"უფლება აღარ მაქვს, ცუდად ვითამაშო" - კვირის პალიტრა

"უფლება აღარ მაქვს, ცუდად ვითამაშო"

"ლელოს" მცველის, ირაკლი ყიასაშვილისთვის განვლილი სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველოს ჩემპიონობისა და თასის მოპოვების გარდა "რიჟამ" (ირაკლის მეტსახელია) სამი ინდივიდუალური ჯილდოც მოიხვეჭა - გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბომბარდირი და მელელოვე.

შემოდგომაზე, ყიასაშვილმა ახლად შექმნილ საქართველოს ა ნაკრებშიც ითამაშა, თებერვლიდან კი, ერთა თასის მატჩებისთვის მოემზადება. ირაკლისთან ინტერვიუ ინდივიდუალურ მონაგარზე საუბრით დავიწყეთ...

- სიმართლე გითხრათ, არც მახსოვდა, საუკეთესო მელელოვესაც რომ აჯილდოებდნენ. ისე, ბიჭები კი ვითვლიდით ხოლმე, ვინ რამდენი ლელო დავდეთ. ბომბარდირობაში ვერავინ რომ ვერ შემეცილებოდა, ვიცოდი, აი, საუკეთესო მორაგბედ აღიარებამ მართლა ძალიან გამახარა...

- ქულებსაც ითვლიდით?

- არა, მაგდენს რა დამათვლევინებდა (იცინის)! საწყისი შვიდი ტურის შემდეგ, უკვე 100 ქულაზე მეტი მოვაგროვე. სულ კი, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, 250 ქულამდე ავედი და თუ არ ვცდები, 14 ლელო დავდე...

- ამ სამი ჯილდოდან, ყველაზე ფასეული რომელი იყო შენთვის?

- რა თქმა უნდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი. ბომბარდირი აქამდეც ვყოფილვარ, საუკეთესო სამეულშიც დამასახელეს, მაგრამ როცა ჩემპიონობასთან ერთად საუკეთესო მორაგბე ხდები, გასაოცარი შეგრძნება გეუფლება.

- 15 ნომრის პოზიციაზე თამაშობ. ამ ამპლუის მოთამაშეს საჯარიმოებისა და გარდასახვების შესრულება კი ევალება, მაგრამ ლელოც ყველაზე მეტი რომ დადე, ეს რას მივაწეროთ?

- 15 ნომერი ბოლო მცველის ფუნქციას ასრულებს, თუმცა, შეზღუდული არ არის. შეუძლია, მოედნის ნებისმიერ ადგილას აღმოჩნდეს. საჭირო დროს საჭირო ადგილას თუ იქნება, რა პოზიციაზეც უნდა თამაშობდეს, ლელოს დადება ყველას შეუძლია. სისწრაფე, ტექნიკა, თანაგუნდელთა დახმარებაც მნიშვნელოვანია და ცოტათი უნდა გაგიმართლოს კიდეც...

- წლევანდელ ჩემპიონატზეც ვთქვათ, - რამდენად კანონზომიერი იყო "ლელოს" ჩემპიონობა?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველობა ისე ჩავამთავრეთ, თამაში არ წაგვიგია, ნამდვილად კანონზომიერი იყო. ჩემპიონატის დაწყებიდან 7-8 ტური რომ მიილია და წაუგებლად მივიწევდით წინ, ბიჭებმა ერთმანეთს ვუთხარით - ვეცადოთ, ბოლომდე ასევე მივიდეთო და... უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იყო, მაგრამ ქვეყნის პირველობის ჩამთავრება წაუგებლად რომ შევძელით, ორმაგად ბედნიერები ვართ. ახლა, თვითონ განსაჯეთ, კანონზომიერი იყო თუ არა "ლელოს" ჩემპიონობა. მით უმეტეს, თასიც ჩვენ მოვიპოვეთ...

- კარგი, მაშინ ასე გკითხავ, რის ხარჯზე შეძლო თქვენმა გუნდმა დუბლის შესრულება?

- უპირველესად, ალბათ, ფიზიკური მომზადების ხარჯზე. ჩემპიონატის დაწყებამდე, ძალიან ნაყოფიერი შეკრებები გავიარეთ. ნახევარფინალშიც და ფინალშიც, "ლოკომოტივი" და "ბათუმი", ფაქტობრივად ბოლო 20 წუთში გავტეხეთ წელში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეტოქეებზე უკეთ ვიყავით მომზადებული.

