ქინქლაძე: ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, მაგრამ... - კვირის პალიტრა

ქინქლაძე: ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, მაგრამ...

"ფეხბურთისგან ისე ვარ გულნატკენი და გაღიზიანებული, გახსენებაც კი არ მსიამოვნებს"

"ჩემს ბიჭს ფეხბურთი უყვარს, ბურთსაც "შენობით ელაპარაკება", თუმცა, პროფესიულად არ ვარჯიშობს"

იშვიათი რესპონდენტია გიორგი ქინქლაძე - ნიჭიერებით გამორჩეულ თაობაშიც ბრილიანტივით რომ ბრწყინავდა და უდიდესი პოტენციალი სანახევროდაც ვერ გამოიყენა... ბოლო წლებში, არაბი შეიხების ფულით მოღონიერებულმა "მანჩესტერ სიტიმ" არაერთი ვარსკვლავი გადაიბირა, ოღონდ ინგლისური კლუბის ქომაგებს KINGლადზე-ს (ინგ. მეფე) და მის ჯადოსნურ ფინტებს ვერავინ დაავიწყებს. აკი დაასახელეს კიდეც "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში! ცოტა ხნის წინ "მეინ როუდის მეფე" მანჩესტერში დაბრუნდა: 16-წლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქინქლაძე კიდევ ერთხელ მივიდა "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე. დაბრუნდა გუნდთან, რომლის მაისურითაც არაერთი ჯადოსნური მატჩი ჩაუტარებია და მასთან ერთად იზეიმა პრემიერლიგის ჩემპიონობა.

- ქომაგებმა საოცარი დახვედრა მომიწყვეს. ინგლისელებისგან ფეხბურთელის პატივისცემა და სიყვარული არ მიკვირს, თუმცა, უკვე 16 წელი გავიდა და არ მეგონა, ამდენ ხალხს თუ ვახსოვდი... სხვათა შორის, მანჩესტერში შვილის მოსანახულებლად ჩავედი, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ქალაქში ვიყავი, საჩემპიონო თამაშზე მისვლა მთხოვეს. მოკლედ, გამომიჭირეს (იცინის).

- და "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებშიც დაგასახელეს...

- მატჩის დაწყებამდე, სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული ფეხბურთელები მოედანზე გავედით და სპეციალური ჯილდოები გადმოგვცეს. სხვათა შორის, "სიტის" ახალ სტადიონზე არ დამხვდა ისეთივე საოცარი ატმოსფერო, "მეინ როუდს" ("სიტის" ძველი სტადიონი. - ავტ.) რომ ახასიათებდა... თუმცა, ფანები არ შეცვლილან და ინგლისში დღემდე ერთ-ერთ  საუკეთესო გულშემატკივრებად რჩებიან.

- მართალია, რომ პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდშიც ქომაგების თხოვნით დარჩით?

- ფაქტია, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე მათმა თხოვნამ დიდი გავლენა მოახდინა... 22 წლის ვიყავი და ვიფიქრე, ერთი წელიც დავრჩები-მეთქი, მერე კი ჰოლანდიაში აღმოვჩნდი... უფრო ძლიერი კლუბებიც მიწვევდნენ, მაგრამ "სიტის" ფინანსურად უჭირდა და რაკი ყველაზე მეტი "აიაქსმა" გადაიხადა, ამსტერდამში გამიშვეს.

- ფაქტია, რომ პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდში დარჩენა შეცდომა იყო. ამას თავად თუ ვერ აცნობიერებდით, სხვისთვის მაინც დაგეჯერებინათ... მრჩეველიც არ გყავდათ?

- პრემიერლიგაში ასეთ დონეზე თამაშის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო პირველ ლიგაზე დათანხმება. საქართველოდან ჩასული 22 წლის ბიჭისთვის, რომელსაც უცებ დაატყდა თავს ასეთი პოპულარობა, ადვილი არ აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილების მიღება.

- ბრაზდებით, როცა გესმით, რომ გიორგი ქინქლაძე "დასაჭერია ასეთი უნიკალური ნიჭის გაფლანგვისთვის"?

