"გორგოძილა": "ლურსმნებით სავსე ტომარაზე მაგარი"
23-06-2014
"გორგოძილა": "ლურსმნებით სავსე ტომარაზე მაგარი"
"სახალხოდ შეგინებას ან აშკარად უხეშ თამაშს ვერავის შევარჩენ!"

სანამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მუნდიალზე მოხვედრაზე მხოლოდ ოცნებობს, ქართველი ქომაგების უმეტესობა კი მსოფლიო ჩემპიონატს მესის, ნეიმარის ან სულაც ტოტალიზატორში დადებული ფსონის ეშხით უყურებს, ქართველმა მორაგბემ მსოფლიო ნაკრებში ითამაშა! 1-ელ ივნისს მამუკა გორგოძემ "ბარბაროსთა" მაისურით ლონდონის ლეგენდარულ სტადიონ "თვიქნემზე" გადამწყვეტი ლელო გაუტანა ინგლისის ნაკრებს და გახდა პირველი ქართველი, რომელსაც "ბარბაროსული" ლელო გაუტანია! ერთი კვირის შემდეგ კი "გორგოძილა" სამხრეთაფრიკელთა წინააღმდეგ, მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაშიც გამოირჩა
და კომენტატორების გარდა, ეს მატჩის სპონსორმა "სამსუნგმაც" აღნიშნა - ორგანიზატორებმა ქართველ გოლიათს ჯილდოდ მობილური ტელეფონი გადასცეს. სარაგბო სამყაროს ამ ორი აღიარების შემდეგ, ნუღარ გაგიკვირდებათ, ბრაზილიაში გახურებული მუნდიალის დროს რესპონდენტად მორაგბე რომ ავირჩიეთ! "მონპელიეში" გატარებული რვა წლის შემდეგ, ახალი სეზონიდან მამუკა გორგოძე ევროპული რაგბის გრანდ "ტულონში"
ითამაშებს. რატომ აითვალწუნა "მონპელიეს" მწვრთნელმა, ვინ სვამს ქართველ მორაგბეებზე მეტს, როდის გადაიქცევა ხოლმე "გორგოძილად" და რა ემოცია ახლავს მსოფლიო ნაკრებში თამაშს? - საქართველოს საუკეთესო მორაგბეს ამ თემებზეც ველაპარაკეთ:



- მადლობა უფალს, საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად მსოფლიო ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ამაზე მეტი ემოცია მსოფლიო თასზე თამაშისას თუ განმიცდია! თანაც, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე - სამხრეთ აფრიკა სრული საბრძოლო შემადგენლობით დაგვიხვდა! 

- პირველ ტაიმში კარგად ითამაშეთ, იგებდით კიდეც. მერე რა მოხდა?
- მსოფლიო ნაკრებში მიწვეულებმა ერთად მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ. თანაც, ჩემი თანაგუნდელები თამაშს მთლად სერიოზულადაც არ მიუდგნენ და მატჩის წინა დღეებში გართობას გადაჰყვნენ (იცინის). მომქანცველი სეზონის ბოლოს გამართული ასეთი მატჩები ერთგვარ ბონუსს, "დესერტს" ჰგავს, ყველა ცდილობს, თამაშისას მაქსიმალურად ისიამოვნოს. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში, სანამ უვარჯიშებელ ბიჭებს ჯანი ეყოთ, მაგრად ვეთამაშეთ, ვუგებდით კიდეც. მეორე ტაიმში კი, დაღლასთან ერთად, მსოფლიო ნაკრებს შეუთამაშებლობაც დაეტყო, მორაგბეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში და ორი ლელო გავუშვით.

- მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა სინბინში გაგისტუმრა. იმსახურებდი გაძევებას?
- მოლში შესვლისას, მსაჯის რეაქციას ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე. იმ ეპიზოდშიც ორჯერ მანიშნა, გააგრძელე, სწორად თამაშობო, მერე კი... მოულოდნელად გამაძევა! ასეთი რამ პირველად ვნახე (იცინის). თამაში აფრიკაში იყო და, ალბათ, მასპინძლებს ასიამოვნა, თორემ თუ წესებს ვარღვევდი, ხომ უნდა ენიშნებინა, გაჩერდიო?

