"საქართველოში არ უყვართ ისეთი ხალხი, ვინც რაღაცას აკეთებს!"
30-06-2014
"საქართველოში არ უყვართ ისეთი ხალხი, ვინც რაღაცას აკეთებს!"
"ხელფასს რომ გადამაყოლეთ, იმას კი არ უნდა მეკითხებოდეთ, რამდენს ვიღებ, უკეთესია, იმით დაინტერესდეთ - რამდენს ვკარგავ საქართველოს ნაკრებში მუშაობით!"

"გამარჯვება მეც მინდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და რაც მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ!"

"ფორვარდის გარეშე თამაშობდა ესპანეთის ნაკრები, მაგრამ ვერ გახდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი?!"


ევროპული ნაკრებების დიდი ნაწილისთვის ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალი უიღბლო გამოდგა. თუმცა, ესპანეთი, იტალია, ინგლისი და ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდები თავის "გაჭირვებას" თვითონ მიხედავენ, ჩვენ კი
ჩვენი ვიკითხოთ... საუდის არაბეთთან (2:0) და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (0:1) ამხანაგური მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ქართველ ჟურნალისტებთან არ ულაპარაკია და რაკი მასთან ინტერვიუს შანსი მოგვეცა, მუნდიალის დასრულებას ნამდვილად ვერ დაველოდებოდით. ისე კი, თემურ ქეცბაიასთან ინტერვიუ სწორედ მუნდიალზე მიმდინარე ამბებით დავიწყეთ.


- ასეთი სანახაობრივი და
მოულოდნელობებით აღსავსე მსოფლიო ჩემპიონატი სხვა არც მახსენდება. უხვგოლიან, დინამიკურ მატჩებთან ერთად, რამდენიმე ფავორიტის ფიასკოც ვნახეთ. ჯგუფიდან ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც კონკურენტებზე უკეთ იყვნენ მომზადებული, სათამაშო დისციპლინას იცავდნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ. თანაც, მეტ-ნაკლებად, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა!

- როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება წელს მსოფლიო ჩემპიონი?
- გერმანიას და ჰოლანდიას კარგი გუნდები ჰყავთ, მაგრამ ჩემპიონი, ალბათ, მაინც მასპინძელთა ნაკრები გახდება: ბრაზილიელებმა თანდათან მოუმატეს, თანაც, შინ თამაშობენ, უკვე ჩამოშორდათ რამდენიმე ძლიერი კონკურენტი და ეს მათ ფსიქოლოგიაზეც დადებითად იმოქმედებს.

- ქართულ ფეხბურთზე გადავიდეთ: ბოლო დროს, კვიპროსულ კლუბებში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ეს კარგია თუ ცუდი?

- აჯობებდა, ქართველი ფეხბურთელები უფრო ძლიერ ჩემპიონატებში მიდიოდნენ, მაგრამ თუ საქართველოს ჩემპიონატს შევადარებთ, კვიპროსზე გაცილებით უკეთესი დონე და პირობებია.

- მართალია, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩის გამართვაზე უარი თქვა?


- შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი თბილისში გვაქვს, კარგი იქნებოდა, ამხანაგური მატჩიც საკუთარ მოედანზე გვეთამაშა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა არავის სურს - უნდათ, მათ მოედანზე, ან ნეიტრალურ სტადიონზე ვეთამაშოთ.

- ლუქსემბურგიც თუ უარს გვეუბნება ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...

- ყველას, მათ შორის ლუქსემბურგსაც ისეთ გუნდთან ურჩევნია თამაში, ყველანაირ პრობლემას რომ მოუხსნის, ჩვენ კი ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ. თუმცა, ეგ არაფერი - თუ გამოვიდოდა შედარებით სუსტ მეტოქესთან ამხანაგური მატჩი, ხომ კარგი, თუ არადა არც ეს არის პრობლემა.


- საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შესაძლო გაზრდაზე რას ფიქრობთ?

- რაც მეტი გუნდი იქნება, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის უკეთესია. მილიონნახევრიან თბილისში ქვეყნის თასის ფინალზე 1000 მაყურებელზე მეტი არ იყო, რეგიონებში კი თამაშებს მეტი ადამიანი ესწრება, შაბათ-კვირას მოუთმენლად ელიან, სტადიონზე რომ წავიდნენ და ეს სიამოვნებაც წავართვათ?! საფეხბურთო პრინციპი დაირღვევაო. ფეხბურთი არ არის და რომელ პრინციპზეა ლაპარაკი?!