- როგორ გითხრათ... უფრო ხშირად მეჩხუბებიან, ვიდრე მაქებენ, მაგრამ მეც ხომ ვიცი, გულისტკივილი რომ ალაპარაკებთ და აღარ ვბრაზდები...  ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, მაგრამ... ბედის ამბავიც არის. რაც მთავარია, ნიჭს ყოველთვის შრომისმოყვარეობა ჯაბნის!

- "ზარმაცი იყო გიორგი ქინქლაძე და ამიტომაც ვერ მიაღწია მეტს"... ეთანხმებით?

- ზარმაცი? შესაძლოა, ასეც იყო... სხვები რომ ერთი კვირა ვარჯიშობდნენ რაღაცის გასაკეთებლად, მე ერთ დღეში შემეძლო. ამის გამო, ალბათ, დავაკელი კიდეც ბევრი ჩემს კარიერას...

- არადა, რამდენს მიაღწევდით, თქვენი კარიერა სწორად რომ წარმართულიყო, უფრო შრომისმოყვარე რომ ყოფილიყავით...

- მხოლოდ შრომისმოყვარეობაზეც არ არის საქმე. "აიაქსში" გატარებული წლები, ფაქტობრივად, დაკარგული იყო ჩემთვის. არადა, ისეთი ასაკი მქონდა, კარიერის ზენიტში უნდა ვყოფილიყავი... ამსტერდამიდან "დერბიში" წავედი და ორი წელი ისევ პრემიერლიგაში ვითამაშე. მერე, ფინანსური პრობლემების გამო, უმაღლესი ლიგიდან "დერბიც" გავარდა და... ის წლები ასეთ წვალებაში გავატარე... დიახ, შეცდომებიც მქონდა, მაგრამ 22 წლის ერთ ფეხბურთელს თუ დამისახელებთ, რომელსაც ქართული პლაკატებით შეიარაღებული 20 ათასი გულშემატკივარი დაჩოქილი სთხოვს, არ წახვიდეო და მაინც წავა?!

- ერთხელ თქვით, ამსტერდამში ფეხბურთი გადამიყვარდაო... ღირდა კი ასეთ მსხვერპლზე წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ სასურველ პოზიციაზე არ გათამაშებდნენ?

- როგორც მინდოდა და როგორც შემეძლო, ისე ვერ ვითამაშებდი. მოტივაცია აღარ მქონდა, თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი... ოთხწლიანი კონტრაქტის პერიოდში, "აიაქსში" 10 მილიონი უნდა ამეღო. ფული რომ ყოფილიყო ჩემთვის მთავარი, ვიქნებოდი ფეხი-ფეხზე გადადებული და უშრომლად ავიღებდი ხელფასს, მაგრამ თამაში მინდოდა! არადა, ლამის მთელი ჩემი ხელფასი "აიაქსის" დაკისრებულ ჯარიმებში მიდიოდა - დავადებდი ხოლმე თავს და მანჩესტერში გავრბოდი...

- ვარჯიში დიდად არ გიყვარდათ, მაგრამ თამაშისას მყარად იდექით, მეტოქე იოლად ვერ წაგაქცევდათ...

- ჯანი ბუნებრივად მომდევდა, თორემ პრესის ვარჯიშებს თუ არ ჩავთვლით, ტრენაჟორებზე არასდროს მივარჯიშია. ამას თავმოწონებით კი არ ვამბობ, პირიქით, არ მინდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მომბაძონ. მით უმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესია.

- კიდევ რას ურჩევთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს?

- სანამ ახალგაზრდა ხარ, გგონია, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. არადა, ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა. მით უმეტეს, ტრავმა თუ მიიღე. ამიტომაც დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, თავდაუზოგავად იმუშაო. სხვებიც ხომ იღლებოდნენ, მაგრამ ბოლომდე იბრძოდნენ, მე კი, როცა დავიღლებოდი ხოლმე, ბევრჯერ გავჩერებულვარ...

- ცნობილია, რომ ჯგუფ "ოაზისის" წევრი ძმები გალაჰერები "სიტის" თავგადაკლული ფანები არიან. ნოელ გალაჰერის სიტყვებია, არ მინახავს უფრო დიდი სასწაული, ვიდრე გიორგი ქინქლაძის თამაშიაო.