- სამაგიეროდ, სპეციალისტებმაც გამოგარჩიეს და ჟურნალისტებმაც: თამაშის შემდეგ, Planetrugby-მ დაწერა კიდეც, გორგოძე უფრო მაგარია, ვიდრე ლურსმნებით სავსე ტომარაო.
- ჯერ იმითაც ბედნიერი ვარ, საუკეთესოთა შორის რომ მოვხვდი... მით უმეტეს, მატჩის გამორჩეულ მორაგბეებს შორის დამასახელეს. არადა, იმერულად კი არ ვამბობ, მართლაც ვინ ვარ მათთან შედარებით, ქართველი მოთამაშე მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებში რომ გამომარჩიეს?

- მსოფლიო ნაკრებში ბაკის ბოთას წინააღმდეგ ითამაშე, რომელიც ახალი სეზონიდან შენი თანაგუნდელი იქნება.
- ბაკის ბოთა საუკეთესო მორაგბეებით განებივრებულ სამხრეთ აფრიკაშიც კი გამორჩეული ვარსკვლავია. პირადად მე სულაც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ მიმაჩნია, მაგრამ... "ბინძური" მოთამაშეა, მოედანზე ისე იქცევა, ორმეტრიან კაცს ნამდვილად რომ არ უხდება: ყველაფერზე კამათობს, ლაპარაკობს, იღრიჭება... არადა, ვიღაც პატარა "მაიმუნი" ხომ არ არის? მასავით ავტორიტეტულ მოთამაშეს ასეთი საქციელი არ ეკადრება...

- "ბარბაროსებში" თამაში ჩვეულებრივი მატჩებისგან რით გამოირჩევა?

- "ბარბაროსები" ლაღად, თავისუფლად თამაშობენ, საჯარიმოებს კარში არ ურტყამენ და ა.შ. თუმცა, შარშან 60 ქულის სხვაობით წააგეს და  წელს მწვრთნელს ისე ძალიან უნდოდა მოგება, შეგირდებს რამდენჯერმე კარშიც დაარტყმევინა (იცინის). სხვა მხრივ? ხანმოკლე ვარჯიშები, მთელი დღეების განმავლობაში სმა და ა.შ. "ბარბაროსები" მხოლოდ მატჩის წინ არ სვამენ, სხვა დროს კი მთელი დღეები ლოთობენ, მაგრამ იმდენად მაღალი კლასის პროფესიონალები არიან, მოედანზე მაინც აკეთებენ თავის საქმეს.

- რაგბიში რომ ძლიერები არიან, გასაგებია, სმაშიც?
- ძალიან მაგრები არიან! აქამდე ვამბობდი, ქართველები მაგრები არიან-მეთქი, მაგრამ... მე ალკოჰოლისადმი ანგლოსაქსებივით "გამძლე" ქართველი ჯერ არ მინახავს (იცინის). ჩვენსავით ყანწებით არ სვამენ, მაგრამ მთელი ღამე წრუპავენ და საბოლოოდ კი ჩვენზე მეტი გამოსდით და არც მეორე დღეს "კვდებიან"... შეუძლიათ, გამთენიისას დაბრუნდნენ შინ, დილით ივარჯიშონ, საღამოს ისევ დალიონ და ა.შ.

- პირველი თავს არავის ვესხმი, მაგრამ თუ მიტევენ, "გორგოძილა" ვხდებიო! წინათ, მართლაც უფრო ადვილად აგიყოლიებდნენ ხოლმე...

- "ბინძური" მოთამაშე, მით უმეტეს, შემტევი და ჩხუბის წამომწყები არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სახალხოდ შეგინებას ან აშკარად უხეშ თამაშს ვერავის შევარჩენ! სხვებივით ხელსაყრელ მომენტს ხომ არ დავუცდი და მერე ხომ არ გადავუხდი სამაგიეროს? პასუხი მაშინვე უნდა გავცე! და თუ გამაგდებენ, გარანტიას გაძლევთ, მასაც მომაყოლებენ - ისე ვუპასუხებ, რომ ორივეს გაგვაგდებენ! სიმულანტობა დავიწყო, მოედანზე ვიგორაო და გუნდს მოვაგებინო? ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია და არც ქართველები ჩამითვლიან სწორ საქციელად!

