არგენტინა თუ ბრაზილია? - კვირის პალიტრა

არგენტინა თუ ბრაზილია?

ჩვენებურების პროგნოზები

"მასპინძლებს ნამდვილად არ ჰყავთ საჩემპიონო გუნდი"

"ევროპულ ნაკრებებს წელს შანსი არა აქვთ"

პროგნოზი უმადური საქმეა და ეს ესპანეთი-ჰოლანდიის მატჩმაც დაადასტურა: მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც ოთხი წლის წინანდელ მუნდიალზე სულ ორად-ორი გოლი გაუშვა, ამჯერად "ღია კარის დღე" მოაწყო და ჰოლანდიელებთან 1:5 განადგურდა! შესაძლოა, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა მოახერხონ კიდეც "ნარინჯისფერი თავსლაფის" ჩამორეცხვა, მაგრამ სანამ ტიტულის შენარჩუნებაზე იოცნებებენ, ჯერ ჯგუფიდან უნდა გავიდნენ... როგორ აფასებენ 2014 წლის მუნდიალის პირველ მატჩებს, ვის ქომაგობენ და ვინ მიაჩნიათ ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად - ამ კითხვებით ვეტერან ფეხბურთელებს: ვლადიმერ გუცაევს, ზაზა ჯანაშიასა და გოჩა ჯამარაულს მივმართეთ. ეგაა, სამივე მათგანს ესპანეთი-ჰოლანდიის მატჩის დაწყებამდე ველაპარაკეთ და ნუ გაგიკვირდებათ, პირენეელებს ტურნირის ფავორიტთა შორის რომ ასახელებენ.

ზაზა ჯანაშია: - ვფიქრობ, გამორჩეული, უხვგოლიანი მუნდიალი გველის... გახსნის მატჩი სულ 1:1 ან 1:0 მთავრდება ხოლმე, ამჯერად კი შემტევი ფეხბურთი პირველივე მატჩში ვნახეთ და იმედია, ასეც გაგრძელდება - რაც უფრო მეტ შემტევ ფეხბურთს ვნახავთ, მით უკეთესი! რაც შეეხება ტურნირის პირველ მატჩს, ხორვატების თამაში მომეწონა, ბრაზილია კი... თანდათანობით თუ მოუმატებენ, არ ვიცი, მაგრამ რაც ვნახეთ, მასპინძლებს ნამდვილად არ ჰყავთ საჩემპიონო გუნდი. წესით, ამ გუნდს მსაჯების დახმარება არც უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ...

- თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

- არგენტინას, თუმცა, ჰოლანდიის ნაკრებიც ძალიან მომწონს და იმედია, მაინცდამაინც ერთმანეთს არ გადაეყრებიან (იცინის). როგორ წარმომიდგენია ნახევარფინალური ოთხეული? არგენტინა, ბრაზილია, ესპანეთი და... მინდა, მათთან ერთად ჰოლანდიაც იყოს...

- გერმანია ხომ არ დაგავიწყდათ?

- კი ბატონო, დავუძახოთ "გერმანული მანქანა", მაგრამ არა მგონია, გერმანელებმა ამ ტურნირზე წარმატებით ითამაშონ. ჩემი აზრით, ქვეჯგუფიდან გასვლაც კი გაუჭირდებათ! იტალია გაცილებით სახიფათო გუნდია - რაც თავი მახსოვს, იტალიელები გაჭირვებით გადიან ჯგუფიდან, ბოლოს კი ფინალში აღმოჩნდებიან ხოლმე (იცინის). საერთო ჯამში კი, მაინც მგონია, რომ ევროპულ ნაკრებებს წელს შანსი არა აქვთ.

- ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი?

- ძნელი სათქმელია... ალბათ, მაინც მესი... ბომბარდირობის მეტი შანსი იმ ფეხბურთელს აქვს, ვინც ფინალამდე მიაღწევს, მე კი ვფიქრობ, რომ არგენტინა აუცილებლად ითამაშებს ფინალში! ნეიმარმა უკვე შეასრულა დუბლი პირველივე მატჩში და ახლა ლეოს ჯერია!

"ბრაზილიის ნაკრებს მსაჯმა მოაგებინა!"

"ჩემპიონი არგენტინა გახდება!"

გოჩა ჯამარაული: - არგენტინას და ესპანეთს ვქომაგობ: არგენტინას - მესის და მარადონას "ხათრით", ესპანეთს კი იმიტომ, რომ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, ნახევარფინალში ორივე ნაკრებს შეუძლია გასვლა. მათთან ერთად გერმანიას და ბრაზილიასაც, რომელიც, იმედია, მოუმატებს, თორემ პირველ მატჩში მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა - პენალტი არბიტრმა მოიგონა, მესამე გოლის დროსაც ჯარიმა იყო... ფაქტობრივად, ბრაზილიის ნაკრებს მსაჯმა მოაგებინა.

