გიჯერებენ, როცა ეუბნებით, საკუთარი დარბაზი არ გვაქვსო...
- არ სჯერათ და ვერც დაიჯერებენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს თავისი დარბაზი არ აქვს! ძიუდოს აკადემიის დარბაზი ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, მაგრამ თითქმის წელიწადია, იქ რემონტი მიმდინარეობს - 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ამზადებენ. ისე კი, გვპირდებიან - მერე თქვენ გადმოგცემთო და ვნახოთ... სპორტის მინისტრისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ გვექნება დარბაზი, სადაც შეუფერხებლად მოვახერხებთ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას.

- მით უმეტეს, მსოფლიო პირველობას ჩელიაბინსკი მასპინძლობს და რუსეთში გამარჯვება ორმაგად ძნელი იქნება...

- მართალია და ჩელიაბინსკში, ალბათ, მსაჯებთან ჭიდაობაც მოგვიწევს. ისე უნდა იყო მომზადებული, მეტოქესაც აჯობო, მსაჯებსაც და მაყურებელსაც!

- ევროპის ჩემპიონატის ხუთი საუკეთესო იპონიდან ორი შენი იყო, საუკეთესო გდებადაც შენი ილეთი დასახელდა... როცა მეტოქეს ხელს ჩაავლებ, წინასწარ იცი, რა ილეთს გააკეთებ, თუ ეს სპონტანურად ხდება?

- ძირითადად, მეტოქის მოძრაობას ვუყურებ ხოლმე და იმის მიხედვით ვმოქმედებ... წინათ ვცდილობდი ლამაზი გდებები უფრო ხშირად გამეკეთებინა. რატომაც არა? - ილეთების არსენალიც მაქვს, ელასტიკურიც ვარ და ძალაც მყოფნის გდების გასაკეთებლად. მაგრამ ჩემი სტილი უკვე ყველამ იცის. ელიან, როდის შევუტევ, კონტრილეთზე რომ მომაყოლონ. ამიტომაც სხვანაირად ვუდგები საქმეს - როცა ვიგებ, ზედმეტად აღარ ვრისკავ და ვცდილობ, ბოლომდე მივიყვანო შეხვედრა, შედეგზე ვჭიდაობ...

- "ჩირიკას" რატომ გეძახიან?
- ეს მეტსახელი ჩემმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ დამანათლა: გვარი რომ ვუთხარი, ჭრიკიშვილის ნაცვლად "ჩირიკიშვილი" გაუგონია და "ჩირიკა" შემარქვა. სხვათა შორის, იმ დროს ძიუდოში ჩემი ძმაც ვარჯიშობდა და გურამ მასწავლებელი "ჩირიკებს" გვეძახდა. მას მერე შემრჩა ეს მეტსახელი, რაც ვჭიდაობ, სულ "ჩირიკა" მქვია (იცინის)...

- მეტსახელი ბავშვობიდან მოგყვება და იღბლიანიც გამოდგა, მაგრამ ხასიათი? წარმატებები პიროვნულად ხომ არ შეგცვლის?
- არა მგონია... ბავშვობიდან ასეთი ვარ და ასეთივე დავრჩები! ძიუდო ჩემი საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძიუდოზე წინ ადამიანობას, კაცობას, მეგობრობას, ოჯახსა და ნათესავებს ვაყენებ! მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონიც რომ გავხდე, დარწმუნებული ვარ, პიროვნულად არ შევიცვლები...
shalva73
12 მაისი 2014 22:41
შენს გამზრდელს ვენაცვალე ავთო, სულ მუდამ გამარჯვებულები და გახარებულები ყოფილიყავით ყველა ქართველი სპორტსმენი და ამ შემთხვევაში ძიუდოისტი. ოლიმიურ ჩემპიონობას ველით შენგან 2016-ში.

რედაქტორის რჩევით