"მზად ვარ, ქართულ ფეხბურთს დავეხმარო!" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, ქართულ ფეხბურთს დავეხმარო!"

"თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, არც სახელმწიფოს და არც რომელიმე პირის დახმარება არ მჭირდება!"

36 წლის ლევან კობიაშვილმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში - 100, კლუბებში კი 650-მდე მატჩი უთამაშია, საფეხბურთო კარიერა სამიოდე კვირის წინ დაასრულა და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება, მანამდე კი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- საქართველო-საუდის არაბეთის მატჩზე რას იტყვი?

- კარგია, რომ მოვიგეთ და ლამაზი გოლებიც ვნახეთ... ოქრიაშვილმა ულამაზესი საჯარიმო გაიტანა და მისივე პასის შემდეგ გატანილი დვალიშვილის გოლიც მნიშვნელოვანი იყო, დიდი ხანია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელის გატანილი ბურთი აღარ გვინახავს! მთლიანობაში, შედეგი კარგია, აი, თამაშის ხარისხი კი...

- ამ კონტინგენტის, მწვრთნელის, შესარჩევ ქვეჯგუფში მეტოქე გუნდების გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ნაკრებს?

- ნაკრების შანსებზე ლაპარაკისგან ამჯერად თავს შევიკავებ. საზოგადოდ კი ვიტყვი, რომ გუნდს, რომელსაც აქვს მიზანი, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და ფეხბურთის სიყვარული, შედეგის მიღწევა ყოველთვის შეუძლია, რა სიძლიერის მეტოქეებიც უნდა ჰყავდეს!

- რაც უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ლევან კობიაშვილი უკვე აღარ არის მოქმედი ფეხბურთელი. დღეს ტრიბუნიდან რომ უყურებდი საქართველოს ნაკრების თამაშს, მოედანზე გასვლის სურვილმა ხომ არ შეგიპყრო?

- ძალაუნებურად გიწევს იმაზე ფიქრი, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა შენს ცხოვრებაში - მოედანზე ვეღარ გახვალ, ბუცებს, ფორმას ვეღარ ჩავიცვამ... სეზონი ახალი დასრულებულია და ჯერჯერობით, მეც "ვისვენებ" (იცინის). აი, ახალი სეზონისთვის მზადება რომ დაიწყება, მე კი ყოველდღიურად აღარ ვივარჯიშებ, მაშინ ბოლომდე გავაცნობიერებ, რომ აქტიური ფეხბურთელი აღარ ვარ და მართლაც ძალიან გამიჭირდება.

- 10 მაისს უკანასკნელად გახვედი მოედანზე... ვერც მაშინ გააცნობიერე, რომ ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" კარიერის ბოლო მატჩს ატარებდი?

- ძალიან ემოციური დღე იყო... საერთოდაც, ბოლო დღეებში იმდენი პოზიტივი მივიღე, კარგა ხანს გამყვება... ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ ამდენი ადამიანი აფასებს შენს შრომას. ასეთ დროს აღარც გახსოვს, რომ უკანასკნელად გადიხარ მოედანზე.

- ერთხელ თქვი, რამდენ ხანსაც უნდა მეთამაშა, ფეხბურთით არასდროს დავიღლებოდიო... ასეა?

- თუნდაც ორი-სამი წლის შემდეგ დამესრულებინა კარიერა, ისევე დამწყდებოდა გული, როგორც ახლა! თავს დავდებ, წლების შემდეგაც არ მექნებოდა განცდა, დავიღალე, აღარ შემიძლია, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებო და ა.შ. შესაძლოა, ფეხბურთელს ჯანი აღარ მოსდევდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირადად მე ფეხბურთი არასოდეს მომყირჭდება!

- 21-წლიანი კარიერის განმავლობაში სულ გქონდა თავისუფალი დროის ნაკლებობა, ახლა კი, პირიქით არის... ესეც უჩვეულო იქნება შენთვის.

- უჩვეულოა, მაგრამ ცოტა ხანს დავტკბები თავისუფლებით, მერე კი ისევ აქტიურად ვიქნები ჩართული ფეხბურთში. არ მინდა, ხანგრძლივი პაუზა გამომივიდეს, როცა საქმეზე ვიქნები გადართული, აქტიურ სპორტთან განშორებაც უფრო ადვილი გადასატანი იქნება... რაც უნდა ვაკეთო, ვერაფერი ჩაანაცვლებს ფეხბურთს, იმ სიამოვნებას, რასაც მოედანზე ვიღებდი, მაგრამ ვეცდები, მთლიანად ჩავერთო ფეხბურთში. მაქვს გეგმები, იდეები და ვნახოთ...

- შარშან მითხარი, ჩემს გამოსათხოვარ მატჩს ორგანიზებას თავად გავუწევო. აზრი ხომ არ შეგიცვლია?

