მერე რაღას ვიზა-მთ?! - კვირის პალიტრა

მერე რაღას ვიზა-მთ?!

ორივე მეტოქე ერთიმეორეზე "უკეთესი" კია, მაგრამ რას იზამ - ცნობილი ამბავია, რომ არა მხოლოდ გოლების გატანა, საქართველოს ნაკრებს სპარინგ-პარტნიორების მოძიებაც ძალიან უჭირს... საუდის არაბეთისა რა გითხრათ, მაგრამ იმედია, ჩვენი გუნდი გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან მატჩში მაინც შეეცდება შეტევას და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ იფიქრებს..

ტრავმების გამო, თემურ ქეცბაიამ უკვე მოისაკლისა ესპანეთში წასასვლელად გამზადებული რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ტრავმები რომ გვიშლიდეს ხელს, რაღა გვიჭირდა?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ესპანეთში ვერ გაჰყვა, რადგან... ვიზა ვერ გაუკეთეს! რევიშვილის თქმით, მისი პასპორტი სხვა ფეხბურთელების საბუთებთან ერთად ჩააბარეს, თუმცა, შვეიცარიის საკონსულომ ქართველ მეკარეს ვიზის მიცემაზე უარი უთხრა... ვეჭვობ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელებსაც მსგავსი პრობლემები ექმნებათ. არა და არ დაადგა საშველი ნაკრების მოთამაშეებისთვის ხანგრძლივი, ე.წ. "მულტი-ვიზის" გაკეთებას, რათა ისედაც მწირი არჩევანის პირობებში, ფეხბურთელები ასეთი სულელური მიზეზების გამო არ მოვისაკლისოთ...

P.S. კარგი ბატონო, არაბებს გიორგი ლორიაც ეყოფა. ამხანაგურ მატჩში წაგებაც არ არის ტრაგედია, მაგრამ ოფიციალური მატჩის წინ რომ დავრჩეთ ვიზ-ების გარეშე, მერე რაღას ვიზა-მთ?!