- საფეხბურთო გეოგრაფიის გაზრდა კარგია, მაგრამ თუ მოედანი და ელემენტარული პირობები არ იქნება...
- ააშენონ სტადიონები ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში და ა.შ. ამ ქალაქების კლუბებსაც ერთ ლარად გადაუფორმონ სტადიონები და მოვლით ისინიც მოუვლიან! ქვეყანას რომ უჭირს, თუ მართლა გინდა ფეხბურთის განვითარება, შენც უნდა გაიჭირვო! არ არის მოედნები? გააკეთე და ათამაშე!   საფეხბურთო სტადიონები სხვა სახეობებს რომ გადასცეს, მაშინ სად იყო ეს ხალხი? ხუთი წელიწადია, ამაზე მხოლოდ მე ვლაპარაკობ, ისევე, როგორც გუნდებში ახალგაზრდა ფეხბურთელების მომრავლების აუცილებლობაზე. თუ ბევრი გუნდი იქნება, ახალგაზრდა მოთამაშეც მეტი გაიზრდება. მაგრამ თუ მხოლოდ რამდენიმე კლუბს ექნება ნორმალური პირობები, რა მნიშვნელობა აქვს, 12 იქნება თუ 16?!

- არაბებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩებით კმაყოფილი ხართ?
- ნაკრებში არსებული ატმოსფეროთი, საქმისადმი ფეხბურთელების დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ათდღიანმა შეკრებამ ძალიან მეგობრულ გარემოში ჩაიარა, ვარჯიშებიც კარგი იყო და თამაშებიც. საუდის არაბეთს მოვუგეთ, საამიროების ნაკრებთან კი დავმარცხდით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თამაშის ხარისხით მეორე მატჩში უფრო კმაყოფილი დავრჩი.

- მაგრამ ის მატჩიც ნომინალური ფორვარდის გარეშე დაიწყეთ...
- ფორვარდის გარეშე თამაშობდა ესპანეთის ნაკრები, მაგრამ ვერ გახდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი?! მით უმეტეს არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ზოგიერთ შეხვედრას ჩვენც თავდამსხმელის გარეშე ვითამაშებთ. შედეგზე რომ გვეთამაშა, შესაძლოა, მეორე მატჩიც მოგვეგო, მაგრამ მოგების ნაცვლად, სწორებას მომავალი მეტოქეების თამაშზე ვაკეთებდით.

- გერმანიასთან მოგებას არავინ გთხოვთ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა თუ გვინდა, ვინმეს ხომ უნდა მოვუგოთ, ხომ უნდა შევუტიოთ?!

- რადგან მოგება გვინდა, თავქუდმოგლეჯილები ხომ არ შევუტევთ? რომ დაგპირდეთ - ხუთი თავდამსხმელით ვითამაშებ-მეთქი, დამიჯერებთ?! გამარჯვება მეც მინდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და რაც მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ!

- არ ვიცი, სასაცილოა თუ სატირალი, მაგრამ ნუკრი რევიშვილმა ბოლო ამხანაგური მატჩები ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა... ამაზე რას იტყვის ნაკრების მწვრთნელი?
- რევიშვილის ვიზას 2016 წლამდე ჰქონდა ვადა, თუმცა შეზღუდული დღეების გამოყენების ვადით. შევთავაზეთ, საკითხი აეროპორტში გაგვერკვია. პრობლემა რომც შექმნოდა, ბოლოს და ბოლოს, დარჩებოდა თბილისში და ეგ იქნებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, რევიშვილს თავიდანვე არ სურდა წამოსვლა და საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაციას დააბრალა! არადა, თუ ვიზა წესრიგში არ ჰქონდა, სამი კვირა თბილისში რომ იყო, სანადიროდ რომ დადიოდა, მოეტანა პასპორტი და ვიზას ჩვენ გავუკეთებდით! ნაკრები პარასკევ დილით მიფრინავდა, ნუკრიმ კი პასპორტი სამშაბათს მოიტანა. ორ დღეში ვიზას ვინ გაგიკეთებს?! ისე კი, წლებია, ნაკრებში ფეხბურთელების ჩამოსვლის პრობლემა გვაწუხებს. ამ ამხანაგური მატჩებისთვის ორმოცამდე ფეხბურთელი გამოვიძახეთ, მაგრამ 23 ძლივს შევკრიბეთ...