- რა თქმა უნდა, მაქვს ასეთი მატჩის გამართვის სურვილი, მაგრამ ამას სერიოზული დაგეგმვა და მუშაობა სჭირდება. ასე რომ, ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, როდის გაიმართება ჩემი გამოსათხოვარი მატჩი. უახლოეს მომავალში დავალაგებ გეგმებს და კონკრეტულად მეცოდინება, რა და როდის იქნება.

- გეგმები... ლევან კობიაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა?

- ჩემს მომავალ კარიერაში მთავარი ამოცანა სწორედ ქართული ფეხბურთია, მინდა, ქართულ ფეხბურთში გავაგრძელო საქმიანობა, ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. ასე რომ, ვმუშაობ ამ საკითხზე... დეტალებზე ლაპარაკი კი წინასწარ არ მინდა, როცა ბოლომდე დავსახავ გეგმებს და საქართველოში ჩამოვალ, დაწვრილებით მერე ვილაპარაკებ.

- კახა კალაძის განცხადება, რომ ლევან კობიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, ბევრმა ისე გაიგო, რომ სწორედ შენ ხარ დღევანდელი ხელისუფლების ფავორიტი.

- კახამ თქვა, ლევანს სურს, კენჭი იყაროს და შესაძლოა, იყოს კიდეც ერთ-ერთი კანდიდატიო... ნამდვილად მინდა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქართულ ფეხბურთს, მაგრამ თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, არც სახელმწიფოს და არც რომელიმე პირის დახმარება არ მჭირდება! პირიქით, მიმაჩნია, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება დახმარება და ამისთვის მზად ვარ! ეს ფეხბურთია, სფერო, რომელსაც კარგად ვიცნობ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მე კი არ დამეხმარება ვინმე, ყველანი დავეხმარებით ქართულ ფეხბურთს!

- ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონატზე მხოლოდ შორიდან გაქვს წარმოდგენა. მაგრამ, როგორ ფიქრობ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, მართებულია გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ლაპარაკი?

- შორიდან ლაპარაკს მირჩევნია, მერე ვილაპარაკო, როცა ჩამოვალ და ადგილზე გავეცნობი ვითარებას... არა მგონია, დღეს კლუბების რაოდენობის გაზრდა გამართლებული იყოს: არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, ბევრ კლუბს ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემებიც ვერ მოუგვარებია. გამართული ჩემპიონატი რომ გვქონდეს, ვინ წავა 16-გუნდიანი ჩემპიონატის წინააღმდეგ?! მაგრამ დღეს არის კი ქართული ფეხბურთი მზად 16-გუნდიანი ჩემპიონატისთვის?!

- ვინ არის ლევან კობიაშვილი?

- ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია! ყოველთვის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა შემეძლო და რის უფლება არ უნდა მიმეცა თავისთვის. ასეთი მიდგომით ჩამოვყალიბდი არა მხოლოდ მოთამაშედ, პიროვნულადაც. ცოტათი თავმდაბალიც ვარ, მორცხვიც, მაგრამ რაც ვარ, ეს ვარ...

- რომელი იყო კლუბი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდი თავს?

- უცხოური კლუბებიდან განსაკუთრებულად "ფრაიბურგს" გამოვარჩევ. არც გრანდი ყოფილა და არც განსაკუთრებული წარმატებისთვის მიგვიღწევია, მაგრამ ძალიან მეგობრული გუნდი იყო, სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები, ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ... ფრაიბურგში დღემდე ვახსოვართ და ის წლები მეც ძალიან მეამაყება...

- რა მოგცა და რა დაგაკლო ფეხბურთმა?

- რაც კი გამაჩნია, ყველაფერი ფეხბურთმა მომცა - მათ შორის, ოჯახი და მეგობრებიც... მომცა სიყვარული, სითბო, დაფასება... რა დამაკლო? ფეხბურთის გამო ძალიან ბევრ რაღაცაზე ვთქვი უარი... ახლა კი, ისეთი რაღაცების გაკეთება შემიძლია, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პირველად მოვახერხე და ჩემს გოგონას ექსკურსიაზე წავყევი (იცინის).

- რაზე გწყდება გული ყველაზე მეტად?

- რაც ყველაზე მეტად მინდოდა, იმას ვერ მივაღწიე - საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე ვერ ვითამაშე... თუმცა, წარმატებული თუ წარუმატებელი პერიოდების მიუხედავად, სულ ვგრძნობდი ქომაგის თანადგომას და ამიტომაც ვამბობ - თავს ვალდებულად ვგრძნობ მათ წინაშე. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის "ვალი" ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მაქვს.

- რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ვის უქომაგებს ლევან კობიაშვილი?

- ბავშვობიდან ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ბრაზილიაშიც ესპანეთის ნაკრებს ვუქომაგებ. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ჩემპიონობა მასპინძელთა ნაკრებს დარჩება.