სტამბოლის ფაშა მანუ-ჩარი - კვირის პალიტრა

სტამბოლის ფაშა მანუ-ჩარი

მანუჩარ მარკოიშვილს ოთხი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულით შეუძლია თავის მოწონება. საქართველოს, სლოვენიისა და იტალიის შემდეგ, მანუმ "ჩარი" თურქეთში გააგორა და შარშან სტამბოლის "გალათასარაისთან" ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. საქმეს ისე ეტყობა, სტამბოლელები ტიტულს წელსაც შეინარჩუნებენ, ჩვენთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "მანუ-ფაშამ" ("გალათასარაის" ქომაგები მარკოიშვილს ასე მოიხსენიებენ. - ავტ.) ტრავმის შემდეგ ფორმა სრულად აღიდგინა და სტამბოლელთა გამარჯვებებშიც ლომის წილი უდევს. თურქეთის პირველობის ნახევარფინალის პირველი მატჩი "გალათასარაიმ" სტუმრად მოუგო "ბანვითს" და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართველ კალათბურთელს თურქეთში სწორედ მოგებული მატჩის შემდეგ დავუკავშირდით:

- "ბანვითმა" რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. ეს სტატისტიკითაც კარგად ჩანს - მასპინძლებმა ჩვენს კალათში მხოლოდ 57 ქულა ჩააგდეს. საიმედო დაცვამ შეტევაშიც გაგვიხსნა ხელ-ფეხი და საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. იმედია, სტამბოლშიც იმავე შედეგს გავიმეორებთ და ფინალში გავალთ.

- შარშანდელ ფინალში სწორედ "ბანვითს" არ აჯობეთ?

- დიახ, თუმცა, მას შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, კლუბის ლიდერებთან ერთად, მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა და "ბანვითი" წელს კიდევ უფრო ძლიერი გუნდია.

- "ბეშიქთაშთან" მატჩში, გადამწყვეტი სამქულიანი საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ჩააგდე... არადა, ასეთ დროს შენნაირი გამოცდილი მოთამაშისთვისაც ძალიან ძნელია, ხელი არ აუკანკალდეს...

- ასეთ დროს საქმეში ინსტინქტი ერთვება... თანაც, შეტევისთვის გამოყოფილი 24 წამი უკვე იწურებოდა და ყველა ვარიანტში უნდა მესროლა... სამქულიანი მანამდეც ჩავაგდე, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი გამომდიოდა და შორიდან ბოლო წამებზეც გაბედულად ვისროლე... ძალიან გამიხარდა, ბურთი კალათში რომ ჩაეშვა, მაგრამ ხომ ვერ შევიმჩნევდი?! მატჩის ბოლომდე რამდენიმე წამი კიდევ იყო დარჩენილი და მოდუნების უფლება არ გვქონდა...

- შარშანდელთან შედარებით, თურქეთის ჩემპიონატში შეიცვალა რამე?

- თურქულ კლუბებში უცხოელი მწვრთნელები და კალათბურთელები მომრავლდნენ და ეს ჩემპიონატის სტილსაც დაეტყო. ვფიქრობ, მომავალი წლიდან აქაური პირველობა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდება. თურქეთში თამაშის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თანაც, მომავალი წლიდან ადგილობრივ კლუბებს უფლება მიეცემათ, ხუთეულში ოთხი ლეგიონერი ათამაშონ. ასე რომ, ჩემპიონატი უფრო სანახაობრივი, თუმცა, სათამაშოდ გაცილებით რთული იქნება.

- სტამბოლელმა ქომაგებმა ახალი მეტსახელი ხომ არ შეგარქვეს, თუ ისევ "მანუ-ფაშას" გეძახიან?

- არა, მათთვის ისევ "ფაშა" ვარ (იცინის). მოედანზე და სოციალურ ქსელში, ძირითადად, ასე მომმართავენ ხოლმე. თურქული ენა ჯერაც ვერ ავითვისე და თუ რამე ვერ გავიგე, ონლაინ-თარჯიმნის მეშვეობით ვთარგმნი. თურქი ქომაგი ძალიან ემოციურია, კალათბურთიც ძალიან უყვარს და მნიშვნელოვანი მატჩებისას, დარბაზი ყოველთვის ივსება. თუმცა, უმეტესობას უფრო მაინც ფეხბურთი უყვარს და საკალათბურთო მატჩზე ყოფნისას "მარილი აკლიათ".