- "ბათუმი" ახსენე. ეს გუნდი ჩემპიონატის ნამდვილ აღმოჩენად იქცა...

- იმ გუნდისგან, სადაც ლევან მგელაძე მუშაობს, სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ელოდო. ბატონი ლევანის შესაძლებლობები კარგად ვიცი. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაქვს მოგებული. შესანიშნავი მწვრთნელია, რაგბი ჩინებულად იცის და რაც მთავარია, დისციპლინას აქცევს უდიდეს ყურადღებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

- ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი კი ხარ, მაგრამ ასაკითაც და პოტენციალითაც უკვე ეროვნული გუნდი "გეკუთვნის". ნოემბერში საქართველოს A ნაკრების რიგებში გამოჩნდი და ერთ-ერთი საუკეთესოც იყავი...

- A ნაკრები აუცილებლად უნდა არსებობდეს და ძალიან კარგია, უკვე ჩვენთანაც რომ ჩამოყალიბდა. იქიდან ეროვნულ გუნდამდე ერთი ნაბიჯია. არავინ იცის, რომელ წუთს დაგვიძახებს მთავარი ნაკრების მწვრთნელი იმ მოთამაშეებს, ჯერჯერობით რომ ვერ ვხვდებით ეროვნულ გუნდში. A ნაკრებში თამაში გამოცდილებაც არის და სტიმულიც...

- ეროვნული ნაკრების მწვრთნელს სურს, რომ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე შენც წახვიდე. იქნებ თებერვალშივე მოგეცეს ეროვნული გუნდის მაისურის მორგების შანსი...

- პირველივე მატჩში, - გერმანელების წინააღმდეგ რომც ვერ ვითამაშო, ნაკრებთან ერთად ყოფნაც დიდი პატივი და გამოცდილებაა ჩემთვის. ეროვნულ ნაკრებში შარშანაც ვიყავი მიწვეული, თუმცა მაშინ თავის დამკვიდრება ვერ შევძელი. ახლა კი, უნდა დავამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ.

- ბიძინა სამხარაძის სახით, ეროვნულ ნაკრებში უკვე თამაშობს ერთი "რიჟა". ახლა შენც დაემატები და... როცა დაგიძახებენ, ორივე ერთდროულად მიიხედავთ ხოლმე?

- ჰო, ორი "რიჟა" უკვე დიდი ძალაა. მოწინააღმდეგეს უფრო კარგად "დავთარსავთ" (იცინის).

- შენი საყვარელი მორაგბე ვინ არის?

- ჯონი ვილკინსონი მხოლოდ მე კი არა, მთელ მსოფლიოში უყვართ... მაგრამ ვილკინსონზე მეტად, მაინც მონტგომერის თამაში მომწონს, რადგან ჩემსავით 15 ნომერია...

- რაგბის გარდა რა უყვარს ირაკლი ყიასაშვილს?

- მეგობრებთან ერთად ყოფნა. მიყვარს თხილამურებით სრიალი, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ვახერხებ ამას. კიდევ ნადირობა მიყვარს, მაგრამ საამისოდ წელიწადში რამდენიმე დღე თუ გამოვნახე, დიდი მიღწევაა...

- ლელოების გარდა, კიდევ რაზე ნადირობ ხოლმე?

- ფრინველზე ნადირობა არ მიყვარს. დათვზე ან გარეულ ტახზე სანადიროდ დავდივარ...

- პატარა აღარ ხარ, მაგრამ "თავსდატეხილი" აღიარება დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევს?

- პირიქით, ასეთი აღიარება დიდი სტიმულია ჩემთვის. უნდა დავამტკიცო, რომ საუკეთესოდ "შემთხვევით" არავის დავუსახელებივარ. პატარა ნამდვილად არ ვარ, 24 წლის ასაკში "თავში ავარდნა" ნამდვილად არ მემუქრება...

- როგორ ფიქრობ, უკვე მზად ხარ საზღვარგარეთ სათამაშოდ თუ ჯერ ისევ საქართველოს ჩემპიონატში გსურს თამაში?

- თუ რეალური შანსი მექნება, უცხოურ კლუბში აუცილებლად წავალ. რაღაც ვარიანტები უკვე არის, მაგრამ სანამ საქმე კონკრეტულ შემოთავაზებამდე არ მივა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ისე კი, სიამოვნებით ვითამაშებდი ინგლისში...