- ამ ვითარების, კონტინგენტის, მეტოქეების გათვალისწინებით რას ელის თემურ ქეცბაია ახალი შესარჩევი ციკლისგან?
- მე მომავალს იმედიანად ვუყურებ. შესაძლოა, თამაშის ხარისხი სასურველი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ატმოსფეროთი, რაც ბოლო შეკრებისას იყო გუნდში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გუნდი უკვე ყალიბდება. გავალთ თუ არა ფინალურ ეტაპზე, სხვა საკითხია, მაგრამ მთავარია, ნაკრები აღარასდროს ვნახოთ ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, თავის დროზე მე რომ ჩავიბარე. ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ, აგდებულად ვერავინ რომ ვერ შეხედავს!

- ერთხელ თქვით - თამაშს ტაქტიკა კი არა, მოედანზე თავდადებული ბრძოლა და მონდომება იგებსო. მაგრამ ყოველთვის ამასაც რომ ვერ ვახერხებთ...
- ქართველი ფეხბურთელების სენია - უბურთოდ სირბილი არავის უნდა! ტალანტი მხოლოდ ის ხომ არ არის, ბურთი აკენწლო, ან ადგილზე მოატყუო ხუთი მეტოქე?! უნდა ირბინო, იმოძრაო, იმუშაო...
სამწუხაროა, რომ ხშირად იძულებული ვარ, ნაკრებში ვათამაშო ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, ან საერთოდ არ აქვთ! მაგრამ ზოგჯერ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელს ისევ ის უთამაშებელი ლეგიონერი მირჩევნია.... უბედურება ის არის, რომ საამიროებთან მატჩში საუკეთესო იყო სანდრო კობახიძე, რომელიც კლუბში ძალიან იშვიათად თამაშობს...

- რამდენიმე დღის წინ, კვიპროსულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ბუცით" დაგაჯილდოეს, "დიდების დარბაზშიც" შეგიყვანეს... კვიპროსელებს ძალიან უყვარხართ, საქართველოში კი, ბოლო წლებია, კრიტიკის და ლანძღვის მეტი არაფერი გესმით. ასეთი დამოკიდებულება მუშაობის სტიმულს ხომ არ გიკლავთ?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ უყვართ ისეთი ხალხი, ვინც რაღაცას აკეთებს! ბევრ ქართველს ასეთი მიდგომა აქვს - რადგან მე არაფერს ვაკეთებ, არც სხვამ გააკეთოს... თუმცა, დაბოღმილ, შურიან ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ. ასეთებისთვის რომ მომესმინა, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდი. შურიანი ადამიანების გამო საქმეს შუა გზაში ხომ არ მივატოვებ?! ანდა, ხელფასს რომ გადამაყოლეთ, იმას კი არ უნდა მეკითხებოდეთ, რამდენს ვიღებ, უკეთესია, იმით დაინტერესდეთ - რამდენს ვკარგავ საქართველოს ნაკრებში მუშაობით! მაგრამ ფული მთავარი არ არის ჩემთვის, ქვეყნის წინაშე ვალდებულებები ავიღე და მინდა, საქმე ბოლომდე მივიყვანო. გამომივა თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს...

- იმ ხალხს რას უპასუხებთ, ვინც ამბობს - ქეცბაიას პატრიოტიზმში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ კვიპროსში რომ გახსნა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, საქართველოშიც გაეხსნაო...
- რა აკადემიაზეა ლაპარაკი, საიდან იგონებენ ასეთ სისულელეებს? უფლის მადლობელი ვარ, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა რომ მომცა, მაგრამ ამ ყველაფრით ტრაბახს ხომ არ დავიწყებ?
ზოგიერთებივით კი არ ვარ, გაჭირვებულს 20 ლარს რომ აძლევენ, ტელევიზიას კი 500 ლარს უხდიან, ეს ყველაფერი რომ გააშუქოს?! თუნდაც მქონდეს აკადემია, მერე რა?! ბოლო 23 წელია, ევროპაში ვცხოვრობ, შეიძლება, როგორც ფეხბურთელი, ვინმეს დავეწუნებინე, მაგრამ საქართველოს გარდა გადახდილი ფული არსად დაუყვედრებიათ! ჩემპიონთა ლიგაზე ორი კლუბი გავიყვანე, მერე კი საქართველოში წამოვედი, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო, ვალდებულება მაკისრია ჩემი ქვეყნის წინაშე! 

