"დაერეკათ "ეჭვმიტანილთან" და ყველა კითხვაზე ამომწურავად ვუპასუხებდი"
19-05-2014
"დაერეკათ "ეჭვმიტანილთან" და ყველა კითხვაზე ამომწურავად ვუპასუხებდი"
"თურმე ეჭვმიტანილი ვყოფილვარ..."

"თანაგუნდელები მეხუმრებიან კიდეც, რა ხდება, გადასახადებს რატომ არ იხდითო"


წლებია, ქართველი ქომაგისთვის ვიქტორ სანიკიძე წარმატებასთან ასოცირდება. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "სარაგოსას" კალათბურთელის გვარმა არასასიამოვნო კონტექსტში გაიჟღერა... ამის გამო ვიქტორი გულნატკენია ქართველ ჟურნალისტებზე: იტალიური პრესიდან არასწორად ნათარგმნი და რაც მთავარია, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელესო! ლაპარაკია ათიოდე დღის წინ გავრცელებულ ცნობაზე, სადაც სანიკიძეც დასახელდა სიენის "მონტეპასკის" იმ ყოფილ მოთამაშეებს შორის, იტალიური პოლიცია გადასახადების დამალვაში რომ სდებს
ბრალს. სინამდვილეში, საქმე სხვაგვარად ყოფილა და ეს თავად "ეჭვმიტანილმა" ვიქტორ სანიკიძემ გვითხრა:


- სამწუხაროა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს. სანამ დაწერ, სანიკიძე ეჭვმიტანილიაო, ხომ უნდა დააზუსტო, მართლაც ასეა თუ არა?! იტალიური ენა ყველამ არ იცის, მაგრამ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ჯერ ინგლისურად,
მერე კი სასურველ ენაზე თარგმნაა შესაძლებელი. რაც მთავარია, შეეძლოთ, "ეჭვმიტანილთან" დაერეკათ და ყველა კითხვაზე ამომწურავად ვუპასუხებდი!

- გამოდის, იტალიური სააგენტოების გავრცელებულ ცნობაში სხვა რამ ეწერა?
- იქ ნათქვამი იყო, რომ პოლიცია იძიებს "მონტეპასკის" ექსპრეზიდენტის საქმეს (გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით ფერდინანდო მინუჩი უკვე დააკავეს. - ავტ.), რომ სამართალდამცავები არკვევენ, სწორად იყო თუ არა შედგენილი კლუბის 17 ყოფილი მოთამაშის კონტრაქტები, იხდიდა თუ არა კლუბი ყველა გადასახადს და ა.შ. არც ჩემი და არც დანარჩენი 16 კალათბურთელის ბრალეულობაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, თურმე ეჭვმიტანილი ვყოფილვარ... როცა თბილისში ჩამოვალ, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხზე. 

- ფერდინანდო მინუჩის რას ედავებიან?

- სიენური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი საშემოსავლო გადასახადის მითვისებისთვის დააკავეს. კლუბი ვალდებული იყო, მოთამაშეებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შეეტანა, მინუჩი კი ამ თანხას ჯიბეში იდებდა და ჯამში დაახლოებით 20 მილიონი ევრო მიითვისა! გარდა ამისა, კიდევ არაერთ ფინანსურ მაქინაციაშიც ამხილეს. ჩხრეკისას მის სახლში 5 მილიონი ევრო იპოვეს... ყოფილმა პრეზიდენტმა "მონტეპასკიც" უმძიმეს დღეში ჩააგდო - გარდა მრავალმილიონიანი ვალისა, რომელიც მინუჩის გამო "წამოიკიდა", კლუბს 15-17 მილიონ ევრომდე ჯარიმაც ელის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიის ბოლო წლების უძლიერესი კლუბი გაკოტრების პირას აღმოჩნდება...

- ანუ, საშემოსავლო გადასახადის გადახდა კლუბს ევალებოდა და არა მოთამაშეებს?

- NBA-ში კალათბურთელი თავად იხდის კონტრაქტით გათვალისწინებული შემოსავლიდან დასაქვით თანხას. აშშ-ში ეს გადასახადი 50%-ს შეადგენს, თუ მოთამაშეს ერთი მილიონი აქვს ხელფასი, დაქვითვის შედეგად მხოლოდ ნახევარი, ანუ 500 ათასი ერგება.  ევროპაში სხვაგვარი კანონია - კალათბურთელი კონტრაქტით განსაზღვრულ თანხას სრულად იღებს, საშემოსავლოს გადახდის ვალდებულება კი კლუბს აკისრია... ახლა სწორედ იმას იძიებენ, გადახდილი აქვს თუ არა "სიენას" ეს გადასახადი. გადაუხდელიც რომ იყოს, მოთამაშეები მაინც არაფერ შუაში ვართ, ამის ვალდებულება ხომ კლუბს ჰქონდა და არა თავად კალათბურთელებს. ჰოდა, ახლა მითხარით, რაში ვარ ეჭვმიტანილი?!

- მინუჩი მოთამაშეებს საზღვარგარეთულ ანგარიშებზე ურიცხავდა თანხებს, იტალიური გადასახადებისთვის რომ აერიდებინა თავიო...