- გალაჰერები "მეინ როუდიდან" ასიოდე მეტრში ცხოვრობდნენ და ერთი თამაშიც არ გაუცდენიათ. მათთან დღემდე ვმეგობრობ. ამ ჯერზეც, თამაშის შემდეგ, ნოელმა თავისთან დამპატიჟა, მოგვიანებით, ღამის კლუბშიც ერთად წავედით...

- "ბოკა ხუნიორსში" როგორ აღმოჩნდით?

- მე, ჯამარა და ყაველა მადრიდის "ატლეტიკოში" ვიყავით სინჯებზე, "ბოკაში" თამაში რომ შემომთავაზეს. ბავშვობიდან მარადონას ფანი ვიყავი და დაუფიქრებლად დავთანხმდი. ბუენოს-აირესში რამდენიმე თვე გავატარე. მარადონამაც სწორედ იმ პერიოდში დაანება თავი მწვრთნელობას და "ბოკაში" დაბრუნდა. ყავის ჭიქით ხელში, ორ გოგონასთან ერთად მოდიოდა ვარჯიშზე. დააწყობდა ბურთებს, რამდენჯერმე დაარტყამდა კარში, ისევ გაუყრიდა გოგონებს ხელკავს და მიდიოდა - სულ ეს იყო მისი "ვარჯიში"...

- ინტერვიუზე იშვიათად თანხმდებით... რატომ?

- ფეხბურთის გარდა, რაზე უნდა ველაპარაკო ჟურნალისტს? ფეხბურთისგან კი ისე ვარ გულნატკენი და გაღიზიანებული, გახსენებაც კი არ მსიამოვნებს. ფინალი ან მნიშვნელოვანი მატჩი თუ არ არის, ფეხბურთს არც ვუყურებ... ისეთებსაც ვიცნობ, დარდის გასაქარვებლად სასმელს რომ ეტანებიან, მაგრამ მათ ხომ არ მივბაძავ?

- ის როგორ იყო, 150 ათას გირვანქად ღირებული "ფერარი" რომ დაამტვრიეთ და მეორე დღესვე ახალი იყიდეთ?

- მატჩის შემდეგ ღამის კლუბში მივდიოდით ხოლმე. დილით, კლუბიდან რომ გამოვედით, ჩემი თანაგუნდელი BMW  M3-ში ჩაჯდა, მე კი მის მეგობარს ვუთხარი, მაგასთან რა გინდა, წამოდი, მართლაც სწრაფ მანქანას გაჩვენებ-მეთქი. ჩაჯდა და... ორ წუთში ხელფეხმოტეხილი იწვა!

- თქვენ მასზე მეტად გაგიმართლათ...

- ნაწვიმარი იყო და ავტომანქანა სველ გზაზე მოცურდა, თუმცა, მე თანამგზავრზე იოლად გადავრჩი. იმან გადაგვარჩინა, რომ უსაფრთხოების ღვედის გაკეთება ვერც ერთმა ვერ მოვასწარით და დარტყმამ მანქანიდან გადმოგვაგდო. "ფერარი" აღარაფრად ვარგოდა, მაგრამ დაზღვეული მქონდა და მალევე ახალი გამოვიყვანე. თავდაპირველად, ის ბიჭი ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩა - იმ ამბის შემდეგ ყოველდღე გაზეთში ვარ გამოჭიმული, პოპულარული გავხდი და ჩემს მოსანახულებლად ყოფილი გერლფრენდებიც კი მოდიანო (იცინის).

- თქვენი შვილი უკვე 12 წლის არის: როგორ ეტყობა "კოჭებში", წავა მამის კვალზე?

- ფეხბურთი უყვარს, ბურთსაც "შენობით ელაპარაკება", თუმცა, პროფესიულად არ ვარჯიშობს - სკოლაში ერთი დღე ფეხბურთში ვარჯიშობენ, სხვა დღეებში სხვა სახეობაში და ა.შ.

- ახლანდელ საქმიანობაზე მოგვიყევით...

- საფეხბურთო სააგენტო გვაქვს, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, ჰობის უფრო დავარქმევ. როცა ნიჭიერ, პერსპექტიულ ფეხბურთელს ვხედავ, შემიძლია მხარში ამოვუდგე, სწორ გზაზე დავაყენო...