- "მონპელიე" უკვე წარსულია... მართალია, რომ ბოლო თვეებში, გუნდის მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა გაგიფუჭდა?
- წელიწად-ნახევარია, დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. "კასტრთან" ნახევარფინალურ მატჩშიც 50-ე წუთზე შემცვალა... ამის გამო ნამდვილად არ წაგვიგია და არც იმას ვამბობ, შეცვლა არ მეკადრება-მეთქი. თუმცა, ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, ყველამ აღიარა, რომ ერთადერთი, ვინც სხვებზე მეტს "ფაფხურობდა", მე ვიყავი... "მონპელიეს" მაისურით ბოლო თამაში იყო ჩემთვის და, როგორც ჩანს, "სამაგიეროს" გადახდა მოინდომა, მაგრამ გარწმუნებთ, მატჩის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცი!

- "მონპელიედან" რომ მოდიოდი, ამის გამო ხომ არ აგითვალწუნა?
- არ ვიცი... წადიო, არ უთქვამთ, მაგრამ ვერც იმას ვგრძნობდი, რომ მწვრთნელს ვჭირდებოდი, გუნდში ჩემი ყოფნა უხაროდა! ვფიქრობ, რაიმე პიროვნული მიზეზია ... ფაქტია, რომ წელიწადზე მეტია, მწვრთნელისგან ერთი კარგი სიტყვაც არ მომისმენია! ტრავმის გამო, თამაში მხოლოდ მეთერთმეტე ტურიდან დავიწყე, მაგრამ მორაგბეებთან ერთად ნახევარი სეზონის საუკეთესო მომენტების ვიდეოფირი რომ განიხილა, ათიდან 7 ლელო ჩემი გატანილი იყო, სამიც ჩემი გადაცემით გავიდა... ნარიაშვილმა გადმომიჩურჩულა, ადექი და უთხარი, ამიტომ მიშვებთ გუნდიდან-თქო (იცინის)? კლუბს და გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ, "მონპელიედან" მეც დიდი სითბო
მომაქვს და, რა თქმა უნდა, "მონპელიეს" წარმატებას ვუსურვებ. მწვრთნელის გამო ბიჭებს რას ვერჩი?

- ნახევარფინალში "კასტრისთვის" რომ მოგეგოთ, ფინალში შენი ახალი კლუბის, "ტულონის" წინააღმდეგ მოგიწევდა თამაში...
- რა თქმა უნდა, დამაინტრიგებელი მატჩი იქნებოდა და "ტულონელებს" ისევე შევაკლავდი თავს, როგორც ჩემპიონატის მატჩში გავაკეთე... "მონპელიეში" გატარებული 8 წლის განმავლობაში, თავი არასდროს დამიზოგავს, როცა დასვენების უფლება მქონდა, მაშინაც კი ვთამაშობდი და ასე დამიფასეს... სამწუხაროა, რომ ადამიანობისა ამათ არაფერი სცხიათ, სანამ სჭირდები, გიყენებენ და გიშვებენ... საკუთარ მაგალითზე ვისწავლე, რომ თავი არავის უნდა შეაკლა, მაგრამ ასეთი ვარ და 30 წლის ასაკში ხომ ვეღარ შევიცვლები? ისევ "მონპელიეში" რომ ვრჩებოდე და ვიცოდე, რომ იმავენაირად მომექცევიან, მაინც ბოლომდე დავიხარჯებოდი. ამას ვინმეს დასანახად ხომ არ ვაკეთებ, ბუნებით ვარ ასეთი!

- სამხრეთ აფრიკას უკვე "მოუსინჯე კბილი", 2015 წლის მსოფლიო თასზე კი ახალ ზელანდიასთანაც მოგვიწევს თამაში... რა განწყობით ელი "ოლ ბლექსთან" მატჩს?