- მოთამაშეს უფლება აქვს, მიუთითოს ნებისმიერ ქვეყანაში გახსნილი  ანგარიში, სადაც ხელფასი ჩაერიცხება, დანარჩენი კი კლუბის ვალდებულებაა. შესაძლოა, თანხის გადარიცხვისას კლუბი მართლაც არიდებდა თავს გადასახადს, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! როგორი საქმეა, არაფერი დაგიშავებია და ამხელა აჟიოტაჟი ატყდა - სანიკიძე გადასახადებს არ იხდიდა, დაკითხვაზე დაიბარეს, იჭერენ და ა.შ. გამოძიებას რამე კითხვა რომ ჰქონოდა ჩემთან, ხომ დამირეკავდნენ მაინც?!

- "სარაგოსაში" როგორ შეხვდნენ იტალიური სააგენტოების გავრცელებულ ცნობას?
- ჩემი თანაკლუბელები მაშინვე მიხვდნენ, რაშიც არის საქმე და სერიოზულად არც მიუღიათ. მეხუმრებიან კიდეც, რა ხდება, გადასახადებს რატომ არ იხდითო (იცინის)?

- ეტყობა კიდეც შენს თამაშს, რომ "სარაგოსაში" თავს კარგად გრძნობ და ესპანეთში გადაბარგებას არ ნანობ...
- ბიუჯეტიდან გამომდინარე, "სარაგოსას" მართლაც კარგი შედეგები აქვს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მეც კმაყოფილი ვარ და კლუბიც (იცინის). ამჟამად ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე ვართ და პლეი-ოფის საგზურიც დაბევებული გვაქვს. გადამწყვეტ ეტაპზე "რეალთან", "ბარსელონასთან" ან "ვალენსიასთან" მოგვიწევს თამაში. სამივე უძლიერესი კლუბია, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არა ვართ. მით უმეტეს, მოგვიგია კიდეც მათთვის...

- გიორგი შერმადინის "სარაგოსადან" წასვლის შემდეგ ხომ არ მოიწყინე?
- რომ დარჩენილიყო, უფრო კარგად ვიქნებოდი, მაგრამ... გიორგის კარიერისთვის "ოლიმპიაკოსში" დაბრუნება სჯობდა და წარმატებას ვუსურვებ. მე და "შერმა" ესპანეთში კიდევ უფრო დავმეგობრდით, მაგრამ ჩემს მეზობლად სხვა თანაკლუბელები, ჰენკ ნორელი და იონ სტეფანსონიც ცხოვრობენ და მთლად "ობლადაც" არ ვგრძნობ თავს (იცინის).

- ბასკური "ლაბორალ კუტჩა" შენგელიას გადაბირებას ცდილობს. ალბათ, ელაპარაკე თორნიკეს. რა ეტაპზეა ეს საქმე?

- რა თქმა უნდა, ველაპარაკე. ფინანსური პრობლემები ახლა ბევრ კლუბს აქვს და, ბუნებრივია, თორნიკეც დაინტერესდა, სტაბილური სიტუაციაა თუ არა ამ მხრივ "ლაბორალში". ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად არის. ვფიქრობ, თოკო ძალიან ახლოს არის ბასკურ კლუბში ჩარიცხვასთან. კონტრაქტი შედგენილიც არის და შეთავაზებულიც, დანარჩენი კი შენგელიას გადასაწყვეტია...

- ფიქრობ, რომ NBA-დან საშუალო დონის ესპანურ კლუბში გადაბარგება თორნიკესთვის უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის?
- ესპანურ კლუბებში ბევრი გამოცდილი კალათბურთელია. საერთოდაც, ევროპული კალათბურთის დონე საგრძნობლად გაიზარდა და არ მიმაჩნია, რომ თორნიკესთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. შენგელია ჯერ ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს. შესაძლოა, NBA-ს რომელიმე კლუბი ახლაც იწვევდეს, მაგრამ ვინ მისცემს გარანტიას, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბში ხშირად ექნება მოედანზე გასვლის შესაძლებლობა?! ესპანეთში კი ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნება!

- ყველას აინტერესებს, რატომ აღარ იპარსავს წვერს ვიქტორ სანიკიძე, იმიჯის შეცვლა გადაწყვიტე თუ სხვა მიზეზია?
- რამეს ნამდვილად არ უკავშირდება. უბრალოდ, ახლა ასე მომწონს. ესპანეთში წვერს ბევრი ატარებს და ცოტათი მეც შევიცვალე იმიჯი (იცინის).

- ევროპის ლიგა "სევილიამ" მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც მადრიდული იქნება - ფაქტია, ევროპულ ფეხბურთში ესპანური ჰეგემონია გრძელდება...
- არა მხოლოდ ფეხბურთში - საკალათბურთო ევროლიგის ოთხთა ფინალშიც ორი ესპანური კლუბი გავიდა... ესპანელების წარმატება ძალიან მახარებს, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვთამაშობ, მადრიდის "რეალის" საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარიც ვარ. წელს "ელ კლასიკოსაც" დავესწარი "სანტიაგო ბერნაბეუზე" და "ბაიერნთან" ნახევარფინალურ მატჩსაც. დარწმუნებული ვარ, "რეალი" ფინალშიც გაიმარჯვებს.
Lasha
19 მაისი 2014 22:51
ვიკა ძაან გაფასებ და თუ ინტერნეტში არის, სარაგოსას ყველა თამაშს ვუყურებ, ვფიქრობ რო უკვე დროა იფიქრო გრანდზე და დარწმუნებული ვარ , ნებისმიერ გუნდში თუნდაც რეალი ან ბარსა იყოს 20-25 წუთს ითამაშებ. შენი რეალის სიმპატიიდან გამომდინარე გისურვებ მანდ გადასვლას და გაბწყინებას !!!

რედაქტორის რჩევით