- მართალია, რომ ორიოდე თვის წინ "აეკი" ცდილობდა თქვენს გადაბირებას, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდით?
- ყველა გუნდი რომ ჩამოვთვალო, ვინც თანამშრომლობა შემომთავაზა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლაპარაკი. არაერთი მიმზიდველი წინადადება მოვისმინე, მაგრამ ვიმეორებ - კონტრაქტი მაკავშირებს საქართველოს ნაკრებთან, ვალდებულება მაქვს აღებული ჩემი ქვეყნის წინაშე! ვერ დაგპირდებით, შესარჩევში ათივე თამაშს მოვიგებთ-მეთქი, მაგრამ გავაკეთებთ იმას, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით - ბოლომდე ვიბრძოლებთ და არავის მივცემთ უფლებას, აგდებულად გვიყუროს და იოლად მოგვიგოს...
ilia
09 ნოემბერი 2014 04:03
ragjirt xalxo,ragindat am kacisgan,sxvis magivrad xoar itamashebs da tvitot rodesac itamasha kidec miaxcia,rasitxovt mag kacisgan motxovet axalgazrdebis mcvrtnelebs to axizardos taoba,qecbaiasavit vin miaxcia,jigarixar temur
sportsman
07 ივლისი 2014 17:17
კარგი ფეხბურთელობა კარგ მწრთვნელობას და მითუმეტეს კარგ ადამიანობას საერთოდ არ ნიშნავს...

საქართველოში ძალიან ბევრი სპორტი, შეიძლება დავასახელოთ სადაც ფინასნები და მატერიალური ინტერესბის გამო არ გვაქვს მხოლოდ წარმატებები, სადაც ხალხი(სპორტსმენები) ქვეყნის, საკუთარი ღირსების და უბრალოდ მაყურებლების პატივისცემისთვის იმარჯვებენ, ბრძოლობენ მაინც...

ისე რთული არ არის ამ ქვეყანაში გავიგოთ რო არა არის ფეხბურთი ჩვენი სპორტი, 30-40 წლის წინანდელი წარმატებები არ ნიშნავს რო გენში გვაქვს ფეხბურთის თამაში... შევეთვათ ამდენის ხარჯვას ამ სპორტში და მივხედოთ იმას რაც შეგვიძლია...

ნუ გავხდებით მასხრები, მწრთვნელი, ფედერაცია და ზოგადად თამაშის ხარისხი სასაცილოა... ფეხბურთის თამაშს ჰოკეი ჯობია, გაცილებით ვაშკაცური სპორტია, თუმცა ქართველებს არცერთი არ შეგვიძლია, ფეხბურთი მითუმეტეს ;)

თემური, "ანდა, ხელფასს რომ გადამაყოლეთ, იმას კი არ უნდა მეკითხებოდეთ, რამდენს ვიღებ, უკეთესია, იმით დაინტერესდეთ - რამდენს ვკარგავ საქართველოს ნაკრებში მუშაობით! მაგრამ ფული მთავარი არ არის ჩემთვის" ამ კომენტარის მერე ადამიანობაზე პრეტენზია ნუ გექნება...

მეგრეLო ;)
მინდია
07 ივლისი 2014 16:19
რა გააკეთა გამაგებინეთ ნაკრებში ისეთი რომ ამოგვადინა დაუნახავების ძახილით... ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის - კოვაჩის ანაზღაურება 190 000 დოლარია წლიურად, კოსტა ტრიკის ნაკრების 100 000 და ტიპმა მსოფლიოს მეოთხედფინალი ათამაშა, ჯგუფში მსოფლიოს 3 ჩემპიონს გაუსწრო და 2 ჩატოვა... ვის აბოლებთ თემურ შენ, სიჭინავა და არველაძე...

ელემენტალურად ადამიანური ურთიერთობა არ შეგიძლია, ნახევარი სანაკრებო ფეხბურთელები შენს გამო არ თამაშობენ. კობის და იაშკას რაც გაუკეთე ხო საერთოდ.

თუ მაგდენს კარგავ წადი ძმაო აიღე რასაც გაძლევენ და შეგვეშვი დაგვასვენე რა

რედაქტორის რჩევით