- სამხრეთი აფრიკა სხვაა, ზელანდია - სხვა. "ქურციკები" (სამხრეთაფრიკელთა მეტსახელია. - ავტ.) ძალიან მარტივ, ძალისმიერ რაგბის თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ამ გუნდს მაგრად დაუხვდება! კატასტროფული ანგარიშით სამხრეთ აფრიკასთან არასდროს წაგვიგია და ასეთი სტილის ნაკრებთან ჩვენი გუნდი არც არასდროს შერცხვება. მსოფლიო ნაკრებში თამაშის მერე ვთქვი კიდეც, ბორჯღალოსნებთან ერთად აფრიკელების წინააღმდეგ სიამოვნებით ვითამაშებდი-მეთქი... ზელანდია კი... "ოლ ბლექსი" ძალისმიერიც არის, სწრაფიც და ტექნიკურიც - რაგბის ლომები, მეფეები არიან! შეურაცხყოფას არ მივაყენებ, სარაგბო კულტურითა და ტექნიკით არ შევედრები, გუნდურად მოგვიგებენ კიდეც, მაგრამ მთავარია, ყველა ქართველმა მორაგბემ ბოლომდე იბრძოლოს და პირისპირ, ერთი-ერთზე ბრძოლაში არ დააჩაგვრინოს თავი, მეტოქემ ჯანში, ძალასა და ომში არ გვაჯობოს!