- საყვარელი ადგილი თუ გაქვს, ყველაზე ხშირად, სტამბოლში სად შეიძლება მანუჩარ მარკოიშვილის ნახვა?

- შარშან იმდენი სტუმარი მყავდა, ყველაზე ხშირად აია-სოფიას სიახლოვეს მნახავდით. იქაურობას უკვე ნებისმიერ გიდზე უკეთ ვიცნობ (იცინის).

- შოთა არველაძე სტამბოლის "ქასიმფაშას" მწვრთნელია. ერთმანეთს თუ ეხმიანებით ხოლმე?

- ბავშვობიდან ვიყავი შოთას ფანი და სიამოვნებით გავიცნობდი, მაგრამ ჯერჯერობით, პირადად არ ვიცნობ... თანაც, სხვადასხვა ლიგაში ვართ: ის ნამდვილი ვარსკვლავია და ჩემზე უფრო დაკავებულიც, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელია...

- ევროლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონასთან" 0:3 წააგეთ, თუმცა, სათითაო მატჩებს თუ გავიხსენებთ, ასეთი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდით...

- "ბარსელონა" ძალიან ძლიერი და გაცილებით გამოცდილი გუნდია, ჩვენ კი არ ვიყავით ოპტიმალურ ფორმაში. თანაც, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - კარლოს აროიოც ვერ დაგვეხმარა. ამის მიუხედავად, სამივე მატჩის წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით - ერთი თამაში მაინც უნდა მოგვეგო.  ვერავინ დამარწმუნებს, რომ "გალათასარაისა" და "ბარსელონას" შორის ამხელა სხვაობაა!

- ევროლიგის წლევანდელ სეზონს მოულოდნელი დასასრული ჰქონდა - თელ-ავივის "მაკაბი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ალბათ ცოტა იფიქრებდა, რიკი ჰიკმანი და კომპანია ფინალში "რეალის" ძლევას თუ მოახერხებდნენ...

- გეთანხმებით, "რეალის" გამარჯვებას გაცილებით მეტი პროგნოზირებდა. თუმცა, პირადად მე ინტუიცია მკარნახობდა, რომ წელსაც მოულოდნელი ფინალი გველოდა და საბოლოოდ, ასეც მოხდა.

- რიკი ჰიკმანს ჩინებული სეზონი ჰქონდა და "მაკაბის" წარმატებაშიც მნიშვნელოვანი წილი დაიდო, მაგრამ... როგორ ფიქრობ, ნატურალიზებული ამერიკელი საქართველოს ნაკრებში რატომ ვერ არის ისეთივე შედეგიანი, როგორიც კლუბში?

- თუ ვინმეს საქართველოს ნაკრებში მისი თამაში არ მოსწონს, ვეტყვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის - რაც უფრო ძლიერი და გამოცდილი თანაგუნდელები ჰყავს, კალათბურთელი მით უფრო მაღალ დონეზე თამაშობს! მით უმეტეს, რიკის არც საქართველოს ნაკრებში უთამაშია ცუდად. ჩემთვის მთავარი კი მაინც ის არის, რომ ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება!

- საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლშიც იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს - ეს კარგია თუ ცუდი?

- ძალიან კარგია! კოკოშკოვი ძალიან კარგად იცნობს ნაკრების ამჟამინდელ მოთამაშეებსაც და სამომავლოდ მათ შემცვლელებსაც, იცის, რომელი მოთამაშის ძლიერი მხარეები როგორ გამოიყენოს.

- საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე რას იტყვი?

- კენჭისყრის შედგებით უკმაყოფილო არა ვარ, თუმცა, ასეთ თემებზე წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და მოკლედ ვიტყვი: მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორ ფორმაში შევხვდებით შესარჩევ მატჩებს!