- როგორ ფიქრობთ, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი მუნდიალი? იმედია, მხოლოდ მსაჯების არაობიექტურობით არა...

- ვშიშობ, სანახაობრივად წინანდელებზე უარესი იქნება. რატომ? თანამედროვე ფეხბურთში ფიზმომზადება და ტაქტიკა ისე დაიხვეწა, რომ სილამაზე დაიკარგა! კი, მესი, ნეიმარი, ინიესტა, რონალდუ და სხვები გამოირჩევიან ინდივიდუალური ოსტატობით, მაგრამ მთლიანობაში ტაქტიკური ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მოთამაშეს სივრცეს აღარ უტოვებენ!

- ვინ გაიტანს წლევანდელ მუნდიალზე ყველაზე მეტ ბურთს?

- პირველივე ტურში გატანილი ორი ბურთი დიდი ფორაა, ამიტომაც მგონია, რომ ყველაზე კარგი შანსი ნეიმარს აქვს. ვიმედოვნებ, ბომბარდირთა დავაში მესიც ჩაერთვება.

- ვინ გახდება ჩემპიონი?

- არგენტინა!

ესპანელები ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებენ!

"პენალტი დასანიშნი იყო!"

ვლადიმერ გუცაევი: - ტურნირის პირველი მატჩი ფსიქოლოგიურად ყოველთვის ძნელია. აკი ვნახეთ კიდეც, რომ პირველ ტაიმში ბრაზილიამ ისე ვერ ითამაშა, როგორც სჩვევია. თუმცა, მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა.

- არ ეთანხმებით მათ, ვინც ფიქრობს, რომ მასპინძლებს გამარჯვებაში მსაჯიც დაეხმარა?

- მე თუ მკითხავთ, არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - პენალტი დასანიშნი იყო!

- როგორც ჩანს, ბრაზილიის გულშემატკივარი ხართ...

- თავგადაკლული ქომაგი არა ვარ, მაგრამ ბრაზილიელების თამაში ყოველთვის მომწონდა. ვფიქრობ, წელს სწორედ ბრაზილია ან გერმანია გაიმარჯვებს.

- ევროპულ ნაკრებს სამხრეთ ამერიკაში გამართული  მუნდიალი არასდროს მოუგია. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს ტრადიცია წელს დაირღვეს?

- რატომაც არა! გერმანიას უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ჰყავს და შესაბამისად, ჩემპიონობის შანსიც აქვს. მასპინძლის სტატუსი, კლიმატი, ფანები - ბრაზილიას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ ხომ ნახეთ, მაინც როგორ გაუჭირდათ პირველ მატჩში? მეკარე რომ არ შემცდარიყო და ნეიმარს არ გაეთანაბრებინა, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი. პლეტიკოსამ ძალიან ცუდად ითამაშა და სამივე ბურთში სწორედ ხორვატთა მეკარეა დამნაშავე (პენალტის აღებაც შეეძლო). მესამე ბურთი კი სულაც სასაცილო იყო.

- ესპანეთი არ გიხსენებიათ. ფიქრობთ, რომ ამ გუნდის ჰეგემონია დასრულდა?

- დელ ბოსკეს ძალიან ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, ამ გუნდის პიკმა უკვე ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონობისთვის ნამდვილად ვერ იბრძოლებენ!

- არგენტინა?

- არგენტინაც კარგი გუნდია, მესის სახით უძლიერესი ფეხბურთელიც ჰყავთ, მაგრამ... მუნდიალს თავისი სპეციფიკა აქვს. თანაც, არგენტინელთა მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა. ასე რომ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორის არგენტინას ვერ ვხედავ...

- საგოლე ალღო რომ არ გაკლდათ, ყველამ იცის, მაგრამ ინტუიცია? როგორ გგონიათ, ვინ გახდება მუნდიალის ბომბარდირი?

- ნეიმარმა პირველივე მატჩში ორი ბურთი გაიტანა. ასე რომ, ჩემი აზრით, ბომბარდირობის საუკეთესო შანსი ნეიმარს აქვს!

- ნახევარფინალში გავლენ...

- ბრაზილია, გერმანია, არგენტინა და ესპანეთი - თუ მანამდე არ გადაეყარნენ ერთმანეთს!

- და ჩემპიონი გახდება...

- ბრაზილია!