- წლევანდელ მუნდიალზე ვის გულშემატკივრობ?
- 1994 წლიდან იტალიის გულშემატკივარი ვარ. იტალიელები სანახაობრივ ფეხბურთს არასდროს თამაშობენ, დაცვა და კონტრშეტევა უფრო ეხერხებათ, მაგრამ თვითონ ფეხბურთელები იწვევენ სიმპათიას - გემოვნებით ჩაცმა უყვართ, რაღაცნაირად "მარიაჟი", გაიძვერა ტიპები არიან (იცინის). თავად არ მახასიათებს ასეთი რაღაცები, მაგრამ იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი... ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? სადაც უნდა თამაშობდეს, ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია და შინაურ მუნდიალზე, მით უმეტეს! ასე რომ, ჩემი აზრით, ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი მასპინძლებს აქვთ.
data afrasidze
28 ივნისი 2014 15:40
ჯიგარი კაცი, ქართველი ვაჟკაცი და ქართული ადათ წესების დამცველი მართლმადიდებელი გაიხარე როგორც აქ საფრანგეთში მცხოვრებ სამშობლოდან გადმოხვეწილ ქართველებს გვახარებ. ქვეყნის ძარცვით და ხალხის ფულით გამდიდრებულო პოლიტიკანო, ტეტიებო,ჯიპომანიითა და პრემიებით ახურუშებულო მართველებო, 20 წელია ხელისუფლებაში კრუგზე ტრიალებთ ქვეყანა გაანახევრეთ და გააღატაკეთ.თქვენი დამსახურებაა 2 მილიონი ქართველი რომ სამშობლოსა და ახლობლებს მონატრებულები ნოსტალგიით შეპყრობილები, ათასნაირი ტიპის ნერვოზებით არიან დაავადებულნი. უცხოეთიდან ხალხი ფულს არ აგზავნიდეს გვეყანა თავზე დაგეგცეოდათ ,არაფერში სუფთა ვალუტა შემოგდით სახელმწიფოში შვაინო ქაჯებო ეხლა კიდევ მოგეცათ საფიარო საქმე ასოცირებას მოაწერეთ ხელი მერე რა ერთ წელიწადში დაინახავს ხალხი ფასები სად ავარდება. ხალხი ტირის ევროპაში რაც ევროკავშირი შეიქმნა და შემდეგ ევრო შემოიღეს ფასები გასამაგდა თუ მეტი არა კითხეთ ევროპელებს როდის ცხოვრობდნენ კარგად მანამდე თუ ევრო კავშირამდე. მთელი პოლონეთი, ლიტვა, ლატვია მოკლედ აღმოსავლეთ ევროპა მოდებულია დასავლეთ ევროპას და აქ მუშაობენ შავ მუშებათ. თურქეთმა კიდევ 60 წელია ასოცირებას ხელი მოაწერა მაგრამ დარჩა უევროპოდ, თურქეთი ნატოს წევრია და კვიპროსი კიდევ ევროკავშირის და ნატოსი თურქებს დაპყრობილი აქვს ნახევარი კვიპროსი 50 წელია და რა ვინ რა უქნა ან ვინ გააერთიანა კვიპროსი. ღმერთმა დაიფაროს უვიზო რეჟიმი (ეს ზღაპარია ისე რომ იცოდეთ)თორემ ქვეყანაში მართო პარლამენტარები და მთავრობის დარმაედი წევრები, თავიანთ ბანკირებთან ერთად დარჩებიან მაგრამ შეივსება ჩინელებით აფრიკელებით ინდოელებით. მოკლედ გიხაროდეთ.
data afrasidze
28 ივნისი 2014 15:39
ჯიგარი კაცი, ქართველი ვაჟკაცი და ქართული ადათ წესების დამცველი მართლმადიდებელი გაიხარე როგორც აქ საფრანგეთში მცხოვრებ სამშობლოდან გადმოხვეწილ ქართველებს გვახარებ. ქვეყნის ძარცვით და ხალხის ფულით გამდიდრებულო პოლიტიკანო, ტეტიებო,ჯიპომანიითა და პრემიებით ახურუშებულო მართველებო, 20 წელია ხელისუფლებაში კრუგზე ტრიალებთ ქვეყანა გაანახევრეთ და გააღატაკეთ.თქვენი დამსახურებაა 2 მილიონი ქართველი რომ სამშობლოსა და ახლობლებს მონატრებულები ნოსტალგიით შეპყრობილები, ათასნაირი ტიპის ნერვოზებით არიან დაავადებულნი. უცხოეთიდან ხალხი ფულს არ აგზავნიდეს გვეყანა თავზე დაგეგცეოდათ ,არაფერში სუფთა ვალუტა შემოგდით სახელმწიფოში შვაინო ქაჯებო ეხლა კიდევ მოგეცათ საფიარო საქმე ასოცირებას მოაწერეთ ხელი მერე რა ერთ წელიწადში დაინახავს ხალხი ფასები სად ავარდება. ხალხი ტირის ევროპაში რაც ევროკავშირი შეიქმნა და შემდეგ ევრო შემოიღეს ფასები გასამაგდა თუ მეტი არა კითხეთ ევროპელებს როდის ცხოვრობდნენ კარგად მანამდე თუ ევრო კავშირამდე. მთელი პოლონეთი, ლიტვა, ლატვია მოკლედ აღმოსავლეთ ევროპა მოდებულია დასავლეთ ევროპას და აქ მუშაობენ შავ მუშებათ. თურქეთმა კიდევ 60 წელია ასოცირებას ხელი მოაწერა მაგრამ დარჩა უევროპოდ, თურქეთი ნატოს წევრია და კვიპროსი კიდევ ევროკავშირის და ნატოსი თურქებს დაპყრობილი აქვს ნახევარი კვიპროსი 50 წელია და რა ვინ რა უქნა ან ვინ გააერთიანა კვიპროსი. ღმერთმა დაიფაროს უვიზო რეჟიმი (ეს ზღაპარია ისე რომ იცოდეთ)თორემ ქვეყანაში მართო პარლამენტარები და მთავრობის დარმაედი წევრები, თავიანთ ბანკირებთან ერთად დარჩებიან მაგრამ შეივსება ჩინელებით აფრიკელებით ინდოელებით. მოკლედ გიხაროდეთ.
sandro
23 ივნისი 2014 20:03
ეს ადამიანი არის ქართული სპორტის უდიდესი მოღვაწე და უდიდეს დაფასებას იმსახურებს მთელი ქართველი ერისგან

რედაქტორის რჩევით